ახალი მიშა ახალი საქართველოსათვის  

ახალი მიშა ახალი საქართველოსათვის   

ზოგიერთი მათგანის სახსენებელიც არ დარჩა,
   ისე გაქრნენ, თითქოს არც ყოფილიყვნენ და ისე იქმნენ,
   თითქოს არც შობილიყვნენ და მათ შემდგომად
   მათ შვილებსაც ასე მოუვიდათ.
   სიბრძნე ზირაქისა 44 (9)

 

საარჩევნო მონაცემები
   

    მშრალი კონსტატაციით, 5 იანვარს საქართველოში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის პირველივე ტურში გაიმარჯვა «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» კანდიდატმა, მიხეილ სააკაშვილმა. ოპოზიცია რეალობას არ შეურიგდა და რევოლუციით იმუქრება. თუმცა ეს ყოველივე მაინც მეორეხარისხოვანია ამ არჩევნების მთავარ შედეგთან შედარებით
   ჯერ სტატისტიკა, რადგან დამკვიდრებული აზრის მიუხედავად, სტატისტიკა ძალიან ხშირად ყველაზე წარმატებულ «ფი-არ»-ზე მეტყველია.
   დავსვათ ელემენტარული კითხვა: საქართველოს ამომრჩეველთა რა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა 5 იანვრის «საბედისწერო» არჩევნებში?
   ერთი შეხედვით უცნაურია, რომ ამ მარტივ კითხვაზე ძალიან ძნელია პასუხის მიღება ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით.
   დღეს 10 იანვარია. შევდივარ ცენტრალური საარჩევნო კომისიის უებ-საიტზე. ვხედავ, რომ გამოქვეყნებულია მონაცემი 12 საათისთვის (16,56), ხოლო უფრო რთული მანიპულაციის შედეგად, იქვე შეიძლება დავადგინოთ, რომ 17 საათისთვის ამ მაჩვენებელმა 46,44 პროცენტს მიაღწია. შემდეგ . . . შემდეგ კი არაფერი! მონაცემები «რატომღაც» არ არსებობს.
   გავიხსენოთ ისიც, რომ 5 იანვრის დილიდან ყველა ტელეკომპანია პირველ ნიუსად სწორედ ამომრჩეველთა აქტივობას აქვეყნებდა – ქვეყნის, ოლქების, უბნების მიხედვით. შემდგომ, დაახლოებით 15 საათიანი საინფორმაციო გამოშვებისათვის, ჩვენმა ტელე-მედიამ მოულოდნელად, ერთბაშად და ერთად ამ საკითხზე «ხმა ჩაიკმინდა» და, რაც ყველაზე ნიშანდობლივია, დღემდე კრინტს არ სძრავს. ანუ ჟურნალისტებს არც კი უჩნდებათ კითხვა, რათა იგი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაუსვან პრეს-კონფერენციაზე. არადა ეს ხომ ნებისმიერი საარჩევნო კამპანიის დროს «პირველი რიგის კითხვაა»? გავიმეოროთ ხსენებული «უბრალო» კითხვა: ამომრჩევლის რა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა 5 იანვრის არჩევნებში? საერთო შთაბეჭდილებით, დასწრება თურმე ძალიან მაღალი იყო, რაკი «რიგები იდგა», რაც სინამდვილეში რეალურად არაფერს ნიშნავს.
   კიდევ უფრო უცნაურია, რომ ამ კითხვას არც ოპოზიცია სვამს და ამ საკითხზე ყურადღებას არც იგი ამახვილებს ჯერ-ჯერობით. რატომ? პასუხი ამ კითხვებზე იოლი მისაგნებია: იმიტომ, რომ ამომრჩეველთა აქტივობამ ქვეყნის მაშტაბით სინამდვილეში 50 პროცენტს ძლივს გადააჭარბა!
   რას ნიშნავს ეს მშრალი ციფრი? უეჭველად ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი გულგრილი ზიზღით აკვირდებოდა სექტემბრის ბოლოდან ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და მისთვის აბსოლუტურად სულერთი იყო, ვინ გაიმარჯვებდა ამ არჩევნებში, მთელ ამ ბრძოლაში, - რაკი არ სჯეროდა და არც აინტერესებდა რა მოხდებოდა, ვინ – ვის მოუგებდა და ამით რაიმე შეიცვლებოდა თუ არა.
   ეს «ხელჩაქნეულობა» იმდენად საზარელი და, იმავდროულად ეჭვმიუტანელი მოცემულობაა, რომ მისი გამჟღავნება არც ერთ მხარეს არ აძლევს ხელს – არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას, რომელიც ხელისუფლების ჩანაცვლებას ცდილობს.
   «თბილისში ყინვა იყოო». ბათუმშიც? ქუთაისშიც? ზუგდიდშიც? თელავშიც?
   ახლა მოვიკითხოთ მეორე სტატისტიკური მონაცემი, რომელიც პირველთან აზრობრივად კორრელირებს: 5 იანვარს ხომ მხოლოდ არჩევნები არ ჩატარდა? გაიმართა აგრეთვე «ისტორიული» პლებისციტი ნატოში საქართველოს ინტეგრირებასთან დაკავშირებით. ზოგიერთი ექსპერტისთვის რომ გეკითხათ, ამ შემთხვევაში ქართველი ამომრჩეველი, განურჩევლად კანდიდატების მიმართ დამოკიდებულების და საპრეზიდენტო არჩევანისა – ერთსულოვანი იქნებოდა და «რა თქმა უნდა» 99 თუ არა (როგორც 1991 წლის 31 მარტის შინაარსობრივად ანალოგიურ რეფერენდუმზე), 90 პროცენტით მაინც კითხვას დადებითად უპასუხებდა.
   ჰოდა ვიკითხოთ: ამომრჩეველთა რა ნაწილმა მისცა ხმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციას? ისევ და ისევ საარჩევნო კომისიის უებ-საიტზე ამ მონაცემს ვერსად იპოვით. «ამისთვის ჯერ არ გვცალიაო» - აშკარა ცრუპენტელობაა! ამომრჩეველთა პასუხი სასურველი და სასიხარულო რომ ყოფილიყო, მის «პირველ რიგში» გამოქვეყნებას ვერავინ დაასწრებდათ - ეს ხომ «პოლიტიკურ სხვაობათა მიუხედავად მთავარ საკითხებში საქართველოს ხალხის ერთიანობის დემონსტრირებაც» იქნებოდა მაგრამ . . . არაოფიციალური მონაცემებით (რაც შეიძლება საბოლოოდ ორმხრივი, სახელისუფლებო-ოპოზიციური შეთანხმებით «შელამაზდეს» კიდეც ახლო მომავალში) ნატოში ინტეგრაციას მხოლოდ 60 პროცენტმა მისცა ხმა.
   «მხოლოდ» რადგან ჯერ ერთი, თუ აქტივობის დაბალ მაჩვენებელს გავითვალისწინებთ, ეს ნამდვილად არ გამოდგება დასავლეთისთვის იმის დასტურად, რომ «მთელი ქართველი ხალხი ტოტალურად უჭერს მხარს ნატოში ერთიანობას . . .» და რომ «ჰაი ჰაი და რა უთანხმოებაც არ უნდა გვქონდეს ქართველებს სხვა საკითხებში, ამ საკითხში ერთიანი ვართ» და ა.შ. გარდა ამისა (ვიმეორებ) მოლოდინი 90 პროცენტიანი მაინც იყო.
   ზოგიერთი ბრძენი ექსპერტი გაღიზიანებას «მხრების აჩეჩვით» ფარავს: «კი მაგრამ რატომ უნდა მიეცა 40 პროცენტს ხმა ნატოში გაწევრების წინააღმდეგ? ნატო ხომ ნიშნავს მშვიდობას, დაცულობას, შვილების ბედნიერებას (გაიხსენეთ ნანუკა ჟორჟოლიანის კლიპები), ოჯახურ მყუდროებას, გარანტიებს და ასე შემდეგ - ნუთუ ამდენი არ ესმის ამ ჩვენს ხალხს?»
   ანუ კვლავ: «ეს რა გონებაჩლუნგი ხალხი გვყოლია?»
   მართლაცდა რატომ? არადა, საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ მოსახლეობის დიდი და არც თუ უგუნური ნაწილი ამ საკითხს ასე არ აღიქვამს და მსჯელობს დაახლოებით შემდეგნაირად: «ნატოში ჩვენ მაინც არ მიგვიღებენ, რაკი ქვეყნის ტერიტორიის ლამის მეოთხედს ვერ ვაკონტროლებთ და ღმერთმა უწყის ოდესმე გავაკონტროლებთ თუ არა, ხოლო ნატოსკენ სწრაფვით ვაღიზიანებთ რუსეთს, რომელიც ამის გამო გსჯის, გვებრძვის, პრობლემებს გვიქმნის» ანუ, ნატოში გაწევრებისკენ სწრაფვა სწორედაც ნიშნავს არა «მშვიდობას». «შვილების ბედნიერებას» და «მყუდროებას», არამედ პირიქით: მუდმივ დაძაბულობას, გაუთავებელ კონფლიქტს, მუდმივ ომს, მუდმივ საფრთხეებს, რაც საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სულაც არ ეპიტნავება.
   როგორც არ უნდა გაღიზიანდნენ ნატოს გრანტებზე მყარად მსხდომი «ენ-ჯი-ო»-ები» და შესაბამისი ექსპერტები, ამ რეალობას შორს ვერსად გაექცევიან, რაკი ეს იმ ქვეყნის რეალობაა, სადაც ცხოვრება მოუწიათ.
   

ყველა საქმეს ცოდნა უნდა

    გაყალბდა თუ არა არჩევნები? ოპოზიცია საშინლად გააღიზიანა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნამ, რომ 2008 წლის 5 იანვრის არჩევნები (განსხვავებით 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისაგან) ძირითადად იყო თავისუფალი და სამართლიანი, ხოლო ამომრჩევლებს ჰქონდათ საშუალება, გამოეხატათ თავისი ნება.
   რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ «ადმინისტრაციულ რესურსზე»«კანდიდატთა უთანასწორობაზე,» «მედიის შეზღუდვებზე»«ამომრჩევლის მოსყიდვაზე» - ამ ორგანიზაციებისთვის და დამკვირვებლებისთვის ეს არ არის განმსაზღვრელი. მათთვის მთავარი კრიტერიუმია, რომ ადამიანს ჰქონდეს საშუალება, მივიდეს საარჩევნო უბანზე, აიღოს საარჩევნო ბიულეტენი, შევიდეს მარტო საარჩევნო ჯიხურში, შემოხაზოს მისთვის სასურველი ნომერი და ჩააგდოს ყუთში.
   ჰქონდა ამის საშუალება ყველა მსურველ ამომრჩეველს 2008 წელს? დიახ, ჰქონდა! ჰქონდა ამის საშუალება ყველა მსურველ ამომრჩეველს 2003 წელს? დიახ ჰქ. . . . . არა, არ ჰქონდა!!!
   აბა კარგად გავიხსენოთ რა მოხდა მაშინ: იმდროინდელი (ანუ 2003 წლის) ოპოზიციის მოთხოვნით, პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც გაუქმდა ე.წ. «დამატებითი სიები». ანუ ის ამომრჩეველი, რომელიც არ აღმოჩნდებოდა ძირითად საარჩევნო სიაში, ვერაფრის დიდებით, ვერანაირი მექანიზმით ხმას ვეღარ მისცემდა.
   ბუნებრივია, ეს იმ გათვლით გაკეთდა, რომ შეუძლებელია რამდენიმე მილიონიან სიაში ათეულობით ათასიანი ცდომილება არ ყოფილიყო. ანუ ყველაფერი აღმოჩნდა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სრულყოფილი იქნებოდა ის სიები რომლის ელექტრონული (ანუ ძირითადი) ვერსიის მომზადება დაევალა . . . . ტელეკომპანია «რუსთავი-2»-ის კომპიუტერულ ცენტრს!!!
   როგორ გგონიათ ძვირფასო მკითხველო, იმდროინდელი «რუსთავი-2» და მისი მფლობელი ძალიან იქნებოდნენ დაინტერესებულნი, რათა ის სიები სრულყოფილი ყოფილიყო და (ანუ) არჩევნების შემდეგ ოპოზიციას შევარდნაძის ხელისუფლებისადმი სასაყვედურო არ ჰქონოდა?
   შედეგად, ათეულობით ათასმა ადამიანმა ხმა ვერ მისცა, რაკი სიაში არ აღმოჩნდა, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებმა, სწორედ ზემოთხსენებული კრიტერიუმის შესაბამისად, პასუხისმგებლობა სიების ვერშედგენისთვის ხელისუფლებას დააკისრეს (აბა ვისთვის უნდა დაეკისრებინათ?) და შეაფასეს 2 ნოემბრის არჩევნები, როგორც უსამართლო და «არათავისუფალი». მათი მთავარი არგუმენტი იყო: ადამიანი მივიდა საარჩევნო უბანზე და ხმა ვერ მისცა!!! – არ მისცეს ამის საშუალება! მორჩა და გათავდა ამით – დამოკიდებულება ასეთი არჩევნებისადმი, განურჩევლად სიებში ვერმოხვედრილი ამომრჩევლების ოდენობისა, ერთმნიშვნელოვანი იქნებოდა და აღმოჩნდა კიდეც.
   ეს იყო მაშინ საკვანძო შეფასება. ბუნებრივია, რევოლუციის შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ (ყოფილმა ოპოზიციამ) მისი მოთხოვნითვე რამდენიმე თვით ადრე გაუქმებული «დამატებითი სიები» დაუყოვნებლივ აღადგინა, რათა ეს არგუმენტი უკვე მის წინააღმდეგ არ შემოტრიალებულიყო შემდგომ არჩევნებზე.
   ახლა, ამგვარი «ეშმაკობის» თაობაზე ოპოზიციამაც და საზოგადოების პროტესტულმა ნაწილმა რამდენიც არ უნდა «აღრჭიალოს კბილები» - პოლიტიკოსი იმის პოლიტიკოსია, ჭკუა უნდა იხმაროს და უნდა იეშმაკოს. პოლიტიკოსის მთავარი და ერთადერთი იარაღი ხომ ინტელექტია? სწორედ ის ინტელექტი, რაც ესოდენ უხვად ჰქონდათ 2003 წლის რევოლუციის ავტორებს. აბა რა მათი ბრალია, თუ იმდროინდელი ხელისუფლება უკვე იმდენად უსუსური აღმოჩნდა, რომ ამ მარტივ ეშმაკობას ვერ მიხვდა ან წინააღმდეგობა ვერ გაუწია?!
   ყველა საქმეს, ბატონებო, ცოდნა უნდა! დღევანდელი ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ იმდროინდელი «რუსთავი-2»-ის ანალოგი ამჟამად არა აქვთ, არამედ ის, რომ არ ჰყავთ ზურაბ ჟვანიას სადარი პოლიტიკური გენია.

მთავარი შედეგი

    5 იანვრის არჩევნებისა და მთლიანად, 28 სექტემბრის შემდეგ დაწყებული პროცესის მთავარი შედეგი ის არის, რომ სამწუხაროდ დამარცხდა ქვეყნის მენტალური, ღირებულებითი და სოციალური რეფორმირების ის პროექტი, რომლის განხორციელება დაიწყო 2003 წლის რევოლუციის შემდეგ.
   უკვე ნათელია, რომ მიხეილ სააკაშვილი იძულებული გახდა წასულიყო დათმობებზე არა ტაქტიკურ, არამედ სტრატეგიულ საკითხებში.
   ამის სიმპტომია ის გადაწყვეტილებები და განცხადებები, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში კეთდება და მკაფიოდ გვაგონებს უკვე თითქოსდა მივიწყებულ, შევარდნაძისეულ «ბალანსირების» ტექნოლოგიას, რომელიც, სინამდვილეში, შევარდნაძის ახირება კი არ იყო, არამედ, როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში (ასეთ ქვეყანაში) ალტერნატივა უბრალოდ არა აქვს.
   ამიერიდან მიხეილ სააკაშვილი (ისევე, როგორც მისი წინამორბედი) ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას იფიქრებს არა იმაზე, რამდენად საჭირო და სასარგებლოა ეს გადაწყვეტილება თუ გადასადგმელი ნაბიჯი ქვეყნისთვის, არამედ იმაზე, რამდენს და ვის გააღიზიანებს იგი.
   არც გაემტყუნება, რაკი აქ, ამ ქვეყანაში ასეთი «რეალ-პოლიტიკაა»! ხოლო პოლიტიკოსი რეალისტი უნდა იყოს.
   სოციუმის რეტროგრადული, ანტირეფორმისტული ნაწილი ტრადიციულად აქ იმდენად ძლიერია, რომ ყველა ხელისუფლებას აიძულებს დაბრუნდეს ამ პოლიტიკის ჩარჩოში.
   იმ კატეგორიამ, რომელმაც ხმა მისცა ლევან გაჩეჩილაძეს, - ხმა მისცა არა მის პროექტს (მით უმეტეს, რომ მას არანაირი პროექტი საერთოდ არ გააჩნდა), არამედ სააკაშვილისა და მისი მოდერნიზაციული პროექტის წინააღმდეგ! მის წინააღმდეგვე მისცა ხმა იმ 45 პროცენტმა, რომელიც საერთოდ არ მივიდა არჩევნებზე, რაკი ყველაფერზე სამუდამოდ ხელი აქვს ჩაქნეული. 54 პროცენტმა კი ხმა მისცა არა გააზრებულად «მიშას მოდერნიზაციულ პროექტს», არამედ 72 ლარიან პენსიას.
   ეს  არის ტერმინატორი! იგი ანადგურებდა და კვლავაც ასეთივე წარმატებით გაანადგურებს განახლებისა და რეფორმირების ყოველგვარ პროექტს.
   თუ ვერ შეძლო სააკაშვილმა (სააკაშვილმაც კი!!!) – მისი პასიონარობისა და ენერგიის გათვალისწინებით, - ამას საერთოდ ვერავინ ვეღარ შეძლებს.
   დანარჩენი ყველაფერი ილუზიაა. თუ გახსოვთ, 2002 წელს ედუარდ შევარდნაძესაც ჰქონდა «ახალი პროექტი – ახალი საქართველოსათვის», რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ხრწნისა და დეგრადაციის სიმბოლო იყო.
   ამჟამად იწყება ანალოგიური პროცესი, რომელიც რამდენიმე წელს (შესაძლოა საკმაოდ დიდხანსაც) კიდევ გასტანს, მაგრამ უცილობელი შედეგით დასრულდება.
   5 იანვრის არჩევნებისას ქართველი ხალხის მთავარი მესიჯი საკუთარი ხელისუფლებისა და მსოფლიოს მიმართ იყო: «დაგვანებეთ თავი, არაფერი გვაინტერესებს, არაფერი არ გვინდა უცვლელობის,  მშვიდობისა და სტაბილურობის გარდა!»
   ქართველი ერი, 1988-1993 წლების საზარელი ეროვნული ტრაგედიის შედეგად, იმდენად გამოფიტული და მოქანცული აღმოჩნდა, რომ ამიერიდან მართლაც არაფერი უნდა და არაფერი აინტერესებს, არც არაფერი სურს - სიმშვიდის, სიწყნარის, სტაბილურობის ანუ ისტორიის სასთუმალზე ტკბილი და უშფოთველი ძილის გარდა.