ეუთო საქართველოსაგან «სამხრეთ ოსეთის» აღდგენას მოითხოვს

ეუთო საქართველოსაგან «სამხრეთ ოსეთის» აღდგენას მოითხოვს

    «ევროპაში თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციის» დღევანდელი თავმჯდომარის, დოქტორ ნილს პეტერსენის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში, ძირითადად «სამხრეთ ოსეთის» კონფლიქტის გადაწყვეტას მიეძღვნა.
    მართალია ედუარდ შევარდნაძე დაკავებული იყო ასლან მასხადოვის მასპინძლობით, მაგრამ გარკვეული კონტაქტები მაინც შედგა. ევროპელი სტუმარი მოუთმენლობას ვერ მალავდა: ეუთოს ძალიან სჭირდება პრინციპული «გარღვევა» ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის გადაწყვეტაში, ვინაიდან ეს მის პრესტიჟს აამაღლებს და, გაეროს საბოლოო კრახის ფონზე, ეუთოს ერთადერთ უნივერსალურ ევროპულ ორგანიზაციად აქცევს, რომელმაც ევრაზიული კონტინენტის უდიდეს ნაწილზე (ატლანტიკიდან-ტაჯიკეთამდე) მოვლენათა განვითარების პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს.
    ჯერჯერობით, ევროპაში თანამშრომლობისა და უშიშროების ორგანიზაციამ ვერც ერთი კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტაში რაიმე მნიშვნელოვანი წვლილი ვერ შეიტანა: თუ ბოსნიაში მშვიდობა დამყარდა, ეს უფრო ნატოს დამსახურებაა, ვიდრე ეუთოს. სამაგიეროდ, «ჰელსინკის პროცესის» იდეოლოგებს მზარდი ამბიცია აქვთ საქართველოსთან და სწორედ ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით: ისინი მოითხოვენ საქართველომ აღადგინოს «სამხრეთ ოსეთის ავტონომია» და სწორედ ამ ნაბიჯს თვლიან «მშვიდობიანი მოწესრიგების» უმთავრეს, პრინციპულ დებულებად.
    ამ შემთხვევაში ევროპელთათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პრეცედენტს: არსებობდა საქართველოში ოსური ავტონომია და ეს ავტონომია გაუქმდა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით; შეფასებათა და მიდგომათა შინაარსს არ ცვლის ფაქტების წყება: ჯერ ოსებმა გამოაცხადეს «რესპუბლიკა» და მხოლოდ შემდეგ გააუქმა ავტონომია საქართველოს უზენაესმა საბჭომ. ეუთოს ექსპერტებისათვის «ავტონომიური ოლქის» - «რესპუბლიკად» გამოცხადებით თვისებრივად ბევრი არაფერი იცვლებოდა, ვინაიდან, ცალმხრივი გადაწყვეტილებით, ამაღლდა არსებული ავტონომიის დონე; ხოლო საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით ვითარება თვისებრივად შეიცვალა, რადგან ამ გადაწყვეტილებით საერთოდ გაუქმდა მანამდე არსებული ავტონომია.
    ეუთოს უკლებლივ ყველა წარმომადგენელი, რომელიც ამ საკითხზე მუშაობდა, საკითხს ამგვარად აყენებს: ოსებმა შესაძლოა უკანონო გადაწყვეტილება მიიღეს ავტონომიის დონის ამაღლებით, მაგრამ ეს გადაწყვეტილება თავისი ნეგატიური შინაარსით ვერ შეედრება საქართველოს საპასუხო ნაბიჯს, რომლითაც საერთოდ გაუქმდა ავტონომია.
    ამრიგად, ცხინვალის რეგიონის პრობლემა ეუთომ ჩვენთვის საკმაოდ არასასიამოვნო ფორმულამდე დაიყვანა: «ოსური ავტონომიის» არსებობა საქართველოში (იგულისხმება ადმინისტრაციული და არა კულტურული ავტონომია) გარდაუვალი აუცილებლობაა. საკამათოა მხოლოდ ამ ავტონომიის ხარისხი. პეტერსენები «მიდიან და მოდიან», ხოლო ეუთოს ეს დოქტრინა უცვლელი რჩება.

მერიდიანი, 2 სექტემბერი, 1997 წ.