„ვარდების რევოლუცია“ ეგვიპტეში

„ვარდების რევოლუცია“ ეგვიპტეში

ეგვიპტელი პატრიარქის ზამთარი
       

        ნობელის პრემიის ლაურეატმა მწერალმა, გაბრიელ გარსია მარკესმა ჯერ კიდევ 30 წლის წინ იწინასწარმეტყველა და აღწერა ის, რასაც ჩვენს დროში «ხავერდოვან რევოლუციებს» უწოდებენ. მისი შესანიშნავი რომანი «პატრიარქის შემოდგომა» არა იმდენად რევოლუციურ მასებს, რამდენადაც თვით დიქტატორების «უბედურებას» ეძღვნება.
        საოცარია, რა ზუსტად ჰგავს რომანის სულისკევთება იმას, რაც დღეს ხდება ეგვიპტეში ან თუნდაც საქართველოში მოხდა 2003 წელს.
        ედუარდ შევარდნაძე და ჰოსნი მუბარაქი, რომელთაც საერთო თითქოს არაფერი უნდა ჰქონოდათ, ზუსტად ერთნაირად ებღაუჭებიან ხელისუფლებას და მსგავსი არგუმენტებიც მოჰყავთ საკუთარი ძალაუფლების გასახანგრძლივებლად.
        ქაიროს ქუჩებში გამოსული ასეულობით ათასი ადამიანის განწყობაც საოცრად ჰგავს იმას, რაც თბილისში ხდებოდა 2003 წლის ნოემბერში. მიზეზი კი სწორედ ის «აშმორებული ატმოსფეროა», რაც ქვეყანაში აუცილებლად მყარდება ხანგრძლივი (ორივე შემთხვევაში 30 წლიანი) მმართველობის დასასრულს.:

ყველაზე ევროპელი არაბები

        ჰოსნი მუბარაქი 1981 წლიდან მართავს ეგვიპტეს. 80 მილიონიანი ქვეყანა მას ოფიცრებმა ჩააბარეს ისრაელთან განცდილი რამდენიმე სამარცხვინო დამარცხების შემდეგ, რომელშიც სამხედროები (ისევე, როგორც ყველა ქვეყანაში) არა საკუთარ თავს, არამედ პოლიტიკოსებს ადანაშაულებდნენ.
        განსხვავებით შევარდნაძისგან, რომელმაც 2003 წელს საქართველო ბნელ და ჩამორჩენილ, უიმედო «ბანტუსტანად» აქცია, მუბარაქის ხელში ეგვიპტე საკმაოდ სწრაფად ვითარდებოდა: ტურისტული სფერო აყვავდა, შარმალ შეიხი არა მხოლოდ რუსი, არამედ ევროპელი ტურისტების უსაყვარლეს საზღვაო კურორტად იქცა. ბუნებრივია, ხმელთაშუა ზღვაში ატლანტიკიდან შემოპარული ზვიგენების სიმრავლე ბევრს ვერ შეაშინებდა.
        ბიუჯეტის ზრდასთან ერთად,ეგვიპტური სახელმწიფოს ავტორიტეტიც იზრდებოდა. ჰოსნი მუბარაქი დასავლეთის ყველაზე სანდო და ერთგული მოკავშირე იყო არაბულ სამყაროში. Gგარდა ამისა ეგვიპტე რეგიონის სახელმწიფოებს შორის ყველაზე «საეროდ» და პროდასავლურად აღიქმებოდა. ეგვიპეტში წარმოუდგენელია ქალის ქუჩაში ჩაქოლვა ან გაჯოხვა უჩადროდ სიარულისთვის – რაც ჩვეულებრივია ნავთობით მდიდარ არაბულ «საფაშოებში».
        აქედან გამომდინარე, 90-იან წლებში არც ის გაუკვირდა ვინმეს, რომ ეგვიპტელმა მილარდერმა მუჰამედ ალ ფაიედმა ლონდონში «ჰაროდსი» შეიძინა, ხოლო მისი ვაჟი თვით პრინცესა დიანას უქარვებდა დეპერსიას პარიზულ «რიცში». დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ დიანას არჩევანი რომელიმე საუდის არაბელ პრინცზე არ შეჩერდებოდა, მაგრამ ეგვიპტური ელიტა არაბულ სამყაროში ყველაზე «ვესტერნიზებული» გახლდათ, ანუ ეგვიპეტლები «ყველაზე ევროპული არაბები არიან», ესე იგი, ყველაზე მეტად ევროპელები არაბებს შორის.

მუჰამედი ჰოსნის წინააღმდეგ

        ალბათ სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ არაბეთის უდიდესმა ქვეყანამ საბოლოოდ მაინც ვერ იგუა ბოლომდე მუბარაქის 30 წლიანი მმართველობა და, ცვლილებებს მოწყურებული, ხელისუფლებას დაეძგერა. პატარა ტუნისის მაგალითი ვეებერთელა ეგვიპტეში სულ სხვაგვარად განხორციელდა – ბევრად მეტი მსხვერპლითა და საშინელი სისხლისღვრით:
        «მშვიდობიან რევოლუციებს» ის თვისება აქვთ, რომ თუ ოპოზიციამ ხელისუფლება დროულად არ დაამხო «უსისხლოდ» და პროცესი დროში გაიჭიმა, მსხვერპლი გარდაუვალი ხდება!
        საქართველოში «ვარდების რევოლუცია» მხოლოდ იმიტომ დასრულდა უმსხვერპლოდ, რომ 22 ნოემბერს დაიწყო და 23 ნოემბერს ქვეყანას უკვე ახალი ხელისუფლება ჰყავდა. ეგვიპტეში კი ყოველივე ბევრად ხანგრძლივი, მაშასადამე სისხლიანი აღმოჩნდა.
        Gგაბრიელ მარკესის «პატრიარქივით» და ედუარდ შევარდნაძესავით, ჰოსნი მუბარაქი გაჯიქდა, სინამდვილეს თვალი ვერ გაუსწორა და სწრაფად გადადგომაზე უარი თქვა. Yსაერთოდ, ყველა დიქტატორი, მრავალწიანი მმართველობის შემდეგ, ერთი და იგივე შეცდომას უშვებს: «2011 წლის სექტემბრემდე მაცადეთ და ახალ არჩევნებში მონაწილეობას აღარ მივიღებო». ზუსტად ასევე, შევარდნაძეც ამბობდა: «2005 წელს საპრეზიდენტო ვადა მიმთავრდება და სად გეჩქარებათ, - ახლგაზრდები ხართო».
        სინამდვილეში ორივეს იმის იმედი ჰქონდა, რომ «მანამდე» სიტუაცია დაწყნარდება, ხალხი ხელს ჩაიქნევს და რევოლუციაც ყველას დაავიწყდება.
        ბუნებრივია, მუბარაქი დარწმუნებული იყო, რომ ამერიკა, დასავლეთი არ გაწირავდნენ. მაგრამ ამერიკას ნამდვილი პოლიტიკოსები მართავენ, რომელთაც ეგვიპტე აინეტრესებთ და არ ჰოსნი ან მისი ოჯახური პრობლემები თუ ფინანსური ვალდებულებები.
        ამიტომ, როგორც კი ეგვიპტეში «რევოლუციის სურნელი» დატრიალდა, ვაშინგტონიდან სამშობლოში ყველაზე ცნობილი და ავტორიტეტული ეგვიპტელი – მუჰამედ ელ ბარადეი დააბრუნეს. თუ «პროდასავლურობაზეა» ლაპარაკი, ბარადეისთან შედარებით ჰოსნი მუბარაკიც კი ლამის უსამა ბინ ლადენად გამოიყურება: იგი მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა «ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს» და უდიდესი დასახურებაც აქვს, მლიანად დასავლეთის, პირველ რიგში კი ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ.
        სწორედ ბარადეის მეშვეობით შეძლო პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ ერაყის წინააღმდეგ ჯერ სანქციების, შემდეგ კი სამხედრო ოპერაციის ლეგიტიმაცია, ანუ, როგორც ჩვენში იტყვიან, «გაპრავება». ელ ბარადეიმ შექმნა წინაპირობები იმისა, რომ ირანი (ერაყის მსგავსად) დაედანაშაულებინათ ბირთვული იარაღის შექმნაში.
        ბუნებრივია, თუ ჰუსეინს ელ ბარადეი შეცვლის, დასავლეთისთვის ეს უბრალოდ იდეალური ვარიანტი იქნება. თუმცა, ეგვიპეტში ბევრი სხვა რისკია და ბევრი სხვა სახელმწიფოც «თამაშობს». მათ შორის რუსეთი (რომელსაც ეგვიპტელ სამხედროებთან ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს) და მეზობელი ისრაელი.

განახლების ფასი

        რუსეთმა უკვე იხეირა ამ არეულობითა და სისხლისღვრით. მართალია, განსხვავებით საუდის ან ემირატებისაგან, ეგვიპტე ნავთობის მოპოვებით არ გამოირჩევა, მაგრამ მაინც არაბული ქვეყანაა. მთელ მსოფლიოში კი ძალიან ეშინიათ, რომ «ხავერდოვანი რევოლუცია» (სინამდვილეში სისხლისღვრა და ხოცვა – ჟლეტა) სხვა არაბულ სახელმწიფოებსაც გადაედებათ, რაც ნავთობზე ფასების 200 დოლარამდე ზრდას გამოიწვევს. ამ შიშების გამო კი ნავთობი რეალურად უკვე დღეს 100 დოლარამდე გაძვირდა. ესე იგი, რუსეთის ბიუჯეტი კიდევ უფრო გაიბერა.
        თუმცა, კაცმა რომ თქვას, სხვა არაბულ სახელმწიფოებში ასეთი მოვლენები ნაკლებსავარაუდოა, რადგან იქაური «ფადიშაჰები» დემოკრატობანას არ თამაშობენ მუბარაქივით და ნებისმიერ რევოლუციას ჩანასახშივე (ქუჩაში გამოსვლამდე) ჩაახშობენ. თანაც ბევრად ნაკლები სისხლით, ვიდრე ეგვიპტეს დაუჯდა რევოლუცია.
        გადამწყვეტი სიტყვა კი, ეგვიპტეშიც და სხვა არაბულ ქვეყნებშიც არმიას ეკუთვნის. ალბათ სწორედ ამას ითვალიწინებდა ისრაელი, რომელმაც ეგვიპტელ სამხედროებს, პირველად 1973 წლის ომის შემდეგ, ნება დართო სინაის ნახევარკუნძულზე შეეყვანათ 800 კაციანი რაზმი – საკურორტო ზონაში წესრიგის დასაცავად.
        ეს ნახევარკუნძული ეგვიპტეს ეკუთვნის, მაგრამ ისრაელთან დამარცხების შემდეგ, იქ შეიარაღებული ძალების განლაგება მხოლოდ ისრაელის თანხმობით შეუძლია. Yუფრო მეტიც: ებრაელებმა ჰოსნი მუბარაქს თავშესაფარიც კი შესთავაზეს, რადგან მასთან წლების განმავლობაში არავითარი პრეტენზია არ ჰქონდათ.
        ჰოდა სწორედ ეს არის თითქოს საკვირველი: ამერიკის მეგობარი იყო, ისრაელის მეგობარი იყო, ევროპელებიც უმაღლეს დონეზე იღებდნენ. მაშ ვინ მოუწყო რევოლუცია? მოუწყო ეგვიპტელმა ხალხმა!!!
        სინამდვილეში, არც საქართველოში 2003 წელს და არც 2011 წლის ეგვიპეტში, გადამწყვეტი უცხოური ჩარევა არ ყოფილა. Gგადმყწვეტი იყო ის, რომ ხალხმა აღარ აიტანა უსასრულო და უაზრო მმართველობა - მისი კორუფციით და გაღატაკებით. სხვა სახელმწიფოებს კი მხოლოდ შედეგებზე შეუძლიათ ითამაშონ.
        ოღონდ ის, რომ ეგვიპტელებმა სისხლისღვრის თავიდან აცილება, მაშასადამე საქმის სწრაფად დამთავრება ვერ შეძლეს, ამ ქვეყანას ბევრ პრობლემებს მოუტანს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მუბარქი საბოლოოდ წავა და მის ადგილს ელ ბარადეი დაიკავებს:
        ზარალმა (პირველ რიგში ტურისტების დაკარგვის გამო) 15 მილიარდ დოლარს გადააჭარბა; ქვეყანა ფაქტობრივად გაპარტახებული და გაძარცვულია. Uუმართავმა ბრბომ კინაღამ ქაიროს მუზეუმი დაარბია და გაძარცვა, სადაც ძველი ეგვიპტის უნიკალური ძეგლები ინახება. მაგრამ ეს ყოველივე ის გარდაუვალი ფასია, რომელსაც ქვეყანა განახლებისა და მოყირჭებული, კორუმპირებული მმართველობისაგან გასათავისუფლებლად იხდის.
        დიდი გამოცდის წინაშე დგას დასაველთიც: პოსტმუბარაქულ ეპოქაში ეგვიპტე შეიძლება მრავალპარტიული დემოკრატია გახდეს, მაგრამ ისლამისტები აუცილებლად შეეცდებიან, უდიდესი არაბული სახელმწიფო ფუნდამენტალიზმის გზაზე დააყენონ, ესე იგი დემოკრატია (როგორც ხშირადხდება ხოლმე) – დემოკრატების წინააღმდეგ გამოიუენონ.
        აქ შეტაკება გარდაუვალია და გადამწყვეტი ისევ არმიის პოზიცია გახდება. საშიშროება კი (რასაც ისრაელი კარგად ითვალისწინებს) ისაა, რომ ეგვიპტური არმია დამცირებული და დაკომპლექსებულია პატარა ისრაელთან სამარცხვინო დამარცხების გამო.
        ამიტომ, არ არის გამორიცხული, ბევრი გენერალი ისლამური რადიკალიზმისკენ გადაიხაროს, რაც მთელი რეგიონისა და მსოფლიოსთვის კატასტროფის მომასწავებელი იქნება.
        შესაბამისად, უახლოეს წლებში ეგვიპტე აუცილებლად დარჩება მსოფლიოს «ტოპ-ნიუსად», რადგან ამ ქვეყანაში მოვლენები მხოლოდ იწყება. მართლაც, ყველაფერს აქვს თავისი ფასი. მათ შორის, ცვლილებებსა და განახლებასაც.

2011