მწარე რუსული გაკვეთილი ვაშინგტონისათვის

მწარე რუსული გაკვეთილი ვაშინგტონისათვის

        რამდენიმე დღის წინ, ჰელსინკიში ერთმანეთს შეხვდნენ ამერიკისა და რუსეთის შეიარაღებულ ძალთა რეალური ხელმძღვანელები – ამერიკის შეერთებული შტატების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის უფროსი, ადმირალი მაიკლ მულენი და რუსეთის შეიარაღებულ ძალთა გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ნიკოლაი მაკაროვი.
        მათი საუბრის ძირითადი თემა, რა თქმა უნდა, საქართველო და აგვისტოს ომი იყო. ნიშანდობლივია, რომ შეხვედრა რუსული მხარის ინიციატივით გაიმართა; თუმცა, რუსული მედია ამ გარემოებას რასაკვირველია არ გაახმაურებს – ეს ხომ შელახავს «ველიკოდერჟავულ სიამაყეს», რომელიც ესოდენ მაღალ დონეზეა პატარა საქართველოს იოლი დამარცხების შემდეგ!
        საინტერესოა აგრეთვე, რომ დასავლური პრესა, შეხვედრის აღწერისას, იყენებს საოცარ ტერმინს ჰელსინკისთან და ფინეთთან დაკავშირებით - «ნეიტრალური ტერიტორია». გენერლები თურმე ერთმანეთს შეხვდნენ «ნეიტრალურ ტერიტორიაზე».
        მაშასადამე საბჭოთა კავშირი დაიშალა, «ვარშავის ხელშეკრულების» სამხედრო ალიანსი აღარ არსებობს, ნატოში თითქმის ყველა ევროპული სახელმწიფო გაწევრიანდა (ყოფილი სსრკ რამდენიმე რესპუბლიკის ჩათვლით), თითქოსდა მთლიანად შეიცვალა სამხედრო-სტრატეგიული ბალანსი, ძალთა გეოპოლიტიკური განლაგება, მაგრამ ფინეთი მაინც «ნეიტრალურ ტერიტორიად» აღიქმება, - რაკი სტალინთან გმირული ომის შემდეგ დამოუკიდებლობა მხოლოდ «არაბლოკური სტატუსის» პირობით შეინარჩუნა და ნატოში შესვლა არასდროს უცდია.
        გეოპოლიტიკური ინერცია იმდენად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ გენერალ მაკაროვს (ეს გასაგებია) არამედ ამერიკელ ადმირალ მულენსაც არ უჩნდება კითხვები – რატომ მაინც და მაინც ფინეთი?
        არადა, «წვრილმანი» არ გეგონოთ: თუკი ამერიკის შეიარაღებულ ძალთა რეალური მესვეური (თავდაცვის მინისტრი იქ მეტადრე პოლიტიკური ფიგურაა) ფინეთს კვლავ «ნეიტრალურ ტერიტორიად» აღიქვამს, მაშასადამე, იგი რუსეთის სამხედრო-სტრატეგიული პასუხისმგებლობის ზონის არსებობასაც აღიარებს! ეს უეჭველია – რაკი ამგვარი აღქმა უცილობლად გამომდინარეობს ფინეთის «ნეიტრალობიდან».
        მაიკლ მულენმა იცის, რომ არსებობს «ნატო», მაგრამ დაიშალა «ვარშავის ხელშეკრულება», რომელშიც კრემლის იმდროინდელი სატელიტები შედიოდნენ. ამის მიუხედავად, იგი მაინც აღიარებს, რომ არსებობს არეალი, რომელიც რუსეთის სამხედრო-სტრატეგიული გავლენის ზონაა და ბლოკების ფორმალურ დაშლას ამ რეალობის შეცვლა არ ძალუძს.
        ბუნებრივია, იგულისხმება ყოფილი საბჭოთა იმპერიის სივრცე - გარდა ბალტიისა, რომლის ინკორპორირება საბჭოთა კავშირში დასავლეთს ოფიციალურად არასდროს უცვნია; - ანუ სცნობდა საბჭოთა კავშირს ამ რესპუბლიკების გარეშე. საქართველო «ძველ სივრცეში» ხვდება. მოგვწონს ეს თუ არა – სამხედრო-სტრატეგიულ რეალობას სუბიექტური განწყობა ვერ შეცვლის.
        ჩვენს წინააღმდეგ აგრესიისას რუსეთი მრავალ მიზანს ისახავდა. ერთ – ერთი მათგანი კი უდავოდ იმის დემონსტრირება იყო, რომ სამხრეთ კავკასიაში პროცესებზე «ნებელობითი» (ძალისმიერი) ზეგავლენის უნარი მხოლოდ რუსეთს გააჩნია, დასავლეთს კი – არა. ამიტომ, თუ დასავლეთი, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები, ამ სივრცეში თავისი გავლენის გაძლიერებას შეეცდება, ანუ დაიწყებს საკუთარი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ფინანსური სტრუქტურების გავრცელებას ამ სივრცეზე – ერთ მშვენიერ (რუსეთისათვის მშვენიერ) დღეს ისეთივე უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორც აღმოჩნდა მაშინ, როდესაც მოკავშირე ვერ დაიცვა, მისი კუთვნილი «ჰამერები» რუსმა სამხედროებმა უბოდიშოდ წაიყვანეს, ხოლო მოსკოვის სამხედრო მუზეუმში ათეულობით ნაალაფარი ამერიკული შაშხანა (მ-4) გამოეფინა სამუზეუმო ექსპონატის სახით. არადა, ეს შაშხანა ამერიკელთათათვის ეროვნული სიამაყის საგანია (ისევე, როგორც რუსებისთვის - კალაშნიკოვი) და არა უბრალოდ იარაღი.
        აქედან კი დასკვნა, რომელიც რუსებმა ამერიკელებს მწარე გაკვეთილის სახით ჩაუტარეს: «სანამ ჩემი დომინირებისა და (მედვედევის განსაზღვრებით) «პრიორიტეტული ინტერესების სფეროში» ეკონომიკური, პოლიტიკური, ფინანსური, კულტურული სისტემებით შემოხვალ და ჩემს პრიორიტეტს ეჭვქვეშ დააყენებ, კარგად დაფიქრდი: გექნება კი საშუალება ეს ყოველივე დაიცვა, თუკი მათ სამხედრო შემადგენელი არ ახლავს თან და სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით რეგიონი კვლავ ჩემი სუვერენიტეტის ქვეშაა?»
        მართლაც: ბოლოს და ბოლოს რა არის სუვერენიტეტი? ეს არის ხელისუფლებისა და ძალაუფლების ერთობა ანუ ნებელობითი მოქმედების უნარი. თუკი რუსეთმა გაბედა და განახორციელა ის, რაც ჩაიდინა საქართველოში, შემდეგ კი «შერჩა», ეს იმას ნიშნავს, რომ აქ მისი სუვერენული უფლება და ზეგავლენა რეალურად ხორციელდებოდა უფრო მეტად, ვიდრე ამერიკისა – «საქართველოს სუვერენიტეტზე» რომ აღარაფერი ვთქვათ და საერთოდ დავივიწყოთ ე.წ. «საერთაშორისო სამართალი», რომელიც 8 აგვისტოს შემდეგ აღარც არსებობს.
        სხვაგვარად თუ ვიტყვით, აგვისტოს მოვლენათა შედეგად, რუსეთმა გლობალურ ზესახელმწიფოს მკაფიოდ უჩვენა, რომ თუ რეგიონული ზეგავლენა ძალას არ ეფუძნება, - იგი ფუჭია და იოლად «ჩამოიშლება», - როგორც ჩამოიშალა საქართველოში.
        მივაქციოთ ყურადღება: მაიკლ მულენი და გენერალი მაკაროვი ფინეთში პირისპირ კი შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ უშუალოდ აგვისტოს ხანმოკლე ომის დროს ტელეფონით თურმე რამდენჯერმე უსაუბრიათ.
        ძნელი მისახვედრი არ არის, რას შეხებოდა ეს საუბრები – რა თქმა უნდა ამერიკის სამხედრო გემების მიერ საქართველოს ნაპირებთან მიახლოების უფლებას - «ჰუმანიტარული მისიის აღსასრულებლად», რაც ვაშინგტონმა «სახის შესანარჩუნებლად» განახორციელა. ადმირალი მულენი გენერალ მაკაროვს პირადად არწმუნებდა, სთხოვდა გემები უპრობლემოდ გაეტარებინა, - შეეშვა ისინი საქართველოს საზღვაო სივრცეში, არ აღექვა ეს «რუსეთის არმიის პასუხისმგებლობის ზონაში ამერიკის შეჭრად», რაკი გემებს მხოლოდ და მხოლოდ ჰიგიენის ნივთები და საბნები მოჰქონდათ – სხვა არაფერი.
        გარწმუნებთ, ამერიკული გემების შემოსვლა ბათუმშიც და (მით უმეტეს) ფოთშიც მხოლოდ მას შემდეგ განხორციელდა, რაც გენერალმა მაკაროვმა სატელეფონო საუბრისას ადმირალ მულენს ჰუმანიტარული ტვირთის შემოტანაზე თანხმობა განუცხადა.
        სამხედროებს თავისი ლოგიკა აქვთ, რომელიც ძალთა და შესაძლებლობათა ელემენტარული თანაფარდობიდან, მათი უბრალო არითმეტიკული გათვლიდან გამომდინარეობს. და თუ ეს ლოგიკა პოლიტიკურ დისკურსს არ ემთხვევა – მით უარესი პოლიტიკის, საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიისათვის!
        დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ სწორედ აქ მიაღწია რუსეთმა ყველაზე დიდ წარმატებას: მან მოახერხა დასავლეთისათვის იმის დემონსტრირება, რომ რეგიონში გავლენის სისტემათაგან მთავარი და განმსაზღვრელი კვლავ «სამხედრო შემადგენელია» და არა «საერთაშორისო სავალუტო ფონდი», «მსოფლიო ბანკი», «არასამთავრობო ორგანიზაციები», «ლიდერთა სკოლები», ვაშინგტონში გამართული სემინარები, მედია - საშუალებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
        ეს ყოველივე «წყალში ჩაგეყრება», თუ მათი «ძალისმიერი უზრუნველყოფის» უნარი და შნო არა გაქვს. ასეთ შემთხვევაში სჯობს საერთოდ არ სცადო რეგიონში «შემოსვლა», რათა ისეთივე «კონფუზი» არ განიცადო, როგორც ამერიკამ – საქართველოში.
        კაცმა რომ თქვას, ეს ამერიკელთათვის «სასარგებლო» გაკვეთილიც შეიძლება აღმოჩნდეს. მართლაც, უდიდესი გულუბრყვილობა იყო, როდესაც ისინი ერთის მხრივ ყველაფერს აკეთებდნენ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში თავისი გეოპოლიტიკური გავლენის გასაძლიერებლად (თუნდაც იმავე «ენერგოდერეფნის» ინტერესებიდან გამომდინარე); იმავდროულად კი, თითი-თითზე არ დაუკარებიათ რეალური სამხედრო-სტრატეგიული გარანტიების შესაქმნელად – ნატოს მრავალწლიანი «სამოქმედო გეგმის» ცალყბა და ფუჭი მხარდაჭერის გარდა.
        რუსეთმა და რუსულმა გენერალიტეტმაც აგვისტოში სწორედ შესაძლებლობათა ამ «ფანჯრით» ისარგებლა. არადა, ამერიკას არანაირი «ნატო» არ სჭირდებოდა (არც ახლა სჭირდება) საიმისოდ, რათა საქართველოში სამხედრო ბაზა განალაგოს და ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმის ყოველგვარი შესაძლებლობა გამორიცხოს. მაგრამ ის ამას არ აკეთებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ თვით ბალტიისპირეთშიც კი. შედეგად, ადრე თუ გვიან, იმ რეგიონშიც დარწმუნდება, დღეს რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს ამის წარმოდგენა, რომ ქაღალდზე დაწერილი გარანტიები (თუნდაც ნატოს გარანტიები) იმავე ქაღალდის ღირებულებისაა, თუკი მათ რეალური სამხედრო-სტრატეგიული, ძალისმიერი საფუძველი არა აქვთ!
        ვლადიმერ პუტინმა ბოლო დროს რამდენჯერმე გაიმეორა კლაუზევიცის სიტყვები: «პოლიტიკაში მთავარია არა განზრახულობანი, არამედ შესაძლებლობები».
        არა განზრახვა, არამედ უნარი!
        შესაძლებლობა (უნარი) იყოს და განზრახვა (მისწრაფება) გაჩნდება!
        თუ ამ დებულების ჭეშმარიტებისა არ სჯერათ ამერიკელ მეგობრებს, მაშინ სჯობს ამ ჩვენს საბრალო ქვეყანას ნუ აცდუნებენ, სამომავლოდ ისევ მძევლად და მსხვერპლად ნუ აქცევენ – რაკი მისი დაცვა არ ძალუძთ და არც სურთ.