ვახტანგ რჩეულიშვილი ჯუმბერ პატიაშვილზე კი არა, საკუთარ პრეზიდენტობაზე ზრუნავს

ვახტანგ რჩეულიშვილი ჯუმბერ პატიაშვილზე კი არა, საკუთარ პრეზიდენტობაზე ზრუნავს

        გუშინ საბოლოოდ გაცხადდა, რომ «აღორძინების ბლოკი» ვეღარ გამოძებნის ერთიან «ეკვილიბრიუმს» მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
        ვახტანგ რჩეულიშვილი და მისი «სოციალისტები», ისევე, როგორც კაკო ასათიანის «ტრადიციონალისტები» ბოიკოტში მონაწილეობას არ მიიღებენ და ალბათ ჯუმბერ პატიაშვილს დაუჭერენ მხარს.
        ეს ლოგიკურად გამომდინარეობდა რჩეულიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებებიდან. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ კაკო ასათიანს (როგორც ჩანს) ჯუმბერ პატიაშვილის მხარდაჭერა სულაც არ ეპიტნავება, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ «ტრადიციონალისტებმა» მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, მაგრამ მხარი ასლან აბაშიძეს ვერ დაუჭირონ, ვინაიდან მარკირების გაუქმების საბაბით ასლან აბაშიძე არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს.
        მაშასადამე, «ტრადიციონალისტები» არჩევნებში მონაწილეობას იღებენ, ბოიკოტს არ აპირებენ, ჯუმბერ პატიაშვილს მხარს არ უჭერენ, ყველა კანდიდატის გადახაზვას არ აპირებენ (ირინა სარიშვილისგან განსხვავებით, კაკო ასათიანს ასეთი რამ არ უთქვამს) და საკუთარი კანდიდატურაც არ ჰყავთ. რა გამოდის? გამოდის «ტრადიციონალისტები» ედუარდ შევარდნაძის მხარდაჭერას აპირებენ! სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს.
        ეს თითქოს აბსურდია, მაგრამ «აღორძინების ბლოკისგან» უკვე ყველაფერია მოსალოდნელი.
        «ტრადიციონალისტები» და «სოციალისტები» ბოიკოტს არა მხოლოდ იმიტომ უარყოფენ, რათა მმართველ პარტიასთან უკვე მიღწეული კომპრომისის შენარჩუნება სურთ, არამედ იმ მიზეზითაც, რომ ისინი («აღორძინებისგან» განსხვავებით) სტაბილური პარტიები არიან და უფრო ფართო თვალსაწიერი აქვთ, ვიდრე «რეგიონის უფლებების დაცვა».
        ვახტანგ რჩეულიშვილი მიხვდა, რომ ბოიკოტის მხარდაჭერით, მით უმეტეს მარკირების საბაბით (მაშინ როდესაც მარკირების საკითხებში მოსახლეობას აბსოლუტური უმრავლესობა სწორედ მმართველი პარტიის პოზიციას უჭერს მხარს), იგი ქართულ პოლიტიკურ სცენაზე მარადიულ «მარგინალად» იქცეოდა.
        ასლან აბაშიძეს ეს არ აღელვებს, ვინაიდან მისი პრეტენზია სინამდვილეში, როგორც ჩანს, აჭარის ადმინისტრაციულ საზღვრებს მართლაც არ სცილდება. ვახტანგ რჩეულიშვილი კი 2005 წლიდან საქართველოს პრეზიდენტობას აპირებს.
        ამ თვალსაზრისით (რაკი ასლანმა არ ისურვა), ჯუმბერ პატიაშვილი ვახტანგ რჩეულიშვილისათვის ერთგვარი «ტორპედოა» - მოქალაქეთა კავშირის სახელისუფლებო კოლონის არა დასანგრევად (დღეს ეს შეუძლებელია), არამედ შესარყევად. შერყეული კოლონის დანგრევა კი (რჩეულიშვილის გათვლებით) მას 5 წლის შემდეგ აღარ გაუჭირდება;
        თუმცა, ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ რჩეულიშვილი ილუზიათა ტყვეობაშია – იგი არ ითვალისწინებს პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს კანონს: შეუძლებელია ორჯერ შესვლა ერთსა და იმავე მდინარეში.
        «აღორძინების ბლოკმა» საბედისწერო დამარცხება იგემა 31 ოქტომბერს და ასეთი შანსი მას მეორედ აღარ ექნება – 2003 წლისათვის «პროტესტული ელექტორატი» სხვა პოლიტიკურ ძალას იპოვის – ასეთი ძალა უეჭველად გამოჩნდება. ამიტომ, ვახტანგ რჩეულიშვილისა და «სოციალისტების» შანსებიც თანდათან კლებულობს და საერთოდ მიზერულად იქცევა, თუ ბლოკმა 9 აპრილს ვერ შეძლო თუნდაც «მეორე ტურის» აუცილებლობის უზრუნველყოფა.
        პირველივე ტურში ჯუმბერ პატიაშვილის დამარცხება მას «მარად გუშინდელ» მოღვაწედ აქცევს, ვინაიდან ორჯერ დამარცხებული პრეზიდენტობის კანდიდატი თავად იქცევა პოლიტიკურ მარგინალად და პოლიტიკურ პროცესებში თანასწორუფლებიან მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
        2005 წელზე რომ ვახტანგ რჩეულიშვილი ახლავე ზრუნავს, - ეს სულაც არ არის გასაკვირი, თუმცა, სხვებზე თუ აღარაფერს ვიტყვით, მას თვით «ბათუმურ-თბილისური» სამეგობროდან ეყოლება მინიმუმ სამი-ოთხი კონკურენტი: კაკო ასათიანი, მამუკა გიორგაძე, ელიზბარ ჯაველიძე, თედო პაატაშვილი და ა.შ.
        რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, საქართველოში ფაქტობრივად მოისპო საფუძველი მკვეთრი სამოქალაქო დაპირისპირებისათვის – 1991-92 წლების მოვლენათა ნიადაგზე, ვინაიდან შევარდნაძისა და მოქალაქეთა კავშირის სიძულვილით გაერთიანებულმა პოლიტიკურმა მარგინალებმა ვეღარ შენიშნეს, რომ აბსურდული ალიანსებით დაკარგეს «პროტესტანტული იდეა» და «სულიერი ოპოზიციიდან» ჩვეულებრივ ტაკიმასხარებად იქცნენ.

7 დღე, 8 მარტი, 2000 წელი