შორია ენგურის ჯებირამდე

შორია ენგურის ჯებირამდე

 

    გასულ სამშაბათს საქართველოს პარლამენტი კვლავ «დაუბრუნდა» შევარდნაძის გადადგომის საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც ერთი თვის წინ ამავე დარბაზში თითქოს ჩაცხრა და ამოიწურა ეს თემა.
    მაგრამ, როგორც ჩანს, მონარქისტთა ლიდერის, თემურ ჟორჟოლიანის შიმშილობამ მას მაინც შესძინა აქტუალობა. ოღონდ, დაკვირვებული თვალი იმასაც უეჭველად შეამჩნევდა, რა ნიუანსით განსხვავდებოდა ეს ორი სხდომა ერთმანეთისგან - 29 სექტემბრის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობას ისევ მოუწია გააფთრებული ხვეწნა-მუდარა შევარდნაძის მიმართ, რათა მას «გადადგომის შესახებ» თავისი მორიგი განცხადება როგორმე უკან წაეღო, ხოლო კენჭისყრამ ამ საკითხზე «სტაბილურად» ჩაიარა. ამჟამად კი, სახელმწიფოს მეთაურმა არანაკლები გააფთრებით განუცხადა პარლამენტსაც და მთელ საქართველოსაც: რამდენიც არ უნდა იშიმშილოთ, არ გადავდგები! არავითარ შემთხვევაში არ გადავდგები!!!
    როგორც ჩანს, შევარდნაძემ იგრძნო, რომ «გადადგომის თემა» მართლაც ამოიწურა და მიუახლოვდა ზღვარს, როცა მორიგი «განცხადება» უკვე ნამდვილი კომიზმი იქნებოდა. ამიტომ მოხდა «იდეოლოგიური ქვემეხის» შემობრუნება და ის, ვინც სულ ცოტა ხნის წინ «საკუთარ პოზიციებზე ცეცხლის დაშენას მოითხოვდა» - ამ პოზიციებზე შემოჭრილი მოწინააღმდეგის გასანადგურებლად, - ამჯერად გაუმართლებელ რისკზე აღარ წავიდა და ეს მრისხანე იარაღი უშუალოდ დასუსტებული მტრის წინააღმდეგ მიმართა.
    ამ თვალსაზირისით, საქართველო ნელ-ნელა უბრუნდება პოსტსაბჭოური სივრცისათვის  ნორმალურ მდგომარეობას: იმ ქვეყნიდან, რომლის ლიდერი დღედაღამ ოცნებობს ამაზე, მაგრამ ვერა და ვერ «მოუხერხებია» გადადგომა - იგი იქცევა ქვეყნად, სადაც პრეზიდენტი მოწინააღმდეგეთ პირდაპირ უცხადებს უარს ამის თაობაზე.
    ვიმეორებ: საკმაოდ ნაცნობი სურათია, მაგრამ თუ ამ სურათს დავაკვირდებით, მასზე უეჭველად აღმოვაჩენთ იმ ჰაუბიცის სილუეტსაც, რომელიც დეკემბერ-იანვრის მოვლენების დროს სასტუმრო «თბილისთან» იდგა და მოწინააღმდეგე მხარეს უმოწყალოდ «უბათქუნებდა».
    სხვათა შორის, ის ქვემეხი ვერსად გაქრებოდა - თუნდაც მისი სიდიდის გამო. შესაძლოა «დემოკრატიული რევოლუციის» ძეგლად ინახავენ, ან იქნებ აფხაზეთში მოხვდა და ახლა სადღაც კელასურთან აგდია დამსხვრეული . . . ასეა თუ ისე, იმდროინდელ ქარიშხლიან მოვლენათა მთავარი გმირების სულში იგი კვლავ ისეთივეა, - უზარმაზარი, მრისხანე და საომრად შემართული.

    გასულ კვირას, თბილისში დიდი აჟიოტაჟი და მითქმა-მოთქმა გამოიწვია პასტერის ქუჩაზე, ერთ-ერთ სამსართულიან სახლში, «ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის» დაბანაკებამ. შეიძლება დარწმუნებით ითქვას: სწორედ ეს გარემოება გახდა ზემოთაღწერილი საპარლამენტო ფერისცვალების მთავარი მიზეზი, - ის, ვინც უნდა მიმხვდარიყო, საბოლოოდ მიხვდა, რომ ტრაგიკული მიზანსცენების დრო დამთავრდა და თითოეულ სიტყვას (თუნდაც გადადგომის თაობაზე) დიდი სიფრთხილე სჭირდება.
    პასტერის ქუჩაზე დაბანაკებულ «შტაბს» დღე და ღამე არ აკლდება მიმსვლელი. ძველი ნაცნობ-მეგობრები გულმხურვალედ ეხვევიან ერთმანეთს, ათეულებს, ოცეულებს, ასეულებს ადგენენ და «აფხაზეთის გასათავისუფლებლად» ემზადებიან. რა თქმა უნდა, მათი მიზანი აფხაზეთის გათავისუფლებაა, მაგრამ თუ ამ მამულიშვილურ საქმეში ვინმე ხელის შეშლას გაბედავს, ვინმე (კვლავ) წინ აღუდგება, - არც მას დააკლებენ ხელს: ენგურის ჯებირამდე ხომ «ჯერ სხვა ჯებირები უნდა მოირღვეს», მათ შორის თბილისში აღმართულნიც.

    სამშაბათის სხდომაზე, სახელმწიფოს მეთაური და მის მიერ არც თუ დიდი ხნის წინ ვახტანგ გორგასლის ორდენით დაჯილდოებული ყოფილი თავდაცვის მინისტრი საბავშვო ბაღის აღსაზრდელებივით ეცილებოდნენ ერთმანეთს კარადაში ჩაკეტილ ტელეგადამცემს, რომელიც, თენგიზ კიტოვანის თქმით, მას «საკუთარი ფულით აქვს ნაყიდი», ახლა კი უშიშროების სამინისტროს სეიფშია ჩაკეტილი და მის დაბრუნებას არავინ აპირებს.
    საქართველო ისევ და ისევ ამჟღავნებს განსაცვიფრებელ მსგავსებას რამდენიმე საუკუნის განმავლობაში არსებულ ტოტალიტარულ სისტემებთან: ამ სისტემათა ბედს ხშირად ნივთი წყვეტდა. მაგალითად, პავლე პირველს შეთქმულთა ჯგუფმა (მათ შორის, ქართველმა იაშვილმა) უზარმაზარი ბროლის სათუთუნეთი გააფრთხობინა სული, ხოლო 1956 წელს საბჭოთა კავშირი იმით «გადარჩა», რომ ნიკიტა სერგის-ძე ხრუშჩოვმა დროულად გამოსტაცა ხელიდან პორტფელი პოლიტბიუროს საგანგებო სხდომაზე მისულ ლავრენტი ბერიას, თორემ ეს უკანასკნელი მოასწრებდა პორტფელიდან გადამცემის(!) ამოღებას და. . . . მისი დაპატიმრებაც ვეღარ მოხერხდებოდა – სავსებით იოლად განსაჭვრეტი შედეგებით პოლიტბიუროს საგანგებო სხდომის მონაწილეთათვის. ანუ პირიქით, მაშინდელი პოლიტბიურო აღმოჩნდებოდა ბუტირის ციხეში, რადგან კრემლს უშიშროების სამინისტროს ათასეული იცავდა.
    როგორც ჩანს, ჩვენშიც იგივე მეორდება: თუ საქართველოსა და ქართული დემოკრატიის ბედი მართლაც სეიფში ჩაკეტილ იმ ნივთზეა დამოკიდებული, მაშინ დაღუპულა ამდენი სისხლით მოპოვებული დემოკრატია - «ფრონტმა» ხომ შეიძლება კიდევ გამონახოს «საკუთარი სახსრები» და იმ ტელეგადამცემის ანალოგი შეიძინოს?

    ყოველივე ამის შემხედვარემ მხოლოდ იმით შეიძლება დაიმშვიდო თავი, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა სხვა ქვეყნებშიც ერთობ რთულად მიმდინარეობდა. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი ეგზემპლარი, როგორც ამბობენ, ადამიანის ტყავზეა დაწერილი.
    არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს «მატერიალური მომენტი» სულ უფრო და უფრო ხშირად ფიგურირებს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში - პარლამენტის ვიცე-სპიკერ რჩეულიშვილის დაჟინებული მოთხოვნით, ალექსი კობაიძის კომისიამ კიდევ უფრო გაააქტიურა საგამოძიებო საქმიანობა. როგორც ცნობილია, იგი ნოდარ ნათაძის პროტექციით «საჭირო ნივთების» შესაძენად ეროვნული ბანკიდან გამოტანილი ოთხასი ათასი დოლარის ბედს იკვლევს, ხოლო იმ ბანკის პრეზიდენტმა ესოდენ ტრაგიკულად თავისი ცხოვრება მას შემდეგ დაასრულა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროდან უკან ვეღარ მიიღო სააღრიცხვო დავთარი, რომელშიც კომერციული საქმიანობის მხარდასაჭერად გულანთებულ დეპუტატთა გვარები იყო დაფიქსირებული.
    ის «საჭირო ნივთები» კი, საბოლოო ჯამში, საქართველოში დისლოცირებულ რუსეთის ჯართა საწყობში ინახება - სრულიად საკმარისი და საჭირო რაოდენობით.
    მართალია, რუსული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი კვლავაც ანცვიფრებს მსოფლიოს წარმოებულ «ნივთთა» ხარისხით, მაგრამ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში, იქ იმ ძველისძველი ჰაუბიცის ანალოგიც მოიძებნება, რომლის დაუვიწყარი ორიგინალი ახლა სადღაც ძალიან შორს, კელასურთან გდია.

«7 დღე», 15 ნოემბერი, 1994 წელი.