​​​​​​​ვინ გიჟი აპირებს ცხინვალში ომის განახლებას?

 ​​​​​​​ვინ გიჟი აპირებს ცხინვალში ომის განახლებას?

        გუშინ რუსულმა მედიამ, რომელიც, ერთი კოლეგის სამართლიანი განსაზღვრებით, «მედია ხოლუი ბანდად» გადაიქცა (ხოლუი - მონა) მორიგი გნიასი და ისტერიკა ატეხა იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველო აპირებს «სამხრეთ ოსეთში» აგრესიის განახლებას.
        საქმე ეხება ქართველ ოფიციალურ პირთა განცხადებებს შიდა ქართლის რეგიონში კრიმინოგენული ვითარების გამწვავების თაობაზე. მართლაც, უკანასკნელი რამდენიმე თვეა, ვითარება, ამ თვალსაზრისით, შიდა ქართლში შესამჩნევად გამწვავდა. ერთდროულად ამდენი ყაჩაღობა, ბანდიტური თავდასხმა, ადამიანის გატაცება, მკვლელობა, წლების განმავლობაში არ მომხდარა. ბუნებრივია, ეს ყოველივე სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მოსახლეობა სამართლიანად აღშფოთებულია და ხელისუფლებისგან «ზომების მიღებას ითხოვს». სამართალდაცვის ადგილობრივ (ისევე, როგორც ცენტრალურ) ორგანოთა მესვეურები კი დარწმუნებულები არიან, რომ კრიმინალური ბანდები დანაშაულის ჩადენის შემდეგ «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის» სხვადასხვა ხეობაში იმალებიან, სადაც თბილისის იურისდიქცია არ ვრცელდება.
        მაგრამ, საქმე ის გახლავთ, რომ იმ ხეობებში, როგორც ჩანს, არც ცხინვალის იურისდიქცია ვრცელდება, ვინაიდან წარმოუდგენელია ოსურ ელიტას ამჟამად ხელს აძლევდეს საქართველოსთან ურთიერთობის დაძაბვა და (მით უმეტეს) ომის განახლება. როგორც ჩანს, ცხინვალის ახალი «პრეზიდენტი» კოკოითი გაცილებით ნაკლებად აკონტროლებს ვითარებას საკუთარ «სამფლობელოში», ვიდრე მისი წინამორბედი ლუდვიგ ჩიბიროვი, რმოელიც საკმოად ეჭვიანი კაცი ჩანდა. საქართველოსადმი ლოიალურობით არც იგი გამოირჩეოდა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, იმის ჭკუა მაინც ყოფნიდა, თბილისთან ურთიერთობა პროვოკაციული განცხადებებითა და დემარშებით არ გაემწვავებინა.
        კრიმინალური ბანდების დიდი ნაწილი უდავოდ მისი მხარდამჭერებისგან შედგება. ეს არის ყოფილი ოსური «ომონი», «სპეცნაზი» (და ასე შემდეგ), რომლებმაც თავის დროზე აქტიურად დაუჭირეს მხარი კოკოითს - ჩიბიროოვთან და მის დაჯგუფებასთან დაპირისპირებაში. ბუნებრივია, ამჟამად «პრეზიდენტ კოკოითს» ხელს არ აძლევს მასთან დაპირისპირება, თუმცა, საეჭვოა, არ ესმოდეს, რომ საქართველოსთან დაპირისპირებითაც ბევრს ვერაფერს მოიგებს.
        მეორე მხრივ, სრული ავანტიურა იქნებოდა, «კრიმინოგენული ვითარების გამწვავების» საბაბით ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის განახლება. ის სისხლიანი მარაზმი, რომელმაც 1988-92 წლებში ამდენი სისხლი და უბედურება მოუტანა ორივე უბედურ ხალხს, არავითარ შემთხვევაში აღარ უნდა განმეორდეს. მაშინდელმა ომმა უდიდესი ზიანი მიაყენა საქართველოს საერთაშორისო «ხატს» და ლამის სალანძღავ ტერმინად აქცია ჩვენი ქვეყნის სახელი, როგორც «მცირე ხალხის გენოციდის ორგანიზატორისა».
        ის ფაქტი, რომ ხსენებული «მედიაბანდა» მაშინ ნიანგის ცრემლებს ღვრიდა «ორი ხალხის უბედურების» გამო, ხოლო დღეს «უკანასკნელ ჩეჩნამდე ომის გაგრძელებას» მოითხოვს თავისი «დერჟიმორდა გენერლებისგან» - ბევრს არაფერს ცვლის. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის. ოს ხალხთან გასაყოფი არაფერი გვაქვს და, მრავალი ობიექტური ფაქტორის გათვალისწინებით, არე თუ გვიან, უეჭველად შევძლებთ საერთო სახელმწიფოში ცხოვრებისთვის აუცილებელი ფორმულის შემუშავებას. რაც შეეხება ამჟამად წარმოშობილ კონკრეტულ პრობლემას (კრიმინალური დაჯგუფებების თარეშს შიდა ქართლში), მისი გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ სწორი ტაქტიკის შერჩევით.
        ცხინვალს თვითონ არა აქვს ძალა (და სურვილი), რათა კრიმინალური ბანდების თარეში აღკვეთოს. სხვათა შორის, იმ მიზეზითაც, რომ მრავალი ეს ბანდიტი «რესპუბლიკის თავისუფლებისთვის» იბრძოდა თავის დროზე. ამავე მიზეზით, ცხინვალი არცთუ იოლად დათანხმდება «ერთობლივ ოპერაციასაც კი».
        თუ ასეა, როგორ მოვიქცეთ? ვითარება თითქოს გამოუვალი ჩანს, თუმცა, სწორი ტაქტიკა იქნებოდა აპელირება რუსეთის «სამშვიდობო მისიასთან» და იმ ფაქტის დაფიქსირება, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები თავიანთ ფუნქციას არ ასრულებენ, რაკი არ სურთ, აღკვეთონ ბანდიტური დაჯგუფებების თარეში საქართველოს შიდა რაიონებში.
        სწორი პოლიტიკური დემარშებისა და ჭკვიანურად აგებული საინფორმაციო პოლიტიკის შემთხვევაში, კრემლი ალბათ, თვითონ აიძულებს ცხინვალელ მარიონეტებს, აღკვეთონ ყაჩაღთა თარეში.

დილის გაზეთი, 4 ოქტომბერი, 2002 წელი