ვინ შეაჩერებს დიდ ომს ახლო აღმოსავლეთში?

ვინ შეაჩერებს დიდ ომს ახლო აღმოსავლეთში?

        ოცდაათი-ორმოცი წლის წინ, როდესაც მსოფლიო ორ ბანაკად იყო გაყოფილი და ცივი ომი მძვინვარებდა, ბვევრი იმდროინდელი «ექსპერტი» წერდა, რომ მსოფლიო ომი (არა «ცივი» არამედ ნამდვილი, ანუ «ცხელი») თუ დაიწყება, სწორედ ახლო აღმოსავლეთში დაიწყებაო.
        ესე იგი, არა ევროპაში, სადაც გერმანია ორ ნაწილად იყო გაყოფილი, ხოლო 25 ათასი საბჭოთა ტანკი კონტინენტის არაოკუპირებულ, შიშით აცახცახებულ ნაწილს ემუქრებოდა, არა შორეულ აღმოსავლეთში, სადაც დანასისხლად გადაკიდებულ საბჭოთა კავშირსა და ამერიკას პატარა სრუტე ჰყოფდა, არამედ სწორედ იქ, სადაც სამი დიდი რელიგია (იუდაიზმი, ქრისტიანობა, ისლამი) დაიბადა და მუდმივად ღვიოდა მძვინვარე დაპირისპირების ნაკვერჩხალი.
        ზოგს დღემდე გონია, რომ ამის მიზეზი ნავთობის უდიდესი მარაგია. სინამდვილეში, დასავლეთიც და აღმოსავლეთიც, ისლამიც, ქრისტიანობაც და იუდაიზმიც იქ საკუთარ «მეობას» ესე იგი იდენტობას, ანუ ეროვნულ ღირსებას იცავს.
        ამის მაგალითია თუნდაც ის, რაც დღეს ხდება, როდესაც რეგიონი კვლავ აღმოჩნდა დიდი ომის საფრთხის წინაშე და ამის მიზეზი არა ნავთობი, არა ეკონომიკური პრობლემები, არამედ ეროვნული ღირსების საკითხია!
        მკითხველს შევახსენებ, რომ რამდენიმე წლის წინ ისრაელმა ჩაკეტა საზღვარი პალესტინის ღაზის სექტორთან, სადაც პალესტინელი არაბები ცხოვრობენ. მიზეზად ის დაასახელა, რომ არაბებს არ სურთ შეურიგდნენ 1967 და 1973 წლებში წაგებული ომის შედეგებს და მუდმივად უწყობენ პროვოკაციებს ისრაელს. მაგალითად, თვითნაკეთი რაკეტებით ბომბავენ მის ტერიტორიას. თვით ღაზის სექტორს რაც შეეხება, მას ფორმალური ავტონომია აქვს. ანუ შიდა საქმეებში ისრაელი თითქოს არ ერევა, მაგრამ ღაზის გარე საზღვარს ეგვიპტესთან კვლავ თვითონ აკონტროლებს.
        ბლოკადამ არაბულ და ისლამურ სამყაროში უდიდესი უკმაყოფილება გამოიწვია. თურქეთის მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, ეს ბლოკადა «მშვიდობიანად გაერღვიათ» და ღაზელი არაბებისთვის პროდუქტები, აგრეთვე სამშენებლო მასალები მიეწოდებინათ.
        მაგრამ ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა «მშვიდობის ფლოტილია» შეაჩერეს, გემებზე დესანტი გადმოსხეს და რამდენიმე ათეული თურქეთის მოქალაქე მოკლეს. თურქეთმა გაეროში იჩივლა, თუმცა გაეროს კომისიამ დაადგინა, რომ ბლოკადაც სამართლიანია და ისრაელის არმიაც სწორად მოქმედებდა, როდესაც უიარაღო თურქებს ხოცავდა.
        ამ დასკვნამ თურქეთში საშინელი აღშფოთება გამოიწვია. მით უმეტეს, რომ თურქები ისედაც დიდი ხანია უკმაყოფილო არიან დასავლეთის პოზიციით: «ევროკავშირში არ გვიღებენ და ვეზიზღებით, თუ არ ვუნდივართ ისევ ისლამისკენ შევტრიალდებითო» - ამბობენ იმედგაცრუებული თურქები.
        მართლაც, ეს ქვეყანა 1965 წლიდან ცდილობს ევროკავშირში შესვლას, მაგრამ უარს ეუბნებიან. არადა, მაგალითად, პატარა ესტონეთი, რომელიც სულ გუშინ გახდა დამოუკიდებელი, - ევროკავშირში მაშინვე მიიღეს. სწორედ ამიტომ გაძლიერდა თურქეთში პროისლამური და ნაციონალისტური ძალა, დღევანდელ პრემიერ-მინისტრ რეჯეფ ტაიფF ერდოღანის ლიდერობით.
        ერდოღანი არა უბრალოდ ჭკვიანი კაცი და ნიჭიერი პოლიტიკოსია, არამედ ძალიან ემოციური ნაციონალისტიც. ბუნებრივია, თურქების მკვლელობას ასე ადვილად იგი ისრაელს არ აპატიებდა. ამიტომ ულტიმატუმი წაუყენა: «დაუყოვნებლივ მოუხადეთ ბოდიში თურქეთს ჩვენი მოქალაქეების მკვლელობისთვის და ოჯახებს კომპენსაციაც გადაუცხადეთო». ებრაელები კომპენსაციას კი დასთანხმდნენ, მაგრამ ბოდიშის ნაცვლად «მწუხარება გამოთქვეს». ამან ერდოღანი არ დააკმაყოფილა და დაიმუქრა: «უახლოეს მომავალში კიდევ ერთი «მშვიდობის ფლოტილია» დაიძვრება ღაზისკენ, ერთ-ერთ ხომალდზე მეც ვიქნები და აბა, კაი დედმამიშვილები ხართ, შემაჩერეთო».
        ისრაელის პრემიერ-მინისტრი დღეს ბენიამინ ნატანიაჰუა – ძალზე გამოცდილი და მრავლისმნახველი პოლიტიკოსი. თუმცა ის არანაკლები ფანატიკოსია, ვიდრე ერდოღანი და უკან თავის დღეში არ დაუხევია. ნატანიაჰუმ ძალიან კარგად იცის: საკმარისია ერთხელ დათმოს ისრაელმა, ერთხელ შედრკეს და ბოდიში მოიხადოს, რომ ეს სახელმწიფო ადრე თუ გვიან დაიღუპება, რადგან იმ რეგიონში «ბოდიშს» მხოლოდ სისუსტის და სიმხდალის გამოვლინებად ჩაუთვლიან. გარდა ამისა, «ბოდიში» ისრაელის უძლეველი არმიის შეურაცხყოფაც იქნება. ამიტომ ბენიამინიც გაჯიქდა და დაიმუქრა: «აბა ერთი ვნახოთ რას გვიზავთ – ყველაფრისთვის მზად ვართო».
        კაცმა რომ თქვას, 1948 წლის შემდეგ, როდესაც ისრაელის დამოუკიდებლობა (სახელმწიფოებრიობა) გამოცხადდა, მთელმა კომუნისტურმა და ისლამურმა სამყარომ, ანუ დედამიწის ორმა მესამედმა ებრაულ სახელმწიფოს ომი გამოუცხადა. ისრაელს მაინც არ შეშინებია და იმ ომში საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც არა მხოლოდ იმიტომ, რომ დასავლეთი უჭერდა მხარს, არამედ, პირველ რიგში, საკუთარი ვაჟკაცობით.
        ოღონდ, დღევანდელი სიტუაცია მაინც განსხვავებულია: თურქეთს რეგიონში ყველაზე დიდი და ძლიერი არმია (მათ შორის ყველაზე ბრძოლისუნარიანი ფლოტი) ჰყავს. თუ ისრაელის სამხედრო კატარღები შეეცდებიან სატვირთო გემების ძალით შეჩერებას, საქმეში თურქული ფლოტი ჩაერთვება და დიდი ომიც დაიწყება: ფლოტს მოჰყვება ავიაცია, ჰაერში ერთმანეთს ისრაელისა და თურქეთის კუთვნილი ამერიკული წარმოების გამანადგურებლები შეეჯახებიან, შემდეგ თურქეთმა შეიძლება ნახევარმილიონიანი არმია გადასხას ლიბანში, რათა ისრაელს ხმელეთიდან შეუტიოს. ორივე ქვეყანას შესანიშნავი სამხედრო მფრინავები ჰყავს.
        არავინ იცის, როგორ ისარგებლებს ამით ირანი, რომელიც ისრაელის დაუძინებელი მტერია. ან თუნდაც იგივე არაბული ეგვიპტე და სირია, რომლებსაც მრავალჯერ დამარცხებისთვის რევანშის აღება სწყურიათ. იმ პირობებში, ისრაელი იძულებული გახდება საყოველთაო მობილიზება გამოაცხადოს – ორ მილიონამდე კაცსა და ქალს გამოიყვანს, მაგრამ ეს მაინც არ იქნება საკმარისი ამოდენა ისლამურ სამყაროსთან გასამკლავებლად.
        ამერიკა და ნატო ისრაელს პირდაპირ მხარს ვერ დაუჭერენ და თურქეთს ომს ვერ გამოუცხადებენ. ჯერ ერთი, თურქეთი (ისრაელისგან განსხვავებით) ნატოს წევრია. გარდა ამისა, განაწყენებულ თურქეთს საბოლოოდ შეატრიალებენ აღმოსავლეთისაკენ და ევროპას შეაძულებენ. შეიძლება იქ ისლამურმა რევოლუციამაც კი გაიმარჯვოს, როგორც 1979 წელს ირანში.
        თუ საქმე საქმეზე მიდგა და ებრაელებმა შეატყვეს, ომს აგებენ, რა თქმა უნდა გამოიყენებენ ატომურ იარაღსაც და ერთ ბომბს სტამბულს გლეჯენ, მეორეს ანკარას. თურქეთს კი ატომური ბომბი არა აქვს. ჯერ ჯერობით.
        თითქოსდა აპოკალიფსური, ესე იგი ყვეალზე უარესი,. ჯოჯოხეთურია სცენარია, მაგრამ თუ ან ერდოღანმა ან ნატანიაჰუმ უკან არ დაიხიეს, სრულიად რეალური გახდება: Oორი ძალიან ამაყი, ამბიციური ლიდერი და ორი არანაკლებ ამაყი, ამბიციური ნაციონალიზმი (თურქული და ევროპული) დაუპირისპირდა ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ.
        ერთადერთი, ვისაც თავისი მრისხანე ძალით შეუძლია «შუაში» ჩადგეს, ამერიკის შეერთებული შტატებია: ამერიკის მეექვსე ფლოტი, რომელიც ხმელთაშუა ზღვაშია განლაგებული, მაშტაბურ სწავლებებს დაიწყებს აღმოსაველთ სანაპიროსთან, «პატარებს» გააფრთხილებს: «არ იცელქოთ თორემ ორივეს მოგხვდებათო» და ამით ორივე მხარეს მისცემს სახისა და სიამაყის შენარჩუნების საშუალებას: ისარელი ბოდიშს არ მოიხდის, მაგრამ თურქეთიც არა ისრაელის ბირთვულ მუქარას, არმედ ამერიკის «მეგობრულ თხოვნას» გაუწევს ანგარიშს.
        სხვათა შორის, აქვე უნდა ითქვას, რომ ეს ყოველივე საქართველოსგან არც თუ ისე შორს არის, რადგან მეზობელი ქვეყნის (თურქეთის) ჩართვამ სამკვდრო-სასიცოცხლო ომში არ შეიძლება ჩვენზეც არ მოახდინოს გავლენა.

2011