ვინც არ უნდა აირჩიონ სომხეთის პრეზიდენტად, საქართველოსთვის არაფერი შეიცვლება

ვინც არ უნდა აირჩიონ სომხეთის პრეზიდენტად, საქართველოსთვის არაფერი შეიცვლება

  საქართველოს პრეზიდენტმა ბოლო ტრადიციულ რადიოინტერვიუში განაცხადა, რომ მას აქვს საკუთარი პროგნოზი, თუ ვინ გაიმარჯვებს სომხეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე; არ მგონია, ეს მხოლოდ გუმანი იყოს. ედუარდ შევარდნაძეს (ქარაგმულად) იმის თქმა სურდა, რომ ჯერ ერთი, ლევონ ტერ-პეტროსიანის «ხავერდოვანი დამხობის» შემდეგ არჩევნებში გამარჯვებულის ვინაობას სერიოზული მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან ერევანმა (ყარაბაღთან დაკავშირებით) თავისი არჩევანი უკვე გააკეთა; გარდა ამისა, ედუარდ შევარდნაძის აზრით, არჩევნები პროგნოზირებადია, ვინაიდან სხვაგან არის დაგეგმილი!
    სომეხთათვის ეს არცთუ საამაყო და სასიამოვნო ქარაგმა შევარდნაძემ ჩვეულებრივად შენიღბა «ძმობისა და მეგობრობის» ფრაზებით, თუმცა ისიც დაუმატა, რომ «სომეხი ხალხის არჩევანმა ხელი უნდა შეუწყოს კავკასიაში მშვიდობის დამყარებასა და კონფლიქტების მოწესრიგებას - თვით სომეხი ერის, აგრეთვე, კავკასიელი ხალხების საკეთილდღეოდ».
    ესეც ქარაგმაა, ანუ გონიერებისაკენ მოწოდება.
        თუმცა, აქ მოწოდებას აზრი არ აქვს, ვინაიდან არაერთ დამკვირვებელს აღუნიშნავს, რომ 1987 წლიდან სომხებმა კიდევ ერთი საკაცობრიო მნიშვნელობის ფენომენი არგუნეს მსოფლიოს. ერთი ჟურნალისტი წერდა: «როცა ყარაბაღის ამბების შემდეგ ერევანში ჩავფრინდი და ხალხს გავესაუბრე, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს ერი მთლიანად, მეეზოვიდან - აკადემიკოსამდე შეშლილიაო».
    ლევონ ტერ-პეტროსიანი თავად სწორედ ამ ტალღაზე მოვიდა ხელისუფლების სათავეში, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ რაციონალური იქნებოდა, სომხობა მიღწეულით დაკმაყოფილებულიყო ანუ ფორმალურად ეღიარებინა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, დაებრუნებინა აზერბაიჯანისთვის ყარაბაღის გარეთ მიტაცებული ტერიტორიები ყარაბაღის უსაფრთხოების გარანტიათა სანაცვლოდ.
    მოსკოვმა ასეთი კომპრომისის საშუალება სომხებს არ დაუტოვა, ვინაიდან ტერ-პეტროსიანი თავისი სატრაპების მეშვეობით დაამხო (ხავერდოვნად), ხოლო ვინ გაიმარჯვებს მომავალ არჩევნებში - კრიტიკული მნიშვნელობა არა აქვს.
    სომხებს არასდროს უთქვამთ, რომ «მზე მათთვის ჩრდილოეთიდან ამოდიოდა». ამ მზის სხივთა ძლევამოსილებაში იმდენად არიან დარწმუნებულნი, «ნავთობსადენის გადასაჭრელად» (რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე) შეიძლება ომიც კი დაიწყონ. არადა ტერ-პეტროსიანი თავის ხალხს აფრთხილებდა, ახსენებდა 1915 წელს, როდესაც თურქეთში მცხოვრები სომხობა რუსეთის იმედად აჯანყდა, რუსული არმია მას აღარ დაეხმარა და გენოციდმაც არ დააყოვნა.
    არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში იგივე გამეორდეს. რუსეთის იმედად მტერი იქნა. ეს ძალიან კარგად იცოდა ლევონ ტერ-პეტროსიანმა, მაგრამ არ სურთ იცოდნენ მანუკიან-ქოჩარიან-დემირჭიანებმა.
    ბრძოლა ძირითადად ორ კანდიდატს: ყარაბაღელ სომეხთა ბელად ქოჩარიანსა და სომხეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილ პირველ მდივან დემირჭიანს შორის მიმდინარეობს. ორივე სომეხია, მაგრამ სოციალური წარმომავლობის თვალსაზრისით განსხვავებულნი არიან. ლევონ ტერ-პეტროსიანიც სომეხი იყო, ოღონდ ძალიან ჭკვიანი სომეხი. რაკი იგი გააძევეს სომხური პოლიტიკური სცენიდან, ახლა სერიოზული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში.
    ბევრ დამკვირვებელს ყველაზე რეალურ კანდიდატად მაინც დემირჭიანი მიაჩნია. თუ ეს პროგნოზი გამართლდა, მაშინ ამიერკავკასიაში 1974 წელს არსებული ვითარება აღდგება, როცა სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს დემირჭიანი, ალიევი და შევარდნაძე ხელმძღვანელობდნენ.
    სომხებს რაიმეს როგორ ვაკადრებთ, თუმცა ბოლო დრომდე ისინი ერთადერთნი იყვნენ პოსტსაბჭოურ სივრცეზე, რომელთაც «ნომენკლატურული პრეზიდენტი» არ ჰყოლიათ. კარგია ეს თუ ცუდი - არც ისე ადვილი სათქმელია, როგორც ზოგიერთს ჰგონია. ბელორუსი ლუკაშენკო ანგარიშში ჩასაგდები არ არის. ლევონ ტერ-პეტროსიანი კი სოციალური წარმომავლობით «ინტელიგენციის» წრიდან იყო, ისევე, როგორც ზვიად გამსახურდია. ამ სოციალური წრისთვის (ანუ, როგორც კომუნისტურ ეპოქაში ამბობდნენ, «შრისათვის») კი ერთგვარი რომანტიზმია დამახასიათებელი. იმავე დემირჭიანს ძალაუფლებას ასე ადვილად ხელიდან ვერ წაგლეჯენ და მხოლოდ «მორალური მოსაზრებებით» მას თავადაც არ დათმობს.
    მიუხედავად იმისა, რომ ქოჩარიანი და დემირჭიანი ერთ პოლიტიკურ დოქტრინას განასახიერებენ, ტაქტიკური თვალსაზრისით ისინიც განსხვავდებიან. ქოჩარიანი თითქმის უეჭველად ნიშნავს ახალ ომს ყარაბაღში - უმალვე, როგორც კი დაიწყება აზერბაიჯანის «დიდი ნავთობის» ტრანსპორტირება მსოფლიო ბაზრებზე.
    რობერტ ქოჩარიანი ერთ-ერთ ინტერვიუში პირდაპირ დაემუქრა აზერბაიჯანსა და ნავთობის კონსორციუმს: «სომხეთი არ დაუშვებს თუნდაც ერთი ბარელის ტრანსპორტირებას დასავლეთში ყარაბაღის პრობლემის მოწესრიგებამდე». ეს ლიტონი სიტყვები არ არის. თუ, საბოლოოდ, აზერბაიჯანი მაინც «ჩრდილოეთის ვარიანტისკენ» გადაიხარა, რუსეთი ნამდვილად უზრუნველყოფს მილსადენის უსაფრთხოებას და სომხეთი ბევრს ვერაფერს გაბედავს; მაგრამ ალიევს ყარაბაღის «გაცვლა» სურდა ნავთობსადენში, რაც არ გამოდის.
    იმავე ქოჩარიანმა კი შესანიშნავად იცის: ათეულობით მილიარდი დოლარი, რომელიც ჩაიდება აზერბაიჯანის ეკონომიკაში, უზრუნველყოფს აზერბაიჯანული არმიის გაძლიერებას, უახლესი იარაღით აღჭურვას და ბოლოს განაპირობებს კიდეც ძალთა განლაგების შეცვლას.
    ამის გათვალისწინებით, ქოჩარიანის «საომარი დოქტრინა» ნებისმიერ შემთხვევაში მიზანშეწონილია, რათა ნავთობსადენი გადაიკეტოს. ოღონდ მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული - წინააღმდეგ შემთხვევაში, მილი ჩრდილოეთისკენ წავა. ზემოთთქმულის გათვალისწინებით, რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ქოჩარიანს ხელს აძლევს ნავთობსადენის გაყვანა სწორედ «დასავლეთის» (და არა «ჩრდილოეთის») მარშრუტით, ვინაიდან ამ შემთხვევაში რუსეთი ახალ ანტიაზერბაიჯანულ აგრესიაზე თვალს დახუჭავს - ამ მომენტს დამკვირვებლები ნაკლებად აქცევენ ყურადღებას.
    რაც შეეხება დემირჭიანს - მისი არჩევა სომხურ პოლიტიკაში კიდევ უფრო სერიოზული შემობრუნების მანიშნებელი გახდება. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ლევონ ტერ-პეტროსიანმა (დსთ-ს სამიტზე) მკვეთრი განცხადება გააკეთა კომუნისტების საწინააღმდეგოდ: «Если комунист придут о власти, СНГ газвалится, СНГ не станет».
    ამრიგად, კომუნისტებთან პეტროსიანს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა და მისი პოლიტიკური იმიჯიდან გამომდინარე, წარმოუდგენელია მას «ოთხთა» ან «ორთა» კავშირში სომხეთის გაწევრიანების გადაწყვეტილება მიეღო. დემირჭიანი კი ზიუგანოვის გუნდისათვის სავსებით მისაღები კანდიდატურა იქნება. თუ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში (რუსეთის არჩევნებს ვგულისხმობ) კომუნისტებმა გაიმარჯვეს, ან თუნდაც «კავშირის აღდგენის აქტიურმა მომხრეებმა», დემირჭიანი სომეხთათვის ფასდაუდებელ ფიგურადაც კი იქცევა.
    ერთგვარად სიმბოლური ვითარებაც მივიღეთ: 1988 წლიდან, ყარაბაღის მოძრაობის დაწყებით, სომხებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს საბჭოთა კავშირის დანგრევაში. ნუ გავიკვირვებთ, მაგრამ სომხებმა (ეს ფაქტია) 1991 წელს ერთ-ერთმა პირველებმა განაცხადეს საბჭოთა კავშირიდან გასვლის შესახებ. აზერბაიჯანი კი პირიქით - სამოკავშირეო ხელშეკრულების რატიფიცირებაზე იყო თანახმა. ახლა, როცა ყარაბაღი დაიპყრეს, პირიქით - სომხები ესწრაფვიან კავშირის აღდგენას. ნებისმიერ ინტეგრაციაზე მზად იქნებიან, ოღონდ კი ყარაბაღი შეინარჩუნონ. «ახალ კავშირშიც» შევლენ ყარაბაღის შენარჩუნების პირობით.
    დემირჭიან-ქოჩარიანის ტანდემი სწორედ ამ სურვილს განასახიერებს. ამდენად სსრ-ის სივრცეზე ყველაფერი მზად არის «ხალხთა დიდი ოჯახის» აღდგენისათვის.

7 დღე, 18 მარტი, 1998 წ.