გულუბრყვილობა

გულუბრყვილობა

 

    ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ვფიქრობ იმაზე, თუ რამ გამოიწვია ქვეყნის ესოდენ თვალსაჩინო დამარცხება. უფრო სწორად, დამარცხებათა მთელი წყება, რომელიც კვლავაც გრძელდება.
    იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ამის მიზეზი იყო ქართული პოლიტიკური ელიტის განსაკუთრებული თვისება. ეს თვისება რამდენჯერმე გამოვლინდა ბოლო დროს და უმძიმესი შედეგები მოიტანა.
    ვთქვი ზოგადად - რომ იგი «ელიტას» ახასიათებს მთლიანობაში, თუმცა მისი პერსონიფიცირებაც სავსებით შესაძლებელია.
    არ ვიცი, რა ვუწოდო ამ თვისებას. ან ვიცი, მაგრამ დღევანდელ დაძაბულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ვითარებაში გამწვავებას ვერიდები. ამიტომ მოდით ამას რბილად და პირობითად «გულუბრყვილობა» დავარქვათ.

   საქართველოს უახლესი ისტორიის ანალიზისას, ფაქტობრივად, ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით ამ „კეთილშობილი“ თვისების გამოვლინებას.
    მაგალითად: ხომ ნამდვილად გულუბრყვილობა იყო იმის იმედად ყოფნა, რომ აფხაზეთში გენერალ ბეპაევის მიერ გადმოცემული დანჯღრეული ტანკების შეყვანით და უზენაესი საბჭოს შენობაზე ქართული დროშის აფრიალებით საქართველო შეძლებდა «აფხაზური პრობლემის» გადაწყვეტას? ხოლო «დემოკრატიული რუსეთი» კი, რუსული და მსოფლიო დემოკრატიის წინაშე საქართველოს დამსახურების გამო, გულზე ხელს დაიკრეფდა და მოგვცემდა საშუალებას, დაგვემარცხებინა კავკასიაში მისი სტრატეგიული მოკავშირე?
    ალბათ იმავე თვისების გამოვლინებაა, როდესაც ზოგიერთებს აშკარად ეგონათ, რომ რაკი ელცინი პირდაპირ ომს არ უცხადებდა საქართველოს და ლანძღვა-გინებით არ იკლებდა მის ხელმძღვანელობას - იგი «ნეიტრალური» იყო, ანუ «შუამავლად» გამოდგებოდა. აქედან გამომდინარე კი, სამჯერ ვენდეთ მას, სამჯერ მოვაწერეთ ხელი შემოთავაზებულ დოკუმენტს და სამჯერვე ეს ჩვენი განადგურებითა და დამარცხებით დამთავრდა.
    ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ არძინბაც საკმაოდ ოსტატურად იყენებდა ჩვენს ამ «გულუბრყვილობას». საქართველოში კი, რომელიც თითქოს რუსულის კარგად მცოდნეთა დეფიციტს არ უნდა განიცდიდეს, კაცი არ აღმოჩნდა იმის შემძლე, გაერჩია, თუ რა განსხვავებაა «Отвод войск»-სა და «Вывод войск»-ს შორის - 27 ივლისის ხელშეკრულებაში.
    ისევე როგორც, დღეს მთელი ინსტიტუტები მსჯელობენ, რას ნიშნავს რუსული ფორმულირება «От реки Энгури» (ჟენევაში მიღწეულ ზეახალ «ქართულ-აფხაზურ» შეთანხმებაში) და ნიშნავს თუ არა იგი ჯარების განლაგებას «туда»-ა და არა «сюда».
    დღემდე მსჯელობენ და დადგენით კი ვერაფერი დაუდგენიათ. ამასობაში კი, ჩვენი მახვილგონიერი პარტნიორები ალბათ სიცილით იხოცებიან.
    მართლაც ძალზე გულუბრყვილო უნდა ყოფილიყავი კაცი, არძინბას საკმაოდ ორიგინალურ, მაგრამ მაინც თვალსაჩინო ეშმაკობებს ვერ მიმხვდარიყავი.
    აი, მაგალითად: გავიხსენოთ მისი ფორმულირება ქართული ჯარის აფხაზეთიდან გაყვანის შესახებ: «Вывод всех Грузинских войск и подготовка условий для ввода миротворческих сил»
    რა დიდი ჭკუა უნდოდა იმის შემჩნევას, რომ ეს ვირეშმაკული «Подготовка условий для ввода …» სულაც არ ნიშნავდა სამშვიდობო ჯარების უკვე გადაწყვეტილ შემოყვანას; რომ ეს ფორმულირება ფაქტობრივად გულისხმობდა შემდეგს: საქართველო გაიყვანდა თავის ჯარს, ხოლო სამშვიდობო ჯარების შემოყვანაზე მსჯელობა მხოლოდ შემდეგ დაიწყებოდა. ამ პერიოდს კი, არძინბა სწორედ იმისათვის გამოიყენებდა, რათა დაერღვია შეთანხმება, შესეოდა სოხუმს, ოჩამჩირეს, გალს და მთლიანად გამოეძევებინა ქართველობა თავისი სამშობლოდან. ასეც მოხდა.
    ხსენებული ფენომენის ანალიზისას გულუბრყვილობათა რანგირებაც შეიძლება. მაგალითად: ზემოთაღწერილი «გულუბრყვილობა» მხოლოდ «მცირე გულუბრყვილობად» უნდა ჩაითვალოს იმ დებულებასთან შედარებით, რომლის თანახმადაც, რუსეთის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი ბორის ელცინი ვერ აკონტროლებდა თავისი ჯარის ერთ-ერთ ქვედანაყოფს (გუდაუთაში დისლოცირებულს), რომელსაც ვინმე კროპოტკინი თუ კუროპატკინი (აღარც კი მახსოვს კარგად –ავტ.) მეთაურობდა.
    არადა, ძალზე «გულუბრყვილოს» გარდა, ნუთუ ვინმეს შეეძლო ეს საქართველოში მართლაც დაეჯერებინა? რუსეთის ჯარში მაინც არ გიმსახურიათ? იმ გენერალს რომ ელცინის (ან მისი მარჯვენა ხელის - გრაჩოვის) რომელიმე ბრძანება არ შეესრულებინა, განა ერთი დღე დარჩებოდა სამხედრო თანამდებობაზე? თუ აჯანყებას გამოაცხადებდა და მოსკოვისაკენ დაძრავდა განჯიდან, ჩვენივე გულუბრყვილო თანხმობით, აფხაზეთში «გადმოსროლილ» სადესანტო ათასეულს?
    მოლდოველები ჩვენზე ნაკლებად გულუბრყვილონი არიან ალბათ, რაკი ღრმადპატივცემულმა ბორის ნიკოლაევიჩმა მათთან «კუკუდამალობანას» თამაშს თავი დაანება და გენერალ-მაიორ ლებედს, ბენდერის ბარბაროსული საარტილერიო დაბომბვის შემდეგ, გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭა!
    არადა, მანამდე რუსეთის ტელევიზია საშინლად აღშფოთებული იყო - რას ჩადის ეს თავხედი გენერალი «პრეზიდენტის დაუკითხავადო»!
    შემდგომ «გულუბრყვილობებს» რომ აფხაზეთის ქართველობის განადგურება და საქართველოს მიერ ამ ტერიტორიის დაკარგვა მოჰყვა, - ეს უკვე ვთქვით. ახლა დღევანდელ «გულუბრყვილობაზე» ვთქვათ ორიოდე სიტყვა.
    ხშირად გაიგონებ: «აფხაზეთში ლტოლვილთა დაბრუნებასა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შევძლებთ იქ რუსეთის ჯარების შემოყვანითა და რუსეთთან «კეთილმეზობლური» ურთიერთობების დამყარების გზითო», მაგრამ ჩემი დაეჭვება ერთმა ეპიზოდმა გამოიწვია. როდესაც თბილისში მყოფ გრაჩოვს ვკითხე: «Павел Сергеевич, будут ли в Абхазию введены две российские дивизии, как вы предлагали раньше?» მან ძალზე ეშმაკური და დამაფიქრებელი პასუხი გამცა: «Ну что вы, для решения нынешних задач вполне достаточно полка».
    კი მაგრამ, რისთვის არის საკმარისი ერთი პოლკი? მიხვედრა ადვილია: პოლკი, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი მთელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ლტოლვილების დასაბრუნებლად და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაგრამ სავსებით საკმარისია მდინარე ენგურზე მხარეთა დასაშორიშორებლად!!!
    დავუმატოთ ამას გენერალ ბალუევსკის განცხადება, რომ აფხაზეთში კონფლიქტის მოსაგვარებლად სულაც არ არის საჭირო მთელს აფხაზეთში სამშვიდობო ჯარების შეყვანა. სავსებით საკმარისია მათი განლაგება მდინარე ენგურზე. დავუმატოთ ჯინჯოლიას ზუსტად ანალოგიური გამონათქვამი და მივიღებთ კიდევ ერთ დიდ ქართულ «გულუბრყვილობას».
    კვლავ «რანგირებას» თუ მოვახდენთ: ძალზე დიდი გულუბრყვილობაა იმის ფიქრი, რომ რაკი რუსეთმა, საკუთარ ავტონომიებს, ახალი კონსტიტუციით, არავითარი უფლებები არ მიანიჭა და, ფაქტობრივად, გუბერნიებად აქცია, ამიტომ ვერც აფხაზეთი მოითხოვს საქართველოს შემადგენლობაში უფრო მეტ სტატუსს, ვიდრე აქვს მაგალითად ყაბარდოს - რუსეთში.
    ეს უკვე იმ დონის «გულუბრყვილობაა», რომელიც სხვა, არანაკლებ ცნობილ თვისებაში გადადის. მოგეხსენებათ, ამ თვისებებს შორის ზღვარი არც თუ იოლი დასადგენია.
    საკმარისია საქართველომ რუსეთს ამგვარი პრეტენზია წაუყენოს, რომ ეს უკანასკნელი მას უმალვე მიუგებს: «კი მაგრამ, ჩვენი კონსტიტუცია რა თქვენი საქმეა? განა ჩვენ გთავაზობთ რამეს? პირობებს აფხაზები გიყენებენ. ჩვენ ყაბარდოელები დაგვეთანხმნენ ამჟამინდელ სტატუსზე. დაგეთანხმებიან თუ არა აფხაზები იმავე სტატუსზე თქვენ, - ეს უკვე თქვენი და აფხაზების საქმეა. აბა, ჩვენ რა შუაში ვართ?»
    მაგრამ ყველაზე დიდი გულუბრყვილობა მაინც ის გახლავთ, რომ ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილს, როგორც ჩანს, ურყევად სჯერა: რუსეთთან «ლიბერალური» პოლიტიკის გატარების შემთხვევაში საქართველოს შეუძლია იქცეს სტაბილურ სახელმწიფოდ და შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა. სინამდვილეში კი, რუსეთი ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი საქართველოს დაუძინებელი მტერი და თუ წარსული კეთილგანწყობის აღდგენა გვსურს, დროა ვაღიაროთ: მისი აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ ერთი გზით - თუ საქართველო განაცხადებს, რომ თმობს დამოუკიდებლობას და კვლავ შედის ერთიანი, ფედერაციული და, რაღა თქმა უნდა, დემოკრატიული სახელმწიფოს შემადგენლობაში!
    თუმცა, ალბათ ყველაზე მეტი გულუბრყვილობა მაინც ის არის, რასაც ზემოთ ვწერ, რაკი ყოველივე ამას გულუბრყვილობით ვხსნი. განა ჩვენი ხელისუფალნი ესოდენ გულუბრყვილონი არიან?
    «ივერია-ექსპრესი», 15 თებერვალი, 1994 წელი.