ვისაც კონვერგენციის სჯერა ან სულელია ან თაღლითი

ვისაც კონვერგენციის სჯერა ან სულელია ან თაღლითი

      მთლიანად პოსტსაბჭოურ სივრცეში, განსაკუთრებით კი რუსეთში მიმდინარე პოლიტიკური და მსოფლმხედველობრივი პროცესები საქართველოსათვის არა მხოლოდ საინტერესოა, არამედ აქტუალურიც.
    ერთ-ერთი ასეთი მსოფლმხედველობრივი პრობლემაა ე.წ. «კონვერგენციის» თეორია, რომელიც ჯერ კიდევ ბრეჟნევის ეპოქიდან იღებს სათავეს. მის ავტორობას ცნობილ რუს დისიდენტს, რუსული დემოკრატიის «მამად» წოდებულ ანდრეი სახაროვს მიაწერენ.
    ნაწილობრივ ეს მართლაც ასეა, - სახაროვს ეკუთვნის რამდენიმე სტატია, რომლებშიც იგი სოციალიზმისა და კაპიტალიზმის «კონვერგენციას» მოითხოვს. ამ თეორიამ საბჭოთა კავშირის დაშლისა და კომუნისტური სისტემის კრახის შემდეგაც შეინარჩუნა პოპულარობა. მისი გავლენა საქართველოშიც იგრძნობა.
    «კონვერგენციის» პოლიტიკური გამოხატულება (თვისებრივად) სოციალ-დემოკრატობაა. ეს მიმდინარეობა, სხვადასხვა სახელწოდებითა და ფორმით, საქართველოში სულ უფრო ძლიერდება. ისევე, როგორც რუსეთში;
    ფაქტობრივად, აქ ერთიან მოვლენასთან გვაქვს საქმე. წმინდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, «კონვერგენცია» დიდი გაუგებრობაა და რეალურად, მას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. თვალი მივადევნოთ «სოციალ-დემოკრატთა» აზროვნების მიმართულებას: მათ სურთ ე.წ. «კაპიტალიზმიდან» და ე.წ. «სოციალიზმიდან» აიღონ საუკეთესო თვისებები, შეათავსონ ისინი და ამ გზით შექმნან იდეალური საზოგადოება. ეს გულუბრყვილო ოცნება თავიდან ბოლომდე სრულ გაუგებრობას ეფუძნება, თუმცა მივყვეთ თანმიმდევრულად: «კონვერგენციის» ადეპტებს ძალიან მოსწონთ სასაქონლო სიუხვე, შრომის მაღალანაზღაურება, კერძო ინიციატივის მნიშვნელობა, რაც უზრუნველყოფს განუწყვეტელ პროგრესს და ა.შ.
    იმავდროულად, არ მოსწონთ სოციალური უსამართლობა, დამნაშავეობის მაღალი მაჩვენებელი და სხვა თვისებები. მათ სურთ ერთმანეთს შეუთვისონ ორი სისტემის საუკეთესო თვისებები, ოღონდ არაფრით ურიგდებიან იმ აზრს, რომ ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელია - კაპიტალიზმის მანკიერებანი მისი ღირსებებიდან გამომდინარეობს და პირიქით. შეუძლებელია, მაგალითად, გამოათავისუფლო კერძო ინიციატივა, იმავდროულად კი გქონდეს სრული გარანტია იმისა, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ დადებითი ტენდენციები გამოვლინდება, ნეგატიურთან კი საქმე არ გექნება.
    კაპიტალიზმიც და სოციალიზმიც განსხვავებულ სოციალურ-ეკონომიკურ და საზოგადოებრივ, პოლიტიკურ სისტემებს წარმოადგენს თავისი ნაკლითა და უპირატესობით.
    «სოციალიზმთან» მიმართებაში სწორედ «უპირატესობებზე» შეიძლება ვისაუბროთ და არა «ღირსებებზე» - აქედან გამომდინარე, მათი შეთავსება-კონვერგენცია შეუძლებელია. ან უნდა აირჩიო «წმინდა» კაპიტალიზმი მისი ყველა ღირსებითა და მანკით ან «სოციალიზმი».

    ვერავინ შეძლებს აიღოს სოციალიზმიდან მისი უპირატესობანი (სოციალური დაცულობა, შრომითი უზრუნველყოფა, სოციალური კონტროლი საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე, სოციალური თანასწორუფლებიანობა) და შეუთავსოს ისინი კაპიტალიზმის ღირსებებს (შრომის მაღალ ნაყოფიერებას, პროდუქციის სიუხვეს, კერძო ინიციატივის გამოვლინებას, პიროვნების თავისუფლებას).
    ფაქტობრივად, ამგვარი «შეთავსების» მცდელობა გამოხატავდა «გვიანსაბჭოური» ხანის ინტელიგენციის სურვილს, წასულიყო კომპრომისზე საკუთარ სურვილსა და რეალობას შორის.
    სხვაგვარად თუ ვიტყვით, ძალიან მოსწონდათ «მტკიცე ხელი», მკაცრი დისციპლინა, საყოველთაო წესრიგი, სოციალური კონტროლი, თანაბარი სიღატაკე; მაგრამ იმასაც ხედავდნენ, რომ ეკონომიკა ვეღარ ვითარდებოდა - სულს ღაფავდა, კერძო ინიციატივა და კერძო ინტერესი დახშული იყო, აქედან გამომდინარე, საზოგადოებაც ერთ წერტილზე გაიყინა.
    ასე წარმოიშვა ილუზორული რწმენა: ავიღოთ ერთდროულად საუკეთესო თვისებები კაპიტალიზმიდან და სოციალიზმიდან და შევათავსოთ.
    ამაზე ადვილი თითქოს რა არის? მაგრამ ნურას უკაცრავად! აქედან არაფერი გამოვიდოდა და ვერც ვერასდროს გამოვა. «კონვერგენცია» თავისთავად სისულელეა. კაპიტალიზმი და სოციალიზმი სწორედ რომ თვისებრივად განსხვავებული ფორმაციებია, ამიტომ ან ერთი უნდა აირჩიოთ ან მეორე.
    შვედეთის მაგალითი ოპონენტს არ გამოადგება. არ დაიჯეროთ ზღაპრები, თითქოს შვედებმა «სოციალიზმის ახალი მოდელი შექმნეს» და ა.შ. სინამდვილეში, შვედეთში შინაარსობლივად ჩვეულებრივი კაპიტალიზმია, ოღონდ ძალზე მაღალგანვითარებული;
    ჭეშმარიტი კონვერგენციის განხორციელება სცადეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, მაგრამ ეს მცდელობაც ყველგან კრახით დასრულდა.
    დღეს უნგრეთიც, ჩეხეთიცა და სერბეთიც «ჩვეულებრივ კაპიტალიზმს» აშენებს. მოვლენათა განვითარებამ დაადასტურა, რომ შეუთავსებლის შეთავსება არ შეიძლება. ეს ორი სისტემა იმდენად განსხვავებულ საფუძველზე იგება, მათი დამყნობა წარმოუდგენელია. ფაქტობრივად, «კონვერგენციის» მცდელობით ორივე სისტემის სწორედ უარყოფითი, ნეგატიური თვისებების შეერთება ხდება და არა პოზიტიურისა.
    ამის მაგალითია ის, რაც დღეს რუსეთში ხდება. საქართველოშიც იგივე განმეორდება, თუ «შერწყმის» თეორიის მიმდევრები ხელისუფლებაში მოვლენ.
    ქართველი «მემარცხენეები», მათი რუსი კოლეგების მსგავსად, ცდილობენ «კომპრომისს» მიაღწიონ კაპიტალიზმსა და სოციალიზმს შორის მაშინ, როდესაც კომპრომისი, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
    ეს ორი სისტემა შეუთავსებელია, სხვადასხვა შინაარსზეა აწყობილი, მაგრამ შეუთავსებლის შეთავსების მცდელობამ მაინც შეიძლება უდიდესი ზიანი მიაყენოს ქვეყანასა და რეფორმების პროცესს.
    სანამ საზოგადოება მორიგი ილუზიისაგან გათავისუფლდება, ბევრი დრო დაიკარგება, რისი ანაზღაურებაც ძალიან ძნელი იქნება. სწორედ ამით არიან საშიშნი და რეგრესულნი, ე.წ. «ქართველი მემარცხენეები», თუმცა პიროვნულად, შესაძლოა, მათ მხოლოდ სიკეთე უნდოდეთ, არანაირი ბოროტი განზრახვა არ ჰქონდეთ, მაგრამ გენიალური გამოთქმაა: «კეთილი განზრახვებით იგება გზა ჯოჯოხეთისაკენ».
    გასაგებია «კონვერგენციის» თეორიის წარმატება ვეებერთელა რუსეთში, სადაც ყველაფერთან ერთად, იმპერიულ-შოვინისტური ამბიცია მძვინვარებს. ამ თვისების გამოც უჭირთ რუსებს, მთლიანად შეელიონ წარსულს, რომელშიც საკუთარი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ძლევამოსილების მწვერვალი ეგულებათ.
    მაგრამ ქართველები რატომ უნდა ავყვეთ, რა თავში ვიხლით ამ ილუზიას? ბოლოს და ბოლოს სხვის შეცდომებზეც ხომ უნდა ვისწავლოთ, რაღა თავად უნდა გამოვცადოთ ყოველგვარი თეორიის ღირსება ან ნაკლოვანება? ერთადერთი გზა საქართველოსავით პატარა ქვეყნისათვის, XXI საუკუნის დამდეგს, არის რადიკალური ლიბერალური რეფორმის თანმიმდევრული გაგრძელება და გაღრმავება.
    სხვა გზა, უბრალოდ არ არსებობს. «სოციალიზმის საუკეთესო თვისებათაგან» საქართველოში (ჩვენი ეროვნული სპეციფიკის გათვალისწინებით) არც ერთი მუშაობდა. ანუ ის «დადებითი მხარეებიც» კი, რომელთაც «ფორმაციული კომპრომისის» მომხრეები მისტირიან, რეალურად არასდროს არსებობდა საქართველოში.
    ძნელი წარმოსადგენი არ არის, რამდენად გამანადგურებელი იქნება არარსებულის აღდგენის მცდელობა. იგი გამოიწვევს მხოლოდ კორუფციის მაშტაბთა გაასმაგებას, სახელმწიფოებრივი სტრუქტურების კიდევ უფრო ნაკლებ ეფექტურობას, სრულ რეგრესსა და სტაგნაციას.
    ღმერთმა ნუ ქნას, საქართველოში ელექტორატი ამ ანკესს წამოეგოს და «მემარცხენეებს» მისცეს საშუალება, განახორციელონ თავიანთი საპროგრამო დებულების უმთავრესი პოსტულატები: ფაქტობრივად აღადგინონ დოტაცია, წამოიწყონ ემისია, ჩაკეტონ ბაზარი უცხოური პროდუქციისათვის, ანუ მოსპონ კონკურენტული გარემო და ა.შ.
    ეს ექსპერიმენტი საქართველოში (ისევე, როგორც სხვა ყველა ქვეყანაში) დასრულდება ერთადერთი შედეგით: «სასურსათო ბარათების» აღდგენით.
    სწორედ ეს მოიმკო რუსეთმა. ტრაგიკომიკური ანეკდოტია, მაგრამ ამ ქვეყნის ზოგიერთ ოლქში უკვე მართლაც შემოიღეს სასურსათო ბარათები. ექვსწლიანი რეფორმის ასეთი კრახი, ისევ და ისევ, «კონვერგენციის» თეორიის შედეგია.
    ვისაც კაპიტალიზმის ნაკლოვანებანი ძალიან არ მოსწონს (ამ წყობას მართლაც უამრავი ნაკლი აქვს) ყოველთვის უნდა ახსოვდეს დიდი უინსტონ ჩერჩილის შესანიშნავი განსაზღვრება: «კაპიტალიზმი და დემოკრატია ყველაზე ცუდი წყობაა თუ ყველა სხვა წყობას არ მივიღებთ მხედველობაში.@
    ანდაზის თანახმად კი «შეუძლებელია ერთდროულად ცხვრებიც შეინარჩუნო და მგლებიც გააძღო!»

7 დღე, 31 აგვისტო, 1998 წ.