ვლადიკავკაზში ჩრდილოკავკასიურ ბომონდს საქართველოს დელეგაციაც დაესწრო

ვლადიკავკაზში ჩრდილოკავკასიურ ბომონდს საქართველოს დელეგაციაც დაესწრო

   

    საქართველოს დელეგაციის მიწვევა ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ძასოხოვის ინაუგურაციის ცერემონიალზე მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. საქართველომ, როგორც იქნა, ისწავლა ნორმალური წესებით «თამაში», რაც რეალობის იგნორირებას ან «დამალვასა» და «გაბუტვას» გამორიცხავს. აღსანიშნავია, რომ ვლადიკავკაზში (პირველად 1992 წლის კონფლიქტის შემდეგ) ინგუშეთის პრეზიდენტი რუსლან აუშევიც კი ჩავიდა.

    ზურაბ ჟვანია საკმაოდ მომგებიან ვითარებაში აღმოჩნდა - ჩრდილოეთ კავკასიელებს იმდენი პრობლემა აქვთ ერთმანეთთან დამოკიდებულებაში, რომ საქართველო ბოლო დროს ლამის მიავიწყდათ. მით უფრო, რომ კონფლიქტები ამჟამად დაკონსერვებულია და სისხლი არ იღვრება არც აფხაზეთში, არც ე.წ. სამხრეთ ოსეთში. ჩეჩნეთის ომმა კი ჩრდილოეთ კავკასიაში ძალიან ბევრი რამ შეცვალა.
    ძასოხოვის ინაუგურაციაზე სიტყვით გამოვიდა ყველა ჩრდილოეთ კავკასიელი ლიდერი. ზურაბ ჟვანიამ შევარდნაძის მილოცვა წაიკითხა და ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტს «კავკასიაში დროულად დაბრუნებული ჭკვიანი პოლიტიკოსი» უწოდა, რომელზეც «საქართველოში დიდ იმედებს ამყარებენ ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტის თვალსაზრისით».
    ჩეჩნეთის წარმომადგენლის, ახმედ ზაკაევის სიტყვა კი მაინც ყველასაგან განსხვავებული იყო. ჯერ ერთი, მან ცივი წყალი გადაასხა მანამდე სიტყვით გამოსულ პრეზიდენტებს, რომლებიც პათეტიკურად ლაპარაკობდნენ «კავკასიურ ძმობაზე»; ახმედ ზაკაევმა მათ შეახსენა, რომ როდესაც ჩეჩნეთში სისხლი იღვრებოდა, ისინი ან პასიური დამკვირვებლები იყვნენ, ან სულაც ხელს უწყობდნენ ჩეჩენი ხალხის განადგურებას. ზაკაევმა ძასოხოვს სიმბოლური სურათი აჩუქა: ჩეჩენი მხატვრის დახატული «გროზნოს პეიზაჟი» - დანგრეული ქალაქის ფონზე ცალფეხა ჩეჩენი მეომარი ავტომატიდან ისვრის. დარბაზს უკმაყოფილების ჩურჩულმა გადაუარა: ჩეჩნეთის წარმომადგენლის ქარაგმას ყველა მიხვდა: ჩრდილოეთ ოსეთი ხომ ომის დროს რუსული არმადას პლაცდარმი იყო. ჩეჩნურ ქალაქებსა და სოფლებს უმთავრესად სწორედ ჩრდილოეთ ოსეთის აეროდრომებიდან ბომბავდნენ. ახმედ ზაკაევმა დამსწრეთ აგრძნობინა, რომ ჩეჩნეთი ამას არასდროს დაივიწყებს. ერთადერთი, ვის მიმართაც ზაკაევმა კეთილგანწყობა გამოავლინა, საქართველო იყო. ჟვანიასთან ურთიერთობისას ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერი ყოველნაირად ხაზს უსვამდა, რომ დამსწრეთაგან მხოლოდ მას თვლიდა სრულფასოვანი სახელმწიფოს წარმომადგენლად. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, განსხვავებით ჩრდილო-კავკასიური «რესპუბლიკებისაგან», რომელთაც საკუთარი მოქალაქეობაც კი არ გააჩნიათ და ჯერ-ჯერობით მხოლოდ ისეთი სიმბოლურ-ცერემონიული ღონისძიებებით კმაყოფილდებიან, როგორიც ვლადიკავკაზის კოსტა ხეთაგუროვის სახელობის თეატრში მოეწყო.
    ზურაბ ჟვანია ჩრდილოეთ ოსეთში ყოფნისას რამდენჯერმე შეხვდა ალექსანდრე ძასოხვს. სხვათა შორის, ეს პიროვნება იმითაც საინტერესოა, რომ წლების განმავლობაში რუსეთის უმაღლეს სახელისუფლებო არეოპაგში ტრიალებდა და კარგად უწყის, რა დააკმაყოფილებს ოფიციალურ მოსკოვს და რა - არა, ანუ რა მოთხოვნებს წაუყენებს რუსეთი - საქართველოს კონფლიქტების საბოლოო მოწესრიგების საფასურად.
    ალექსანდრე ძასოხოვის თქმით, «საქართველო უნდა იქცეს მძლავრ, ფედერაციულ სახელმწიფოდ, რომელიც რუსეთის ფედერაციის მსგავსად აიგება».
    ეს ფორმულა, როგორც ჩანს, სავსებით მისაღებია საქართველოს ხელისუფლებისათვის, მაგრამ შიდაპოლიტიკური მიზეზების გამო, ხმამაღლა ჯერ არ ითქმის. ძასოხოვმა ამავე დროს საკმოად ცივად მიიღო «სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ლუდვიგ ჩიბიროვი», რომელიც ყოველ ნაბიჯზე ცდილობდა მის გვერდით ტელეობიექტივში მოხვედრას.
    აღსანიშნავია, რომ როდესაც ჩიბიროვმა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას «ორი ოსეთის ინტეგრაცია» ახსენა, რამდენიმე ცხინვალელი სტუმარი ფეხზე წამოდგა - მათ ალბათ საერთო ოვაციის წამოწყება სურდათ, მაგრამ სხვები არ აჰყვნენ. მიზეზი გასაგებია: ჩრდილო კავკასიაში ოსები ისტორიულად არცთუ მყარად და მშვიდობიანად გრძნობენ თავს. საუკუნეთა განმავლობაში თითქმის უწყვეტი ომი მიმდინარეობდა ოსებსა და ჩეჩნებს, ოსებსა და ყაბარდოელებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ოსები თავს «კავკასიის უძველეს მცხოვრებლებად» თვლიან, სხვა კავკასიელი ხალხები მათ მაინც უცხო სხეულად აღიქვავენ.
    საკმარისია ვლადიკავკაზში რუსული ძალმოსილება შესუსტდეს და ოსებს ორ ფრონტზე მოუწევთ ბრძოლა - როგორც ვაინახების (ჩეჩნებისა და ინგუშების), აგრეთვე ყაბარდოელების (ჩერქეზების) წინააღმდეგ. ამიტომ ოსები დასაყრდენს ეძებენ არა მხოლოდ ჩრდილოეთში, არამედ სამხრეთშიც - საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებით.
    ცხინვალის პრობლემა მათთვის გადამწყვეტი ვერ იქნება, ვინაიდან არათუ ცხინვალი, არამედ ვლადიკავკაზიც მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის სტრატეგიული ინტერესების წყალობით აქვთ შენარჩუნებული.
    ოსებისადმი სიძულვილი (რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ) თითქმის ყველა გამოსვლაში იგრძნობოდა. მაგალითად, ავარელმა რამაზან აბდულატიპოვმა, რომელიც ამჟამად რუსეთის ვიცე-პრემიერია, ოსებს აშკარად შეურაცხყოფა მიაყენა: ერთ ძველ თქმას შეგახსენებთ - ცხვრების ფარა, რომელსაც ლომი უდგას სათავეში, ყოველთვის დაამარცხებს ლომების გუნდს, რომელსაც ცხვარი ხელმძღვანელობს. ამჟამად ოსმა ხალხმა სწორე ლომი აირჩიაო. გამოდის, რომ ოსები ცხვრები ყოფილან. დამცინავ ქარაგმას ყველა მიხვდა, თუმცა აბდულატიპოვმა კიდევ შეარბილა, თორემ ზემოხსენებულ თქმაში ცხვრებზე კი არა, სახედრებზეა ლაპარაკი.
    რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილემ, ინგუშმა გუცურიევმა კი ოს ხალხს «გონიერება» უსურვა. დამეთანხმებით, დიდი პატივისცემა ამ სურვილშიც არ იგრძნობა; ასეთ ფონზე ჟვანიას მისალმება ყველაზე მეტად შეიცავდა პატივისცემის სიტყვებს და სწორედ ამიტომ მოეწონათ იგი ოსებს. აღსანიშნავია, რომ სპეციალურად საქართველოს დელეგაციის საპატივსაცემოდ, საზეიმო ბანკეტის შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთის ელიტის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ, რათა «ქართველი ძმებისათვის» ღირსეული პატივი მიეგოთ.
    ამ შეკრებისას, ზემოთხსენებული შეურაცხყოფის გათვალისწინებით, ბევრი ანეკდოტი მოყვეს ყველაზე, - ქართველებისა და ოსების გარდა.
    ეს თითქოს წვრილმანია, მაგრამ მაინც ადასტურებს, რომ ქართულ-ოსური დიალოგი არც თუ უპერსპექტივოა, თუმცა რამდენად უთავსდება ეს გარემოება სხვა «კავკასიურ პერსპექტივებს», მეორე საკითხია.
   
   

მერიდიანი, 2 თებერვალი, 1998 წ.