იმნაძის მკვლელობა დღევანდელი დაპირისპირების წინასწარმეტყველება იყო

იმნაძის მკვლელობა დღევანდელი დაპირისპირების წინასწარმეტყველება იყო

 

        1991 წლის გაზაფხულზე, მიუხედავად უაღრესად დაძაბული ვითარებისა და იმპერიის სხვადასხვა წერტილში არსებული კრიზისისა, რუსულ (საბჭოთა) პრესას უმთავრეს საზრუნავად მაინც აჭარაში შექმნილი ვითარება მიაჩნდა.
        «კომსომოლსკაია პრავდას» თბილისელმა კორესპონდენტმა, ნაძირალა სერგეი სედიხმა (ვინც, სამწუხაროდ, მოსკოვში გაასწრო სოხუმის დაცემას მას შემდეგ, რაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში დაპირისპირების გაღვივებასა და ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციაში) გამოაქვეყნა სტატია «ნეტ მირა პოდ პალმამი», რომელშიც ბათუმში მომხდარ ინციდენტს აღწერდა, როგორც «საქართველოსა და აჭარას» შორის დაპირისპირებას.
        იგი, რა თქმა უნდა, «სწუხდა» დაჩაგრული აჭარისა და აჭარლების გამო, თითქოსდა აჭარლები, ჩვეულებრივი «კარგი ქართველები» კი არა, ჩინელები ან ინდუსები იყვნენ.
        თუმცა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტში მომხდარმა ინციდენტმა მართლაც ნამდვილად დაძაბა ვითარება თბილისშიც და ბათუმშიც.
        დღეს ამ მკვლელობის ისტორია კვლავ «წამოტივტივდა», თუმცა საქართველოს პროკურატურას მიაჩნია, რომ მკვლელობა ჩადენილია «აუცილებელი მოგერიების» პირობებში: აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ნოდარ იმნაძე პატარა (სადესანტო) ავტომატით შეიარაღებული შეიჭრა ასლან აბაშიძის კაბინეტში და თითქმის დაუყოვნებლივ ატეხა სროლა, რის შედეგადაც «აჭარის ლომი» კისერში დაიჭრა. აჭარის კგბ-ს უფროსმა ჯაიანმა საპასუხო სროლის შედეგად იმნაძე ადგილზევე მოკლა.
        აღსანიშნავია, რომ იმნაძე, როგორც ჩანს, იმთავითვე მკვლელობის განზრახვით შევიდა აბაშიძის კაბინეტში. სხვაგვარად წარმოუდგენელია – იმ დროს «მოძრაობის» ლიდერები, მართალია ყველგან შეიარაღებულნი დადიოდნენ, მაგრამ ავტომატი მაინც მეტისმეტია. უკიდურეს შემთხვევაში, სამსახურში (უმაღლეს საბჭოს შენობაში) თბილისშიც და ბათუმშიც «პატარა იარაღით» შევიდოდნენ.
        რაკი იმნაძემ შენობაში ავტომატი შეიტანა და იმთავითვე თავმჯდომარის კაბინეტს მიაშურა – მაშასადამე, უკვე განზრახული ჰქონდა ასლან აბაშიძის მოკვლა.
        პირველად მანვე ისროლა, ანუ ჯაიანი მოქმედებდა «აუცილებელი მოგერიების» პირობებში. ასეთია გამოძიების ოფიციალური ვერსია, რასაც ფაქტოლოგიური თვალსაზრისით, ვერ შეედავები – არავინ უარყოფს, რომ იმნაძე ავტომატით (!) შეიარაღებული შევარდა ასლან აბაშიძის კაბინეტში. ასევე არავინ უარყოფს, რომ მან პირველმა ისროლა და აბაშიძე დაიჭრა, ანუ ამ საქმის გამოძიებას ასლან აბაშიძის (ან თუნდაც ჯაიანის) საწინააღმდეგო პერსპექტივა არც მაშინ ექნებოდა და არც ახლა აქვს.

        სხვა საქმეა მკვლელობის პოლიტიკური ქვეტექსტი – აი, აქ კი ნამდვილად ბევრი რამ გასარკვევია.
        ასლან აბაშიძე 7 წლის განმავლობაში სდუმდა და მხოლოდ 1998 (!) წელს გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ «ტერორისტი იმნაძე» ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ სამხედრო პატივით დაკრძალა თბილისის პანთეონში. აქ მჟღავნდება, სინამდვილეში, რა დამოკიდებულება ჰქონდა (და აქვს) «აჭარის ლომს» ექსპრეზიდენტ გამსახურდიას მიმართ.
        იმნაძეც და აბაშიძეც «ეროვნული მოძრაობის» თვალსაჩინო წარმომადგენლები და «მრგვალი მაგიდის» წევრები იყვნენ. იმდენადვე «თვალსაჩინონი», რამდენად «თვალსაჩინოც» იყო თვით ეს «მოძრაობა».
        თანაც, იმნაძე კიდევ უფრო «თვალსაჩინოა», ვიდრე აბაშიძე, ვინაიდან ასლან აბაშიძე, ფაქტობრივად, მხოლოდ წარჩინებული წარმომავლობის გამო აღმოჩნდა «ტრადიციონალისტთა» თვალთახედვის არეში; მაშინ, როდესაც იმნაძე დიდი ხნის «აქტივისტი» იყო და ზვიად გამსახურდიას ძველ თანამებრძოლად ითვლებოდა.
        სინამდვილეში, მთელი ამ ისტორიის თავი და თავი ის გახლავთ, რომ მაშინაც (და დღესაც) გავრცელებულია სულელური ზღაპარი, თითქოს ასლან აბაშიძე ზვიად გამსახურდიამ დანიშნა აჭარის ხელმძღვანელად. ეს არის მტკნარი სისულელე. სინამდვილეში, გამსახურდია ბათუმში ვერავის დანიშნავდა აჭარის (ქართული) ელიტის თანხმობის გარეშე. ასლან აბაშიძე ამ მხრივ კომპრომისული ფიგურა ჩანდა (თითქოს), მაგრამ როგორც შემდგომ აღმოჩნდა, იგი მოქმედებდა უპირველესად არა თბილისის, არამედ სწორედ აჭარის (ქართული) ელიტის ინტერესებიდან გამომდინარე;
        ასევე მოქმედებს იგი დღესაც, ვინაიდან აჭარის ელიტისა და საერთოდ ქართული ელიტის ინტერესები (თუნდაც საგარეო ორიენტაციის საკითხში) ნამდვილად არ ემთხვევა ერთმანეთს.
        აჭარის ქართული ელიტა ტრადიციულად პრორუსულადაა განწყობილი. ასეა დღესაც და ვიდრე იარსებებს ეს განსხვავება _ ბათუმსა და თბილისს შორის იარსებებს მეტ-ნაკლები დაპირისპირებაც, რომელსაც აჭარის ქართულმა ელიტამ ძალზე ეშმაკურად შესძინა მხოლოდ (ვითომ) «მოქალაქეთა კავშირთან» დაპირისპირების ელფერი.
        როგორც ჩანს, ყოველივეს იმნაძე ჯერ კიდევ მაშინ მიხვდა და პრობლემის იარაღით გადაწყვეტა სცადა.
        მთლიანობაში კი, ეს ყოველივე ისევ და ისევ «მოძრაობის» საერთო ინტელექტის «დონეზე» მიუთითებს. იმავე «მოძრაობამ» მოიყვანა ქვეყნის სათავეში თვით გამსახურდიაც – ვლადისლავ არძინბაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
        საოცარია, მაგრამ ზოგიერთს არძინბაც გამსახურდიას დანიშნული ჰგონია.

მერიდიანი, 30 აგვისტო, 1999 წელი