ზვიად გამსახურდიას ფიგურა - პოლიტიკური სპეკულაციის საგანი

ზვიად გამსახურდიას ფიგურა - პოლიტიკური სპეკულაციის საგანი

  

    ყოველწლიურად, დეკემბერ-იანვარში, ცნობილი მოვლენების წლისთავზე, საქართველოს პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები სინანულსა და წუხილს ვერ ფარავენ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბედის გამო.
    საქმე აბსურდამდეც მიდის - ჭმუნავს და ოხრავს ის ხალხი, რომელმაც თავის დროზე ყველაზე აქტიური როლი ითამაშა გამსახურდიას დამხობაში.
    მაგალითად, თენგიზ კიტოვანი აცხადებს, - ზვიადი ისე მეცოდებოდა, ჩვენი დაპირისპირების დროს თვალებზე ცრემლი მადგებოდა ხოლმეო. თუმცა ამ სინანულს მისთვის ხელი არ შეუშლია «მთავრობის სასახლისთვის» 1991 წლის 22 დეკემბერს ზარბაზანი მიეყენებინა.
    დაახლოებით იმავე ტონალობაში საუბრობენ იმდროინდელ მოვლენათა სხვა აქტიური მონაწილენი თუ «უნებლიე» მხარდამჭერნი (რამდენიმე ფიგურის გარდა, რომლისთვისაც ზვიად გამსახურდია «მიწაზე მოვლენილი ლუციფერი» იყო და არის ამჟამად). სხვები გულისამაჩუყებელ ფრაზებს არ იშურებენ, რათა «ზვიადისადმი» თავისი სიყვარული და ერთგულება დაადასტურონ. თუმცა გულწრფელ სინანულთან ამას საერთო არაფერი აქვს - ამგვარი რიტორიკა ფსიქოლოგიურად საკმაოდ ზუსტად გათვლილი თამაშია. ზვიად გამსახურდიას ფიგურა პოლიტიკური ფაქტორის მნიშვნელობას კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს - ეს ძალიან კარგად იციან იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც 1995 წლის არჩევნების შემდეგ «თამაშგარე მდგომარეობაში» აღმოჩნდნენ.
    მათ, რასაკვირველია, სურთ დიდ პოლიტიკაში დაბრუნება, მაგრამ ამისათვის ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი მასის მიმხრობაა საჭირო - სხვაგვარად არაფერი გამოვა. მაშასადამე, რჩება ერთადერთი გამოსავალი.: როგორმე დაარწმუნონ ელექტორატი, რომ სწორედ ისინი გამოხატავენ მის შინაგან მისწრაფებებს, ინანიებენ შეცდომებს და მზად არიან აღიარონ დანაშაული, ოღონდ კი კვლავ მოიპოვონ ამომრჩევლის ნდობა.
    საინტერესოა, რომ დღეს ეს პოლიტიკოსები სწორედ გამსახურდიას მომხრე ელექტორატზე აკეთებენ აქცენტს, რაც უდავოდ ადასტურებს ქართულ საზოგადოებაში ძალთა რეალურ განლაგებას. ჭეშმარიტად პერსპექტიული ოპოზიცია მხოლოდ ის შეიძლება იყოს, რომელიც «ზვიადისტურად» განწყობილი მასის სიმპათიას მოიპოვებს. აქ იგულისხმებიან არა თენგიზ კიკაჩეიშვილი, მანანა არჩვაძე ან აქტიური «ზვიადისტები», არამედ ისინი, ვინც პოლიტიკაში არ აქტიურობენ, მაგრამ მყარად ჩამოყალიბებული განწყობა გააჩნიათ პოლიტიკოსების მიმართ.
    იგივე სცადა ედუარდ შევარდნაძემ თენგიზ კიტოვანისა და ჯაბა იოსელიანის დაპატიმრებით. ღიად ეს დამოკიდებულება არასოდეს იქნება გამოხატული, - იგი გამჟღავნდება მხოლოდ არჩევნებისას, თუმცა «ზვიადისტების» უმრავლესობისათვის ედუარდ შევარდნაძე იმადვე დარჩება, რაც ადრე იყო. აქაც აუცილებელია გავარჩიოთ ზოგიერთი სიმპტომი, რომელიც საინტერესო ტენდენციის მანიშნებელია - ლეილა ცომაიას გარდა აქტიური საპროტესტო აქციებს უკვე არავინ აწყობს; ოღონდ არა მხოლოდ იმიტომ, რომ დარბევის ეშინიათ.
    ამ საკითხებზე მსჯელობას ერთი დასკვნისაკენ მივყავართ: «ზვიადისტური ელექტორატი» ამჟამადაც პოლიტიკური წარმატების განმსაზღვრელია და ამ მოძრაობის საღად მოაზროვნე ნაწილს (რომელიც დღეს ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს) პოლიტიკური ალღო, თუ მოვლენათა საღად განჭვრეტის უნარი საკმარისად აქვს იმისათვის, რომ ექსპრეზიდენტზე დითირამბებით ვერ გააცურონ.

მერიდიანი, 21 იანვარი, 1998 წ.