აგვისტოს ომი და განხეთქილება პუტინ-მედვედევის ტანდემში

აგვისტოს ომი და განხეთქილება პუტინ-მედვედევის ტანდემში

    რუსული ინტერვენციის მეოთხე წლისთავზე მოსკოვში თითქოს მოულოდნელი, თუმცა, სინამდვილეში, სავსებით კანონზომიერი მოვლენები განვითარდა: აშკარა გახდა განხეთქილება პრეზიდენტ პუტინსა და პრემიერ-მინისტრ მედვედევს შორის. ამ განხეთქილების კატალიზატორად კი ოთხი წლის წინანდელ მოვლენათა შეფასებაა. იმ კუთხით, თუ ვის ეკუთვნის „პრიორიტეტი და დამსახურება“ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციაში.
    ყველაფერი დაიწყო საყოველთაოდ ცნობილ და ხელმისაწვდომ პორტალ YouToub-ზე იდუმალებით მოცული ფილმის განთავსებით. მისი სახელწოდებაა „ომის დაკარგული დღე“. ფილმის ავტორები ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტმა მედვედევმა მეტისმეტად გვიან მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ საომარ მოქმედებათა დაწყების შესახებ, რადგან თუ ბრძანება უკვე 7 აგვისტოს გაიცემოდა, ოსურ და რუსულ მხარეებს დანაკარგიც ნაკლები ექნებოდათ. ფილმის მთავარი „გმირია“ ჩვენთვის კარგად ნაცნობი გენერალი იური ბალუევსკი.
    ეს სუბიექტი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს: 90-იან წლებში იგი რუსეთის შეიარაღებული ძალების ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილეც იყო და ყველაფერი გააკეთა ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო ომის გასაჩაღებლად. შემდეგ მოსკოვში გადაიყვანეს და გენერალური შტაბის უფროსად დანიშნეს. თუმცა, მალევე „მოხსნეს“ და მისი „გამოცდილება“ საქართველოს წინააღმდეგ არ გამოიყენეს. ამიტომაცაა დაბოღმილი მედვედევის წინააღმდეგ და ამბობს, რომ თურმე პუტინს, რომელიც იმ დროს პეკინში იმყოფებოდა, პანღურის ამოკვრა („Пинок под зад“) დასჭირდა პრეზიდენტ მედვედევისთვის, რათა ამ უკანასკნელს აემოქმედებინა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ შემუშავებული გეგმა საქართველოს რეგიონთა ოკუპაციის და ჩვენი ქვეყნის დასჯის თაობაზე. „არადა, სულ მცირედი იყო საჭირო - უმაღლეს მხედართმთავარს უბრალოდ უნდა ეთქვა გენერლებისთვის: იმოქმედეთ უკვე შემუშავებული გეგმის შესაბამისად!“ - განაცხადა ბალუევსკიმ.
    მაგრამ ეს კიდევ არაფერი. პრეზიდენტ პუტინს სომეხ კოლეგასთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე რომელიღაც ჟურნალისტმა ჯიუტი დაჟინებით (მეორედ სამი დღის განმავლობაში) ჰკითხა: რა კომენტარს გააკეთებდა სამხედრო ჩინოსნების ამ ბრალდების თაობაზე მედვედევის წინააღმდეგ? პუტინმა საოცარი პასუხი გასცა: „დიახ, გეგმა მე შევიმუშავე ჯერ კიდევ 2006-2007 წლების მიჯნაზე, ოსურ ფორმირებებსაც ჩემი ბრძანებით წვრთნიდნენ ჩვენი სამხედროები და მედვედევს მხოლოდ ამ გეგმის ამოქმედება ევალებოდაო“.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    ამ კითხვა-პასუხმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პუტინ-მედვედევის სახელისუფლებო ტანდემში არათუ იდილია სუფევს, არამედ, როგორც ჩვენში იტყვიან, „ერთმანეთს ჭამენ“. ინგლისელები ამას „ბულდოგთა ნოხისქვეშ ბრძოლას“ უწოდებენ. თუმცა, რაღა „ნოხისქვეშაა“, როცა ლამის ღიად ლანძღავენ უკვე ერთმანეთს: მედვედევი სპეციალურად ამ სკანდალის გამო ჩავიდა ცხინვალში 8 აგვისტოს და იქედან უპასუხა პუტინს: „ზუსტად მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, როდესაც საჭირო იყო და პრიორიტეტი, ესე იგი დამსახურებაც, მე მეკუთნისო“.
    აქ სწორედ პრიორიტეტისა და დამსახურებისთვის მიდის ბრძოლა: პატარა საქართველოს სამხედრო დამარცხება რუსეთის უდიდეს, ლამის ისტორიულ გეოპოლიტიკურ გამარჯვებად ითვლება. აკი თქვა საგრეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა: „აგვისტოს შემდეგ მსოფლიოში პოსტამერიკული ეპოქა დაიწყოო“, ანუ კონფლიქტი საქართველოსთან აღიქმებოდა, როგორც „პროქსი-ომი“ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და თითქოს ამ დაპირისპირებაში რუსეთმა ამერიკა დაამარცხა - რევანში აიღო „ცივ ომში“ განცდილი კრახისა და იმპერიის დაშლისათვის.
    ჰოდა ბუნებრივია, პუტინი, ვისაც საკუთარ ისტორიულ მისიად მიაჩია რუსული „დერჟავის“ აღორძინება, ასეთ მნიშვნელოვან არგუმენტს არავის დაუთმობს. თუნდაც მის „დროებით ადგილმონაცვლე“ მედვედევს. ამიტომაც თქვა: „მედვედევი ტყუილად ცდილობს მიიწეროს დამსახურება, მაშინ როდესაც ომის გეგმა ჩემი შემუშავებულიაო“. სხვათა შორის, ამ პოზიციას ბევრი რუსი ექსპერტი თუ პოლიტიკოსი იზიარებს. მაგალითად, ჩვენმა „დაუძინებელმა მეგობარმა“, კონსტანტინე ზატულინმა ამას წინათ განაცხადა: „მედვედევი კარგი ფოტოგრაფია და მეტი არაფერი - მან იმოქმედა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პუტინმა უკვე ყველაფერი შეამზადაო“. „ფოტოგრაფის“ ხსენება არ გაგიკვირდეთ: როცა დიმიტრი მედვედევი იაპონიის ყოფილ კურილიის კუნძულებზე ჩავიდა, იქ ხიზილალას ჭამდა, „ვოდკას“ სვამდა და ფოტოებსაც იღებდა იაპონელების ჯინაზე.
    ისე, რა ამის პასუხია და, იაპონია რუსეთს 1945 წელს თავს არ დასხმია: ზუსტად იცავდა სტალინთან მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას მაშინაც კი, როცა გერმანელები მოსკოვთან იდგნენ და ციმბირი სრულიად დაუცველი იყო. მაგრამ რუსეთთან სამშვიდობი შეთანხმებების დაცვა არასდროს არავისთვის ყოფილა რაიმე გარანტია. აკი თქვა დიდმა უინსტონ ჩერჩილმა: „მოსკოვთან დადებულ ხელშეკრულებას ზუსტად ის ფასი აქვს, რაც ღირს ქაღალდი, რომელზეც იგი გაფრორმდაო“.
    თუცა, დავუბრუნდეთ ისევ პუტინ-მედვედევის სკანდალს და კიდევ ერთი საინტერესო კითხვა დავსვათ: ვინ გადაიღო ყბადაღებული ფილმი? რუსულ „ბლოგოსფეროში“ ეს ლამის ცენტრალურ საკითხად იქცა. ბოლოს გაარკვიეს, რომ თურმე ოს დოკუმენტალისტებს გადაუღიათ - სწორედ მათ ჩაწერეს ინტერვიუ გენერალ ბალუევსკისთან და სხვა რუს გენერლებთან. მაგრამ რატომ? რა იყო მათი მოტივი, როდესაც გრანდიოზული სკანდალის პროვიცირებას ახდენდნენ? მრავალი ვერსია შეიძლება არსებობდეს, თუმცა მე პირადად ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს იყო „სამხრეთ ოსეთის“ ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ კოკოითის შურისძიება დიმიტრი მედვედევზე: კოკოითი განაწყენებულია იმის გამო, რომ სწორედ მედვედევმა უარყო მისი ამბიციები, - მესამედ დაეკავებინა „სამხრეთ ოსეთი“ს პრეზიდენტის სავარძელი, რის შედეგადაც „რესპუბლიკის“ პრეზიდენტი არა მისი გარემოცვის წევრი, არამედ ლეონიდ თიბილოვი გახდა; გარდა ამისა, სწორედ მედვედევის დროს აიძულეს კოკოითი, ფაქტობრივად განეიარაღებინა „სამხრეთ ოსეთის“ არმია. არადა, ოსურ ელიტას პრეტენზია არა მხოლოდ თრუსოს ხეობაზე და ყაზბეგზე, არამედ თრიალეთზეც ჰქონდა.
    კიდევე ერთი კითხვა ამავე დისკურსში: რით არიან უკმაყოფილო რუსი გენერლები და რატომ ანთხევენ ბოღმას მედვედევის წინააღმდეგ? გასაგებია, რომ ბალუევსკის პირადი მოტივები ჰქონდა, მაგრამ ყბადაღბულ ფილმში სხვა გენერლებიც მონაწილეობდნენ. სინამდვილეში, რუსული გენერალიტეტი აშკარად იმითაა უკმაყოფილო, რომ 2008 წლის 14 აგვისტოს მოსკოვმა არ მისცათ ნება თბილისი აეღოთ! არ მისცათ, რადგან მსოფლიო თანამეგობრობა, რომელიც ფაქტიურად შეეგუა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციას, ამას უკვე აღარ მოითმენდა და ასეთ პრეცედენტს არ დაუშვებდა გამომდინარე საკუთარი, პრაგმატული ინტერსებიდან.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    მთელს ამ ისტორიაში ყველაზე საინტერესო მაინც პუტინის აღიარებაა: თურმე რუსეთის გენერალურმა შტაბმა ჯერ კიდევ 2006 წლის ბოლოს შეიმუშავა საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების გეგმა. ეს გეგმა უკვე მაშინ ითვალისწინებდა, რომ რუსული არმადა ჩვენს ქვეყანაში უნდა შემოჭრილიყო არა მხოლოდ ცხინვალის, არამედ აფხაზეთის მხრიდან; ითვალისწინებდა საჰაერო და სარაკეტო დარტყმებს გორსა და ფოთზე; ითვალისწინებდა საინფორმაციო და ტექნოლოგიურ (ინტერნეტ-ჰაკერულ) დივერსიებს და ა.შ. და ა.შ. ყველაფერი ზედმიწევნით იყო გაწერული და მომზადებული - დაღესტანში „ისკანდერის“ რაკეტათა განთავსების ჩათვლით.
    გარდა ამისა, გეგმა ითვალისწინებდა ოსური შეიარაღბული ძალების მომზადებას და მათ აღჭურვას უახლესი იარაღით, მათ შორის არტილერიით. პუტინმა თვალთმაქცურად განაცხადა, რომ „ოპოლჩენცებს“ ამზადებდა. „ოპოლჩენიე“ სახალხო ლაშქარს ჰქვია. იგი იქმნება არარეგულარულ საფუძველზე უშუალოდ ომის დროს. 2008 წლამდე „სამხრეთ ოსეთში“ სახალხო ლაშქარზე არავინ ლაპარაკობდა. მაშინ საუბარი იყო „სამხრეთ ოსეთის შეაიარაღებულ ძალებზე“, თავდაცვის სამინისტროზე (რუსეთის არმიის გადამდგარ პოლკოვნიკ ანატოლი ბარანკევიჩის მინისტრობით) და „სამხრეთ ოსეთის გენერალურ შტაბზე“! მაშ რომელ „სახალხო ლაშქარეა“ საუბარი? გამოდის, პუტინის ბრძანებით, რუსული ფორმირებები ჯავის რაიონში ამზადებდნენ სეპარატისთა არმიას, აწვდიდნენ მას უახლეს იარაღს, მათ შორის მძიმე არტილერიას და საბრძოლო ვერტმფრენებსაც კი.
    სხვათა შორის, 11 აგვისტოს „კროკოდილის“ (МИ-24) ტიპის ვერტმფრენმა თბილისი-გორი-სენაკის ავტომაგისტრალი დაბომბა, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა - „მარშრუტკით“ რომ მიემგზავრებოდნენ დასავლეთისკენ. სინამდვილეში ეს არა რუსული, არამედ „ოსური“ ვერტმფრენი იყო, რომელიც ჯავიდან აფრინდა
    აი, ასეთ „მშვიდობისმყოფელთან“ გვქონდა საქმე მთელი ამ წლების განმავლობაში, რომელიც ერთის მხრივ სამშვიდობო როლს ასრულებდა, „პატიოსან ბროკერს“ თამაშობდა და მოლაპარაკებებს მართავდა, იმავდროულად კი სეპარატისტულ არმიას ამზადდებდა, რაც აბსოლუტურად ყველა შეთანხმების უხეში და თავხედური დარღვევა იყო.
    იცოდნენ ეს თბილსიში? რა თქმა უნდა იცოდნენ: ასობით განცხადება შეიძლება გავისხენოთ 2004-2008 წლებში, რომ რუსეთი ჯავის რაიონში ამზადებს უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს. ჰაიდე ტალიავინსაც ეხვეწებოდნენ: „ეს ფაქტი საბოლოო დასკვნაში ჩაწერეთო“, მაგრამ ქალბატონმა ჰაიდემ იუკადრისა: მტკიცებულებები არა გვაქვს და ამას ვერ მოვიხსენიებთო. ამაზე მეტი „მტკიცებულება“ რა უნდათ დალოცვილებს, როცა იმდროინდელი უმაღლესი მხედართმთავარი თავად აღიარებს? ახლა, რასაკვირველია, ევროკავშირის კომისიის დასკვნას აღარავინ შეცვლის, მაგრამ ამ ფაქტს ისტორიული მნიშვნელობა მაინც აქვს.
    ხოლო დღევანდელობას რაც შეეხება, ქართულმა დიპლომატიამ აქტიურად უნდა გამოიყენოს პუტინ-მედვედევის „ჯახი“ საიმისოდ, რათა დასავლეთს „ყური შევაბერტყინოთ“ და ვაიძულოთ იფიქროს ჩვენი ქვეყნისათვის უსაფრთოების გარანტიებზე, თორემ საქართველოს ოკუპაცია მხოლოდ დასაწყისია! პუტინს წინ კიდევ 12 წელი აქვს!

2012