ზვიადისტი ტერორისტები რუსებისა და ჩეჩნების ორმაგ თამაშს შეეწირნენ

ზვიადისტი ტერორისტები რუსებისა და ჩეჩნების ორმაგ თამაშს შეეწირნენ


      

        სამშაბათს რუსეთის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (კონტრდაზვერვის) ხელმძღვანელმა სპეციალური პრესკონფერენცია ჩაატარა, რათა გამოექვეყნებინა «სენსაციური ცნობა» ნუგზარ ჩუხუას დაპატიმრების თაობაზე.
        ოფიციალური ცნობით, ნუგზარ ჩუხუა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტისა და შსს-ს მიერ პროკურატურის სანქციით იძებნება 1998 წლის 9 თებერვლის ტერაქტში მონაწილეობისათვის, რუსმა «ჩეკისტებმა» ჩეჩნეთში დააკავეს.
        თუმცა ამ ცნობას მთლიანად გამორიცხავს ცნობა, რომელიც ორშაბათს გავრცელდა შსს-ს პრესცენტრზე დაყრდნობით. ამ ინფორმაციის შესაბამისად, ჩუხუა დააკავეს არა ჩეჩნეთში, არამედ ვლადიკავკაზში, რაც გაცილებით უფრო მეტად ჰგავს სიმართლეს, ვიდრე რუსეთის სპეცსამსახურთა განცხადება და აი რატომ: ნუგზარ ჩუხუა ომის დაწყების მომენტში ჩეჩნეთში იმყოფებოდა. ბუნებრივია, იგი არ დარჩებოდა რუსების მიერ ოკუპირებულ თერგისპირა რაიონში და შეძლებდა დამალვას ჩეჩნეთის მთიან ნაწილში, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩუხუა საქართველოში დაბრუნებას ცდილობდა საქართველოს სამხედრო გზით, ანუ ვლადიკავკაზისა და ყაზბეგის გავლით.
        სწორედ ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქში დააკავეს იგი ძერჟინსკის შთამომავლებმა, მაგრამ რაკი ამჟამად მიმდინარეობს «სოცშეჯიბრი» რუსეთის სხვადასხვა ძალისმიერ სტრუქტურათა შორის, რუსმა ჩეკისტებმა გადაწყვიტეს ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, თითქოს კარგა ხანია გაუსწრეს არმიას და ჩეჩნეთის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ.
        რაც მთავარია, ნუგზარ ჩუხუა დააკავეს 30 სექტემბერს. მისი დაკავების თაობაზე ქართველმა სამართალდამცავებმა მეორე დღესვე იცოდნენ. თვრამეტი დღის განმავლობაში ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ რუსეთისაგან განსაკუთრებით მძიმე სახელმწიფოებრივ დანაშაულში ეჭვმიტანილი პიროვნების გადმოცემას, მაგრამ უშედეგოდ. მხოლოდ სამშაბათს გამოაქვეყნა რუსულმა კონტრდაზვერვამ ოფიციალური ცნობა ჩუხუას დაკავების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა მისი ექსტრადირებისა.
        ძნელი მისახვედრი არ არის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში «ზვიადისტ» ჩუხუას გულმოდგინედ «ამუშავებდნენ», რათა ჩეჩენი საველე მეთაურების შესახებ მაქსიმალურად მიეღოთ ინფორმაცია. უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში რუსეთის ავიაცია გეგმაზომიერად ბომბავდა აჩხოი-მარტანსა და ურუს-მარტანს იმ გეგმების მიხედვით, რომელიც ჩუხუამ დაკითხვისას დახატა.
        ნუგზარ ჩუხუა 1994 წლიდან სხვა მებრძოლ ზვიადისტებთან ერთად ჩეჩნეთში იმყოფებოდა, სადაც მას სპეციალურ ბანაკებში ჩეჩენი საველე მეთაურები სალმან რადუევი, შამილ ბასაევი და ხატაბი ამზადებდნენ დივერსიული აქტებისათვის;
        ჩუხუასთან ერთად მომზადებას გადიოდნენ გოჩა ესებუა და 9 თებერვლის ტერორისტულ აქტში მონაწილე დივერსიული ჯგუფის სხვა წევრები. 1998 წლის თებერვალში ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში, მოამზადეს და განახორციელეს ცნობილი თავდასხმა, რომელიც, საბედნიეროდ, უშედეგოდ დამთავრდა.
        საქართველოს სპეცსამსახურებმა და პოლიციამ დივერსანტთა ნაწილი მესამე დღესვე დააპატიმრა, სხვები კი გოჩა ესებუასთან ერთად დასავლეთ საქართველოში გაიქცნენ და ჯიხაშკარის ცნობილ ეპოპეაში მიიღეს მონაწილეობა;
        შემდგომ გადარჩენილი დივერსანტები ისევ ჩეჩნეთში გაიპარნენ, სადაც იმალებოდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში და ცხოვრობდნენ ზემოთ ხსენებულ დივერსიულ ბანაკებში.
        ზოგადად, ურუს-მარტანისა და აჩხოი-მარტანის დივერსიული ბანკები ფენომენალურ მოვლენად უნდა ჩაითვალოს. იქ ემზადებოდნენ ტაჯიკი და უზბეკი ექსტრემისტები არაბ ტერორისტებთან ერთად. მთელ ამ კომპანიაში ყველაზე კომიკურად სწორედ ზვიადისტები გამოიყურებიან, რომელთაც სხვის მიერ ჩაფიქრებულ და განხორციელებულ გონებამახვილურ გეოპოლიტიკურ ინტრიგაში ბრმა იარაღად ამზადებდნენ.
        ბევრი დამკვირვებელი დღემდე სვამდა კითხვას: რატომ არ დაბომბა რუსეთმა დივერსანტთა ბანაკები წინა წლებში, სანამ მათ დაღესტანსა და მოსკოვში არ დაიწყეს ტერორისტული აქტების განხორციელება? პასუხი უკვე თვალნათელია: რადუევისა და ხატაბის ბანაკებს მთლიანად რუსეთის სპეცსამსახურები აკონტროლებდნენ თავიანთი აგენტურის მეშვეობით, ყოველ შემთხვევაში, სრულ ინფორმაციას ფლობდნენ იმის თაობაზე, თუ რა მზადდებოდა და ვისი შეკვეთით, მაგრამ სანამ დივერსია სხვა ქვეყნების წინააღმდეგ იყო მიმართული, ბაზების დაბომბვა აზრადაც არ მოსდიოდათ.
        შეგახსენებთ ორ ფაქტს: 1998 წლის იანვარში, როცა ესებუას ბანდა ამთავრებდა მზადებას 9 თებერვლის ტერორისტული აქტისათვის, ბაქოში რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, გენერალმა კულიკოვმა «სხვათა შორის» საუბარში უთხრა ქართველ კოლეგას, კახა თარგამაძეს, რომ «რუსეთის სპეცსამსახურთა ხელთ არსებული ინფორმაციით, რაღაც მზადდება შევარდნაძის წინააღმდეგ».
        მაგრამ მას არ დაუსახელებია არც კონკრეტული მიმართულება (ჩეჩნეთი), არც დივერსიული ჯგუფის წარმომავლობა (ზვიადისტები) და არც ვადა (თებერვლის დასაწყისი). ეს იყო ძალზე ბუნდოვანი ქარაგმა, რომელიც შს მინისტრს, ფაქტობრივად, არაფერს ეუბნებოდა და მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის დაცვა გააძლიერეს, ტერაქტის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.
        რუსეთს რომ მართლა სდომოდა შევარდნაძის გაფრთხილება მოსალოდნელი ტერაქტის თაობაზე, მაშინ ინფორმაციას მიაწვდიდა არა შსს-ს, არამედ სპეცსამსახურების ხაზით. მაგრამ სინამდვილეში რუსეთის ხელისუფლებამ მხოლოდ თავი დაიზღვია ტერაქტის წარუმატებლობის შემთხვევისათვის, რაც საკმაო ზუსტი გათვლა აღმოჩნდა;
        ანუ, მოსკოვში ტერაქტის დეტალები ზედმიწევნით ზუსტად იცოდნენ, შესანიშნავად უწყოდნენ არა მხოლოდ ის, თუ როდის განხორციელდებოდა დივერსია, არამედ ტერორისტთა ვინაობა და მათი მომზადების ადგილიც.
        მეორე მაგალითი: ტაშკენტში ცნობილი ტერორისტული აქტების განხორციელებამდე რამდენიმე ხნით ადრე, ისევ რუსეთის შს მინისტრმა «ცალყბად» გააფრთხილა უზბეკი კოლეგა, რომ «რაღაც მზადდება ტაშკენტში», მაგრამ კონკრეტულად კვლავ არაფერი უთქვამს.
        სამაგიეროდ, დივერსიული აქტის შემდეგ რუსეთის სპეცსამსახურებს ჰქონდათ საშუალება ეთქვათ, რომ შეძლებისდაგვარად ცდილობდნენ «კოლეგების» გაფრთხილებას, მაგრამ სრულ ინფორმაციას არ ფლობდნენ.
        რეალურად, ორივე შემთხვევაში მოსკოვში ყველაფერი ზუსტად იცოდნენ, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ ამგვარი ვითარება ხელსაყრელი იყო თვით ჩეჩენი საველე მეთაურებისთვისაც; ბასაევსა და ხატაბს, ისევე როგორც სალმან რადუევს, იოტისოდენი ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ რუსეთი ფლობდა სრულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა ხდებოდა მათ ბაზებში, მაგრამ «ზვიადისტებიც» და «უზბეკი ოპოზიციონერებიც» სწორედ იმისათვის სჭირდებოდათ, რათა თავიდან აეცილებინათ რუსული ავიაციის დარტყმები.
        ჩეჩნები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სანამ აჩხოი-მარტანსა და ურუს-მარტანში მზადდებოდა დივერსიული აქტები რუსეთის გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა მიმართ, კრემლი ბაზების დაბომბვის ბრძანებას არ გასცემდა, რადგან ხატაბი და რადუევი თავისთვის სერიოზულ მოწინააღმდეგედ არ მიაჩნდათ, ხოლო საქართველოსა და უზბეკეთის შიდაპოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციის პერსპექტივა ერთობ იტაცებდათ;
        თუმცა ორივე ტერორისტული აქტის ჩაშლას შემდეგ ვითარება შეიცვალა. მით უმეტეს, რომ ჩეჩნებმა თავიანთი ძირითადი გეგმის განხორციელება დაიწყეს და დივერსიულ ბანაკებში მომზადებული დაღესტნელების მეშვეობით მეზობელ «რესპუბლიკას» შეუტიეს.
        ამის შემდეგ ჩეხუას «ფასეულობა» ნულის ტოლფასი გახდა.
        სპეცსამსახურები მას თვალს ადევნებდნენ ჩეჩნეთიდან - ვლადიკავკაზამდე, სადაც დააკავეს და ლიმონივით გამოწურეს თერთმეტი დღის განმავლობაში.
        ამჟამად, ჩუხუა შესაძლოა მართლაც გადმოსცენ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, რის შემდეგაც იგი მორიგი «საუკუნის პროცესის» რიგითი მონაწილე გახდება.
       
        7 დღე, 20 ოქტომბერი, 1999 წელი