პუტინის მეთოდი

პუტინის მეთოდი

      ნაახალწლევს გამართულ პირველ დიდ პრეს-კონფერენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს ერთ-ერთმა დასავლელმა ჟურნალისტმა ჰკითხა:
        - «ევროკავშირი მიხეილ ხოდარკოვსკის გამო თქვენი ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს და ამაზე რას იტყვითო».
        - «რას ვიტყვი და ევროპელ ბიუროკრატებს საქმე გამოლევიათ თუ უაზროდ ყბედობენო» - გულგრილად მიუგო ლავროვმა.
        როგორც ჩანს, მას ეჭვი არ ეპარება, რომ ცნობილი რუსი ბიზნესმენის ციხეში გამომწყვდევისა და მისი ქონების წაგლეჯის გამო ვერავითარი სანქციების შემოღებას დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ვერ გაბედავს.
        მართალიც გამოდგა. ვერ ბედავენ. პატარა ბელორუსეთთან არიან «მაგრები» - რუსული სპეცსამსახურების მიერ არჩევნების შემდეგ მოწყობილი არეულობა-პროვოკაცით ისარგებლეს, ალექსანდრე ლუკაშენკოს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა აუკრძალეს, ყველა თანამდებობის პირი შავ სიაში შეიტანეს და ამით პუტინის საქმე გააკეთეს: პუტინს ხომ სწორედ ეს აწყობს: ლუკაშენკოს წასასვლელი არსაით ჰქონდეს და მხოლოდ კრემლში მიესვლებოდეს.
        ამ ჩლუნგი გადაწყვეტილების ავტორებს არ რცხვენიათ და არ წითლდებიან, როცა ვინმე ეკითხება:
        - «კი მაგრამ, განა რუსეთში ნაკლებ ავტორიტარული რეჟიმია? განა იქ არჩევნები არ ყალბდება? განა რუსეთში ჟურნალისტებს არ კლავენ (პოლიტკოვსკაია და ა.შ) განა ბიზნესმენებს ციხეში არ სვამენ პოლიტიკური მოტივით და არ ძარცვავენ? განა ადვოკატი სერგეი მაგნიტსკი, რომელმაც იქური მილიციის მაღალჩინოსნები კორუფციაში ამხილა, ციხეში არ მოკლეს?»
        აღარაფერს ვამობობ მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის დაპყრობასა და ეთნოწმენდებზე.
        «მაშ რატომ რუსეთის მიმართ არა ხართ ასეთივე პრინციპულები?»
        თუ ძალიან «მიაწვები», ბოლოს ამობობენ: «ბელორუსი პატარაა და მის მიმართ სანქციები შესაძლებელია (!), რუსეთი კი დიდია, ძლიერი, გვჭირდება და მის წინააღმდეგ სანქციების შემოღება პრობლემებს შეგვიქმნისო».
        ისე იგი ე.წ. «დასავლური ღირებულებები» მხოლოდ შიშველი ინტერესის დამფარავი ლეღვის ფოთოლი ყოფილა! მერედა, ამას არ ჩაგვჩიჩინებდა ძია ლენინი? «არავითარი დასავლური, დემოკრატიული ღირებულებები არ არსებობს სინამდვილეში – ყველაფერი თვალთმაქცობა, იდეოლოგია და პროპაგანდა არისო!»
        კიდევ უფრო აღმაშფოთებელი მაგალითია ის, რაც ხოდორკოვსკის კომპანია «იუკოსთან» დაკავშირებით მოხდა: სწორედ იმ დროს, როდესაც ევროკავშირი მორიგ წყალწყალა, ცარიელ და არაფრის მაქნის რეზოლუციას იღებდა იმ გაუგონარი განაჩენის გამო, რაც ციხეში მყოფ ბიზნესმენს მოსკოვის სასამართლომ გამოუტანა (პირველი «სროკის» მერე ციხიდან რომ ვერ გამოსულიყო, ახალი «დანაშაული» აღმოუჩინეს), კომპანია «ბრითიშ პეტროლიუმმა» და «როსნეფტმა» გააფორმეს სენსაციური ხელშეკრულება აქტივების გაცვლის შესახებ!
        «როსნეფტმა» მიიღო BP-ს აქციათა 5 პროცენტი. სამაგიეროდ კი გადასცა 9,5 პროცენტი თავისი კუთვნილი აქციებისა. თითქოს არ არის დიდი ოდენობა, მაგრამ როდესაც საუბარია ტრილიონი დოლარის ბრუნვის გიგანტებზე, ამგვარი «ბარტერი» მთლიანად ცვლის ბალანსს მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე.
        უფრო მეტიც: კომპანიებმა მოილაპარაკეს, ერთობლივად აწარმოონ ნავთობსაძიებო სამუშაოები არქტიკაში, სადაც ენერგომატარებელთა ულევი მარაგია. თან არა მხოლოდ რუსეთის ზონაში, არამედ საკამათო ტერიტორიებზეც.
        ახლა კი, წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ პუტინს ან მედვედევს რომელიმე დასავლურ ფორუმზე, კონფერენციაზე თუ სამიტზე ისევ დაუსვეს კითხვა მიხეილ ხოდარკოვსკის შესახებ: «რატომ დააპატიმრეთ ბიზნესმენი და რატომ წაართვით მას კომპანია «იუკოსი?».
        ამაყი ყელმოღერებით დასმულ ამ კითხვას რუსეთის ხელისუფლება ამიერიდან უეჭველად ასე უპასუხებს: «კი მაგრამ, თქვე დედაარღნიანებო, «იუკოსის» ქონება ხომ «როსნეფტს» გადაეცა? ჰოდა თუ ჩვენ «იუკოსი გავძარცვეთ», მაშინ უდიდესი დასავლური კომპანია «ბრითიშ პეტროლიუმი», დასავლური სახელმწიფოების თანხმობით, ნაძარცვის გაყოფაში მონაწილეობს! ერთის მხრივ, გვაკრიტიკებთ «იუკოსის განადგურების» გამო და მეორეს მხრივ ტკბილად მიირთმევთ მის ნარჩენებს. ეს სადაური წესია?»
        რას უპასუხებენ ამაზე? – ვერაფერს!!! პუტინი აბსოლუტურად მართალი იქნება: არ შეიძლება ერთის მხრივ «ძარცვას» უწოდებდე იმას, რაც «იუკოსსა» და ხოდარკოვსკის დამართეს რუსეთში მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით (ოპოზიციური პარტია «იაბლოკოს» დაფინანსების გამო) ხოლო მეორეს მხრივ, ეთანხმებოდე, წინააღმდეგოაბს არ უწევდე ხსენებულ გარიგებას და მშვენივრად «მიირთმევდე» იმავე «იუკოსის» აქტივებს. თანაც მაშინ, როდესაც «იუკოსის» აქციონერები დღემდე უშედეგოდ უჩივიან რუსულ სახელმწიფოს სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში.
        საერთოდ, ეს პუტინის მზაკვრული მეთოდია: გამოიყენოს დასავლური სისტემის სისუსტეები, წინააღმდეგობები, ინტერესთა კონფლიქტები, შეიტანოს განხეთქილება, მოახდინოს დასავლური ღირებულებების დისკრედიტაცია და ჩააყენოს დასავლეთი ისეთ მდგომარეობაში, როდესაც იგი იძულებული ხდება გააკეთოს არჩევანი საკუთარ ღირებულებებსა და მიმდინარე ინტერესებს შორის.
        სამწუხაროდ, ჯერ ჯერობით, ყველა ამგვარი არჩევანი (მათ შორის აგვისტოს ომის დროს) პუტინის სასარგებლოდ მთავრდება.
        «ბრითიშ პეტროლიუმის» შემთხვევაში, მოსკოვმა წარმატებული პროვოკაცია იმის შედეგად განახორციელა, რომ BP უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა ამერიკის სანაპიროებთან მომხდარი უცნაური ავარიის გამო. როგორც ცნობილია, ოკეანეში დიდი მოცულობით ნავთობმა გაჟონა წყალქვეშა საბადოდან. ამერიკის ამჟამინდელმა ადმინსიტრაციამ ძალზე სწორხაზოვნად იმოქმედა, კომპანიას ათეულობით მილიარდი ჯარიმა დააკისრა და კინაღამ გააკოტრა. თან ქვეყნიდან გაძევებით დაემუქრა, თუ ამ გადაწყვეტილებათა გასაჩივრებას გაბედავდა ან არ შეასრულებდა.
        არავის მოსვლია აზრად გამოეძიებინა, მაინც რა მოხდა იმ წყალქვეშა ობიექტზე და ხომ არ იყო კატასტროფა ქვეწარმავლური ეშმაკობით გათვლილი დივერსიის შედეგი?
        ამის ნაცვლად, იმდენი ქნეს, BP პუტინთან გააქციეს, აქციები გააცვლევინეს და «იუკოსის» საქმეც «გაუპრავეს!»
        გაუგებარია, რა სინდისით უნდა მოსთხოვონ ამის შემდეგ პასუხი ხოდარკოვსკის საქმეზე, თუ «იუკოსის» ნაძარცვი ქონების პატრონნი უკვე თავად არიან? «ბრითიშ პეტროლიუმს» ხომ მილიონობით მცირე აქციონერი ჰყავს ამერიკაშიც და ევროპაშიც?! Dდა თუ დასავლურ პრესაში ქვეყნდება კარიკატურები, როგორ სვამს ხოდარკოვსკის სისხლს ურჩხული პუტინი, მაშინ ისიც უნდა აღიარონ, რომ პუტინთან ერთად მის სისხლს დასავლური დემოკრატიაც «ხვრეპს».
        მთელი ამ ისტორიიდან კი იმ მთავარი დასკვნის გამოტანა შეიძლება, რომ ასეთი საშიში და ძლიერი მტერი, როგორიც პუტინია, დასავლურ სამყაროს ალბათ სტალინის შემდეგ არ ჰყოლია!
        მას დასავლეთი სძულს იმის გამო, რომ მშობლიური «დერჟავა» სწორედ დასავლეთმა დაუნგრია. აკი თქვა კიდეც: «საბჭოთა კავშირის დაშლა მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყოო».
        როგორც ჩანს, ევროპასა და ამერიკაში ეს მხოლოდ ნოსტალგიის გამოვლინება ეგონათ. სინამდვილეში, ნოსტალგია კი არა, სამოქმედო პროგრამაა, რომელიც უდიდესი მზაკვრობით და ოსტატობით ხორციელდება.

2011