«თავისუფალ ერთა მძლე კავშირი ძმური»

«თავისუფალ ერთა მძლე კავშირი ძმური»

        რამდენიმე დღის წინ, რუსულმა ტელეკომპანია ნტვ-მ, საუკეთესო დროს, ესე იგი «პრაიმ-ტაიმ»-ში უჩვენა საოცარი ფილმი ალექსანდრე ლუკაშენკოს შესახებ «კრიოსტნი ბატკა». ესე იგი «ნათლიმამა», ოღონდ რუსულ-სლავური ჟღერადობით.
        ვისაც ეს ფილმი არ უნახავს, დაბეჯითებით ვურჩევ, აუცილებლად ნახოს - ინტერნეტში დევს. განსაკუთრებით მათ არგებთ ამ საოცრების ხილვა, ვისაც დღემდე აქვს ილუზია, თითქოს რაიმენაირად, რაიმე თვალსაზრისით, რაიმე კომპრომისით, რაიმე ხერხით შესაძლებელია თანამედროვე რუსეთთან და მის ხელმძღვანელობასთან საერთო ენის გამონახვა და თან სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნება. «ნტვ» - ს ფილმში კრემლის ყოფილი უერთგულესი მოკავშირე, «მოძმე ბელორუსი ხალხის» პრეზიდენტი, საბჭოთა კავშირის აღდგენის გულწრფელი მომხრე, ალექსანდრე ლუკაშენკო გამოყვანილია, როგორც პირსისხლიანი მკვლელი, ნაძირალა, გამყიდველი, ავაზაკი და იდუმალი ეშმა, რომელიც თავის სატანისტურ არსს ოსტატურად ნიღბავს სიტყვებით რუსეთთან და რუს ხალხთან «მეგობრობისა და ძმობის» შესახებ.
        დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ასეთი საშინელება რუსულ ტელევიზიას სააკაშვილზეც კი (!) არ გადაუღია. თანაც, «ნტვ» დიდი ხანია დამოუკიდებელი ტელეარხი აღარ არის: ისევე როგორც ფაქტიურად ყველა მნიშვნელოვანი მედიასაშუალება (ელექტრონულიც და ბეჭდურიც) იგი «გაზპრომს», ანუ სახელმწიფოს ეკუთვნის და ხსენებული ფილმიც, რა თქმა უნდა, რუსული სპეცსამსახურების დაკვეთით მომზადდა.
        რატომ? რით დაიმსახურა ლუკაშენკომ პუტინის რისხვა? «დაიმსახურა» იმით, რომ ფეხს ითრევდა და ბოლო მომენტამდე არ თანხმდებოდა რუსეთ-ყაზახეთ-ბელორუსეთის საბაჟო კავშირში შესვლას, რომელიც ასტანაში გაფორმდა! ფაქტობრივად, ამ კავშირის შექმნა გახდა პირველი ნაბიჯი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთიანი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის აღდგენისაკენ. თუმცა, ქართველ პოლიტიკოსებს, რომლებიც აბსოლუტურად მარაზმატული შიდა კინკლაობითა და გარჩევებით არიან დაკავებულნი, ეს ისტორიული მოვლენა (ყველაზე მნიშვნელოვანი სსრკ დაშლის შემდეგ), საერთოდ არ შეუმჩნევიათ.

პუტინის ულტიმატუმი

        1994 წლიდან, როდესაც ალექსნადრე ლუკაშენკო, «პარტიული ნომენკლატურის პრივილეგიათა» წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ბელორუსის პრეზიდენტად აირჩიეს, მან მოსკოვს რამდენჯერმე შესთავაზა: «საბჭოთა კავშირი» (თუნდაც ახალი სახელწოდებით) აღვადგინოთო და ბოლოს, პუტინისგან ასეთი პასუხი მიიღო: «საბჭოთა კავშირში რუსეთი და ბელორუსი «მოკავშირე რესპუბლიკები» იყვნენ, ეს რუსებს უკვე აღარ გვაწყობს, - გვეყო რაც გარჩინეთ მუქთამჭამელები; თუ ინტეგრაცია გინდათ, კავშირი კი არ აღვადგინოთ, არამედ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შემოდითო!!!»
        სწორედ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო ლუკაშენკოს იმედგაცრუება, თორემ მანამდე, ესე იგი 2002 წლამდე, როცა პუტინმა ეს დაუვიწყარი ფრაზა წარმოთქვა, იგი მოსკოვის უპირველესი მოკავშირე იყო. მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში.
        მაგალითად, როდესაც 1995-1996 წლებში აფხაზეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების საკითხი იხილებოდა, მოსკოვს არ აწყობდა პირდაპირ გამოსულიყო ამ სანქციების წინააღმდეგ, რაკი შევარდნაძემ ძალოვან მინისტრებად მოსკოვიდან გამოგზავნილი კადრები დანიშნა (ქვირაია, ნადიბაიძე, გიორგაძე), ამიტომ ლუკაშენკოს სთხოვა «დსთ» - ს სამიტზე გადაწყვეტილებისთვის ვეტო დაედო; თვითონ კი თავი მოიკატუნა: «აბა მე რა შუაში ვარ, - ბელორუსი ხომ დამოუკიდებელი სახელმწიფოაო».
        გარდა ამისა, ჩვენ ხშირად ვკითხულობდით ხოლმე: «საიდან აქვს აფხაზურ არმიას ამდენი შეიარაღება, მათ შორის ავიაგამანადგურებლები და უახლესი საარტილერიოო სისტემები?» საიდან და ბელორუსიდან! ისევ და ისევ, 90-იან წლებში მოსკოვის ფარული «თხოვნით» და დავალებით.
        რაც შეეხება ხსენებულ «საბაჟო კავშირს», მისი წესდება ითვალისწინებს, რომ სამივე ქვეყანა თანხმდება საერთო ეკონომიკური საზღვრის არსებობას. Eესე იგი საქონლის განბაჟება მიმდინარეობს მხოლოდ ამ გარე საზღვარზე, შემოსავლის 90 პროცენტი (!) ერგება რუსეთს, ხოლო ყაზახეთი და ბელორუსი დანარჩენ 10 პროცენტს (!ძმურად გაიყოფენ.

კითხვა ბურჯანაძესა და ნოღაიდელს

        თანაც, საბაჟო საზღვრებს რუსი მებაჟეები გააკონტროლებენ. ანუ, ფაქტობრივად, ბელორუსი და ყაზახეთი ამ აზრით რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შედიან. ყოველ შემთხვევაში, შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ყაზახეთისა და ბელორუსის საბაჟოებზე მოსკოვიდან მივლენილი სპეციალისტები იმუშავებენ, რათა «ადგილობრივ» მებაჟეებს რაიმე არ შეეშალოთ.
        თუ ყაზახეთი და ბელორუსი წინადადებას (ულტიმატუმს) არ დათანხმდებოდნენ, მოსკოვი ამ ქვეყნებთან დაახლოებით ისეთივე ეკონომიკური საზღვრის შემოღებითა და ემბარგოთი იმუ ქრებოდა, როგორც 2006 წლიდან საქართველოს წინააღმდეგ შემოიღო.
        არც ყაზახეთს და არც ბელორუსეთს კრემლთან ასეთი დონის კონფრონტაცია არ სურდათ. ყაზახებს უბრალოდ შეეშინდათ, რომ მოსკოვი «ყირგიზულ ქრონიკას» გაიმეორებდა, სადაც სისხლიანი «რევოლუცია» სწორედ სოციალური პრობლემების გამო მოხდა. თუმცა ლუკაშენკომ მაინც სცადა წინააღდმეგობა და მოსკოვს ასეთი კომპრომისი შესთავაზა: «საბაჟო კავშირში შემოვალ, თუ უბაჟო რეჟიმი ნავთობსა და ნავთობპრუდუქტებზეც გავრცელდებაო».
        ნურას უკაცრავად! ნავთობი და ნავთობპროდუქტები მოსკოვის სტრატეგიული იარაღია. სანამ ბელორუსეთი სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს ინარჩუნებს, მოსკოვი ამ სიმდიდრეს მას არ დაუთმობს, რადგან იგი სწორედ ბელორუსეთის დამოუკიდებლობაზე იმუშავებს. Aამიტომ, პუტინის პასუხი ლოგიკური იყო: «ნავთობზე ბაჟი მხოლოდ მას შემდეგ გაუქმდება, რაც საბაჟო კავშირი ერთიან ეკონომიკურ სივრცედ გარდაიქმნებაო».
        როდის? 2012 წელს! მერედა, არ იკითხავთ, რას ნიშნავს ეს «ერთიანი ეკონომიკური სივრცე?» – ყოველგვარი სახელმწიფოებრივი საზღვრების მოშლას, ერთიანი ვალუტის შემოღებას, გადასახადების უნიფიკაციას და, რაც მთავარია, რუსულ სივრცეში შემავალი ქვეყნების მიერ საერთო სახელისუფლებო ორგანოების აღდგენას! თანაც უკვე 2012 წლისათვის!!!
        აბა, მეტი რა არის ერთიანი სახელმწიფო?
        ესე იგი, პუტინი თავისი მესამე საპრეზიდენტო ვადის დასაწყისშიევ აპირებს, ახალ იმპერიას ჩაუყაროს საფუძველი და თან პირდაპირ აცხადებს, რომ «კავშირის კარი ღიაა ყველა სხვა მეზობელი ქვეყნისათვის».
        იგულისხმება, რასაკვირველია ოდესღაც სსრკ შემადგენლობაში შემავალი ყოფილი «მოკავშირე რესპუბლიკები». მათ შორის საქართველო.
        ისე, ძალიან საინეტრესოა, ბატონი ნოღაიდელი და ქალბატონი ბურჯანაძე, მოსკოვში ყოფნისას, ამ «პერსპექტივას» თუ განიხილავენ? ან საერთოდ რა დამოკიდებულება აქვთ პუტინის «ინტეგრაციული პროექტისადმი?», აპირებენ თუ არა (ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ) მასში ჩართვას და «საბაჟო კავშირში» გაწევრებას?
        საოცარია, რატომ არავის მოსდის აზრად, მათ ეს კითხვა დაუსვას. არადა, პუტინი რომელიმე ოპოზიციონერს მხარს არა «ლამაზი თვალებისთვის» არამედ, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში, თუ ზემოთაღწერილი პროქტების საკითხში წინასწარ მათი თანხმობა ექნება.
        როგორც ჩანს, უკვე აქვს კიდეც თანხმობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისთვის რა განსახვავებაა საქართველოს პრეზიდენტის გვარი ბურჯანაძე იქნება, ნოღაიდელი თუ სააკაშვილი, თუკი ახალი პრეზიდენტი ნატოზე, ევროკავშირზე, დასავლეთზე უარს არ იტყვის და პუტინის იმპერიულ სცენარში არ ჩაეწერება?
        ჰოდა მოვაწყოთ კიდევ ერთი რევოლუცია და მერე ხმაშეწყობილად ვიმღეროთ ყოფილი საბჭოთა კავშირის ჰიმნი: «თავისუფალ ერთა მძლე კავშირი ძმური, შეჰკრბა საუკუნოდ წმინდა რუსეთმააააა . . .»
        სხვათა შორის, არქივიდან ამოღებული ტექსტი არ გეგონოთ – დღეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჰიმნია.

2010