თავისუფალი (სპეციალური) ეკონომიკური ზონა – პანაცეა თუ «უკონტროლო სეგმენტი?»

თავისუფალი (სპეციალური) ეკონომიკური ზონა – პანაცეა თუ «უკონტროლო სეგმენტი?»

        მიმდინარე კვირა, როგორც ჩანს, სპეციალური ეკონომიკური ზონის ნიშნით ჩაივლის. ეს საკითხი რომ იმთავითვე ორმხრივპოლიტიზებულია და ეკონომიკასთან საერთო ბევრი არაფერი აქვს, თუნდაც იქიდან ჩანს, თუ რა ვითარებაში და რა მიმართულებით იცვლებოდა კანონპროექტის სახელწოდება. თავდაპირველად მას სწორედ «თავისუფალი ეკონომიკური ზონის» შესახებ კანონპროექტი ეწოდებოდა, შემდეგ კი «სპეციალური ეკონომიკური ზონების შესახებ», თუმცა, ნიშანდობლივია, რომ პოლიტიკური მოსაზრებებით სახელის შეცვლის მიუხედავად, ავტორები და ადეპტები კანონპროექტს მაინც «თეზს» უწოდებენ და არა «სეზს» და ეს შემთხვევითი არ არის.

        პარლამენტში ხელმოწერების შეგროვებაც კი დაიწყო რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით, თუმცა, მათი კანონით განსაზღვრული რაოდენობა სახელმწიფო კანცელარიაში მხოლოდ გუშინ შევიდა.
        პრეზიდენტს სხდომის მოსაწვევად ოთხშაბათამდე აქვს ვადა. უეჭველია, რომ იგი ამ გადაწყვეტილებას მიიღებს (სხვაგვარი საქციელი კონსტიტუციის დარღვევა იქნებოდა), მაგრამ გაუგებარია, რისი იმედი აქვთ «თეზის» თუ «სეზის» მომხრეებს.
        იმთავითვე ცხადია, რომ სხდომებზე კვორუმი არ შედგება და იგი არც კი გაიხსნება. გარდა ამისა, პრეზიდენტმა გუშინდელ ბრიფინგზე მკაფიოდ გამოხატა თავისი დამოკიდებულება არა მხოლოდ კანონპროექტის, არამედ თვით თეზის იდეის მიმართ. მისი თქმით, საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური (იგივე ოფშორული) ზონების შექმნა ეკონომიკურ და სამართლებრივ სივრცეში უკონტროლო (იგულისხმება, კიდევ უფრო უკონტროლო) სეგმენტების შექმნას და სეპარატისტული სეგმენტების გაძლიერებას გამოიწვევს. გარდა ამისა, «ეს ზონები უეჭველად იქცევიან ფინანსური რესურსების გადაქაჩვის და შავი ფულის გარეცხვის ოაზისებად.»
        შევარდნაძის აღიარებით, ძალიან ძნელია დაარწმუნო ცენტრალური მთავრობა ამგვარი ზონების მიზანშეწონილობაში, როდესაც ის რეგიონი, სადაც პირველ რიგში, იგულისხმება ასეთი ზონის შექმნა, ცენტრალურ ბიუჯეტში თანხას არ რიცხავს». პრეზიდენტმა საკმაოდ ძნელად მოსაგვარებელი პასუხი გასცა «სხვა ქვეყნების მაგალითთა» მოყვარულებს: «ჩინეთი, იტალია და საფრანგეთი რომ მოჰყავთ მაგალითად – მითხარით ერთი, ამ ქვეყნებში რომელი რეგიონი არ რიცხავს ცენტრალურ ბიუჯეტში თანხას?» ნორმალურ ქვეყანაში ამას მართლაც ვერავინ გაბედავს და დემოკრატიულ საფრანგეთში თუ კომუნისტურ ჩინეთში ამგვარ უარს ერთნაირი რეაქცია მოჰყვება.
        პრეზიდენტის პოზიცია გარკვეულია – იგი არათუ მხარს არ დაუჭერს «თეზის» შექმნას, არამედ ვეტოს უფლებას გამოიყენებს კანონპროექტის გასვლის შემთხვევაში. თუმცა, შევარდნაძემ სტრატეგიული კომპრომისი მაინც არ გამორიცხა. მისი გამჭვირვალე ქარაგმით, ნებისმიერი კომპრომისი შესაძლებელი მაშინ თუ გახდება, როცა საშველი დაადგება თბილისსა და ბათუმს შორის კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა და კომპეტენც\იათა გამიჯვნის იურიდიულ გაფორმებას. მისივე თქმით, ამისთვის შექმნილი კომისიის შეკრება ვერ ხერხდება, ვინაიდან ბათუმის წარმომადგენლები, სხვადასხვა მიზეზებით, მასში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. კომისია ერთხელაც ვერ შეიკრიბა სრული (ანუ როგორც «ბათუმური», ასევე «თბილისური») შემადგენლობით.
        ყველა ამ არგუმენტიდან ერთ-ერთის გამოკვეთისას, დამოუკიდებელი ექსპერტები ადასტურებენ, რომ მართლაც არანორმალური უნდა იყოს ცენტრალური ხელისუფლება, ოფშორის შექმნას იმ რეგიონში დაეთანხმოს, სადაც ფინანსურ-საბიუჯეტო პროცესებს მხოლოდ ნომინალურად აკონტროლებს და საიდანაც ცენტრალურ ბიუჯეტში თანხას ვერ იღებს.
        თბილისელი ჩინოსნების ინფორმაციით, სარფისა და ბათუმის საბაჟოები ისედაც თეზის რეჟიმში ფუნქციონირებენ, ვინაიდან იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო ტარიფების დამოუკიდებლად დაწესებისას მათ ბათუმელი კოლეგები საქმის ყურშიც არ აყენებენ, არათუ წინასწარ უთანხმდებიან.
        თეზის სერიოზულ და ყოვლად შეურიგებელ ოპონენტად რჩება საერთაშორისო სავალუტო ფონდიც, რომლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა უკვე გააკეთა საგანგებო განცხადება. სავალუტო ფონდისთვის ეს იმდენადვე მნიშვნელოვანი საკითხია, როგორც მონეტარიზმი და ემისიის დაუშვებლობა. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სავალუტო ფონდი, უპირველეს ყოვლისა, «დიდი შვიდეულის» ეკონომიკურ კონცეფციას ეფუძნება. ამ «შვიდეულის» ბოლო შეხვედრაზე კი საგანგებო გადაწყვეტილება მიიღეს, რომელმაც «ოფშორის» პრობლემას (რასაც ისედაც ეჭვის თვალით უყურებდნენ აქამდე) ტერორიზმის საფრთხეც «მიაბა», ვინაიდან ასეთი ზონები საეჭვო წარმომავლობის ფულის «ტრიალს» უწყობს ხელს. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეს შეიძლება ნაკლებად ეხებოდეს, მაგრამ ოფშორი ცენტრალურ ბიუჯეტში თანხის შემცირებას გამოიწვევს და სავალუტო ფონდი, ამგვარი ზონის დაფუძნების შემთხვევაში, საქართველოსთან თანამშრომლობას თუნდაც ამ მიზეზით შეწყვეტს. ეს კი არც ერთ «თბილისურ» პოლიტიკურ ძალას არ აძლევს ხელს, «შეფერილობისა» და რიტორიკის მიუხედავად.

დილის გაზეთი, 15 აპრილი, 2003 წელი