ლეიბორისტმა კახაძემ გამარჯვების სადღეგრძელო ლექსად წარმოთქვა

ლეიბორისტმა კახაძემ გამარჯვების სადღეგრძელო ლექსად წარმოთქვა

 

    როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციური პარტიების კონსენსუსის შედეგად, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მათი წარმომადგენელი გახდა. საკითხი გადაწყვიტა ვახტანგ რჩეულიშვილის პოზიციამ, რომელიც ბოლო დრომდე ყოყმანობდა. 15 ნოემბრის არჩევნების შედეგად «მოქალაქეთა კავშირმა» მიიღო 20 მანდატი, ლეიბორისტულმა პარტიამ - 12, «სოციალისტებმა» - 9, სახალხომ, ედპ-მ, ტრადიციონალისტებმა - 4-4, «აღორძინებამ» - 3 მანდატი
    ბუნებრივია, ოპოზიციონერები ბოლო დრომდე აგრძელებდნენ კონსულტაციებს, თუ ვინ უნდა გამხდარიყო «საბჭოს თავმჯდომარის» მანდატის მფლობელი. პრეტენზია, ალბათ, ყველა მათგანს ჰქონდა, მაგრამ ხანგრძლივი დისკუსიის შედეგად მივიდნენ ერთადერთ შესაძლო კომპრომისამდე: «თავმჯდომარის» პოსტი მიიღო იმ პარტიამ, რომელსაც ყველაზე მეტი ადგილი ჰქონდა ოპოზიციურ პარტიებს შორის.
    ამრიგად, შეიკრა კოალიცია: ლეიბორისტები-სოციალისტები-ტრადიციონალისტები-აღორძინება, რომელთაც ერთად მოაგროვეს 28 მანდატი, რაც მინიმალურად აუცილებელი იყო თავისი კანდიდატის «გასაყვანად». (უმრავლესობა - 65 მანდატიდან); ამრიგად, შალვა ნათელაშვილმა მიზანს მიაღწია. მისი ბოლოდროინდელი განცხადებაც სწორედ იმას ნიშნავდა, რომ იგი არავის დაუთმობდა საკუთარ პრიორიტეტს. მოქმედებდა ელემენტარული ლოგიკა: რაკი ლეიბორისტული პარტია გამოვიდა ყველაზე დიდი წარმატებით ოპოზიციონერთა შორის, მაშასადამე, საბჭოს თავმჯდომარის სავარძელიც მას ეკუთვნის.
    სხვა ოპოზიციონერები ამგვარ პრიორიტეტს ეჭვქვეშ აყენებდნენ, რამაც ბატონი შალვა გაანაწყენა, მისმა განაწყენებამ კი «ოპოზიციური კოალიცია» შეაშინა; ამიტომ მხარი ერთხმად დაუჭირეს ლეიბორისტ კახაძეს.
    ამჟამად შემდგარი არჩევნები და ლეიბორისტთა გამარჯვება, რა თქმა უნდა, სოციალისტური პარტიისა და პირადად ვახტანგ რჩეულიშვილის დამარცხებაა. რჩეულიშვილი იძულებული გახდა (რათა «მოქალაქეთა კავშირთან» ალიანსი არ დაებრალებინათ მისთვის) ხმა მიეცა შალვა ნათელაშვილის კანდიდატურისათვის, რითაც ეს ბრალდება კი აიცილა თავიდან, მაგრამ, სამაგიეროდ, საკუთარი პარტია შეასუსტა სტრატეგიული თვალსაზრისით და კოზირები შემატა «ლეიბორისტებს», რომლებიც არა მხოლოდ «მმართველი პარტიის», არამედ სოციალისტთა კონკურენტებიც არიან.
    ეს გარემოება უეჭველად შეასრულებს მნიშვნელოვან როლს მომავალ არჩევნებში, - უპირველეს ყოვლისა, თბილისში, სადაც არჩევნების ბედი გადაწყდება და არცთუ «სოციალისტების» სასარგებლოდ. მაგრამ ვახტანგ რჩეულიშვილს, სხვა ვარიანტი, უბრალოდ, არ ჰქონდა, - ყველა სხვა ვარიანტი გაცილებით უარესი იყო.
    ამრიგად, «ოპოზიციურ კოალიციაში» ძალთა განლაგება უკვე გარკვეულია და საეჭვოა, იგი 1999 წლის ოქტომბრამდე შეიცვალოს.
    უფრო მეტად გაურკვეველი ვითარებაა «მარჯვენა ფლანგზე». სახალხოელებმა და ეროვნულ-დემოკრატებმა, რასაკვირველია, «თავი შეიკავეს» კენჭისყრისას. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ «მოქალაქეთა კავშირზე» შესტკივათ გული; უბრალოდ, «ლეიბორისტული» პარტიისათვის ხმის მიცემა მიუღებლად მიაჩნდათ.
    სამაგიეროდ, ეს სავსებით «მისაღები» აღმოჩნდა ვითომ მემარჯვენე «ტრადიციონალისტთა კავშირისათვის», რომელიც ამ გზით ცდილობს დიდ პოლიტიკაში დაბრუნებას. იმთავითვე უნდა ითქვას, რომ კოალიციამ შეძლო «პირობის შეკვრა» თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით, მაგრამ საეჭვოა, ასეთივე შეხმატკბილებით იმუშაოს თვით საკრებულოში სამი წლის განმავლობაში - 2001 წლამდე, როდესაც საკრებულოს შემდეგი არჩევნებია დაგეგმილი.
    კოალიციის მონაწილეთა ინტერესები ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს. ეს სულ მალე გახდება საცნაური დამკვირვებლებისთვის, რომლებიც თვალყურს მიადევნებენ საბჭოს მუშაობას.
    ფაქტობრივად, ოპოზიციურმა კოალიციამ პოლიტიკური ტექნოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი დაარღვია, - უმრავლესობის იგნორირებით, მან საბჭო არაქმედუნარიან ორგანოდ აქცია. ბუნებრივია, «მოქალაქეთა კავშირი» ადვილად არ შეურიგდება დამარცხებას, ხოლო ოპოზიციონერებმა საეჭვოა ასეთივე ერთსულოვნება გამოამჟღავნონ კონკრეტულ საკითხთა განხილვის დროს.
    გარდა ამისა, თბილისის საბჭოს თავმჯდომარის პოსტის «დათმობა» უეჭველად მისცემს შესაძლებლობას «მოქალაქეებს», ნაწილობრივ მოიხსნან პასუხისმგებლობა მოვლენათა შედმგომ განვითარებაზე. მართალია თბილისის მერი მაინც მმართველი პარტიისა და ზოგადად, ხელისუფლების კრეატურაა, მაგრამ ოპოზიციამ თავად მიანიჭა საბჭოს თავმჯდომარის პოსტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ამ თემაზე აჟიოტაჟის გაღვივებით.
    ბევრი რამ დამოკიდებული იქნება თვით ახალი «თავმჯდომარის» ფიგურაზე, - რამდენად მოახერხებს იგი პოსტის რეალურ შესაძლებლობათა დაფიქსირებას, ოღონდ რენომეს დაუკარგავად. წინააღმდეგ შემთხვევაში, თბილისის მერი, ვანო ზოდელავა, რომელიც სახელისუფლებო ტექნოლოგიაში ყველაზე უფრო გამოცდილია, უეჭველად მოახერხებს პასუხისმგებლობის ნაწილი ოპოზიციას გადააკისროს, ხოლო საბჭოს თავმჯდომარე, «განტევების ვაცად» აქციოს.
    ბევრი რამ ცხადი გახდება თბილისის ბიუჯეტის განხილვისას. საეჭვოა ოპოზიციურმა კოალიციამ გაუძლოს ცდუნებას (ყოველ შემთხვევაში, ამ კოალიციის ზოგიერთმა ნაწილმა) და არ აჰყვეს სხვადასხვა ძალთა მიერ «ლობირებულ» წინადადებებს, - ფული ხომ თბილისის საბჭოსაც ანათებს; მით უფრო, - დიდი ფული;
    «სოციალური სამართლიანობისათვის» მებრძოლნიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, თანაც «ქართველი ადამიანები». ლობირებამ და შესაბამისმა წინააღმდეგობებმაც შეიძლება უახლოეს მომავალში «წყალი შეუყენოს» გამარჯვებულ კოალიციას. ისევე, როგორც ძალიან სერიოზული გამოცდა იქნება ლიდერთა ამბიცია; რაც შეეხება «ლეიბორისტთა» კანდიდატს, - იგი დღემდე უჩინო «ინტელიგენტი» იყო; მოულოდნელად კი სერიოზულ პოლიტიკურ ფიგურად იქცა.
    სხვათა შორის, შალვა ნათელაშვილი (ისევე როგორც ვახტანგ რჩეულიშვილი) საბჭოს თავმჯდომარის არჩევნებისას საერთოდ არ გამოჩენილა, რათა საკუთარი რენომე მეტისმეტად არ დაემდაბლებინა. ასეა თუ ისე, ის რაც თბილისის საბჭოში მოხდა, უეჭველად სწორედ შალვა ნათელაშვილის გამარჯვებაა. «ლეიბორიზმი» კი ქართველი ერის ახალი ეროვნული მოძრაობა ხდება. უფრო ზუსტად, ეროვნულ-სოციალური მოძრაობა, რომელიც ამ ერის შინაგან მისწრაფებებს გამოხატავს;
    საკითხავი მხოლოდ ესღაა: ის რაღა იყო, რაც 1988 წლის ნოემბერში, აწ უკვე დაშლილ-დაქუცმაცებულ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ინიციატივით დაიწყო საქართველოში?
  

 მერიდიანი, 11 დეკემბერი, 1998 წ.