საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

     
               ყველაფერზე კამათი გვიყვარს ქართველებს და საკამათოც არ ილევა ჩვენს ისტორიაში. მაგალითად, როდის გახდა საქართველო დამოუკიდებელი? ზოგი თვლის, რომ დამოუკიდებლობის დღე 26 მაისია. სხვებს კი 9 აპრილი მიაჩნიათ «ნამდვილი დამოუკიდებლობის» თარიღად.
        თუმცა, გააჩნია რა შინაარსს ჩავდებთ. 2010 წლის 25 ივნისი ამ მხრივ არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქვეყნის ხელისუფლებამ, ფორმალური დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 19 წლის შემდეგ, ძლივს გაბედა და საქართველოს მოაშორა ე.წ. სტალინის ძეგლი.
        ამ სიმახინჯის (ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ, მხატვრული უბადრუკობის) აღებაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ 1989 წელს დაიწყო, მაგრამ «ეროვნული მოძრაობის» წარმომადგენლებს, რომლებიც გორში ჩავიდნენ, ქალაქის ცენტრში არმატურითა და სანადირო ჯოხებით შეიარაღებული ბრბო დახვდა.
        ბუნებრივია, გაცლა ამჯობინეს, რადგან მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის იდეა ჯერ არ იყო ჩამოყალიბებული კონკრეტულ ძალად, რომელიც გადაწყვეტილების შესრულებას შეძლებდა.
        დღეს სიტუაცია შეიცვალა: საქართველო სახელმწიფოა და აქვს უნარი, თავისი ინტერესები განახორციელოს – ნებისმიერი ბრბოს წინააღმდეგობის მიუხედავად. მით უმეტეს, რომ 2008 წლის აგვისტომ ატმოსფერო შეცვლა: გორელების უმრავლესობა უკვე ხვდება, რომ არ შეიძლება მათი ქალაქის ცენტრში იდგეს იმ ურჩხულის ქანდაკება, რომელმაც მოსკოვური იმპერია შექმნა. სწორედ ეს იმპერია (ამჯერად «გადემოკრატებულ-გაფედერალურებული») ბომბავდა გორის ცენტრს აგვისტოს აგრესიის დროს «ისკანდერის» რაკეტებით.
        სტალინი რომ ამ სახელმწიფოს სიმბოლოა და ქართულ სახელმწიფოსთან საერთო არაფერია აქვს, იქედანაც ჩანს სიმბოლურად, რომ სტალინის ძეგლს ერთი ნამსხვრევიც კი არ შეხებია. ბუნებრივია, გორში ამ «ძეგლის» აღების მოწინააღმდეგეები დღესაც იყვნენ, თუმცა 21 წლის წინანდელი მოვლენებისგან განსხვავებით, მათ ბრბოდ შეკრება და წინააღმდეგობის გაწევა ვერ გაბედეს, რაკი ჯერ ერთი, გორელების უმრავლესობა ამჟამად სხვა განწყობაზე იყო და, რაც მთავარია, სახელმწიფოსაც უკვე ჰქონდა საშუალება გამოეყენებინა საპასუხო ძალა მტრული ქვეყნის სიმბოლოს დამცველთა წინააღმდეგ.
        ეს ვერ გაბედა თვით ზვიად გამსახურდიამაც კი. ედუარდ შევარდნაძე არათუ ვერ ბედავდა, არამედ ყვავილებითაც ამკობდა (1995 წელს) ამ ძეგლს, რაკი არჩევნების გარდა საერთოდ არაფერი აინტერესებდა. იმდროინდელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს კი სტალინელების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი რესურსი იყო.
        შევარდნაძემ იმიტომაც დაამთავრა თავისი მოღვაწეობა ესოდენ სამარცხვინოდ, რომ არანაირი პრინციპი არ ჰქონდა და მისი «სახელმწიფოც» არავითარ ღირებულებას არ ეფუძნებოდა: არც დასავლური იყო, არც პრორუსული, არც დამოუკიდებელი და თითქოს არც დამოკიდებული იურიდიულად. რაღაც ჰაერში ეკიდა უფორმო მასის სახით. დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს «არეულობა» მაინც დაასრულა.
        ამიერიდან უცხოელი, რომელიც გორის ცენტრში გაივლის, აღარ იკითხავს გაკვირვებული «მხრებიც აჩეჩვით»: «კი მაგრამ, თუკი დამოუკიდებელ სახელმწიფოს აშენებთ და, მით უმეტეს, ამ სახელმწიფოს დემოკრატიულობაზე გაქვთ პრეტენზია, როგორ შეიძლება ცენტრალურ მოედანზე გედგათ ძეგლი, რომელიც სხვა სახელმწიფოს და ტირანიას განასახიერებს?».
        ძეგლი პატივისცემის ნიშანია. ძეგლი არა უბრალოდ ხსოვნას აღნიშნავს, არამედ იმის გამოხატულებაა, რომ საზოგადოება ამ პოლიტიკურ მოღვაწეს, მის პოლიტიკურ «მემკვიდრეობას» და «საქმეს» სათუთად უფრთხილდება.
        ლონდონში, უესტმინსტერთან უინსტონ ჩერჩილის ძეგლი დგას. Dდგას იმიტომ, რომ იგი დიდი ბრიტანეთის პატრიოტი იყო და მისი მთავარი ღირებულებების (დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის) დამცველი. რომელ ქართულ ღირებულებებს იცავდა იოსებ სტალინი? თუკი დამოუკიდებლობა ჩვენი ეროვნული ღირებულებაა, რა უნდა ამ დამოუკიდებლობის მთავარ მტერს ცენტრალურ მოედანზე?
        განსაკუთრებით გულისამრევია ის ხალხი, ის ვითომ «ლიბერალები» და ყოფილი «ეროვნული მოძრაობის» წარმომადგენლები, აგრეთვე ადამიანის უფლებების დამცველები (!!! – რაც საერთოდ კურიოზია) რომლებმაც ამ ყოველმხრივი სიმახინჯის აღების წინააღმდეგ ნამდვილი ისტერია მოაწყვეს. ოღონდ რაკი პირდაპირ ვერ ამბობენ, სხვა საბაბებს იგონებენ – რომელს აათზე აიღეს, გორში რეფერენდუმი არტომ არ ჩაატარეს და ა.შ.
        გორელებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ბარემ მხოლოდ გორში ჩაგვეტარებინა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი დამოუკიდებლობის თემაზე? საინტერესოა რა შედეგს მივიღებდით, თუ წინასწარ ეცოდინებოდათ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა საბოლოოდ «ულვაშა სოსოს» ძეგლის აღებას ნიშნავს?

2010