თემურ შაშიაშვილი: «ყველაფერს კადრები წყვეტენ»

თემურ შაშიაშვილი: «ყველაფერს კადრები წყვეტენ»

    ბოლოდროინდელი დაპირისპირება იმერეთის გუბერნატორსა და პრეზიდენტის კანცელარიის «რეგიონალური მართვის» განყოფილების უფროს ბადრი ხატიძეს შორის იმაზე მიუთითებს, რომ «მინავლებული» კონფლიქტი თემურ შაშიაშვილთან სულ მალე ახალი ძალით იფეთქებს. საკვანძო საკითხი ისევ და ისევ კადრებია. შაშიაშვილი კარგად გრძნობს, რომ ამ ბერკეტის ხელიდან გაშვების შემთხვევაში მისი ძალაუფლება იმერეთში ფიქციად გადაიქცევა. ყოველ შემთხვევაში, «ცენტრთან» დაპირისპირებისას ძლიერი დასაყრდენი მას აღარ ეყოლება.
    «ცენტრიც» არანაკლებ კარგად აცნობიერებს, რა შეიძლება მოჰყვეს იმერეთში «კადრების» საკითხის გადაწყვეტას მხოლოდ «ადგილობრივ» დონეზე - ცენტრალური ხელისუფლება ამით თავის უმთავრეს პრეროგატივას თმობს. საქართველოში ათწლეულობის მანძილზე არსებობდა მყარი მიმართება მართვის «ცენტრალურ» და «ადგილობრივ» რგოლებს შორის. ხელისუფლების ფორმასა და შინაარსს მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია ფუნქციური დატვირთვის გადანაწილება.
    შაშიაშვილი ამჯერად ყველაზე «ძლიერი» პოზიციიდან უტევს ცენტრალურ ხელისუფლებას. საქმე ის გახლავთ, რომ იმერეთის მოსახლეობა მხარის გუბერნატორს «თბილისის ხელდასხმულად» არ აღიქვამს და მისი ქმედებები უფრო დამოუკიდებელ ელფერს იძენს. «რაიონული» რგოლი თბილისურ ხელისუფლებას კი არა, უპირველესად «სამხარეო ადმინისტრაციის» ნებას უკავშირდება. არადა, ფორმალურად არა მარტო სამხარეო ადმინისტრაციის მეთაურს, არამედ რაიონის გამგებელსაც საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს «გუბერნატორთან შეთანხმებით». სწორედ ეს ბოლო დებულება სძლევს პრეზიდენტის თითქოსდა უეჭველ პრეროგატივას. ბადრი ხატიძე კი, რა თქმა უნდა, «ცენტრალური ხელისუფლების» ინტერესებს, მის პრეროგატივას იცავს, რაც თემურ შაშიაშვილს აშკარად არ ეპიტნავება.
    სხვათა შორის, ამ საკითხში იმერეთის გუბერნატორის მისწრაფება საპარლამენტო ოპოზიციის შეხედულებებსაც არ შეესაბამება. გუბერნატორის დიდი სურვილი იქნებოდა, თავად არჩეული ყოფილიყო, მაგრამ ყველა სხვა თანამდებობის პირი თავად დაენიშნა. სწორედ ამ შემთხვევაში მიაღწევდა მისი ხელისუფლება «მწვერვალს» და თემურ შაშიაშვილი იმერეთის «პატარა» პრეზიდენტად იქცეოდა. თუმცა რაღა «პატარა», იმერეთი ხომ აფხაზეთზე დიდია ტერიტორიითაც და მოსახლეობის რაოდენობითაც.
    საინტერესოა, რომ კონფლიქტის თემა მხოლოდ «გამგებლის დანიშვნის უფლებით» არ ამოიწურება, არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა საკადრო საკითხებიც. იმერეთში, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, ასეულობით «ნომენკლატურული თანამდებობაა». ხატიძე თვლის, რომ გუბერნატორის პრეროგატივაა მხოლოდ კოორდინაცია და სხვა საკითხებში იგი არ უნდა ერეოდეს. შაშიაშვილის აზრით კი, «ცენტრი» არ უნდა «ერეოდეს» მის საქმეებში და საკადრო პრობლემებიც მხოლოდ ქუთაისში უნდა წყდებოდეს.
    ერთი სიტყვით, კურიოზული ვითარებაა შექმნილი (საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება საერთოდ კურიოზია): მხარეში პრეზიდენტის რწმუნებული გაუთავებლად «ეპაექრება» პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად მის დაქვემდებარებაშია.
    საინტერესოა, ამ შემთხვევაში რა პოზიციას დაიკავებს პრეზიდენტი. წესით, მან თავისი ადმინისტრაციის უფლებამოსილება უნდა დაიცვას.... მით უმეტეს, თუ საქმე რეგიონული მართვის რგოლს ეხება, რომლის ნორმალური ფუნქციონირებისა და ავტორიტეტის გარეშე ცენტრალურ ხელისუფლებას სულ მალე საფუძველი საერთოდ გამოეცლება.

მერიდიანი, 1 აგვისტო, 1997 წ.