თუ უკრაინაში ომი დაიწყო

თუ უკრაინაში ომი დაიწყო

წარუმატებლად დასრულდა ბაიდენისა და პუტინის სატელეფონო საუბარი.

ორი დღით ადრე, რუსული ჯარების ოდენობამ უშუალოდ უკრაინის საზღვრებთან (მათ შორის უკუპირებულ ყირიმში - ნახევარკუნძულთან უკრაინის არაოკუპირებული მოსაზღვრე ტერიტორიების მიმდებარედ) 100 000 სამხედროს გადააჭარბა.

მანამდე ჯარების კონცენტრაცია ასევე ინტენსიურად ხდებოდა, თუმცა უკრაინის საზღვრებიდან 100 კილომეტრში. ახლა კი უშუალოდ უკრაინის საზღვართან.

ეს ინფორმაცია დასავლურ მედიას ამერიკულმა სადაზვერვო სამსახურებმა მიაწოდეს, რათა მოსკოვისთვის მიენიშნებინათ, რომ ყველაფერი იციან და/ანუ, რაკი მათ იციან, უკრაინამაც იცის, თუმცა პუტინს ეს უკვე, როგორც სჩანს არ ანაღვლებს: აშკარად, დაუფარავად, გამომწვევად მოქმედებს, რათა ყევლამ ყველაფერი იცოდეს.

მართლაც, თუ  დავხედავთ რუკებს, თუ როგორ კონცენტრირდება რუსული ჯარები უკრაინის გარშემო, აბსოლუტურად ნათელია, რომ რუსული არმია ნელ-ნელა `მიუჩოჩდა` უშუალოდ უკრაინის საზღვრებს და განლაგდა დროებით  საველე (!) ბაზებზე (იქ დიდხანს არმიას ვერ გააჩერებ) სამი ძირითადი მიმართულებიდან: ესაა ა) ბელორუსი; ბ) საკუთრივ რუსეთის დასავლეთ ოლქები ანუ უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან და გ) ყირიმი.

თავის მხრივ, ეს სამი სტრატეგიული მიმართულება მოიცავს:

ა)შესაძლო  შეტევებს ბელორუსის ტერიტორიიდან კიევზე რადგან კიევი ახლოსაა ბელორუსის საზღვრიდან და იმავე ბელორუსიიდან შეტევა დასავლეთ უკრაინის, ლვოვის მიმართულებით (ჩრდილოეთის მიმართულება);

ბ) ასევე შეტევას ოკუპირებული დონბასიდან ერთდროულად ხარკოვის, დნეპრის (ყოფილი დნეპროპეტროვსკის) და მარიუპოლის, აზოვის ზღვის მიმართულებით (აღმოსავლეთ ფრონტი) და

გ) შეტევას ყირიმიდან, დესანტირებას ოდესასთან, შემოტევას ოკუპირებული დნესტრისპირეთიდან (მოლდოვადან) სადაც ე.წ. `მშვიდობისმყოფლის` სტატუსით (რაც ისტორიული ანეგდოტია), იმყოფება რუსული არმია (სამხრეთის მიმართულება).

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ობიექტური სამხედრო დამკვირვებლები და უმაღლესი კლასის ანალიტიკური რესურსები, ასევე კონკრეტული სპეციალისტები თვლიან, რომ თუ რუსული შეტევა დაიწყო, იგი დაიწყება სამხედრო მოქმედებათა გააქტიურებით უშუალოდ დონეცკთან.

ამ ქალაქის გარეუბნებში გადის ახლა `ფრონტის ხაზი` (აი ღმერთმა დაგვიფაროს და სადმე გლდანში ან აფრიკის დასახლებაში რომ გადიოდეს ფრონტის ხაზი თბილისთან).

იქ სროლებს აუცილებლად მოჰყვება დონეცკში მცხოვრები მშვიდობიანი რუსეთის მოქალაქეების დაღუპვა, რასაც მოსკოვი გამოიყენებს საბაბად და რამდენიმე დღის განმავლობაში განახორციელებს მასირებულ სარაკეტო დარტყმებს `მიწა-მიწა` კლასის, ასევე `ჰაერი-მიწა` და `ზღვა-ხმელეთი` კლასის რაკეტებით უკრაინის მთელს ტერიტორიაზე.

სპეციალისტები ელიან, რომ რუსული არმია გამოიყენებს SS-26 Iskander კლასის რაკეტებს, ასევე საშუალო სიშორის რაკეტებს `კალიბრი`, შესაძლოა გამოიყენოს ზებგერითი `ცირკონი` (უცნობია რამდენი აქვს, მაგრამ ის კი ზუსტადაა ცნობილი, რომ მისი ჩამოგდება აბსოლუტურად შეუძლებელია) და თვით საკონტენინტთაშორისო რაკეტებიც კი ჩრდილოეთ ზღვაში ან მურმანსკში დისლოცირტებული ატომური წყალქვეშა ნავებიდან.

სპეციალისტები არ ელიან, რომ პირველ ეტაპზე რუსული არმია შეეცდება უკრაინის ცაში გაბატონებას, რადგან მოერიდება, რომ ნატო-მ საპასუხოდ არ გამოაცხადოს უკრაინის ცა `დახურულად`.

ამის ალბათობა არ არის დიდი, რაკი უკრაინას ნატო-ს წესდების მეუთე პუნქტი არ იცავს და ამას აუცილებლად მოიშველიებენ `მშვიდობისმყოფელნი` ევროკავშირის მმართველ წრეებში, თუმცა გამორიცხული არაა.

ოღონდ  პუტინს საველე ავიაციის, ანუ საველე ბომდამშენების და ავიაგამანადგურებლების გამოყენება უკრაინის ცაში, პირველ ეტაპზე, არ დასჭირდება, რაკი რუსულ სტრატეგიულ ავიაციას (მაგალითად ТУ-160 რაკეტმზიდებს) რუსეთის საჰაერო სივრციდანაც შეუძლიათ დარტყმების განხორციელება უკრაინის ტერიტორიაზე. ანუ ისე, რომ უკრაინის საჰაერო სივრცეში არც კი შევიდნენ.

რაც შეეხება უკრაინულ ავიაციას, რუსეთს აქვს საშუალება მათ ებრძოლოს ერთის მხრივ С-300; С-400 და С-500 საზენიტო სისტემებით საკუთრივ რუსეთის ეტრიტორიიდან და რაც მთავარია, რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებებით.

პარალელურად დაიწყება უძლიერესი კიბერ-შეტევა უკრაინაზე. თუკი პუტინის კიბერ-ჯარებმა ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე შეძლეს სტრატეგიული ნავთობსადენის მწყობრიდან გამოყვანა, ძნელი წარმოსადგენი არ არის, უკრაინაში რას მოახერხებენ.

მთლიანად, კომპლექსში ომის პირველი ფაზის მიზანი იქნება უკრაინის სამხედრო (და სამოქალაქო!!!) ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანა, დარტყმები სამხედრო ბაზებზე, აეროდრომებზე, პორტებზე, თბოელექტროსადგურებზე, თუნდაც ატომურ ელექტროსადგურებზე - პუტინს ეცოდინება, რომ საერთაშორისო კონვენციებით, მათ შორის ევროკავშირთან ასოცირების თანახმად, ომის პირველი აქტებისთანავე უკრაინა ვალდებულია  ატომური ელექტროსადგურები უბრალოდ გათიშოს, რათა მათ განადგურებას რადიოაქტიური კატასტროფა არ მოჰყვეს - ჩერნობილის მსგავსი; ანუ იგულისხმება სამომავლოდ მათი აღუდგენელი დანგრევა სარაკეტო დარტყმებით, სტრატეგიული ხიდების ჩამოშლა, კომუნიკაციების მწყობრიდან გამოყვანა, წყლის, ელექტროენერგიის და გათბობის პრობლემების შექმნა დიდ ქალაქებში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, უკვე ინფრასტრუქტურულად განადგურებულ ქვეყანაში დაიწყება რუსული ბატალიონ-ტაქტიკური ჯგუფების (ბტჯ), ასევე სატანკო კოლონების ინვაზია და სადესანტო ოპერაციები.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რა შეიძლება ამას დაუპირისპიროს უკრაინამ ომის პირველ ეტაპზე? რაკეტსაწინააღდმეგო სისტემები მას არ გააჩნია. შეუძლია დაუპირისპიროს  მხოლოდ ერთი - დაუყოვნებელი საპასუხო სარაკეტო დარტყმები რუსულ ქალაქებზე.

უკრაინა (მათ შორის სერგო ბერიას მონაწილეობით) საბჭოთა სარაკეტო იარაღის `სამშობლოა`. რაკეტები აქვთ მაგრამ......

ჯერ ერთი, სერიოზულ ზიანს ისინი მოსკოვსა და როსტოვს ვერ მიაყენებენ გარდა მშვიდობიანი მოსახლეობის საპასუხო ჟლეტისა, რაც რუსულ არმიას კიდევ უფრო გააცოფებს;

მეორე: რუსეთის იმავე ანტისარაკეტო სისტემებს შეუძლიათ ამ რაკეტების დიდი ნაწილი ჩამოაგდონ სანამ სამიზნეს მიაღწევენ

და მესამე: აუცილებლად მოიძენებიან `სასარგებლო იდიოტები` ევროპის წამყვანი ქვეყნების ხელისუფლებებში, რომლებიც საპასუხო დარტყმების გამო ისევ უკრაინას დაადანაშაულებენ დაახლოებით ასეთი უორდინგით: ``ისინი კი გესვრიან რაკეტებს და მშვიდობიანი კიეველები, დნეპრელები, ხარკოველები იხოცებიან, მაგრამ თქვენ არა გაქვთ უფლება საპასუხოდ მშვიდობიანი მოსკოველები და როსტოველები დახოცოთ......ისინი თუ ველურები არიან, თქვენც ველურებივით არ უნდა მოიქცეთ. აბა რა უნდა ქნათ? ეგ თქვენი პრობლემაა რა უნდა ქნათ. აბა ჩვენ რა ვიცით? ომია და.....თქვენს ნაცვლად არავინ იომებს``.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რა შეიძლება იყოს ამ ყოველივეზე დასავლეთის, ნატო-ს სამხედრო პასუხი? ანუ პასუხი იმ პირველ გადამწყვეტ სტადიაზე, როცა მოსკოვი ჯარებს ჯერ არ შეიყვანს უკრაინის ტერიტორიაზე არამედ მხოლოდ სარაკეტო დარტყმებით დაიწყებს უკრაინული სახელმწიფოს განადგურებას?  (სახელმწიფო ხომ ინფრასტრუქტურაა პირველ რიგში - ყოველნაირი ინფრასქტრუქტურა!)

მხოლოდ ერთი, ერთადერთი: საპასუხო დარტყმები რუსეთის ტერიტორიაზე (!) და უკრაინის მიმდებარედ რუსულ ჯარებზე ისეთივე სტრატეგიული რაკეტმზიდებით (B-2), ასევე  შავ ზღვაში და ბალტიის ზღვაში კონცენტრირებული გემებიდან, რაზეც ნატო, დასავლეთი არ წავა არავითარ შემთხვევაში.

ასეთ ოფციას ვაშინგტონი და ლონდონი (სინამდვილეში ესაა NATO!) განიხილავენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დარტყმას განახორციელებს ალიანსის წევრ რომელიმე სახელმწიფოზე.  

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ზოგიერთი ცნობით, მზადდება პუტინის საგანგებო მიმართვა - ულტიმატუმით უკრაინის ხელისუფლოებისადმი.

ულტიმატუმის მთავარი მოთხოვნა იქნება, კიევმა დაუყოვნებლივ შეასრულოს ე.წ. `მინსკის შეთანხმება` (2014წ) რომელიც გულისხმობს უკრაინის მიერ დონბასის (დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. `რესპუბლიკათა`) განსაკუთრებული სტატუსის აღიარებას `უკრაინის ფედერაციული რესპუბლიკის` შემადგენლობაში, ანუ უკრაინის შეუქცევად ფედერალიზაციას, რის შემდეგაც ეს ე.წ. რესპუბლიკები თუ ავტონომიები (სახელს არა აქვს მნიშვნელობა) შეიძენენ ბერკეტებს, პოლიტიკურად ვეტო დაადონ უკრაინის ნებისმიერ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას საგარეო მიმართულებით. `პოლიტიკური უფლება`/საშუალება  არ არის იგივე, რაც იურიდიული უფლება.

ასეთი უფლება რომც არ ეწეროს, თუ მოხდება უკრაინის ფედერალიზაცია, თუ დონბასი მიიღებს განსაკუთრებულ სტატუსს, მაშინ რუსეთსაც მიეცემა საშუალება, მისთვის ხელსაყრელ დროს ჩაერიოს უკრაინის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხში და როცა მოესურვება მოითხოვოს ცალკე რეფერენდუმის ჩატარება იმ ანკლავებში, რომელსაც დე-ფაქტო (ნაწილობრივ დე-იურეც) მისი ძალისმიერი სტრუქტურები და მისი მარიონეტები აკონტროლებენ.

შემდეგ კი იმ დემაგოგიური საბაბით, რომ დონბასში (დონაცკსა და ლუგანსკში) მცხოვრებმა 800 000 ადამიანმა მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, აღიაროს ამ სუბიექტთა დამოუკიდებლობა, მერე მიიერთოს კიდეც, აქციოს ღია სამხედრო პლაცდარმად და ა.შ.

განა აფხაზეთთან და `სამხრეთ ოსეთთან` მიმართებაში ჰქონდა ამის იურიდიული, საერთაშორისო-სამართლებრივი უფლება? არა რა თქმა უნდა, მაგრამ იქაც ვერაფერმა შეუშალა ხელი ჯერ პასპორტები დაერიგებინა ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის დროიდან (2000 წლიდან, როცა შევარდნაძემ უკვე უარი უთხრა ჩეჩნეთის ომში მხარდაჭერაზე და დაღესტან-ჩეჩნეთის მიმდებარედ საქართველოს მხრიდან რუსული ჯარების განლაგებაზე); მერე ემოქმედა იგივე ალგორითმით, როგორც მოქმედებს და იმოქმედებს აღმოსავლეთ უკრაინაში: სეპარატისტების შეიარაღება, მათი წახალისება, ე.წ. რეფერენდუმი უკრაინელ ლტოლვილთა მონაწილეობის გარეშე, ბოლოს პირდაპირი აგრესია და ოკუპაცია.....

აქვე უნდა ითქვას, რომ 2014 წლიდან ასეულობით ათასი ეთნიკური უკრაინელი ცენტრალურ დასავლეთ უკრაინაში გამოიქცა ოკუპირებული ტერიტორიიდან.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ძალიან საინტერესო მომენტია, რატომ არ შექმნა პუტინმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ერთიანი სუბიექტი, `ნოვოროსია` (დონეცკის და ლუგანსკის გაერთიანებით) და რატომ ამჯობინა ორი ვითომ სხვადასხვა `სუბიექტი` დაეფუძნებინა  ე.წ. `დონაცკის` და ე.წ. `ლუგანსკის სახით`.

ბევრს უკვირს ეს როგორც რუსეთში, ასევე დასავლეთში.

მიზეზი კი, როგორც სჩანს, ისაა, რომ პუტინი ერიდება ალუზიებს მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერის მოქმედებასთან, როდესაც იგი იპყრობდა სუდეთის ოლქს, იქ ატარებდა რეფერენდუმს, მერე უშუალოდ იერთებდა და ა.შ.

სხვადასხვა სუბიექტებად ამ სივრცის `დეკონსტრუქცია` (რა თქმა უნდა ხელოვნური, მაგრამ მაინც) პუტინს საშუალებას აძლევს შექმნას დივერსიფიცირების და არაერთგვაროვნების ყალბი სტერეოტიპი.

ასევე `სამხრეთ ოსეთი` და აფხაზეთი. ვითომდაც ორი სხვადასხვა სუბიექტი - იმავე აღქმის დივერსიფიცირების ფარგლებში.

დონბასი და ლუგანსკი ზოგჯერ ყალბად იღებენ განსხვავებულ გადაწყვეტილებებს უკრაინის მიმართ ამა თუ იმ საკითხში მათ შორის ე.წ. `საკანონმდებლო დონეზეც.

ზუსტად ისევე, როგორც აფხაზეთისა და ცხინვალის მიდგომები თუ გადაწყვეტილებები იყო ვითომდაც განსხვავებული საქართველოსთან მიმართებაში წლების მანძილზე.

ამგვარი `დივერსიფიცირება` და მთლიანობაში ეს ძალზე ეშმაკური ტაქტიკა პუტინს საშუალებას უქმნიდა და უქმნის ხელი შეუშალოს დასავლეთის კონსოლიდირებული, კონცენტრირებული  პოზიციის გამომუშავებას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ.

ესაა ამ (ვიმეორებ) ეშმაკური, იქედნური ტაქტიკის არსი, რომლის ავტორია არა პუტინი პირადად, არამედ საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი - საქართველოსა და უკრაინის უბოროტესი, დაუძინებელი, თუმცა ძალიან ნიჭიერი და ეშმაკი მტერი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ერთადერთი სასიკეთო ვარიანტი თუ სცენარი ის იქნება, რომ უკრაინამ გაუძლოს მისი ინფრასტრუქტურის სრულ განადგურებას, ხოლო შემდეგ, როცა რუსეთი სახმელეთო ოპერაციებს დაიწყებს, დაამარცხოს რუსული არმია სახმელეთო ბრძოლებში და/ან პარტიზანულ ომში.

აი ეს ნამდვილად შესაძლებელია!

ცნობილი გამოთქმაა, რომ მიუხედავად ავიაციისა, მიუხედავად სარაკეტო იარაღისა, მიუხედავად ნებისმიერი რადიო-ელექტრონული ბრძოლის საშუალებების თუ კოსმოსური იარაღის შესაძლებლობისა (მოსკოვს ასეთიც აქვს) ომს, საბოლოოდ, მაინც, ყველა შემთხვევაში, ეგვიპტის ფარაონების ეპოქიდან - დღემდე იგებს ჯ ა რ ი ს კ ა ც ი! On the ground ანუ ბრძოლის ველზე.

დათო

ფოტოზე: ნეაპოლის ულამაზესი, მშვიდობიანი, მუდამ მზით გასხივოსნებული მოედანი და ალუზია რუსულ დივიზიებთან, რომლებმაც ალყაში მოაქციეს მშვიდობიანი, უბოროტო, დემოკრატიული უკრაინა.