ირაკლი ოქრუაშვილის „რეპერული წერტილი“

ირაკლი ოქრუაშვილის „რეპერული წერტილი“

 

გამარჯვებული ხალხის ტელევიზიამ“, რომელსაც (როგორც ყოველთვის დაარსების დღიდან) დიდი ჯაფა, გაწევ-გამოწევა და სასამართლო დავა აწევს, სენსაციური დოკუმენტი გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, 2010 წელს, ექს-თავდაცვის მინისტრმა ოქრუაშვილმა და მისმა მთავარმა „კონტრაქტორმა“ კიბარ ხალვაშმა ევროპაში გააფორმეს ხელშეკრულება „რუსთავი-2“-ის კუთვნილების  თაობაზე.  დოკუმენტით ირკვევა, რომ, თურმე, ყველაზე რეიტინგული ქართული ტელეკომპანია არა კიბარ ხალვაშს, არამედ იმავე ოქრუაშვილს შეუძენია 2005 წელს! შავით თეთრზე წერია: ხალვაში აღიარებს საკუთარ თავს „proxy“-დ, რომელმაც მხოლოდ „აპლიკაციის“ როლი შეასრულა, ხოლო თანხა (მილიონობით დოლარი) ირაკლი ოქრუაშვილმა გადაიხადა, ანუ ტელევიზიაც სწორედ მას ეკუთვნის.

მართლა ოქრუაშვილმა გადაიხადა თუ ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორის ბრძანებით ვანო მერაბიშვილმა მოიძია „არაკორუფციული ბიუჯეტიდან“, ამ დისკურსში უკვე მეორეხარისხოვანია.

ეს ხელშეკრულება ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნის საშუალო დონის იურისტს რომ წააკითხო, ან საერთოდ ვერ გაიგებს რა სიგიჟესთან აქვს საქმე, ან სიცილით მოკვდება და თბილისის ბაზრებში „ბანანის ფასზე“ დასვამს კითხვას. თუმცა იმ იურიდიულ ფირმას (ევროპაში), ვინც ეს უნიკალური დოკუმენტი მხარეებს გააფორმებინა, შემდეგ კი საკუთარ ოფისში შეინახა, ამ ჩვენი მართლა ბედკრული ქვეყნის  ცივილიზებულობის დონე სულ არ აღელვებდა: გადაუხადეს, გაუფორმა, ბეჭედი დასვა და შეინახა. რა მისი საქმეა იმის რკვევა, როგორ შეიძლება ჭკუათმყოფელმა ადამიანმა საკუთარი თავი „პროქსი“-დ გამოაცხადოს და ხელშეკრულებით აღიაროს, რომ ქონება, რომელშიც იურიდიულად ნამდვილად გადაიხადა გვარიანი თანხა (თუმცა საბაზრო ღირებულებაზე მაინც ბევრად ნაკლები) სინამდვილეში მას კი არა, ყოფილ თავდაცვის მინისტრს ეკუთვნის, რომელიც ქართულ არმიას უკვე 4 წელია აღარ ხელმძღვანელობს და, კიდევ უფრო მეტი, - ევროპაში პოლიტდევნილის სტატუსით ცხოვრობს, რაკი სამშობლოში მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, დააპატიმრეს, შემდეგ „საიდანღაც 6 მილიონი დოლარი აღმოაჩნდა“ - საპროცესო გარიგებისა და პარიზში გასაფრენი ბილეთის საფასურად.

ევროპელებმა არ იციან და არც ევალებათ იცოდნენ რაიმე ჩვენი (ქართული) „გაგების“ შესახებ, ამიტომ კითხვებიც არ გაუჩნდებოდათ, რაკი ევროპაში ყველაფერი შეიძლება დააზღვიო და იურიდიულად გააფორმო: პიტბულის უკანა მარჯვენა ფეხის ჩათვლით: დადო  ორმა ღირსეულმა ადამიანმა ხელშეკრულება, მოაწერეს ხელი და ვისი რა საქმეა?

სამაგიეროდ ბევრი რამ იცის მიხეილ სააკაშვილმა, ისევე, როგორც იცოდა „დროულ - დროს“ გარდაცვლილმა ეროსი კიწმარიშვილმა. ოღონდ ხელშეკრულების თარიღს მაინც ვერსად გავექცევით: 2005 წელს რომ დადებულიყო, - სხვა იქნებოდა, მაგრამ 2010 წელს?!!!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მეორე, არანაკლებ საინტერესო ასპექტია, როგორ და საიდან აღმოჩნდა ეს ხელშეკრულება „რუსთავი-2“-ის გამგებლობაში? უზენაესი სასამართლოს საკვანძო სხდომის წინ ისე დაბეჯითებით გვარწმუნებენ  „აქამდე მიღებული ყველა გადაწყვეტილება უკანონო იყო ამ დოკუმენტის გამოო“, თითქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებს ან   სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის წევრებს უნდა დასიზმრებოდათ, რომ ასეთი ხელშეკრულება გაუფორმებიათ  6 წლის წინ ევროპაში  ოქრუაშვილსა და ხალვაშს. არადა, თუკი ეს მართლაც უნიკალური დოკუმენტი ევროპული საადვოკატო ფირმის ოფისში ინახებოდა, ხოლო ხელშემკვრელი მხარენი, ბოლო დრომდე, კრინტს არ ძრავდნენ, საიდან უნდა სცოდნოდა მის შესახებ ან სასამართლოს, ან საჯარი რეესტრის იმ თანამშრომელს, რომელიც დოკუმენტებს რეგისტრაციაში ატარებს?

„ვინ გაუგზავნათ დოკუმენტი“ - ყველაზე იოლი კითხვაა: რასაკვირველია თვით ოქრუაშვილმა! აბა კიბარ ხალვაშს, ამ გააფთრებული ბრძოლის დროს, ნამდვილად არ აწყობდა მისი გასაჯაროება და თვითონ რატომ გაუგზავნიდა ნიკა გვარამიას?

მეორეს მხრივ, აბსოლუტურად მართალია „რუსთავი-2“ -ის გენერალური დირექტორი, რომ ეს ხელშეკრულება „მთლიანად ცვლის ვითარებას მიმდინარე დავის გარშემო“. ბოლოს და ბოლოს დავა ხომ საკუთრების საკითხს ეხება? თუკი ირკვევა, რომ მოდავე მხარე, სინამდვილეში არ არის ქონების რეალური შემძენი და მფლობელი, მაშინ მოპასუხეს სრული უფლება აქვს მოითხოვოს არსებული საქმის დაშლა და წინასწარ სტადიაზე დაბრუნება. შენ თუ არა ხარ მფლობელი და მთელი ეს პერიოდი იტყუებოდი, მაშინ ვის რას ედავები?!

გამოდის, ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, ირაკლი ოქრუაშვილი ჩუმად ადევნებდა თვალს მიმდინარე თამაშს, თუმცა „ჯოკერი“  ჰქონდა და მხოლოდ იმას ითვლიდა, როდის და რა შემთხვევაში გამოეყენებინა იგი: „რუსთავი-2“ -ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს ვერდიქტამდე თუ ამ ვერდიქტის შემდეგ. საბოლოოდ, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ არჩევნებამდე სჯობდა. მით უმეტეს, რომ თვითონ მონაწილეობს არჩევნებში: კენჭს იყრის მშობლიური გორიდან და ამ პროცესში ადრინდელი რესურსების გამოყენება ნამდვილად არ აწყენდა.

„ოქრუაშვილის რესურსებში“ არ იგულისხმება „რუსთავი-2“. ტელევიზიას რომ არავინ დაანებებს, მან  ძალიან კარგად იცის, მაგრამ დღეს მისთვის სასარგებლოა   იმის დემონსტრირება, თუ რამდენად გავლენიანი და შემძლე იყო თავად როგორც 2005, ასევე 2010 წლებში და ბევრი რამ შეუძლია (რაკი უამრავი რამ იცის, ახსოვს) დღესაც.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ირაკლი ოქრუაშვილს ჭკუა და ეშმაკობა არასდროს აკლდა. მან ყველაფერი ძალიან ზუსტად გათვალა იმ მომენტიდან, როდესაც თბილისში დაბრუნება გადაწყვიტა, რაკი იცოდა, რომ მისი ციხეში გაშვება „ოცნების ხელისუფლებას“ არ აწყობდა.  ახლაც  ოსტატურად თამაშობს ხელისუფლებისა და ოპოზიციის, ანუ  ორივე სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებული ჯგუფის წინააღმდეგობებზე, რათა ამ „მორევში“ საკუთარი „თევზი“ დაიჭიროს. მისი რესურსები კი (ვიმეორებ) იმ პერიოდს უკავშირდება, როდესაც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და „შემძლე“ ფიგურა იყო.

განსაკუთრებით  კომიკურ სიტუაციაში მაინც კიბარ ხალვაშია. მას, როგორც ჩანს, გულწრფელად ეგონა, მისი პარტნიორი ამ დოკუმენტს არჩევნებამდე მაინც არ გამოაჩნდა, შემდეგ კი „კაცური  გაგებით“ მოილაპარაკებდნენ რა ეღონათ და როგორ გაეყოთ წილები. თუმცა, კიბარ ხალვაშის საუბედუროდ,  ოქრუაშვილი მიხვდა მთავარს:  „რუსთავი-2“-ის მფლობელის შეცვლა შესაძლოა ზღაპარი არც იყოს, მაგრამ ისეთ პროცესებს გამოიწვევს, რომლებშიც ოქრუაშვილის ადგილი არ იქნება და ექს-თავდაცვის მინისტრი საერთოდ აღარავის გაახსენდება. ამიტომაც, სწორედ ახლა გადაწყვიტა „ჯოკერის“ მაგიდაზე დახეთქება, - როცა არჩევნებამდე სულ რამდენიმე კვირა დარჩა.

პოლიტ-ტექნოლოგიაში ამას „რეპერული წერტილი“ ეწოდება. ქართულ სემანტიკაში, ალბათ „ათვლის წერტილი“, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს: მძვინვარე არჩევნები გველის, როდესაც „ძირითადი მოთამაშეები“, ხელისუფლებისა და მთავარი ოპოზიციური ძალის  ჩათვლით,  ყოველგვარ  წესებს დაარღვევენ და, საერთოდ, „დედა - შვილს არ აიყვანს ხელში“.   

2016