საერთაშორისო მიმოხილვა. 25 ნოემბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 25  ნოემბერი. 2024 წელი

დასავლეთში არ წყდება მსჯელობა რუსული ბალისტიკური საშუალო წვდომადობის რაკეტა Орешник-ის გამოყენების გამო.

 რამდენიმე საბრძოლო „თავაკით“ იყო აღჭურვილი ეს რაკეტა.

სწორედ ეს არის ყველაზე არსებითი და ამიტომ მიიჩნია ამ რაკეტის გამოყენება „დასავლეთის გაფრთხილებად“ ბევრმა ამერიკელმა და ევროპელმა ექსპერტმა.

 ანუ, როდესაც რაკეტას აქვს რამდენიმე საბრძოლო „თავაკი“, ისინი ბალისტიკური ტრაექტორიის მეორე ნწაილში იყოფიან და ცალ-ცალკე უტევენ სამიზნეს,

ეს სწორედაც კონტინენტთაშორისი ბირთვული რაკეტების მახასიათებელია.

მაგალითად რუსულ კონტინენტთაშორის რაკეტას დასავლური კვალიფიკაციით Satana არა მხოლოდ რამდენიმე სხვადასხვა ბირთვული თავაკი ჰქონდა, არამედ კიდევ ათამდე ყალბი საბრძოლო ნაწილიც, რომლის მიზანი იყო ამერიკის „რაკეტსაწინააღმდეგოს“ „დაღლა“ და „გადატვირთვა“.

ამ შემთხვევაში, Орешник არ არის კონტინენტთაშორისი რაკეტა, მაგრამ იმ რაკეტის მოდიფიკაციაა - მისი საშუალო სიშორის რაკეტად გადაკეთებით.

კვლავ შეგახსენებთ: რაკეტების ამ კლასის (500 კილომეტრიდან - 5000 კილომეტრამდე წვდომადობის) აკრძალვა და განადგურება მოხდა 1987 წლის ამერიკა-რუსეთის (რეიგან-გორბაჩოვის) ხელშეკრულების შესაბამისად.

თუმცა ჭკვიანი ხალხი მაშინვე წერდა, რომ მოსკოვი საბოლოოდ ამ ხელშეკრულებას არ შეასრულებდა.

 ზუსტად იმ ხელშეკრულებას ეწოდებოდა „საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების აკრძალვის შესახებ“

„ნაკლები“ აქ ნიშნავს სწორედ 500 კილომეტრიდან და ზემოთ.

500 კილომეტრამდე შორსმწვდომობის რაკეტა (მაგალითად SS-26 Iskander) არ იკრძალებოდა და ეს გარემოება ქმნიდა იმის შესაძლებლობას, რომ სწორედაც „Iskander“ (რაც რუსეთმა 2008 წლის 12 აგვისტოს გორში გამოიყენა და 12 ადამიანი მოკლა) გადაკეთებულიყო საშუალო სიშორის რაკეტად და არა მხოლოდ კონტინენტთაშორისიო რაკეტები.

ასე გამოვიდა, რომ ამერიკამ გაანადგურა რაკეტების ეს კლასი ხოლო რუსეთმა -არა.

Орешник ძალიან სერიოზული იარაღია. ყველაზე სერიოზული, რაც რუსეთს გამოუყენებია 2022 წლის აგრესიის მომენტიდან.

მისი სისწრაფეა 8 მახი ანუ 2-3 კილომეტრი წამში.

პუტინი იღრინებოდა ამ რაკეტის გამოყენებიდან ზუსტად 25 წუთის მერე: არც ერთი დასავლური წარმოების ანტისარაკეტო სისტემა ამ რაკეტის ჩამოგდებას ვერ შეძლებსო.

ანუ იგულისხმებოდა, კიევს თუ გავანადგურებთ, ვერც მაშინ ჩამოაგდებენ ისევე, როგორც დნეპრის თავზე ვერ ჩამოაგდეს „გაყოფილი“ საბრძოლო ნაწილებიო.

თუმცა ტყუილია, თითქოს არ არსებობს ასეთი ანტისარაკეტო სისტემა

გენიალურ ამერიკულ Patrtiot-ს ეს შეუძლია.

ძნელია, თუმცა გამორიცხული და შეუძლებელი არ არის.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სამარცხვინო სერბმა კინორეჟისორმა ემირ კუსტურიცამ თქვა, რომ ძალიან მოეწონა რუსული ბალისტიკური რაკეტა „Орешник“ - ით დარტყმა უკრაინულ ქალაქ დნეპრზე.

მისი თქმით, უკრაინა აგებს და რომ აგებს ესეც ძალიან კარგიაო.

ემირ კუსტურიცა დიდი ხელოვანია რასაკვირველია.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნაძირალა არ არის.

 2008 წელს სრულად და ერთმნიშვნელოვნად, აღტყინებით დაუჭირა მხარი რუსულ აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ. მაგრამ როცა რუსებმა შესთავაზეს: დიდ ფულს გადაგიხდით და „ანტიქართული მხატვრული ფილმი“ გადაიღე ამ თემაზეო.....უარი თქვა.

უარი თქვა იმიტომ, რომ სერბეთში უთხრეს: თუკი „სამხრეთ ოსეთის საქართველოდან გამოყოფას „აპრავებ“, მაშინ კოსოვო რატომ არ შეიძლება გამოეყოს სერბეთსო“.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ თავის დროზე (2008-2010წწ) არ ცნო კოსოვოს დამოუკიდებლობა და მოიქცა სწორად!

. . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინა შესაძლებელია გახდეს NATO-ს წევრი ისევე, როგორც თავის დროზე დასავლეთ გერმანია გახდა NATO-ს წევრი მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ გერმანია ოკუპირებული იყო სსრკ მიერ.

ამ არგუმენტს ხშირად გაიგონებდი საქართველოშიც.

 სამწუხაროდ, მთლად რელევანტური ანალოგიები არ არის და აი რატომ: ე.წ. გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც ოკუპირებული იყო სსრკ მიერ, „ინსტიტუციონალიზებულ“ Entity-ს (წარმონაქმნს) წარმოადგენდა.

შეგახსენებთ, რომ გდრ გაეროს სრულუფლებიანი წევრი იყო.

მას ოფიციალურად აღიარებდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა! დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა გდრ-თან და აღმოსავლეთ ბერლინში საელჩოც ჰქონდა.

ბუნებრივია, გდრ-ს აღიარებდა ყველა დასავლური სახელმწიფო და საელჩოების ჰქონდა.

 

ოღონდ პოროშენკოს განცხადება, რაოდენ ხელოვნურიც არ უნდა იყოს პარალელი გდრ-სა და დონბას- ყირიმს შორის (რაც რუსეთმა პირდაპირ მიიერთა) მაინც ნიშანდობლივია იმიტომ, რომ პირდაპირ ილინკება იმ გასაიდუმლოებულ, თუმცა აქტიურ კონსულტაციებთან, რაც ამჟამად მიმდინარეობს ტრამპის გუნდსა და პუტინის გუნდს შორის.

იკვეთება სამი აბსოლუტურად ურყევი პირობა, რასაც პუტინი აყენებს

ა) ფრონტი გაიყინება იმ ხაზზე, რაც რეალობა იქნება ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის, ოღონდ კურსკიდან უკრაინა უნდა გავიდეს

 

ბ) უნდა გამოირიცხოს უკრაინის გაწევრება ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში, ეს დაფიქსირდეს საგანგებო ხელშეკრულებით, რომლის ერთ-ერთი პირობა იქნება უკრაინის არმიის შემცირება და უკრაინისთვის იარაღის მიწოდების აკრძალვა

 

გ) რუსული ენა უნდა გამოცხადდეს მეორე სახელმწიფო ენად უკრაინაში.

 

 ეს სამი პირობა იმას ნიშნავს,. რომ 10 წლის შემდეგ..... იქნება თუ 30 წლის შემდეგ...... რუსეთი „იბევებს“ (ძალიან დიდი ბოდიში თბილისური ჟარგონისთვის) „სტოპ პერიოდს“ რათა ახალი აგრესიით უკრაინა სულ გაანადგუროს!!!

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

საინტერესოა გლობალური ინდუსტრიის ლიდერთა რეაქცია ტრამპის არჩევაზე აშშ პრეზიდენტად.

მაგალითად გერმანული ავტომწარმოებლების Handelsblatt Volkswagen AG, BMW და Mercedes-Benz ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ თუ დონალდ ტრამპი შეასრულებს პირობას, რაც მან ამერიკელ ავტომწარმოებლებს მისცა, მაშინ გერმანული ავტომრეწვი მოგების (! - და არა შემოსავლის, რაც ბევრს ეშლება როცა აიგივებს) დაახლოებით 20%-ს დაკარგავს და ეს რასაკვირველია არ არის ცოტა.

უფრო მეტიც, შესაძლოა სისტემურად მძიმე აღმოჩნდეს.

გერმანიამ ამერიკაში დაახლოებით 900 000 ავტომობილს ყიდის. აქედან 583 000 ავტომობილი, გასულ წელს ექსპორტირებული იყო ამერიკის ბაზარზე უშუალოდ გერმანიიდან, ხოლო კიდევ 343 000 ავტომობილი - მექსიკიდან. ანუ იმ ქარხნიდან, რომელიც გერმანულმა ავტოინდუსტრიამ მექსიკაში გახსნა.

აქ არის ნიუანსები: Porsche ამერიკაში ყიდის მისი ელიტური და ექსკლუზიური ნაკეთობის მხოლოდ იმ ნიმუშებს, რომლებიც უშუალოდ გერმანიაშია წარმოებული. ძალიან არაპოლიტკორექტულად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ამასაც სისტემური მიზეზი აქვს ნამდვილად: „არ ენდობიან“ მექსიკაში მუშა-ხელის და თუნდაც საინჟინრო პერსონალის კვალიფიკაციას - გერმანელი „კოლეგებისგან“ განსხვავებით.

ასევე „ბუგატი“, რომლის ძრავს Volkswagen აწყობს, მხოლოდ ევროპაში წარმოებული იგზავნება ამერიკაში.

სამაგიეროდ ამჟამინდელი ბესტსელერი Audi Q5 მექსიკაში ეწყობა.

BMW და Mercedes-Benz აგრეთვე ფლობენ ქარხნებს მექსიკაში.

ოღონდ აქ არის მნიშვნელოვანი გარემოება: ყველა ჩამოთვლილ გერმანულ გიგანტს აქვთ ქარხნები თვით ამერიკაში(ც) და ტრამპის განცხადება, ტრამპის დაპირება მათ რასაკვირველია არ ეხება.

თუ (!) ტრამპი შეასრულებს პირობას, ეს ამერიკასა და ევროკავშირს შორის სრულფასოვან ეკონომიკურ ომს ნიშნავს.

თუმცა დამკვირვებლები ამბობენ, რომ ასე შორს ტრამპი არ წავა. მაგრამ თუ წავა....ევროპულ ინდუსტრიას უდიდესი დანაკარგი ექნება;

 მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთში მნიშვნელოვნად შემცირდა ევროპული ავტომობილების გაყიდვა რა თქმა უნდა შემცირდებოდა, რაკი ჩინურმა ავტომრეწვმა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი გამარჯვება“ მოიპოვა:

ჩინური ავტომობილები კონკურენტუნარიანნი არიან უკვე არა მხოლოდ სიიაფით (ბევრი ნიმუში სულაც არ არის ძალიან იაფი) არამედ ხარისხითაც.

ვერ შეედრება ჯერ გერმანულს ჩინური მანქანები, თუმცა სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება და მით უმეტეს ჩინურ მილიარდნახევრიან ბაზარზე გერმანულ, ფრანგულ და ბრიტანულ მანქანებს ჩინურ ბაზრებზე (!) რომ კონკურენციას გაუწევენ ჩინური მანქანები გასაკვირი არ არის.

მით უმეტეს ჩინური სახელმწიფო პროპაგანდის და იმ ბერკეტების გათვალისწინებით, რაც მარკეტინგშიც აქვს ტოტალიტარულ სახელმწიფოს.

და რაც ყველაზე არსებითია, ახლოვდება საბედისწერო თარიღი, 2030 წელი, როცა ევროკავშირში საერთოდ აიკრძალება შიდა წვის (მათ შორის ჰიბრიდული) ავტომობილების გაყიდვა

ჩინეთი ამ თარიღისთვის ისე ემზადება, როგორც „ვეფხვი ემზადება ნახტომისთვის“- ეს მეტაფორა შემხვდა ერთ-ერთ დასავლურ გამოცემაში: მართლაც, ჩინური ელექტრომობილები სწორედაც შესაძლოა ძალიან კონკურენტუნარიანნი აღმოჩნდნენ ევროპულ ბაზრებზე და ევროპის გენიალურ ინდუსტრიებს სისტემური პრობლემები შეუქმნან.