ისრაელი კავკასიურ თამაშში ერთვება

ისრაელი კავკასიურ თამაშში ერთვება

  

    ოთხშაბათს, ისრაელის ფაქტობრივ დედაქალაქში, წმინდა იერუსალიმში, ედუარდ შევარდნაძეს გადასცეს «ისრაელის დემოკრატიის ინსტიტუტის» ჯილდო - ოქროს მედალი «საქართველოში დემოკრატიის დამკვიდრებისა და საბჭოთა კავშირიდან ებრაელთა რეპატრიაციაში შეტანილი წვლილისათვის».
    თუმცა, შევარდნაძე იმთავითვე აცხადებდა, რომ ისრაელში სამუშაო ვიზიტის ძირითადი მიზანი პრემიის მიღება არ ყოფილა. იგი შეხვდა ისრაელის პრეზიდენტ ვაიცმანს, რომელიც კონსტიტუციურად თითქოს ნომინალური ფიგურაა, მაგრამ მაინც დიდი ავტორიტეტით სარგებლობს; აგრეთვე პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსა და მისი კაბინეტის სხვა წევრებს. მათ შორის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს, წარსულში ცნობილ დისიდენტს ნათან შარანსკის (მას უახლოეს მომავალში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრობასაც კი უწინასწარმეტყველებენ).
    ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოლაპარაკება შეეხო ისრაელ-საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს. ებრაული პოლიტიკა აქტიურად დაინტერესდა კასპიის ნავთობით. შეიძლება თამამად ითქვას: იმ დიდ თამაშში, რაც ამჟამად კასპიის ნავთობის გარშემო მიმდინარეობს, ახალი, ძალიან ძლიერი მოთამაშე ჩნდება.
    საკუთრივ ნავთობი ებრაელებს არ აინტერესებთ - ეს პრობლემა კარგა ხნის წინ გადაწყვიტეს და ისრაელში ყოფნისას ენერგეტიკული კრიზისი არ იგრძნობა, მაგრამ ნამდვილად არ უნდა იყოს შემთხვევითი ნეთანიაჰუს ამასწინანდელი მოულოდნელი ვიზიტი ბაქოში. ამით ისრაელმა სომხეთსა და რუსეთს აგრძნობინა, რომ თუ არ დაანებებენ თავს ირანთან ფლირტს, - სამუდამოდ გადაიკიდებენ ებრაელ ხალხს, რომლის ნება-სურვილზე, დღევანდელ მსოფლიოში ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული.
    საქართველოსათვის ძალთა ასეთი განლაგება უაღრესად ხელსაყრელია. ისრაელი კატეგორიულად წინააღმდეგი იქნება ნავთობსადენის ირანზე გაყვანისა და, შესაბამისად, ვაშინგტონში თავის უმძლავრეს ბერკეტებს აამოქმედებს, რათა ნავთობსადენმა საქართველოზე გაიაროს.
    რუსეთის მარშრუტიც მიუღებელი იქნება თელ-ავივისათვის, ვინაიდან კავკასიაში უკვე აშკარად იკვეთება მოსკოვ-ერევან-თეირანის გეოპოლიტიკური ღერძის საყრდენი.
    ნავთობსადენის გარდა არის ისრაელთან თანამშრომლობის სხვა, არანაკლებ პერსპექტიული მიმართულებები: ებრაული კაპიტალი მზადაა საქართველოში შემოსვლისათვის. ლიბერალური რეფორმების გარდა ებრაელ კაპიტალისტებს ისიც ახალისებთ, რომ საქართველო სემიტოფილურ ქვეყნად ითვლება, ანუ საქართველოში არასდროს ყოფილა ებრაელთა დარბევები, არ ხდება ანტისემიტური განწყობის კულტივირება. შესაძლოა, ედუარდ შევარდნაძე ამიტომაც გეგმავდეს მიმდინარე წელს, საქართველოში ებრაელთა დაფუძნების 26-საუკუნოვანი იუბილეს აღნიშვნას, რათა ეს განწყობილება კიდევ უფრო გააძლიეროს და ყოვლისმომცველი გახადოს.
    იმავე ნათან შარანსკიმ კი ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა: «ცოტა არ იყოს განმაცვიფრა თქვენთან ეკონომიკური ზრდის ტემპმა. ინფლაცია 6 პროცენტია, ეკონომიკური ზრდის ტემპი კი - 10 პროცენტი. ნეტავ ჩვენ გვქონდეს ასეთი მაჩვენებლები. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურ ციფრებში ეს მაინც ძალიან ცოტაა, თავისთავად ზრდის ასეთი ტემპი მაინც ბევრის მთქმელია».
    მისივე აზრით, ისრაელმა და საქართველომ შეიძლება ითანამშრომლონ მარგანეცის საბადოთა ათვისების სფეროშიც. ამ პროექტის საერთო ღირებულება 3 მილიარდი (!) დოლარია.
    ედუარდ შევარდნაძის გადაწყვეტილებით, ისრაელში იხსნება საქართველოს საელჩო. ელჩად დანიშნულია რევაზ გაჩეჩილაძე. თავისთავად ის ფაქტი, რომ საელჩო ისრაელში გვიან იხსნება, ცოტა არ იყოს შემაშფოთებელი ტენდენციის მაჩვენებელია. ამ პატარა ქვეყანას იმდენი რამ ძალუძს - საელჩო უმალვე უნდა გაგვეხსნა, როგორც კი ამის საშუალება მოგვეცა. ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში მისი გახსნა მოიცდიდა, - ისრაელთან სრულფასოვანი ურთიერთობების დამყარებით კი ნამდვილად მოვიგებდით.
    ისრაელის მთავრობა სხვა არაერთი პრობლემის გადაწყვეტაშიც შეიძლება დაგვეხმაროს. მაგალითად, იერუსალიმის ჯვრის მონასტერი დღეს კათოლიკურ ეკლესიას ეკუთვნის. არადა იგი ქართული კულტურის ერთ-ერთი უბრწყინვალესი ძეგლია და, რა თქმა უნდა, სამართლიანობა მოითხოვს საქართველოს ეკუთვნოდეს.
    ოთხშაბათს გაიმართა ედუარდ შევარდნაძის დაჯილდოვებისადმი მიძღვნილი ბანკეტი, რომელსაც სამხედროების ჩათვლით ისრაელის მთელი ელიტა დაესწრო. ამ ღონისძიებაზე არა მხოლოდ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, არამედ ლეგენდარული იცხაკ შამირის (70-80-იანი წლების პრემიერის) დასწრებაც ნიშანდობლივ ფაქტად უნდა იქნას მიჩნეული. შამირი ისრაელში ურყევი ავტორიტეტით სარგებლობს და მის სიტყვას კვლავინდებურად დიდ ყურადღებას აქცევენ.

მერიდიანი, 16 იანვარი, 1998 წ.