ქართულმა პოლიტოკრატიამ ჭკუა ვერა და ვერ ისწავლა

ქართულმა პოლიტოკრატიამ ჭკუა ვერა და ვერ ისწავლა


   

    მომავალი საპარლამენტო არჩევნები «გრუხუნით» გვიახლოვდება და ძალიან საინტერესო შედეგებს გვპირდება. თუმცა, იმთავითვე ცხადია, რომ ეს შედეგი ისეთი ვერ იქნება, როგორც ძალიან ბევრს აქვს ამჟამად წარმოდგენილი. დაუჯერებელია, მაგრამ განვლილი არჩევნების მწარე გამოცდილებამ ქართულ პოლიტიკურ ელიტას ფაქტობრივად ვერაფერი ასწავლა, - კვლავ მეორდება იგივე შეცდომები, იგივე ამბიციათა ბრძოლა, რაც უეჭველად გამოიღებს იმ შედეგს, რომ ისევ და ისევ, ყველანი ერთად დამარცხდებიან და ერთ ისტორიულ სანაგვეში ამოჰყოფენ თავს.
    თანაც, მომავალი საპარლამენტო არჩევნები «ჩვეულებრი « არ გეგონოთ. 1999 წლის შემოდგომაზე საბოლოოდ «დაიწმინდება» და «გაირკვევა» საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ქვეყანას 21-ე საუკუნეში გადაჰყვება.
    ბევრ პოლიტიკურ პარტიას ამ მომენტის მნიშვნელობა არც აქვს გაცნობიერებული. მათ ისიც კი არ ესმით, რას ნიშნავს 5-პროცენტიანი ბარიერი. წინა არჩევნებს თითქოს უნდა ესწავლებინა მათთვის ჭკუა, - ხომ უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ გაერთიანების გარეშე ვერაფერს გახდებიან?! თანაც, 1995 წლიდან დღემდე მდგომარეობა პატარ-პატარა პარტიებისათვის არ გაუმჯობესებულა - უფრო პირიქით, - შესამჩნევად დამძიმდა კიდეც.
    ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება ე.წ. მემარჯვენე პარტიებს, რომლებიც ისტორიული კრახისაკენ თავბრუდამხვევი სისწრაფით მიექანებიან, რაკი მათივე უნიათობის წყალობით საქართველოს მოსახლეობას (რუსეთის მსგავსად) «მემარცხენე ნოსტალგიამ» დარია ხელი. შედეგად, «მმართველი პარტია» მემარჯვენე ფლანგზე აღმოჩნდა, რამაც წვრილ-წვრილი პარტიების შანსი კიდევ უფრო შეამცირა.
    ამჟამად მემარჯვენე ფლანგზე რამდენიმე პოლიტიკური გაერთიანება იქმნება: ედპ, რესპუბლიკელები, ტრადიციონალისტები, ილია ჭავჭავაძისა და მერაბ კოსტავას საზოგადოებები, გაერთიანებული რესპუბლიკური პარტია და ზვიადისტური დაჯგუფებები.
    ამ ალიანსის შემოქმედთ იმედი აქვთ, რომ 5-პროცენტიან ბარიერს უეჭველად გადალახავენ; არადა, ასეთი თავდაჯერება მართლაც რომ საოცარია. სინამდვილეში (აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ), საარჩევნო კვოტის დაგროვებისა და ბარიერის გადალახვის შანსი მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ ყველანი ერთ ბლოკად გაერთიანდებიან.
    თანაც, შანსი ამ შემთხვევაშიც ძალიან მცირე ექნებათ, - თუ არ ჩავთვლით ბლოკს, რომელსაც ირინა სარიშვილი-ჭანტურია უდგას სათავეში. თუმცა, ამ ბლოკსაც ძალიან სერიოზული პრობლემები ექნება.
    როგორც ჩანს, მომავალ არჩევნებში «მემარჯვენე პარტიები», მათ შორის ის პარტიები, რომლებიც საკუთარ იდეოლოგიას «ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას» უკავშირებენ, საბოლოოდ დამარცხდებიან და წავლენ პოლიტიკური ასპარეზიდან - ისტორიულ მოუსავლეთში.
    ეს ძალიან არ უნდათ, მაგრამ არც ამბიციები ეთმობათ. შედეგად კი, მომავალი პარლამენტი შეიძლება ორპარტიული აღმოჩნდეს და «მესამე პარტია» საერთოდ აღარ იყოს წარმოდგენილი. ასეთი იქნება შედეგი «წვრილ-წვრილი» პარტიების ლაგამაყრილი ამბიციებისა, - მათ დღემდე ვერ შეიგნეს, რომ ელექტორატი (ბუნებრივია, დასავლური გაგებით) საქართველოში მოსახლეობის 2-3 პროცენტს თუ მოიცავს. დანარჩენი მასა არჩევანს პოლიტიკური შეხედულებებით არ აკეთებს. უკეთეს შემთხვევაში, იგი კვლავაც მოქმედებს განწყობის შესაბამისად.
    ამ ვითარებაში არჩევნების მოსაგებად (განსახილველ საკითხში, - 5-პროცენტიანი ბარიერის გადასალახად) ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ კონსოლიდაციაა.
    გაუგებარია, მაინც რა ისეთი განსხვავებაა ამ პარტიათა პროგრამებს შორის, რომ გაერთიანებას ვერ ახერხებენ? არანაირი - ერთნაირი პოზიციები აქვთ (ან თითქმის ერთნაირი – რაც ხელს არ შეუშლის თუნდაც დროებით საარჩევნო ბლოკის შექმნას) ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე, საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის თვალსაზრისით და ა.შ.
    «შეუთავსებლობა» ნამდვილად მოჩვენებითია, თუ, რა თქმა უნდა, საუბარია პოლიტიკურ შეუთავსებლობაზე და არა პირად ამბიციებზე.
    ზემოთჩამოთვლილი გაერთიანებებიდან (კიდევ კარგი, მიხვდნენ, რომ საერთოდ აზრი არ ჰქონდა არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობას) ყველაზე ძლიერი უდავოდ «ედპ»-ს და «რესპუბლიკელების» ალიანსია, რასაც ემატება «თავისუფლების პარტია».
    ხოლო რაც შეეხება თანამედროვე «ქრისტიან-დემოკრატებს», მიუხედავად «პერსპექტიულობისა», მარტო ვერც ის მოახერხებს ბარიერის გადალახვას.
    მით უმეტეს, რომ ელექტორატის აქტიურობა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე ადგილობრივ არჩევნებზე იყო. მართალია ისმის, რომ «ბასილია პრეზიდენტის თანაშემწეა», - რეალურად ეს გაუმართლებელი არგუმენტია, ვინაიდან სულ ერთია, ბლოკი არ მოიაზრება ედუარდ შევარდნაძის მოწინააღმდეგედ.
    «მესამე პოლიტიკური ცენტრის» პრეტენზია აქვს ჩხეიძე-ადამია-ნათაძის გაერთიანებასაც. უმთავრესად იმ მოტივით, რომ ისინი ედუარდ შევარდნაძის შეურიგებელ მოწინააღმდეგეებად თვლიან თავს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ყოველგვარ პოზიციას არგუმენტირება ესაჭიროება, - თუ საუბარია შევარდნაძის «პრორუსულ ორიენტაციაზე», - დღეს ამგვარი არგუმენტი უკვე სასაცილოდ ჟღერს და საერთოდ, საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდა (კიდევ კარგი, ამ ფუნდამენტური პრობლემის გადაწყვეტა მაინც შევძელით);
    1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში დახავსებული ლოზუნგებით გამოსვლა და ღია კარის მტვრევა კი კარგს არაფერს მოიტანს.
    ყველაზე მეტად გაურკვეველია გიორგაძე-წერეთელი-ასათიანის ალიანსის მომავალი. 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვას, ალბათ, ვერც იგი შეძლებს, - საამისო რესურსები არც ერთი თვალსაზრისით არ ეყოფათ.
    თანაც, «ტრადიციონალისტებსა» და «სახალხოელებს» ხომ გაცილებით მეტზე ჰქონდათ პრეტენზია, მაგრამ რეალობა სხვაგვარია, - მემარჯვენე პარტიებს იგი სრულ კრახს უქადის, თუ დროულად არ მოეგებიან გონს და «ამბიციებით ჟონგლიორობას» თავს არ დაანებებენ.

მერიდიანი, 17 თებერვალი, 1999 წელი