......იცრუოს ისე, რომ ტყუილი არ თქვას. «სიცრუე ტყუილის გარეშე»

......იცრუოს ისე, რომ ტყუილი არ თქვას. «სიცრუე ტყუილის გარეშე»

სიცრუე ტყუილის გარეშე

    «Независисимая газета»-ს ერთ-ერთ ბოლო ნომერში გამოქვეყნებულია ცნობილი პოლიტოლოგის, იგორ როტარის სტატია «Крым - Приднестровые - Абхазия, схожесть и различние». ეს სტატია თვალსაჩინო ნიმუშია იმისა, თუ როგორ მოქმედებს რუსეთის საინფორმაციო იარაღი და რა მიმართულებით აანალიზებს რუსული პოლიტიკური აზრი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებს.

    ადრეც მითქვამს: რუსეთის საინფორმაციო მანქანას ახასიათებს ერთი განსაცვიფრებელი თვისება - მას შეუძლია იცრუოს ისე, რომ ტყუილი არ თქვას. «სიცრუე ტყუილის გარეშე» - რუსული ჟურნალისტიკის არსებობის წესი, მისი ძირითადი მეთოდია. მოვიყვან ასეთ მაგალითს. სტატიაში ვკითხულობთ: «Абхазии очень помогло то обстоятельство, что она была окружена этничесски родственными народами, которые после одностороннего упразднения Автономии, пришли на помошь братскому народу, папавшему в беду"
    განცვიფრებას იწვევს სიტყვები «… После одностороннего упразднения Автономии…».  მკითხველს უეჭველად დარჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ რუსი ჟურნალისტი საქართველოს აბრალებს აფხაზური ავტონომიის გაუქმებას. დიახ, იგორ როტარს სწორედ ასეთი შთაბეჭდილების შექმნა სურს. მას სურს, მკითხველს (ამ გაზეთს მთელ მსოფლიოში კითხულობენ - იგი მილიონიანი ტირაჟით გამოდის) შეუქმნას ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ომის მიზეზი საქართველოს მიერ აფხაზური ავტონომიის გაუქმება იყო.
    ერთი შეხედვით, ძალზე უხეში ხერხია - ადვილად დავამტკიცებთ, რომ პოლიტოლოგი ცრუობს (აფხაზური ავტონომია არავის გაუუქმებია), მაგრამ... საქმეც ის გახლავთ, რომ როტარი ცრუობს, მაგრამ არ ტყუის  და მისი მხილება შეუძლებელია. როდესაც წერს "… Oдностороннее упраздненой Автономии…" იგი (ფორმალურად) გულისხმობს არა საქართველოს მიერ აფხაზური ავტონომიის გაუქმებას, არამედ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს მიერ 1924 წლის კონსტიტუციის აღდგენას, რითაც მართლაც „ცალმხრივად გაუქმდა“ ავტონომია.
    რა თქმა უნდა, თუ როტარს პირდაპირ დავდებთ ბრალს დეზინფორმაციაში, იგი სწორედ ასეთ განმარტებას მისცემს თავის სტატიას და (ფორმალურად) აბსოლუტურად მართალიც იქნება, მაგრამ მთავარი ხომ ის არის, რომ ასეთი გაიძვერული (სხვა სახელი, თუ შესაძლებელია, - თქვენ დაარქვით) ხერხით მას სურს შექმნას სწორედ ის შთაბეჭდილება გაუთვითცნობიერებელ მკითხველში, რომ აფხაზეთის ავტონომია ქართველებმა გავაუქმეთ და სწორედ ეს გახდა ომის მიზეზი.

    იმავე "Независисимая газета»-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრეს-კონფერენციის შესახებ, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია საქართველოში და უკიდურესად დაძაბა ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის.
    შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს სტატია თავიდან ბოლომდე დეზინფორმაციაზე იყო აგებული. თუმცა, დარწმუნებული ვარ, თუ საკითხს ბოლომდე გამოვიკვლევთ, «Независисимая газета» კვლავ შეძლებს  თავი გაიმართლოს და ისევ დავინახავთ, რომ ეს დეზინფორმაციაც იმავე პრინციპზე იყო აგებული. ანუ სიცრუეზე - ტყუილის გარეშე.
    აქ უეჭველად იბადება კითხვა: კი მაგრამ, «Независисимая газета» ხომ ერთ-ერთი ყველაზე რესპექტაბელური, თავისუფალი, დემოკრატიული გაზეთია რუსეთში? მაშ როგორ შეიძლება იგი ასეთ უკადრის (დიახ უკადრის) ხერხებს და მეთოდებს მიმართავდეს? ესეც ხომ ჟირინოვსკის გაზეთი არ არის და არც «კომუნისტური ნოსტალგიით» შეპყრობილი გამოცემაა?
    ამ კითხვაზე სწორი პასუხი ისევ და ისევ იმ ჭეშმარიტებიდან გამომდინარეობს, რომ რუსეთში ინფორმაციის სფერო, სტრატეგიული თვალსაზრისით, არასდროს ყოფილა და არც არასდროს იქნება თავისუფალი იმპერიული პოლიტიკისაგან.
    იგი ყოველთვის ასრულებდა და კვლავ შეასრულებს რუსეთის სპეცსამსახურთა შეკვეთებს, რომლებიც «დემოკრატიის საფარქვეშ» ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებში მაქსიმალური დესტაბილიზაციის გამოწვევას ისახავენ მიზნად.
    მაგრამ ესეც არ არის სრული სიმართლე. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ: რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესთა მიმართებაში არავითარი «ორი რუსეთი» არ არსებობს, ამ თვალსაზრისით «Независисимая газета»-ს რედაქტორი, ვიტალი ტრეტიაკოვი ისეთივე იმპერიალისტია, როგორც "Правда"-ს რედაქტორი აფანასიევი. და თუ მათ შორის აზრთა სხვაობა არსებობს სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებაში, თუ ისინი დავობენ იმაზე, როგორი ეკონომიკური მოდელი უნდა აირჩიოს რუსეთმა, - თავისი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის საკითხებში, განსაკუთრებით ე.წ. «ახლო საზღვარგარეთში», ისინი ტყუპისცალივით ჰგვანან ერთმანეთს. ოღონდ, თუ "Правда" პირდაპირ და ურცხვად ტყუის, «Независисимая газета» შეეცდება ისე იცრუოს, რომ ტყუილი არ თქვას.
    ამავე კონტექსტში, გავიხსენოთ, როგორი იყო მეორე არანაკლებ ცნობილი დემოკრატიული გაზეთის, "Московские Новости"-ს პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში.
    განსაცვიფრებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ერთსა და იმავე პიროვნებებს ეს გაზეთი დიამეტრულად საპირისპიროდ აფასებდა დეკემბერ-იანვრის მოვლენებამდე და ამ მოვლენების შემდეგ. მიზეზი ადვილი ასახსნელია: გაზეთი ესწრაფოდა  სიტუაციის დესტაბილიზაციას.
    სწორედ ამიტომ, ის პიროვნება (მაგალითად ჯაბა იოსელიანი), რომელიც ერთ პერიოდში მისთვის «დემოკრატიისათვის მებრძოლი რაინდი» იყო, მეორე პერიოდში უმალვე იქცა «კრიმინალად» და «მაფიოზური კლანის მეთაურად».
    თუმცა, განსაცვიფრებელი იმაში ბევრი არაფერია, თუ გავითვალისწინებთ: "Московские Новости" ყოველთვის სუკ-ის კმაყოფაზე იმყოფებოდა და მორჩილად ასრულებდა ამ ყოვლისშემძლე უწყების მიერ შეკვეთილ პროპაგანდისტულ და იდეოლოგიურ დივერსიებს. დღესაც იგივეს აკეთებს, ოღონდ ამჯერად «დემოკრატიის» საფარქვეშ.
    დავუბრუნდეთ ისევ ზემოთხსენებულ სტატიას. იგორ როტარი პარალელს ავლებს ყირიმს, დნესტრისპირეთსა და აფხაზეთს შორის. საინტერესოა რომ მას მოაქვს დნესტრისპირეთში განლაგებული რუსული არმიის მხედართმთავრის, ალექსანდრე ლებედის სიტყვები: «თუ რუსეთი დნესტრისპირეთში მყარად დამკვიდრებას შეძლებს, იგი სრულად გააკონტროლებს ვითარებას ბალკანეთის ნახევარკუნძულზე».
    როტარი, რა თქმა უნდა, პირდაპირ არ ამბობს სათქმელს, ათასგვარ ქარაგმას მიმართავს, მაგრამ მაინც ცხადი ხდება მისი მთავარი აზრი: ყირიმიც, დნესტრისპირეთიცა და აფხაზეთიც რუსული სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ინსტრუმენტებია.

«ივერია-ექსპრესი», 18 მარტი 1994 წელი.