კვირის მიმოხილვა: რა ელის შევარდნაძეს მოსკოვში?

კვირის მიმოხილვა: რა ელის შევარდნაძეს მოსკოვში?

    გასული კვირის უმთავრესი თემა კვლავ აფხაზეთის პრობლემა და მის გარშემო გაშლილი ურთულესი პოლიტიკური ინტრიგა იყო. უფრო ზუსტად, რუსეთმა ფართო «ბადე გაშალა» ეგრეთ წოდებული «სამშვიდობო ოქმის» ირგვლივ და ახლა მოთმინებით ელის, გაებმება თუ არა მასში ედუარდ შევარდნაძე.
    საქართველოს პრეზიდენტმა საკმაოდ ოსტატურად და წარმატებით «გამოიჭირა სიტყვაში» თავისი რუსი კოლეგა ბორის ელცინი: «აფხაზეთში სამშვიდობო პროცესის საბოლოო მიზანია ერთიანი და მთლიანი საქართველო». ახლა ეს ფორმულა უკვე ქართული პოლიტიკის კოზირი ხდება, მაგრამ საერთო ეიფორიაში ცოტამ თუ მიაქცია ყურადღება, რომ ელცინის ფრაზას გაგრძელება ჰქონდა: «მე ვაპირებ მოვიწვიო მოსკოვში საქართველოს პრეზიდენტი და აფხაზეთის ლიდერი, რათა ხელი მოეწეროს ოქმს მშვიდობის შესახებ - ამის შემდეგ კი დაუყოვნებლივ დავიწყებთ სამშვიდობო ჯარების გაყვანას».
    რუსეთის პრეზიდენტის ეს სიტყვები იმას ნიშნავს, რომ რუსეთი არ გაიყვანს აფხაზეთიდან სამშვიდობო ჯარს აფხაზური მხარის თანხმობის გარეშე. დიახ, თუკი ჯარების გაყვანაზე ფიქრს მხოლოდ მას შემდეგ დაიწყებენ, რაც «მხარეები ხელს მოაწერენ ოქმს მშვიდობის შესახებ», მაშასადამე, გამოდის, რუსეთი უპასუხოდ დატოვებს და არ დააკმაყოფილებს საქართველოს შესაძლო მოთხოვნას «მშვიდობისმყოფელთა» გაყვანის თაობაზე მანამ, სანამ მხარეები (ორივე მხარე) არ შეთანხმდებიან «ოქმის» დებულებათა შესახებ.
    ჯერჯერობით ელცინმა ამჯობინა, ეს პირდაპირ, ღიად არ ეთქვა, რადგან არც საქართველოს დაუსვამს კატეგორიულად ჯარების გაყვანის საკითხი; მაგრამ გარწმუნებთ, როგორც კი საქართველო ერთმნიშვნელოვნად მოითხოვს სამშვიდობო ძალთა გასვლას - ელცინი პირდაპირ იტყვის ამას, რაც «ვოლჟსკი უტიოსში» ქარაგმულად თქვა.
    ახლა, რაც შეეხება «მოსკოვის სამიტს» ელცინის, შევადრნაძის და არძინბას მონაწილეობით. ღმერთმა ნუ ქნას, საქართველოს პრეზიდენტი ამ ანკესზე წამოეგოს და მოსკოვში გაემგზავროს - ამით (პირდაპირ ვიტყვი) თავს ლაფს დაისხამს! ძნელი წარმოსადგენი არ არის რას უმზადებენ საქართველოს პრეზიდენტს: ბორის ელცინი ისეთსავე ვითარებას შექმნის, როგორც ჩრდილო-ოსეთისა და ინგუშეთის პრეზიდენტთა შეხვედრისას: ჩადგება «მკაცრი მომრიგებლის» პოზაში და ორივე მხარეს პატარა ბავშვივით დატუქსავს. ედუარდ შევარდნაძეს და ვლადისლავ არძინბას მოსკოვში ისე მიიღებენ, როგორც აბსოლუტურად თანასწორუფლებიან რესპუბლიკათა ლიდერებს: «მსუბუქად უსაყვედურებენ» ორივეს - დღემდე კომპრომისს რატომ ვერ მიაღწიეთო და საჯაროდ შესთავაზებენ ხელმოსაწერად ავადსახსენებელ ოქმს, რომელიც აბსოლუტურად მისაღებია აფხაზური მხარისთვის და ასევე აბსოლუტურად მიუღებელია საქართველოსთვის.
    თუმცა, ელცინს მაინცდამაინც არც ის ანაღვლებს, მოაწერს თუ არა შევარდნაძე ხელს ამ დოკუმენტს, - მთავარია, იგი მოსკოვში ჩამოიტყუოს, რათა მთელი მსოფლიოს თვალწინ გაათანაბროს არძინბასთან და კავკასიაში კონფლიქტების მოგვარებისას საკუთარი «განსაკუთრებული მისიაც» დაადასტუროს.
    გავიხსენოთ 1992 წლის 3 სექტემბერი. ყველა ჭკუათმყოფელი ქართველისათვის შეურაცხმყოფელი იყო სცენა, როდესაც ელცინმა შევარდნაძესა და არძინბას ხელი ჩამოართმევინა (აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი კიდეც გაუძალიანდა), ხოლო შემდეგ თავადაც ჩამოჰკრა ხელი «ჰოპ» - საერთო სიცილ-ხარხარსა და დაცინვაში.
    რუსებმა მაშინ შევარდნაძის დამცირებით დიდად იჯერეს გული. ელცინს უეჭველად სურს, იგივე სცენა ახლაც გაიმეოროს - ისეთივე ანგაჟირებით, პოლიტიკური ანტურაჟითა და საქართველოსათვის დამამცირებელი ქვეტექსტებით. არამზადა არძინბას რა ენაღვლება, - საქართველოს პრეზიდენტთან გათანაბრება მისთვის უკვე წარმატებაა, ვინაიდან ამით აფხაზეთი საქართველოსთან თანაბრდება. ნურავინ იფიქრებს, თითქოს გარეგნული შთაბეჭდილება დიდ პოლიტიკაში ცოტას ნიშნავდეს, - ხშირად სწორედ იგი ხდება განმსაზღვრელი ფაქტორი.
    თუ ელცინის ხრიკმა წარმატებას მიაღწია, მთელს მსოფლიოს შეექმნება ასეთი შთაბეჭდილება: კავკასიის ბატონ-პატრონმა, ბორის ელცინმა მოსკოვში მიიწვია არა მხოლოდ ინგუშეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის, არამედ კიდევ ორი კავკასიური რესპუბლიკის, - საქართველოს და აფხაზეთის ლიდერები; ეს ორი რესპუბლიკაც ერთმანეთს ექიშპება 5 წელია; რუსეთი ბევრს ცდილობს, მაგრამ ვერა და ვერ შეარიგა მათი პრეზიდენტები - ახლაც დაიბარა, დაუყვავა, დატუქსა, თითიც დაუქნია და შერიგება უბრძანა.
    თუ რუსეთი ამგვარი შთაბეჭდილების შექმნას შეძლებს (არადა, სწორედ ეს არის მისი მიზანი - სხვა მოტივი ბორის ელცინს არ გააჩნია), საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი ნულს გაუტოლდება.
    რამდენს არ ეცადა რუსეთი, რა ხრიკს არ მიმართა, მაგრამ ვერაფრით აიძულა აზერბაიჯანის პრეზიდენტი - ეგრეთ წოდებული «მთიანი ყარაბაღის» პრეზიდენტს შეხვედროდა. ამით აზერბაიჯანმა პოლიტიკური სახე შეინარჩუნა. საერთაშორისო არენაზე ქვეყნის ავტორიტეტსა და ღირსებას კი სწორედ მისი პოლიტიკური სახე განსაზღვრავს.

რუსული «პროტოკოლი» საქართველოსათვის სასიკვდილო განაჩენია

    რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის «დაუძინებელი მეგობრის» - ბორის პასტუხოვის მომზადებულ ოქმს (ოფიციალურად მას ეწოდება «ოქმი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მონაწილეთა შორის ნდობის განმტკიცების ღონისძიებათა შესახებ), ამ დოკუმენტის ხელმოწერა ქართული დიპლომატიის სამუდამო და გამოუსწორებელი კრახი იქნება.
    საოცარია, რა დიდოსტატურად ატყუებენ ჩვენს დიპლომატებს მათი აფხაზი და რუსი კოლეგები - ისე ატყუებენ, რომ მოტყუებულები პირში ჩალაგამოვლებულები რჩებიან და მერე თავადაც უკვირთ: ასე სულელურად როგორ გაგვაბრიყვესო. ამ მხრივ ბევრი არაფერი შეცვლილა 1992 წლის 3 სექტემბრის ხელშეკრულების შემდეგ; თუმცა, დღევანდელ «ოქმამდე» იყო 16 მაისის, 27 ივლისის ხელშეკრულებები, აგრეთვე «ნიუ-იორკისა» და «ჟენევის» შეთანხმებები - თითოეული მათგანის შედეგად ქართული მხარე მოტყუებული და გაცუცურაკებული რჩებოდა, აფხაზები კი სულ უფრო იმტკიცებდნენ პოზიციებს, თუმცა, საამისო საწყისი პირობები მისთვის თითქოს არ ჰქონდათ.
    ყურადღებით წავიკითხოთ «პროტოკოლის» ტექსტი მხარეთა მისწრაფებების გათვალისწინებით. რისკენ ისწრაფვის აფხაზური მხარე? - მას სურს, გააუქმოს ეკონომიკური სანქციები, გახსნას საზღვარი ფსოუზე და თავისუფლად ამოისუნთქოს. ასევე, დააკანონოს სამშვიდობო ძალთა ყოფნა «საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე». ამით იურიდიულ დამოუკიდებლობას ვერ მიაღწევს, მაგრამ მყარ პოლიტიკურ რეალობას შექმნის. პოლიტიკაში კი რეალობას ყოველთვის აქვს მისწრაფება იურიდიული ლეგიტიმაციისაკენ; ანუ, რაც უფრო მყარია რეალობა, მით უფრო მეტად იძენს იგი ლეგიტიმურობის ნიშან-თვისებებს. ეს რაც შეეხება აფხაზებს.
    რუსეთს, რა თქმა უნდა, საკუთარი ინტერესები აქვს: მას სურს, დააფიქსიროს საკუთარი პრიორიტეტი (ამის თაობაზე ზემოთ ვისაუბრეთ) და, ამასთანავე, მაქსიმალურად «შეასუსტოს» საქართველოს იურიდიული უფლებამოსილება აფხაზეთზე. არა იურისდიქცია, არამედ სწორედ იურიდიული უფლებამოსილება, რათა სტრატეგიული თვალსაზრისით შექმნას აფხაზეთის საქართველოსაგან მოგლეჯის არა მხოლოდ ფაქტობრივი, არამედ იურიდიული წინაპირობებიც.
    გარდა ამისა, რუსეთი აპირებს მუდმივი წნეხის ქვეშ იყოლიოს საქართველო, ანუ მუდმივად ეპყრას ხელთ ჩვენს ქვეყანაზე ზემოქმედების მძლავრი ბერკეტი და პერმანენტულად «აშანტაჟოს» ხელისუფლება დესტაბილიზაციითა და «უარესი მდგომარეობის შექმნით».
    მაგრამ რა მიზანს ისახავს ქართული მხარე? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში გაიმარჯვა კონცეფციამ: გალის რაიონი - აფხაზეთის დროებითი დაკარგვის სანაცვლოდ. ანუ, საქართველოს ხელისუფლება თანახმაა, დროებით უარი თქვას აფხაზეთის 5 რაიონში საკუთარი იურისდიქციის აღდგენაზე, თუ დაიბრუნებს გალის რაიონს ყველა თანამდევი ატრიბუტით: ლტოლვილთა რეპატრიაციით, ფაქტობრივი საზღვრის ღალიძგამდე გადაწევით და ასე შემდეგ. თითქოსდა, ხელმოსაწერად გამზადებული ოქმი შეიცავს ამ მომენტებს, ვინაიდან იქ ჩაწერილია, რომ განისაზღვრება ლტოლვილთა დაბრუნების კონკრეტული თარიღი და ადგილობრივი მილიცია ლტოლვილებით დაკომპლექტდება, მაგრამ, თუ ყურადღებით დავაკვირდებით ოქმის დებულებებს, უეჭველად დავრწმუნდებით, რომ ეს თავის მოტყუებაა: ჯერ ერთი, ოქმში ჩაწერილია იგივე ფორმულირება, რაც დაფიქსირდა სამი წლის წინათ ჟენევაში: «ლტოლვილთა დაბრუნებასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას იღებს აფხაზური მხარე». ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმავე ტექნოლოგიით, რაც განვლილი სამი წლის განმავლობაში, სეპარატისტები ყველანაირად გააჭიანურებენ და ჩაშლიან ლტოლვილთა რეალურ დაბრუნებას.
    სხვათა შორის, «ოქმში» არაფერია ნათქვამი მდინარე ენგურიდან - მდინარე ღალიძგაზე საკონტროლო-გამშვები პუნქტებისა და «აფხაზური მილიციის პოსტების» გადატანის თაობაზე. ანუ, გალის რაიონში გადასვლა კვლავინდებურად გართულებული იქნება. ლაპარაკიც ზედმეტია გალში ქართული ადმინისტრაციის შექმნაზე.
    რაც შეეხება გალის მილიციის დაკომპლექტებას «ადგილობრივი კადრებით», ეს ფრაზა ოქმში ძალზე ეშმაკურად და ორაზროვნად არის ფორმულირებული: «გალის რაიონის მილიციაში არსებული კადრები, დიდწილად კომპლექტდება ადგილობრივი მცხოვრებლებით». ამ ფრაზით აფხაზები და რუსები კიდევ ერთხელ აპირებენ ქართველების მოტყუებას. როგორც კი ქართული მხარე დოკუმენტზე ხელს მოაწერს და მოითხოვს, შესაბამისად, გალის რაიონის მილიციის დაკომპლექტებას «ადგილობრივი კადრებით», მას ეტყვიან: დოკუმენტის ამგვარი ინტერპრეტაცია დაუშვებელია - ოქმში ნათქვამია, რომ «არსებული კადრები კომპლექტდება ადგილობრივი მცხოვრებლებით, მაგრამ ამჟამად გალის რაიონის მილიციის კადრები უკვე დაკომპლექტებულია - არსებობს სულ 3-4 ვაკანსია (74-დან). მხოლოდ ამაზე შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია ქართულ მხარეს - დანარჩენი კადრები კი უკვე შევსებულია».
    ოქმში რომ ის აზრი იყოს ჩადებული, რაც ქართველ დიპლომატებს სურთ (ანუ გალის მილიციის დაკომპლექტება მთლიანად ადგილობრივი კადრებით), მაშინ ჩაიწერებოდა არა «გალის რაიონის მილიციაში არსებული კადრები...» არამედ «გალის რაიონის მილიციის პირადი შემადგენლობა...» და ასე შემდეგ.
    ერთი რამ არის მხოლოდ გაუგებარი: ამ სტრიქონების ავტორს განსაკუთრებული დიპლომატიური ალღოს პრეტენზია არა აქვს, მაშ ჩვენ თუ ვხვდებით ამ უბრალო ეშმაკობას, როგორღა ვერ ხვდებიან ის «წარჩინებული გვამები», რომელნიც საქართველოს საგარეო უწყებას ხელმძღვანელობენ? ასე ყოველთვის, წამდაუწუმ ბავშვებივით როგორ უნდა გატყუონ თქვე დალოცვილებო?
    კიდევ კარგი საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც ჩანს, მიიღო გადაწყვეტილება, არ მოაწერსო ხელი შემოთავაზებულ ოქმს. ეს, რასაკვირველია, რუსეთის გაღიზიანებას გამოიწვევს, მაგრამ სჯობს იგი გაღიზიანდეს, ვიდრე კიდევ ერთხელ დავისხათ თავსლაფი და უბრძოლველად ჩავაბაროთ კიდევ ერთი პოზიცია.

ლტოლვილთა ყრილობა მეომართა შეკრებად უნდა იქცეს

    დღეს მუშაობა უნდა დაასრულოს სრულიად საქართველოს ლტოლვილთა ყრილობამ, რომელშიც მონაწილეობდა 2 200 დელეგატი მთელი საქართველოდან და დსთ-ს ქვეყნებიდან.
    სამწუხაროდ, ჯერჯერობით ყრილობა მხოლოდ ემოციების ფრქვევასა და ურთიერთბრალდებებს «გადაჰყვა». რეალობიდან გამომდინარე, წამგებიანია ორივე ძირითადი მოთხოვნა: დაუყოვნებლივ გავიდეს ჯარი და ხელისუფლებაზე «მშვიდობიანი» ზეგავლენით ვაიძულოთ იგი წამოიწყოს ახალი ომი აფხაზეთში.
    სხვათა შორის, ხელისუფლება, ბოლოს და ბოლოს, შეიძლება იძულებულიც გახდეს ახალ ომს დასთანხმდეს. სხვა საკითხია, რამდენად სასარგებლო და მომგებიანი იქნება ეს ნაბიჯი საქართველოსთვის.
    თუ აფხაზებთან მოლაპარაკებისა და რეალური კომპრომისისათვის მზად არა ვართ, მაშინ, შექმნილ ვითარებაში, ყველაზე მეტად მიზანშეწონილი იქნება, საქართველომ არ მოაწეროს ხელი ოქმს, მაგრამ არც «სამშვიდობო ძალები» გაიყვანოს და აფხაზეთის ტერიტორიაზე გააჩაღოს პარტიზანული ომი.
    იმ 300 ათასი ლტოლვილიდან, რომლებმაც თავიანთი წარმომადგენლები გამოაგზავნეს ყრილობაზე, 1000 კაცი მაინც რომ შეიარაღდეს, გაიწვრთნას, შესაბამისი რესურსებით უზრუნველყონ და გეგმაზომიერად ამოქმედდეს აფხაზეთში - სეპარატისტებს «თავისუფალი ცხოვრება» ჩაუმწარდებათ და უმალვე მოვლენ ნამდვილი დიალოგის ხასიათზე.
    გაუგებარია, ამას აქამდე რატომ არ აკეთებენ საქართველოს ხელისუფლება და (მით უმეტეს) თავად ლტოლვილები? ნუთუ ისე არიან დათრგუნულნი და დაბეჩავებულნი შიშით, რომ ვერ ბედავენ საკუთარი ხელით შექმნან თავისი ბედი? მათ ხომ აფხაზეთის ყველა კუთხე-კუნჭული იციან - აფხაზეთი მათი სამშობლოა. პარტიზანული მოძრაობა კი არავის არასდროს დაუმარცხებია.
    მით უმეტეს, აფხაზეთის ამჟამინდელი ხელისუფლება ვერ შეძლებს მთლიანად გააკონტროლოს აფხაზეთის ტერიტორია და არ დაუშვას ქართული დივერსიული (პარტიზანული) რაზმების მოქმედება.
    აფხაზეთის ტყიანი, მთაგორიანი რელიეფი, რაც ეხმარებოდათ სეპარატისტებს საქართველოს დამარცხებაში - ახლა მათ წინააღმდეგ შემოტრიალდება, თუ პარტიზანული მოძრაობა ფართოდ გაიშალა.
    ამას, რასაკვირველია, რეკლამირება და პროპაგანდა არ სჭირდება: ეროვნული უშიშროების საბჭოს საიდუმლო გადაწყვეტილებით უნდა შეიქმნას პარტიზანული მოძრაობის შტაბი, რომელიც განლაგდება ზუგდიდში ან კოდორის ხეობაში; დაუყოვნებლივ აღდგეს კოდორის ხეობასთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა და ამოქმედდეს რეგულარული საჰაერო რეისი; დაინიშნოს კონკრეტული პიროვნება, რომელსაც დაექვემდებარება ყველა პარტიზანული სტრუქტურა.
    შემდგომ, პარტიზანები ზღვით, ჰაერითა და ხმელეთით, მცირე ჯგუფებით უნდა შეიგზავნოს აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე (არა მხოლოდ გალის რაიონში) წინასწარ შემუშავებული და შეთანხმებული გეგმის თანახმად. პარტიზანული კორპუსი უნდა მოქმედებდეს არმიულ დისციპლინაზე, - ერთმმართველობაზე დაყრდნობით. მისი უმთავრესი ფუნქცია უნდა იყოს აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე დივერსიული აქტების განხორციელება: კომუნიკაციების განადგურება, გზების დანაღმვა, მტრის ძალისმიერ სტრუქტურათა წარმომადგენლების და ცოცხალი ძალის ლიკვიდაცია – ქართველებს კი არ უნდა ეშინოდეთ გალის, ოჩამჩირის, გულრიფშის, სოხუმის რაიონებში შესვლა და გადაადგილება, პირიქით, აფხაზებს უნდა ეშინოდეთ გარეთ ცხვირის გამოყოფისა.
    მხოლოდ ამ გზით შეიძლება ვიგდოთ ხელთ ინიციატივა და, თუ ეს ყოველივე რეალურად განხორციელდა, აფხაზებიც უმალვე «მოლბებიან» მოლაპარაკებებზე. ერთ რამეში «რადიკალები» უდავოდ მართალნი არიან: აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება მოლაპარაკებებით, ხვეწნა-მუდარითა და «ჰაეროვანი კოცნებით» შეუძლებელია. სეპარატისტები ადვილად არ დათმობენ ომითა და სისხლით მოპოვებულს. ფართომაშსტაბიანი ომი ხსნა არ არის, - იგი დაარღვევს სტაბილურობას და ჩაშლის «ნავთობპროექტის» განხორციელებას.
    ამდენად, პარტიზანული მოძრაობის გაძლიერება ოპტიმალურია, თუ, რასაკვირველია, შესაბამის სახელმწიფოებრივ ნებას გამოამჟღავნებს ყველა, ვისაც ეს ევალება და ლტოლვილებიც «გამოიღებენ ხელს».

დილის გაზეთი, 11 აგვისტო, 1997 წ.