«კავკასიური სამშვიდობო ბატალიონი» პროვოკაციული მითია

«კავკასიური სამშვიდობო ბატალიონი» პროვოკაციული მითია

  

    9 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ განხორციელებული მორიგი ტერორისტული აქტის შემდეგ, ჩეჩნეთის რესპუბლიკა-იჩქერიის მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ჩეჩნეთი მზადაა საქართველოს პრეზიდენტის დასაცავად  ჩეჩნური გვარდიის ბატალიონი გამოგზავნოს.
    სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა ისეა გამოფიტული და დაცლილი ყოველგვარი მახვილგონიერებისაგან, ვერც შეამჩნევს ამ განცხადების დაფარულ არსს - ოღონდ არაპირდაპირ, ქარაგმულად ნათქვამს.
    ეს წინადადება სამარცხვინოა საქართველოსთვის. გამოდის, ქვეყანას არ ძალუძს დაიცვას პრეზიდენტი გადამთიელთა თავდასხმისაგან. არადა, ბოლოს და ბოლოს, პრეზიდენტის დაცვამ თავისი მისია მაინც შეასრულა: პრეზიდენტი გადარჩა, თუმცა ბრძოლაში ვაჟკაცურად დაიღუპა ორი ახალგაზრდა მებრძოლი.
    რასაკვირველია, ამ მაშტაბის (ან ნებისმიერი სხვა მაშტაბის) თავდასხმისაგან ქვეყანას თავად უნდა შეეძლოს სახელმწიფოს მეთაურის დაცვა, მაგრამ ჩეჩნებს სწორედ იმის თქმა სურდათ (საკმაოდ საფუძვლიანად), რომ ამის შნო და უნარი ქართველებს არ გააჩნიათ.
    იმავე დროს გაჩნდა წინადადება ე.წ. «კავკასიური სამშვიდობო ბატალიონის» თაობაზე. ჯერ ისიც გასარკვევია, რა კავშირი არსებობს ამ ბატალიონსა და «მთიელ ხალხთა კონფედერაციის» ბატალიონს შორის, რომლის აფხაზეთში შეყვანას ამ კონფედერაციის პრეზიდენტი, იუსუპ სოსლანბეკოვი გვპირდებოდა; თანაც საკუთარ აზრს მისთვის დამახასიათებელი უცნაური (მეტი რომ არ ვთქვათ) ლოგიკით ასაბუთებდა: თუ აფხაზები თხოვნით მოგვმართავენ, სამშვიდობო ძალებს აფხაზეთში აუცილებლად შევიყვანთო. ეს უკვე აშკარა დემაგოგიაა: სამშვიდობო ძალების შეყვანა კონფლიქტის ზონაში შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ორივე მოქიშპე მხარის თანხმობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ერთ-ერთი მხარისათვის სამხედრო დახმარების გაწევაა.
    ამ უბრალო ლოგიკას სოსლანბეკოვებს ვერ შეასმენ, ისევე, როგორც მის თანამოაზრეებს. ძნელი მისახვედრი არ არის, - «კავკასიის სამშვიდობო ბატალიონის» იდეა დაახლოებით იმავე წრეებში გაჩნდა, რომლებშიც წარმოიშვა თვით «მთიელ ხალხთა კონფედერაცია» და მისი აფხაზური ბატალიონი; საქართველოს თანხმობა ამგვარი ბატალიონის შექმნაზე უეჭველად იქნება გამოყენებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, თუ რასაკვირველია, ვითარება კონფლიქტის ზონაში შეიცვალა.
    ჩრდილოეთ კავკასიელებისაგან შემდგარი სამშვიდობო ბატალიონი მონაწილეობას მიიღებს კონფლიქტების მოწესრიგებაში მხოლოდ ერთი ხერხითა და მეთოდით: ჩადგება მებრძოლ მხარეებს შორის და დააფიქსირებს ხელოვნურ საზღვარს (ვთქვათ) ენგურზე.
    გავიხსენოთ აგრეთვე როგორი სინქრონულობით კეთდებოდა განცხადებები 1997 წლის ზაფხულში, როცა მართლა ბეწვზე ეკიდა ენგურის აუზიდან რუსული სამშვიდობო ჯარების გაყვანის საკითხის გადაწყვეტა, რომ რუსი «ცისფერჩაფხუტიანების» გაყვანის შემთხვევაში მათ ადგილს დაიკავებდნენ «მთიელთა სამშვიდობო ბატალიონები», რომლებიც თურმე «არ დაუშვებდნენ საბრძოლო მოქმედებათა განახლებას».
    ცხადია, აქ იგულისხმება საბრძოლო მოქმედებათა განუახლებლობა საქართველოს მხრიდან - ლტოლვილთა დასაბრუნებლად და სახელმწიფოებრივი იურისდიქციის აღსადგენად, თორემ აფხაზებს რაღა აქვთ საომარი?
    ზემოთქმულიდან გამომდინარე, დასკვნა ერთია: «კავკასიის სამშვიდობო ბატალიონთან» დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება მორიგი ფართომასშტაბიანი პროვოკაცია.
    კვლავინდებურად დაემთხვა ერთმანეთს კრემლისა და კავკასიელი მთიელების ინტერესები, ხოლო იმის მტკიცება, თითქოს მთიელები საქართველოს ინტერესებს დაიცავენ - სასურველის სინამდვილედ წარმოდგენის უბადრუკ მცდელობას წააგავს.

მერიდიანი, 16 თებერვალი, 1998 წ.