კახა კალაძის ძმის საქმე

კახა კალაძის ძმის საქმე


   

    ახლახანს საქართველოში ჩამოიყვანეს კახა კალაძის ძმის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ბოლო ეჭვმიტანილი. მისი გასამართლებით გარკვეულწილად წერტილი დაესმება მთელს ეპოქას, რომლის არსი მათ შორის ამ საქმეში და თანამდევ პროცესებში აირეკლა.
   

   

        ლევან კალაძის მკვლელობა შევარდნაძის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე შავბნელი და ბინძური საქმეა. არა იმიტომ, რასაკვირველია, რომ ამაზე საზარელი და შემაძრწუნებელი დანაშაული მანამდე ან მერე არ მომხდარა, არამედ სხვა მიზეზით.
    ლევან კალაძე მოკლეს გატაცებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ. მისი გვამი არც თუ ისე დიდ ხნის შემდეგ აღმოაჩინეს და უეჭველად ამოიცნეს კიდეც – სხვაგვარად წარმოუდგენელია: მას ეცვა ძვირფასი ტანსაცმელი ანუ შეუძლებელია იგი ჩვეულებრივ «ბომჟად» მიეღოთ და შესაბამისად დაეკრძალათ ანუ არ გასჩენოდათ სურვილი შეემოწმებინათ, ხომ არ იყო მიცვალებული რომელიმე გახმაურებული საქმის, მკვლელობის ან გატაცების ფიგურანტი.
    ვიმეორებ: აბსოლუტურად გამორიცხულია, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის მესვეურებს არ სცოდნოდათ, რომ მოკლული სწორედ ლევან კალაძეა. მაშ რატომ არ გაახმაურეს მაშინ ეს ამბავი და რატომ ასაზრდოებდნენ გაუბედურებულ ოჯახს რამდენიმე წლის განმავლობაში ცრუ დაპირებებით, ტყუილებით, როდესაც შესანიშნავად იცოდნენ, რომ საბრალო ყმაწვილი დიდი ხანია მუხათგვერდის სასაფლაოზე იწვა?
    შინაგან საქმეთა მინისტრმა, კახა თარგამაძემ იმ წლებში რამდენჯერმე მრავალმნიშვნელოვნად განუცხადა ჟურნალისტებს: «ეს საქმე დიდი ხანია გახსნილია!» თუმცა არ აკონკრეტებდა მაინც რას გულისხმობდა, ხოლო ქართველ ჟურნალისტებს რასაკვირველია არც პროფესიონალიზმი ეყოფოდათ არც ინტელექტი დაესვათ კითხვა: თუ კალაძე ცოცხალია და თუ იგი გატაცებულია, მაშინ რა იგულისხმება «საქმის გახსნაში?».         კახა თარგამაძე კი ამით მიანიშნებდა, რომ კალაძე მოკლულია, ხოლო მისი მკვლელები – ცნობილნი, თუმცა გაქცეულნი.
    სწორედ ამას ნიშნავს (სხვას არაფერს) ეს განცხადება, თუ პროფესიული ენიდან გადმოვთარგმნით. მაგრამ ამას პირდაპირ ვერ ამბობდა. რატომ?
    თუ გახსოვთ, იმ დროს კახი კალაძემ რამდენჯერმე სავსებით სამართლიანად განაცხადა, რომ მას ამ საქმის გამო გული აქვს გატეხილი და შესაძლოა უარიც თქვას საქართველოს ნაკრებში თამაშზე.
    უფრო მეტიც – ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კალაძეების ოჯახი სამუდამოდ საზღვარგარეთ აპირებდა გადასახლებას და სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებასაც კი (მაგალითად უკრაინის).

    კალაძეების ოჯახს არასდროს უცდია საქმის პოლიტიზება, მაგრამ პოლიტიზება მათდაუნებურად მაინც ხდებოდა და არც შეიძლებოდა არ მომხდარიყო. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ, რაც კახა თარგამაძემ შევარდნაძეს მოახსენა სავარაუდოდ კალაძის გვამის აღმოჩენის შესახებ, მათ შორის დაახლოებით ასეთი საუბარი გაიმართა:
   

 - ბატონო ედუარდ, აღმოჩენილია სავარაუდოდ ლევან კალაძის გვამი. როგორც ჩანს, იგი გამტაცებლებმა მოკლეს. მათი ვინაობა ჩვენთვის უკვე ცნობილია. ისინი საქართველოდან გაიქცნენ.

    - კახა, ახლა ყურადღებით მომისმინე. ის ბიჭი (იგულისხმება კახა კალაძე-ავტ.) და მისი ოჯახი იმუქრებიან, რომ საერთოდ წავლენ საქართველოდან. ხომ წარმოგიდგენია ამას რა პოლიტიკური სკანდალი მოჰყვება?! ისედაც დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა, ცეცხლზე ნავთს ნუღარ დავასხამთ - იმ საცოდავს მაინც აღარაფერი ეშველება და ოჯახს იმედს ნუ წავართმევთ, რათა საქართველოდან არ წავიდნენ. სანამ ეს იმედი ექნებათ ხომ არსად გადასახლდებიან?
   

    გარწმუნებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მოტაცების წელს იცოდა მკვლელთა ვინაობა, მაგრამ მათი ექსტრადირება აზრადაც არ მოსვლია, რადგან ასეთ შემთხვევაში ხომ ისიც გაირკვეოდა, რომ ლევან კალაძე დიდი ხნის მკვდარი იყო?!!!
    ეს საქმე გახსნილად გამოცხადდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოში შეიცვალა ხელისუფლება, ანუ შეიცვალა (აღარ არსებობდა) პოლიტიკური პასუხისმგებლობის ძველი სუბიექტი, ვისაც პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა.
    ქვეყნის ახალი ხელისუფლება კი, ბუნებრივია, არ აგებდა და არ აგებს პასუხს იმ შავბნელი საქმის პერიპეტიებზე.

    ნამდვილად არ ვიცი, ზუსტად ასეთი საუბარი შედგა თუ არა შევარდნაძესა და თარგამაძეს შორის 7 წლის წინ. მაგრამ ეს ყოველივე ძალიან ჰგავს სიმართლეს.

და, რაც მთავარია, ძალიან ჰგავს შევარდნაძეს.