«მამათა» და «შვილთა» ბრძოლა მოქალაქეთა კავშირში

«მამათა» და «შვილთა» ბრძოლა მოქალაქეთა კავშირში

 

    როგორც მოსალოდნელი იყო, «მოქალაქეთა კავშირსა» და მთლიანად, ხელისუფლებაში «მამათა» და «შვილთა» შორის არსებულმა დაძაბულობამ, ბოლოს და ბოლოს, თავი ვერ დამალა. იგი «მოქალაქეთა კავშირის» უკანასკნელ თავყრილობაზეც გამომჟღავნდა. და როგორც ყოველთვის, დამკვიდრებული ქართული ტრადიციიისამებრ, ამ საკითხშიც «შიშველი ემოცია» სჯაბნის ელემენტარულ რაციონალურ გათვლას. აქედან გამომდინარე, ორივე მხარე ხშირ შემთხვევაში საკუთარი (საერთო) ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს.
    ცოტა არ იყოს გაუგებარია, რა უნდათ «მამებს» - «შვილებისაგან», რაში მდგომარეობს მათი პრეტენზია? როგორც ჩანს, საქმე კონკრეტულ საკითხებში ანუ ტაქტიკაში კი არ არის, არამედ სტრატეგიაში. ზოგიერთი (ეს ყველა «უფროსს» არ ეხება) მოქალაქეთა კავშირში იმისათვის შევიდა, რათა წარსულ, ტკბილ და უზრუნველ ცხოვრებაში დაბრუნებულიყო, მაგრამ რაკი მმართველმა პარტიამ ამ თვალსაზრისით იმედი ვერ გაუმართლათ, რაკი წარსულის ნოსტალგია - ნოსტალგიად დარჩათ და შესაბამისი ვნება ვერ დაიკმაყოფილეს, ახლა რატომღაც «ჟვანია»-სააკაშვილს» მისდგნენ.
    სინამდვილეში ისინი ედუარდ შევარდნაძეზე არიან აღრენილნი, სწორედ მან ვერ გაუმართლათ «იმედი» ტკბილ წარსულში - მათ შორის მშობლიური რუსეთის წიაღში დაბრუნებისა, მაგრამ პრეზიდენტს ვერაფერს უბედავენ ძველი ინტერესით – ვაითუ იგი ისევ პრეზიდენტად დარჩეს მომავალი 6 წლის განმავლობაში და მერე რაღა გვეშველებაო.
    ამიტომ მისი «გუნდის» შეცვლას ცდილობენ - ეგება აქედან «გამოდნეს» რამე, ეგება «ეს აბეზარი ახალგაზრდები» მოვაშოროთ «მამასა და მარჩენალს», სწორედ ისინი არიან «წყლის ამამღვრეველნი», სწორედ ისინი არ აძლევენ ედუარდ შევარდნაძეს საშუალებას მადა დაგვიკმაყოფილოსო და ა.შ.
    ერთი სიტყვით, ამოცანა ერთობ იოლი ჩანს. რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო მეტი გაცხოველებით ცდილობენ ისინი საწადელის აღსრულებას. ამ პროცესს აქტიურად უწყობს ხელს თვით შევარდნაძე, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებებს ქმნის, თითქოს აი, ერთი ბეწო «ზეწოლა» აკლია, თითქოს აი, სადაცაა გადაწყდება საკითხი, სადაცაა გაწირავს იგი «ახალგაზრდა რეფორმატორებად» წოდებულ გუნდს და დაბრუნდება ძველ წიაღში. ბუნებრივია, პოლიტიკურ ინტრიგებში მოხუცებული, მაგრამ კვლავინდებურად მოუღლელი პრეზიდენტი ამ შთაბეჭდილებასაც ძალზე ოსტატურად ქმნის, მაგრამ სინამდვილეში, რაოდენ სამწუხარო და სავალალო არ უნდა იყოს მავანისათვის, ეს სწორედ შთაბეჭდილებაა და არა რეალობა.
    რეალურად კი ედუარდ შევარდნაძე «ახალგაზრდა რეფორმატორთა» გუნდს არათუ არ მოიშორებს, არამედ უფრო მეტიც, - «მოქალაქეთა კავშირში» მის პრიორიტეტსაც არ დააყენებს ეჭვქვეშ, ვინაიდან, ამით თავად დაკარგავს «რეფორმატორის იმიჯს», რომელიც მისი ხელისუფლების მდგრადობის საფუძველია.
    აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამის შემდეგ საქართველოში უეჭველად ჩამოყალიბდება ნებისმიერი ხელისუფლებისათვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ საშიში, და არცთუ უსაფუძვლო სტერეოტიპი: ჩვენი უბედურება ის კი არ არის, რომ უკეთ ცხოვრება არ შეგვიძლია, არამედ ის, რომ არარეფორმატორული, «ძველი ნომენკლატურისაგან» შემდგარი მთავრობა გვყავსო.
    რა თქმა უნდა, ახლაც შეიძლება არსებობდეს აზრი: «რეფორმატორებმა უბედურების მეტი არაფერი მოგვიტანეს», მაგრამ იგი განეიტრალებულია ანტისტერეოტიპით: «რეფორმებს, ისევე როგორც რეფორმატორებს, ებრძვიან და ამიტომ არ გამოდის არაფერი». რეფორმატორებს მართლა ებრძვიან – ამას უკანასკნელი მოვლენებიც ადასტურებს, მაგრამ აქ საუბარია «საზოგადო აღქმაზე».
    ედუარდ შევარდნაძეს ყოველივე ეს კარგად ესმის და ისიც უწყის, რომ უკანდასახევი გზა აღარ აქვს. უკან დასახევი (ანუ კომუნისტურ წარსულში დასაბრუნებელი) გზა არც არსებობს სინამდვილეში და შეუძლებელიცაა წარსულში დაბრუნება, ანუ «ერთსა და იმავე წყალში ორჯერ შესვლა», მაგრამ აქ ისევ და ისევ რეალობაზე, განყენებულ თემებზე კი არ გვაქვს საუბარი, არამედ პრეზიდენტის კონკრეტულ ინტერესებზე.
    მან იცის, რომ რეფორმების (თუნდაც უაღრესად მტკივნეული, რადიკალური რეფორმების) გარდა ამ ქვეყანას ვეღარაფერი გადაარჩენს. ისევე, როგორც კონკრეტულად მისთვის, ხელისუფლების შენარჩუნების ერთადერთი საშუალება რეფორმების გაგრძელებაა, თორემ, «უკან დაბრუნების» მსურველები ედუარდ შევარდნაძეს აღარ მიიღებენ და აღარც ენდობიან.
    «მოქალაქეთა კავშირის» მეორე ფრთა ამას ჯერ ვერ აცნობიერებს, მაგრამ უმალვე გააცნობიერებს, როგორც კი საქმე საქმეზე მიდგება.
    ვის შეიძლება დაეყრდნოს შევარდნაძე რეფორმათა განხორციელებისას? – მხოლოდ და მხოლოდ იმ მენტალიტეტის მატარებელ ადამიანებს, რომელთათვისაც ეს რეფორმა თვისებრივია და მენტალური თვალსაზრისით მისაღებიც.
    სხვა ყველა, უეჭველად, პირველივე შემთხვევაში «უგანებს».
    გარდა ამისა, ზურაბ ჟვანიას გუნდი (იმავე უფროსი თაობისაგან განსხვავებით) კარგა ხანია, გაემიჯნა იმ ფიგურებს, რომელიც შევარდნაძის ალტერნატივად შეიძლება აღქმულიყვნენ.
    სხვა ალტერნატივა ამჟამად არც მას ჰყავს და სავსებით გულწრფელად და თავდაჯერებულად უჭერს მხარს პრეზიდენტს. ისიც აღსანიშნავია, რომ ჟვანია თავის ფუნქციას ასრულებს სერიოზული შეცდომების გარეშე. ის, რაც მას «შეცდომებში» ჩაეთვალა, სინამდვილეში მისი შეცდომა სულაც არ იყო. საკმარისია, ზურაბ ჟვანიამ, აგრეთვე «ახალგაზრდულმა გუნდმა» პასუხისმგებლობა მოიხსნან და უმალვე ნათელი გახდება, რა იდეოლოგიური თუ მსოფლმხედველობითი შინაარსი აქვს მთლიანად, არსებულ ხელისუფლებას, - უფრო ზუსტად, მის აპარატს.
    ამ აპარატმა დაღუპა სწორედ ზვიად გამსახურდია, ასევე დაღუპავს ედუარდ შევარდნაძესაც;
    თუ პრეზიდენტის იმიჯმა, ვიმეორებ, «რეფორმატორობის» ნიშანწყალი დაკარგა, უმალვე აირევა პოლიტიკური სპექტრი, დაიწყება ფართომასშტაბიანი ძვრები პოლიტიკურ ლანდშაფტზე, ძალთა ასეთ გადანაწილებაში კი მხოლოდ ფორმალური ხელისუფლებით ვერავინ ვერაფერს გახდება.
    ყველაზე რთული პრობლემა, რომელიც ზურაბ ჟვანიას წინაშე დგას, ისაა, თუ როგორ დაარწმუნოს შევარდნაძე ამჟამად ჩამოყალიბებული ბალანსის დარღვევის აუცილებლობაში. «ძველებსა» და «ახლებს» შორის შეთავსება უკვე შეუძლებელი ხდება, ვინაიდან რეტროგრადები «გარედან «აქტიურ მხარდაჭერას გრძნობენ და რაკი მენტალიტეტით ყოველთვის ანტირეფორმატორულ პოზიციებზე იდგნენ, «მოქალაქეთა კავშირის» არჩევნებში დამარცხების შემთხვევისათვის «თბილ, უსაფრთხო» ადგილებს «იბევებენ», - წინასწარ უმტკიცებენ ერთგულებას ახალ, სავარაუდო ბატონებს.
    ჟვანიას გუნდი მათ თუნდაც იმით სჯობს, რომ იგივეს ვერც გააკეთებს და არც გააკეთებს.
    გარდა ამისა, ზურაბ ჟვანიამ თუ «მოქალაქეთა კავშირის» მონოლითურობის შენარჩუნება ვერ შეძლო (შეუძლებელიც იყო), სამაგიეროდ საკუთარ გუნდში გამორიცხა ყოველგვარი დაბნეულობა, იჭვნეულობა და მით უმეტეს, სერიოზული განხეთქილება.
    ამრიგად, შევარდნაძეს ნამდვილად დარჩა ალტერნატივა: თუ ის ხალხი, ვინც ყველა ეპოქაში, ყველა ხელისუფლების დროს მხოლოდ მუცლის ამოყორვაზე ფიქრობდა და ყნოსვას აძლიერებდა ქარის მიმართულების ზუსტად გასაგებად, ისტერიკებს არ მოეშვება, ანუ განაგრძობს «დამარცხებისათვის» და არა გამარჯვებისათვის მზადებას (რათა მომავალ ახალ პატრონებს წინასწარ დაუმტკიცოს ლოიალობა - მაშინ შევარდნაძემ და ჟვანიამ მართლა შეიძლება შექმნან ახალი პარტია (ახალგაზრდულ გუნდზე დაყრდნობით, რაც აუცილებლად ასაკით ახალგაზრდებს არ ნიშნავს).
    თანაც, ამ შემთხვევაში, სულაც არ იქნება გარდაუვალი საჯარო სკანდალი. საკმარისია 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო სიის ყურადღებით შესწავლა და გარკვეული გადახალისება.

მერიდიანი, 28 დეკემბერი 1998 წ.