კვირის მიმოხილვა: კახა თარგამაძე მსახვრალ ბედისწერას ვერსად გაექცევა    

კვირის მიმოხილვა: კახა თარგამაძე მსახვრალ ბედისწერას ვერსად გაექცევა    

    პარტიულ შეკრებაზე გამოსვლისას, ჩვენი დროის მთავარმა გმირმა (ეს სულ უფრო ცხადი ხდება - ავტ.) ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ განაცხადა, რომ კახა თარგამაძესთან დაპირისპირება მხოლოდ გააძლიერებს ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას. ამაში იგი ნამდვილად არ ცდება. უფრო მეტიც, ედპ-ს ლიდერის თქმით, პარტია გაძლიერდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამჯერად (!) პრეზიდენტი წინააღმდეგობას გაუწევს პარტიის მოთხოვნას - დაუყოვნებლივ გადააყენოს კახა თარგამაძე შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან. «ისიც გასათვალისწინებელია, რა ემოციური განწყობა შეიქმნება პარტიაში ზედიზედ ორი მინისტრის გადაყენებით - განაცხადა სარიშვილი-ჭანტურიამ.
    ცხადია, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას მინისტრების «მხილება» და მათი თანამდებობიდან გაძევება, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი პრესტიჟისა და რეიტინგის ასამაღლებლად სჭირდება. ამგვარი მისწრაფება სავსებით ბუნებრივია - არ არსებობს პარტია, რომელიც თავისი ავტორიტეტის ამაღლებაზე არ ზრუნავდეს, - სხვა საკითხია, როგორ და რამდენად ახერხებს ამას. ირინა სარიშვილი რეგულარულად აღწევს მიზანს, რაც უეჭველად იმას ნიშნავს, რომ იგი ყოველთვის ზუსტად არჩევს მსხვერპლს, სწორედ საზღვრავს, თუ რა არის შესაძლებელი და რა - შეუძლებელი, ყოველმხრივ ითვალისწინებს შექმნილ რეალობას, ობიექტურ პირობებს და იმ სოციალური ფენის ინტერესებსაც, რომელსაც ეყრდნობა.
    კახა თარგამაძის წინააღმდეგ რაიმე «პიროვნული» პრეტენზია სარიშვილს არ შეიძლება ჰქონდეს, - ისევე, როგორც არ გააჩნდა პიროვნული მოტივაცია იგორ გიორგაძის ან შოთა კვირაიას საპირისპიროდ. მაგრამ ედპ-ს ლიდერები ყოველთვის ითვალისწინებდნენ, თუ ვის შეიძლება აძლევდეს ხელს ამა თუ იმ მინისტრის გადაყენება. კახა თარგამაძის შემთხვევაში, ეს ხელს აძლევს იმ სოციალურ ფენას, რომელიც რეპრესირებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. ზოგადად, საქართველოში ნებისმიერი პარტია შეიძლება გაძლიერდეს, თუ დაუპირისპირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას ან უშიშროების სამსახურს, ვინაიდან სახელმწიფოში ყოველთვის იქნება ხალხი, ვინც ამ სტრუქტურებისათვის (კონკრეტულად, მათი ხელმძღვანელებისათვის) სამაგიეროს გადახდას მოინდომებს ან შეეცდება დაძაბულობა გამოიყენოს თავიანთი «დევნილი» და «რეპრესირებული» ოჯახის წევრების, - მამის, ძმის, ახლობლის და სხვათა დასახსნელად. სწორედ ამ მომენტმა იმუშავა უდიდესი წარმატებით დეკემბერ-იანვრის სამხედრო გადატრიალების მომზადებისას.
    მაგრამ საზოგადოებამ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, თუ ამგვარი პოლიტიკა წარმატებას მიაღწევს. ისევე, როგორც მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე უნდა იყოს კახა თარგამაძეც - სხვა მას ვერავინ დაიხსნის. ირინა სარიშვილი-ჭანტურია პოლიტიკოსია და ყოველთვის იმოქმედებს პოლიტიკის კანონებიდან გამომდინარე. სხვა საკითხია, რა გარემო-პირობები ექნება მას საამისოდ. ის ხალხი, ვინც ედპ-ს ლიდერის მოქმედებით აღშფოთებულია, - პოლიტიკური კატეგორიებით არ მსჯელობს. ამ პარტიისათვის კი შტაბ-ბინის საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - ირინა სარიშვილი-ჭანტურია ამჟამად თავს იცავს. თავდაცვის საუკეთესო საშუალება კი თავდასხმაა. აბა, გოგი დოლიძეს ხომ არ დაესხმება თავს?

ალექსანდრე მარინოვი, როგორც ჩანს, დაუსჯელი დარჩება
   

    «წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის» ფედერაცია ამჟამად ძალიან რთულ და ჭკვიანურად განხორციელებულ ინტრიგას ავითარებს, საქართველოში თავისი ბიუროს ხელმძღვანელის, ალექსანდრე მარინოვის პასუხისმგებლობისაგან დასაძვრენად.
    როგორც ცნობილია, ამ უკანასკნელმა ორი ახალგაზრდას სიცოცხლე შეიწირა მელიქიშვილის ქუჩაზე გადაჭარბებული სიჩქარით მანქანის მართვისას. სხვათა შორის, ის ფაქტი, რომ ალექსანდრე მარინოვი მთვრალი იყო, მან თავად დააფიქსირა, როდესაც აღიარა, რომ ერთი ბოთლი ჰქონდა დალეული ორ ინგლისელ დიპლომატთან ერთად.
    საქმე ის გახლავთ, რომ ალექსანდრე მარინოვი ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდა დასავლეთ ევროპაში, სადაც კანონით, «მცირე დოზით სიმთვრალე» დარღვევად არ ითვლება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამას მძიმე შედეგი მოჰყვა. მარინოვმაც (რაკი ნასვამი იყო და ამის დამალვას აზრი არ ჰქონდა) არჩია ეცრუა - «მხოლოდ რამდენიმე ჭიქა დავლიეო».
    რაც შეეხება მის ხელმძღვანელობას, რომლის წარმომადგენელიც ამჟამად თბილისში იმყოფება, იგი უეჭველად შეეცდება დრო გაწელოს. მარინოვს დღესვე შეუძლია წავიდეს აეროპორტში, ჩაჯდეს თვითმფრინავში და საითაც მოისურვებს, იქით გაემგზავროს - ხელს ვერავინ შეუშლის, რაკი დიპლომატიური იმუნიტეტი იცავს. მაგრამ მას, როგორც ჩანს, ჟენევიდან ურჩიეს არ აჩქარებულიყო, რადგან ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო სკანდალს ატეხდა. ეს უარყოფითად იმოქმედებდა ფედერაციის პრესტიჟზე. ამიტომ ამჯობინეს ასეთი ტაქტიკა: მარინოვს არც დიპლომატიურ იმუნიტეტს უხსნიან და არც საქართველოდან გაჰყავთ - ელიან საზოგადოებრივი მღელვარების ჩაცხრომას, შემდეგ კი საიდუმლო გარიგებას შესთავაზებენ საქართველოს ხელისუფლებას: არ ატეხოთ აჟიოტაჟი, სამაგიეროდ, ჩვენ გავზრდით საქართველოსთვის დახმარების მოცულობას და მივაღწევთ გიგა მახარაძის (ქართველი დიპლომატის, რომელსაც ანალოგიურ დანაშაულში ედება ბრალი - ავტ.) გადმოყვანას საქართველოში. ამავე დროს, შეეცდებიან მატერიალური კომპენსაციით დაამშვიდონ (ევროპაში ეს მიღებულია) ჭირისუფლები.

ევროპელებს ქართული ატომის ეშინიათ
   

    მიუხედავად ჩვენში დამკვიდრებული ემოციური, თუმცა მცდარი შეხედულებისა, დასავლეთში საქართველო კვლავინდებურად ძალზე არასტაბილურ და ფეთქებადსაშიშ ქვეყნად მიაჩნიათ. ამის მანიშნებელია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პრეზიდენტის, ჰანს ბლიკის ვიზიტი.
    დაახლოებით ერთი თვის წინ «ევრონიუსმა» გადმოსცა ვრცელი სიუჟეტი მცხეთის ატომური რეაქტორის შესახებ. სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ «საქართველო უაღრესად არასტაბილური ქვეყანაა, ამდენად რეაქტორის უსაფრთხოება გარანტირებული არ არის». მიუხედავად მცხეთის რეაქტორის მცირე მაშტაბისა, ევროპელებმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, მაინც დაეზღვიათ თავი. ნიშანდობლივია, რომ ჰანს ბლიკი სწორედ საქართველოში ჩამობრძანდა და არა სომხეთში, სადაც სულ ახლახანს კვლავ ამოქმედდა მძლავრი ატომური ელექტროსადგური - ისიც სეისმურად აქტიურ ზონაში.
    წლის დასაწყისში ლიტვამ განაცხადა, რომ აპირებს გამოიყენოს თავისი ატომური სიმძლავრეები, რათა თერმობირთვული იარაღი შექმნას. ამ სენსაციურ განცხადებას ევროპაში განსაკუთრებული შეშფოთება არ მოჰყოლია, ვინაიდან ლიტვა ცივილიზებულ, სტაბილურ ქვეყნადაა მიჩნეული. მსგავსი რამ ნებისმიერ ქართველ სახელმწიფო მოღვაწეს რომ ეთქვა, დასავლეთში ისტერიკა ატყდებოდა.
    «ატომური შანტაჟით» საქართველოს კიდეც შეუძლია ზოგი რამ მიიღოს «საერთაშორისო სააგენტოსგან». ვთქვათ, ფინანსური დახმარება ატომური რეაქტორის დასაკონსერვებლად ან მნიშვნელოვანი თანხები ელექტროენერგიის შესაძენად (რათა საჭირო აღარ გახდეს ამ მიზნით ატომური ენერგიის გამოყენება) და ასე შემდეგ.
    ყოველ შემთხვევაში, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ, ევროპელები (საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე) აქტიურად თანამშრომლობენ პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებთან და თანხებსაც არ იშურებენ.

საქართველოს ეკლესია სქიზმისგან ყოველთვის თავისუფალი იყო
   

    ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი თვისება, რომელიც მას ისტორიულად ახასიათებდა, იყო იმუნიტეტი ყოველგვარი განხეთქილების მიმართ. განსხვავებით სხვა ეკლესიებისაგან, საქართველოს ეკლესიაში არასდროს ყოფილა მძლავრი სქიზმატური მოძრაობა. იმასაც უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ეს ნაწილობრივ ეკლესიის არაპოლიტიზებულობისა და ნაკლები საზოგადოებრივი გავლენის შედეგიც იყო. დღეს ქართული ეკლესია საქართველოში მნიშვნელოვან პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ძალად იქცა. ბუნებრივია, უნდა გაძლიერებულიყო სურვილი, მისი «უშუალო პოლიტიკის ფაქტორად» გამოყენებისა. განხეთქილების მოსურნენი შესაძლოა მართლაც გულწრფელნი არიან, მაგრამ მათ დემარშს ასეთი რეზონანსი საზოგადოებაში ნამდვილად არ ექნებოდა, რომ არ არსებობდეს შესაბამისი ფსიქოლოგიური განწყობა და პოლიტიკური ფონი. თითქმის უეჭველად შეიძლება ითქვას: «რელიგიურ სქიზმად» შენიღბული ბრძოლის შინაგანი მიზეზი არის საპატრიარქოში არსებული ოპოზიციის მოქმედება, რომელიც ილია მეორეს უპირისპირდება. კონკრეტულად, ის ბერები, ვინც რადიკალურ მოთხოვნებს აყენებენ, შესაძლოა, არ ეცილებიან ტახტს ქართული ეკლესიის საჭეთმპყრობელს, მაგრამ მათი მოქმედება მაინც დიდად განპირობებულია შინაგანი დაძაბულობით საპატრიარქოში. წმინდა სინოდის წევრები ამას გრძნობენ - ამიტომაც მიიღეს გადაწყვეტილება განდგომილ ბერთა პირველი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ და «მსოფლიო საბჭოდან» გამოვიდნენ. შემდეგი მოთხოვნა (ქართულმა ეკლესიამ გაწყვიტოს კავშირი ყველა მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რომლებიც მსოფლიო საბჭოს წევრები არიან) მათთვის სავსებით ბუნებრივი და ლოგიკურია, მაგრამ საზოგადოებრივი განწყობა ამჟამად უკვე სხვა არის, - სერიოზული «ტალღის» აგორება შეუძლებელი გახდა და, დღევანდელ განწყობაზე დაყრდნობით, სახელმწიფომ მიიღო საშუალება, აქტიურად ჩაერიოს კონფლიქტში - ძალადობასაც კი მიმართოს იმ «ერისკაცთა» წინააღმდეგ, ვინც ცდილობს, მონასტრები შეუნარჩუნოს «მოკვეთილ» საეკლესიო მოღვაწეთ და არ მისცეს ლოცვის ჩატარების საშუალება პატრიარქის დანიშნულ მღვდელს.

ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი ამერიკაში.
   

    ვაშინგტონში ყოფნისას, საქართველოს პრეზიდენტმა «ემოციური მომენტი» უწოდა ჯონ-მალხაზ შალიკაშვილის გადადგომას ამერიკის «შეიარაღებულ ძალთა შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის» თანამდებობიდან. აღსანიშნავია: შალიკაშვილი კი არ გადააყენეს, არამედ იგი წლოვანების გამო ტოვებს თანამდებობას. შევარდნაძის ემოცია სავსებით გასაგებია, - არ არსებობს ქართველი, რომლის ეროვნულ თავმოყვარეობას სასიამოვნოდ არ «ელამუნებოდა» ის ფაქტი, რომ წარმოშობით ქართველი კაცი ხელმძღვანელობდა მსოფლიოში უძლიერეს არმიას და კარგადაც ხელმძღვანელობდა, ვინაიდან არაერთგზის დაიმსახურა პრეზიდენტის მადლობა. მაგრამ, პოლიტიკურად შალიკაშვილის გადადგომა ჩვენთვის აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს. ამერიკის თავდაცვის მინისტრ კოენისა და პრეზიდენტის ნებართვის გარეშე ჯონ-მალხაზ შალიკაშვილი ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამდა. ორი წლის წინ მან ჟურნალისტებთან საუბრისას რაღაც განცხადება გააკეთა აფხაზეთის შესახებ, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ანდრეი კოზირევს არ მოეწონა. ამ უკანასკნელმა თავი აარიდა მოსკოვში შალიკაშვილთან შეხვედრას, რის შემდეგაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი იძულებული გახდა არაოფიციალურად ბოდიშიც კი მოეხადა გენერლის განცხადებისთვის.
    საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში შეხვდა ამერიკის სამხედრო უწყების ფაქტობრივ (პოლიტიკურ) ხელმძღვანელს - თავდაცვის მინისტრ უილიამ კოენს, რომელიც მას დაპირდა თანადგომას სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაძლიერებაში. ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია: 1994 წელს ვაშინგტონში შევარდნაძის პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს, რაიმე სამხედრო დახმარებაზე ან თანამშრომლობაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. პროგრესი შეიმჩნევა აფხაზეთის საკითხშიც: სამი წლის წინ ბილ კლინტონმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა: «ამერიკა მიესალმება რუსეთის მცდელობას, მშვიდობა დაამყაროს საქართველოში». ამჟამად კი უკვე ლაპარაკია სამშვიდობო ოპერაციის ახალ ფორმატზე - ამერიკამ აღიარა, რომ რუსეთის სამშვიდობო მისია კრახით მთავრდება. თუმცა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს უშუალო ჩარევას კონფლიქტის მოწესრიგებაში. ვაშინგტონიდან ედუარდ შევარდნაძე ნიუ-იორკში მიემგზავრება, სადაც მოლაპარაკებას გამართავს გაეროს გენერალურ მდივან კოფი ანანთან. მოლაპარაკების თემა, კვლავინდებურად, აფხაზეთი იქნება. ოღონდ, საეჭვოა ამ მოლაპარაკებამ შედეგი გამოიღოს. გაეროს გენერალური მდივანი კვლავინდებურად მოითხოვს აფხაზური მხარის თანხმობას უშიშროების საბჭოში შესაბამისი რეზოლუციის მისაღებად - წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზოლუცია არც კი განიხილება.
    პრინციპში, გაეროს გენერალური მდივანი მხოლოდ «ტექნიკური მუშაკია» - რეალურად, ამ საკითხში ყველაფერი დამოკიდებულია ამერიკისა და რუსეთის პოზიციაზე, - მათი პოზიციები კი ცნობილია: რუსეთი არ დაუშვებს «უცხო ძალის» ჩარევას დსთ-ის სივრცეში, ხოლო თავად კონფლიქტის ზონაში არაფრის შეცვლას არ აპირებს.

თურქეთის პრეზიდენტმა ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებისას «თურქი მესხების» საკითხი წამოჭრა
   

    სულეიმან დემირელის ვიზიტიდან რამდენიმე დღემ განვლო, მაგრამ რატომღაც ჯერაც არავინ მიაქცია ყურადღება ფრაზას, რომელმაც მოლაპარაკებისას გაიჟღერა: «თურქეთის მხარემ კმაყოფილება გამოთქვა მესხეთელ თურქთა საკითხში საქართველოს ხელისუფლების კონსტრუქციული პოზიციის გამო». როგორც ჩანს, აქ იგულისხმება მთავრობის გადაწყვეტილება მესხეთში თურქთა რეპატრიაციის შესახებ, რომელმაც უდიდესი რეზონანსი გამოიწვია საქართველოში.
    თავს ნუ მოვიტყუებთ: ეს საკითხი არის უმძლავრესი კოზირი თურქეთის (და აზერბაიჯანის) ხელში - ისინი ყოველთვის შეეცდებიან, საქართველოს ხელისუფლებაზე ზეგავლენა მოახდინონ 1944 წელს მესხეთიდან გასახლებულ თურქთა მეშვეობით და, ბოლოს და ბოლოს, მიაღწიონ მათ მასობრივ რეპატრიაციას თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში. საქართველო ჯერჯერობით ამას არ თანხმდება, მაგრამ თუ რუსეთის შეიარაღებული ძალები (და მესაზღვრეები) გავლენ ჩვენი ქვეყნიდან, - თურქეთი სულ სხვა ტონალობაში დასვამს საკითხს და თვით «თურქი მესხებიც» გააქტიურდებიან. ამიტომ სჯობს, ჩვენმა ქვეყანამ დღესვე იზრუნოს პრობლემის ინტერნაციონალიზაციისთვის - დაუყოვნებლივ ჩაერთოს მის გადაწყვეტაში ეუთო, რათა შეიქმნას ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს გასახლებულთა ეტაპობრივ დაბრუნებას (კულტურული ავტონომიის უფლებით), მაგრამ ეჭვქვეშ არ დააყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
    ერთი რამ ახლავე უნდა გავაცნობიეროთ: ეს პრობლემა ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგება დღის წესრიგში - თუ, რასაკვირველია, საქართველოს განზრახული აქვს, გამოვიდეს რუსეთის გავლენის სფეროდან, გაიყვანოს რუსეთის ჯარები და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობა მოიპოვოს.
    ამჟამად საქართველოს წინაშე სამი სტრატეგიული პრობლემა დგას, რომელთა სიმწვავე დროთა განმავლობაში კი არ კლებულობს, არამედ პირიქით - იზრდება. ესენია: აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და «მესხეთელი თურქები», ანუ (უფრო ზუსტი იქნებოდა გვეთქვა) გათურქებული ქართველების პრობლემა.

დილის გაზეთი, 21 ივლისი, 1997 წ.