ოპოზიციისთვის «რეაქციულ» და «დემოკრატიულ» რუსეთს შორის ზღვარი არ არსებობს

ოპოზიციისთვის «რეაქციულ» და «დემოკრატიულ» რუსეთს შორის ზღვარი არ არსებობს

პრაგმატული პოლიტიკის გზით
   

   

    თემა, რომელზედაც ამჯერად მსურს მკითხველის ყურადღება შევაჩერო, მხოლოდ ირიბად, არაპირდაპირ უკავშირდება ჩეჩნეთის პრობლემას. რეალურად კი ეს ჩვენთვის, ქართველებისათვის და ჩვენი ქვეყნისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.
    სოციოლოგიასა და ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ სტერეოტიპული აზროვნების, კლიშირებული ცნობიერების ერთ-ერთი შედეგი ე.წ. «ანტისტერეოტიპების» წარმოშობაა, როდესაც დრომოჭმულ, არარეალურ, მიუღებელ სქემებს ებრძვიან ასეთივე არარეალური, სტერეოტიპული სქემებით. ანუ, ნაცვლად ძველი სტერეოტიპისა, წარმოიშობა საპირისპირო ნიშნის მატარებელი ახალი სტერეოტიპი - ფორმალურად მისი ანტიპოდი, მაგრამ არსობრივად მისივე მსგავსი.

    ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებმა ეჭვქვეშ დააყენა ქართულ საზოგადოებრიობაში დამკვიდრებული აზრი «ორი რუსეთის» თაობაზე. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ არა მხოლოდ იმ იდეას, რომლის თანახმად, არსებობს «კეთილი» და «ბოროტი» რუსეთი, «დემოკრატიული» და «რეაქციული», «მეგობრული» და «მტრულად განწყობილი», არამედ მის საწინააღმდეგო (ერთი შეხედვით საწინააღმდეგო) აზრსაც, რომლის თანახმად, «არავითარი ორი რუსეთი არ არსებობს - არსებობს ერთიანი და განუყოფელი რუსული სახელმწიფოებრივი ტრადიცია, რომელიც იმთავითვე მტრულადაა განწყობილი საქართველოსა და მისი ეროვნული ინტერესებისადმი».
    საქართველოში დაბრუნებისთანავე, ედუარდ შევარდნაძემ მთელი თავისი ავტორიტეტი მოახმარა ჩვენში იმ აზრის დამკვიდრებასა და გამარჯვებას, რომლის თანახმად, საქართველოს დამოუკიდებლობა ე.წ. «პროგრესულ» რუსეთს უკავშირდება - რუსეთში «ჩვენი მეგობარი დემოკრატები» მხარს უჭერენ საქართველოს თავისუფლებას, სახელმწიფოებრიობას და ეროვნულ ერთიანობას. ყოველივე ამას კი, «რეაქციული» რუსეთი ებრძვის - «ჩვენი მოწინააღმდეგე რუსი რეაქციონერები» ებრძვიან საქართველოს, ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობას და ამ მიზნით იარაღით, ტყვია-წამლით, საწვავითა და სურსათ-სანოვაგით ამარაგებენ ყველა ჯურის სეპარატისტს.
    ეს სტერეოტიპი თითქოს აბსოლუტურად ურყევი ჩანდა - იმ მცირედი გამონაკლისით, რომ ე.წ. ოპოზიციისთვის «რეაქციულ» და «დემოკრატიულ» რუსეთს შორის ზღვარი არ არსებობს და ეს ქვეყანა მოიაზრებოდა როგორც ერთიანი მონსტრი - საქართველოს ჩასაყლაპად და გასანადგურებლად შემართული.
    მაგრამ მერე და მერე, ამ სტერეოტიპს სერიოზული ხინჯები გაუჩნდა: გავიხსენოთ ომი აფხაზეთში. ვინ ამარაგებდა არძინბას მატერიალურად, ვინ უგზავნიდა სამხედრო ტექნიკასა და სპეციალისტებს, რაც აუცილებელი იყო ომში გამარჯვების მოსაპოვებლად? - უპირველესად რუსეთის მთავრობა და მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ეგორ გაიდარი - რუს «დემოკრატთა» აღიარებული ლიდერი.
    სწორედ მისი ხელმოწერით გადაირიცხა «ინკომბანკში», სპეციალურ ანგარიშზე, 36 მილიარდი რუსული მანეთი. ამ თანხით შეიძინეს აფხაზმა სეპარატისტებმა უახლესი სამხედრო ტექნიკა, დაიქირავეს სპეციალისტები, მოისყიდეს პროფესიონალი პროპაგანდისტები და ასე შემდეგ. «დიდმა რეფორმატორმა და დემოკრატმა» ეგორ გაიდარმა ლომის წილი შეიტანა საქართველოს დაქცევასა და განადგურებაში - ეს არის ფაქტი, რომელსაც, როგორც იტყვიან, «წყალი არ გაუვა».
    მავანი ამ ფაქტს ასეთ ახსნას მოუძებნის: «გაიდარი, სინამდვილეში. არ არის დემოკრატი. ის შენიღბული რუსი შოვინისტია და ელცინის ბრძანებებს ასრულებდა. ელცინს კი რუსეთის იმპერიის აღდგენა სურს განახლებული სახით».
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს იქნება იმავე სქემის განმეორება, რომლის თანახმად, არ არსებობს არავითარი «დემოკრატიული» და «რეაქციული» რუსეთი - რუსეთი თავისი სახელმწიფოებრივი არსით იმპერიალისტურია და იგი ვერ შეიცვლება.
    ერთი შეხედვით, თითქოს არ არის ლოგიკას მოკლებული, მაგრამ თუ უფრო ყურადღებით გავაანალიზებთ პრობლემას - დავინახავთ: აქ უკვე სწორედ იმ «ანტისტერეოტიპთან» გვაქვს საქმე. სინამდვილეში კი, პრობლემის დედააზრი ისაა, რომ სხვა მრავალი რუსი «დემოკრატისაგან» განსხვავებით, რომელთათვისაც დემოკრატიული რიტორიკა მართლაც შენიღბული აგრესიის იდეოლოგიაა, ეგორ გაიდარი აბსოლუტურად გულწრფელია: დღეს, როდესაც ჩეჩნეთში ანალოგიური პროცესები მიმდინარეობს, მას პოზიცია არ შეუცვლია და ისევე იცავს ჩეჩნეთს «რუსული აგრესიისაგან», როგორც ოდესღაც აფხაზეთს იცავდა - «ქართული იმპერიალიზმისაგან».
    რუსეთის არმიის განსაცვიფრებელი მარცხი გროზნოში სწორედ ამ კატეგორიის «რუსი დემოკრატების» მიერ ატეხილი ანტისახელმწიფოებრივი ისტერიით აიხსნება: არ შეიძლება ჯარისკაცს, ერთი მხრივ, დღენიადაგ ჩასჩიჩინებდე, რომ იგი უსამართლო ომს ეწევა, ხოლო მერე მხრივ, მისგან უეჭველ გამარჯვებას მოითხოვდე - საკუთარ სიმართლეში დაეჭვებული მეომარი აუცილებლად დამარცხდება!
    მაგრამ გაიდარს, იავლინსკის, კოვალიოვს და სხვა ამ კატეგორიის «დემოკრატებს» ეს არ აღელვებთ. მათთვის მთავარია დემოკრატიული იმიჯის, დემოკრატიული ხიბლის შენარჩუნება და, როგორც ჩანს, ეს მათთვის უფრო მნიშვნელოვანიც კი გახდა, ვიდრე თვით რუსული სახელმწიფოებრიობის მომავალი.
    ეგორ გაიდარმა, რამდენიმე დღის წინ, გამოაქვეყნა საპროგრამო წერილი გაზეთ «იზვესტიაში», რომელშიც არის ასეთი ფრაზა: «რუსეთს სჭირდება პატარა, იაფი სახელმწიფო და არა ისეთი, როგორიც იგი იყო საუკუნეთა განმავლობაში (Мальенкое, недорогое Государство).»
    აი აქ, ამ სიტყვებშია კოდირებულად გადმოცემული რუსული „დემოკრატიის“ არსი. გაიდარსა და მის თანამოაზრეებს არაფრის დიდებით არ სურთ იმის გაგება, რომ «პატარა და იაფფასიანი სახელმწიფო» რუსეთში - რუსული სახელმწიფოებრიობის და თვით რუსეთის განადგურებას ნიშნავს. ისევე, როგორც არაფრით არ უნდათ იმის შეგნებაც, რომ დუდაევის გამარჯვება ჩეჩნეთში (ამ რეგიონიდან რუსული არმიის სამუდამოდ გამოყვანის ფორმით) აუცილებლად გამოიწვევს რუსეთის, როგორც ერთიანი სახელმწიფოს ეროზიას, მის დეგრადაციასა და დაშლას.
    სხვებისგან განსხვავებით, გაიდარი არ არის «შენიღბული რეაქციონერი» - იგი გულწრფელი დემოკრატია, მაგრამ მისი «დემოკრატია», ფაქტობრივად, რუსეთისათვის ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ხასიათისაა.
    ახლა კი შევხედოთ პრობლემას მეორე მხრიდან: რუსი «რეაქციონერები», რომლებსაც ჩეჩნეთში სეპარატისტული მოძრაობის ჩახშობა სურთ, სისხლხორცეულად არიან დაინტერესებულნი, რომ საქართველოს სახით «მყარი ზურგი» ჰქონდეთ სამხრეთ კავკასიაში.
    იმავდროულად, მათ ძალიან კარგად ესმით: საქართველოს მხარდაჭერის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ თავად დაუჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, შეწყვეტენ სეპარატისტების დახმარებას.
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ საქართველო თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად რუსეთის ფაქტორის გამოყენებას გადაწყვეტს, მას მოუწევს მოლაპარაკება და შეთანხმება არა ზემოთჩამოთვლილ რუს «დემოკრატებთან» (რომელთათვისაც არათუ საქართველოს, არამედ საკუთარი ქვეყნის მთლიანობა არ არის იმპერატიული კატეგორია), არამედ სწორედ იმ ძალებთან, რომლებიც «იმპერიალისტურად» და «რეაქციულად» ითვლებიან.

    სწორედ აქ მივადექით საკვანძო მომენტს: ჩვენ უნდა გავერკვეთ, რა არის ჩვენთვის პრიორიტეტული და რა - მეორადი. საქართველო ერთხელ უკვე აყვა (საუკუნის დასაწყისში) აბსტრაქტულ «იზმებს» და შედეგად სახელმწიფოებრიობის დაკარგვა მიიღო.
    ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მთლიანობა უმთავრესი პრიორიტეტია, ხოლო ამ მთლიანობის აღსადგენად საქართველომ პრაგმატიზმით უნდა იხელმძღვანელოს და არა «აბსტრაქტული სამართლიანობის» იდეებით.
    რუსული დემოკრატია ნამდვილად არ არის საქართველოს მეგობარი, მაგრამ არა იმიტომ, რომ იგი «შენიღბული იმპერიალიზმია», არამედ (როგორც აღმოჩნდა ჩეჩნეთის მოვლენების დროს) უფრო იმის გამო, რომ მისთვის «აბსტრაქტული ჰუმანიზმის» იდეა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთარი სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესი და თვით მისი არსებობაც კი.
    ქართული საზოგადოების მიერ გამომუშავებული «ანტისტერეოტიპი» კი იმაში მდგომარეობს, რომ «რუსული იმპერიალიზმის» ინტერესები არასდროს, არც ერთი შემთხვევაში, არავითარ სიტუაციაში არ შეიძლება დაემთხვეს საქართველოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებს. და პირიქით - «რუსული დემოკრატია» ყოველთვის, ყველა შემთხვევაში და ყველა სიტუაციაში საქართველოს მოკავშირეა.
    ეს არის მავნე და ძალზე საშიში სტერეოტიპი, რომლისგანაც ქართული პოლიტიკური ცნობიერება რაც შეიძლება სწრაფად უნდა გათავისუფლდეს. სხვაგვარად ჩვენ ვერ შევძლებთ კავკასიის ურთულეს გეოპოლიტიკურ სივრცეში მყარი ადგილის მოპოვებასა და საკუთარი ინტერესების დაცვას.

«ივერია-ექსპრესი», 24-26 იანვარი, 1995 წელი.