კვირის მიმოხილვა: კოსოვოს მოდელი - აფხაზეთისთვის?

კვირის მიმოხილვა: კოსოვოს მოდელი - აფხაზეთისთვის?

      საბიუჯეტო კრიზისი დასრულდა - გეშინოდეთ საბიუჯეტო კრიზისის

        «გადავრჩით» - ასე შეიძლება გამოიხატოს ქართული ისტებლიშმენტის (არა მხოლოდ ხელისუფლების) «თავისუფლად ამონასუნთქი» საქართველოში მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ ვულფენსონის ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით.
        მსოფლიო ბანკი, რომელიც ყველა ქვეყანაში ტრადიციულად უფრო უყვართ, ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდი (ვინაიდან იგი უშუალოდ ბიუჯეტს აფინანსებს და არა ეროვნული ბანკის რეზერვებს), თანახმაა, გამოჰყოს დამატებით დაახლოებით 100 მილიონი დოლარი საბიუჯეტო დავალიანებათა აღმოსაფხვრელად.
        მაშასადამე, ხელფასები, პენსიები და სხვა სახის გასაცემლები უახლოეს მომავალში დარიგდება (იგულისხმება, პერიოდი სექტემბრამდე, ანუ არჩევნებამდე), რაც «დომინოს პრინციპით» ახალ ფინანსურ პრობლემებს გააჩენს: ლარის მასა მიაწყდება «ბაზარს», უეჭველად მოხდება ეროვნული ვალუტის დევალვაცია 2,4 ნიშნულამდე მაინც, მაგრამ ვინც ამ ფასზე ძვირად შეიძენს (ივლის-აგვისტოსთვის) დოლარს, აუცილებლად წააგებს: აგვისტოში სავალუტო ფონდიც გამოჰყოფს კრედიტს «რეზერვების შესავსებად», ეროვნული ბანკი განაახლებს ინტერვენციებს და კვლავ «ამოიღებს» ჭარბ ლარს, ანუ კურსი ისევ «დავარდება».
        იქმნება შესანიშნავი ასპარეზი სპეკულაციისათვის და რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს - ასე გაგრძელდება მორიგ კრიზისამდე.
       

კოსოვოს მოდელი - აფხაზეთისთვის?
       

    რუსები არ აპირებენ დატოვონ ენგურის აუზი - მიუხედავად მანდატის შეწყვეტისა და საქართველოს უარისა - კიდევ ერთხელ გაუგრძელოს მათ ამ მანდატის ვადა.
        აქედან გამომდინარე, როგორი ნაბიჯებიც უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ პრობლემის შემდგომი «ინტერნაციონალიზაციის» თვალსაზრისით - რეალურად კონფლიქტის ზონაში არაფერი შეიცვლება (თუმცა, შარშანდელი მაისის მსგავსი მოვლენები გამორიცხული არ არის): რუსეთი  «ვერ გაიყვანს» სამშვიდობო ჯარებს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ახალი კონფლიქტის ინსპირირებისთვისაც უნდა იკისროს პასუხისმგებლობა.
        ამრიგად, მოსკოვი საკუთარ პოლიტიკურ მახეში გაება. მის მიერ «საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე» დამყარებული სტაბილურობა საშუალებას აძლევს საქართველოს ხელისუფლებას (თუ ამას გადაწყვეტს), წამოიწყოს თვისებრივად ახალი სამშვიდობო პროცესი, რუსეთი კი მოვლენათა განვითარების ყველა ვარიანტში წამგებიან მდგომარეობაში აღმოჩნდება.
        რასაკვირველია, «თვისებრივად ახალ პროცესში» სრულებითაც არ იგულისხმება ნატოს სამხედრო ოპერაცია - მით უმეტეს, აფხაზეთის წინააღმდეგ;
        მხოლოდ რუსეთის გეოპოლიტიკურ სივრცეში როდია საქმე, - დასავლეთი, რა თქმა უნდა, არ განახორციელებს სამხედრო აქციას «მცირერიცხოვანი ხალხის წინააღმდეგ» (მოვიდა დრო, ვაღიაროთ, რომ საქართვლეოსაგან გამოყოფა აფსუათა აბსოლუტურ უმრავლესობას სურს და არა მხოლოდ არძინბას კლანს) იმავე მოტივით, როგორითაც დასავლეთი ბალკანეთზე იცავს ალბანელებს, - აკი განაცხადა კიდეც რამდენიმე დღის წინ ბილ კლინტონმა:
        «ჩვენი მოქმედება ბალკანეთზე სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ასევე ჩავერევით სამხედრო ძალით ყველგან, სადაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს ერთმანეთი სძულთ და ისინი ერთმანეთს ხოცავენ».
        მიუხედავად ამისა, ვითარება ევროატლანტიკურ სივრცეში (მათ შორის, კავკასიაში, რაც დადასტურდა ვაშინგტონის სამიტზე) უკვე მომწიფდა საიმისოდ, რომ ნატო პოლიტიკურად (ჯერჯერობით, არა სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ პოლიტიკურად) ჩაერიოს პოსტსაბჭოური სივრცის კონფლიქტებშიც.
        ფაქტობრივად, ეს ახალი რეალობა ერთმნიშვნელოვნად არის დაფიქსირებული ნატოს «სტრატეგიულ კონცეფციაში», რომელიც სამიტმა ერთხმად მიიღო.
        გაუგებარია, რატომ არ უნდა გამოიყენოს საქართველომ ეს შესაძლებლობა თუ ადრინდელმა ფორმატმა (რომელიც რუსეთის პრიორიტეტს აფიქსირებდა) ჩვენთვის სასურველი შედეგი იოტისოდენადაც ვერ გამოიღო?
        მაგალითად, რატომ არ უნდა ჩაითვალოს მიზანშეწონილად მოვლენათა შემდეგი განვითარება: კოსოვოში მყარი მშვიდობის დამყარების შემდეგ (საეჭვოა ამას უკვე 2-3 თვეზე მეტი ვადა დასჭირდეს) საქართველოს ხელისუფლება (პირადად პრეზიდენტი) რომელიმე საერთაშორისო ფორუმზე (ვთქვათ, ეუთოს სტამბულის კონფერენციაზე) გამოდის ინიციატივით, რათა მოწვეულ იქნას საერთაშორისო კონფერენცია აფხაზეთის პრობლემის განსახილველად. - ისევე, როგორც ჩატარდა პარიზის (რამბუიეს) კონფერენცია კოსოვოს თაობაზე.
        მთავარი, რაც ბალკანეთზე მოხდა, ის კი არ იყო, რომ ნატომ ძალა გამოიყენა პრობლემის გადასაჭრელად, არამედ ის გარემოება, რომ პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დასავლეთმა (მსოფლიო თანამეგობრობამ) გამოიმუშავა კონფლიქტის დარეგულირების გეგმა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც შემდგომ უნიათო და უმაქნისი «გაეროს» გვერდის ავლით განახორციელა კიდეც, ანუ არ მისცა საშუალება დაინტერესებულ ქვეყნებს, გამოეყენებინათ «ვეტოს» უფლება სამშვიდობო პროცესის ჩასაშლელად.
        ჩვენს შემთხვევაში ეს შეიძლება ნიშნავდეს შემდეგს: პარიზში, ან ჟენევაში (სტამბულში, თუნდაც მოსკოვში - ამას მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია მოლაპარაკებათა ფორმატი) იმართება საერთაშორისო მოლაპარაკება აფხაზეთის პრობლემის თაობაზე, რომელიც კოლექტიურად გამოიმუშავებს გარკვეულ პრინციპებს პრობლემის მოწესრიგებისთვის.
        მოლაპარაკებებისას ყველა შუამავალი იქნება თანასწორუფლებიანი; თუმცა, მთავარი მაინც ის არის, რომ ქართული და აფხაზური მხარეები წინასწარ, უშუალო (პირდაპირი) კონტაქტების დროს შეთანხმდნენ გარკვეულ კომპრომისზე, რაც უფრო მეტად შესაძლებელი და რეალური იქნება ზემოთ აღწერილი ფორმატის ფარგლებში, ვინაიდან, ჯერ ერთი, კონფლიქტის არც ერთი მხარე (მათ შორის, არც აფხაზური) ბოლომდე არ ენდობა რუსეთს; გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებას ამ ფარგლებში უფრო გაუადვილდება კომპრომისი შიდაპოლიტიკური მიზეზების გამო - კიდევ კარგი, ქართული საზოგადოება (სერბთაგან განსხვავებით) მთლიანობაში მთელ საერთაშორისო საზოგადოებას არ აღიქვამს მტრად. ამიტომ შესაძლოა, უფრო მეტად დაეთანხმოს და შეურიგდეს მძიმე, მაგრამ, როგორც ჩანს, აუცილებელ კომპრომისს, რომლის შედეგადაც, თუნდაც ნაწილობრივ მაინც, შეიძლება დავიბრუნოთ ის, რაც მთლიანად დაკარგული გვაქვს.
       

საქართველოსაც აქვს რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტები
       

        რა თქმა უნდა, აფხაზეთის პრობლემის შემდგომი ინტერნაციონალიზაცია, მით უმეტეს, საერთაშორისო კონფერენციის ინიცირება და რუსეთის პრიორიტეტულობის უარყოფა მოსკოვს ძლიერ არ ეპიტნავება, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ იმ პოლიტიკურ რეალობასაც უნდა შევურიგდეთ, რომ რუსეთისა და საქართველოს ინტერესები უკვე ობიექტურად უპირისპირდება ერთმანეთს, ამიტომ, რუსეთის «გაღიზიანების» გარეშე (გარკვეული დოზითა და ხარისხით) საქართველო ვერ შეძლებს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას.
        ხოლო თუ ეს არ გვინდა - საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, დღესვე მოგვეთხოვა რუსეთის ფედერაციის სუბიექტის სტატუსი. სხვა შემთხვევაში, რუსეთს ყოველთვის მეტ-ნაკლებად გააღიზიანებს დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს თვით არსებობა სამხრეთ კავკასიაში - როგორი პოლიტიკაც უნდა გაატაროს ამ სახელმწიფომ;
        მაგრამ, თუ კავკასიაში ბოლო დროს განვითარებულ ტენდენციებს ყურადღებით შევისწავლით, უეჭველად შენიშნავთ, რომ საქართველოსაც ეძლევა შანსი რუსეთზე გარკვეული ზემოქმედებისა.
        მაგალითად, ჩრდილოკავკასიის სასაზღვრო ოლქის სარდალმა, გენერალმა ბოლოხვიტინმა რამდენიმე დღის წინ საკმაოდ მკაცრი ტონით განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე საქართველოს მხრიდან საკონტროლო-გამშვები პუნქტები არ უნდა არსებობდეს. როგორ გგონიათ, რატომ? იმიტომ, რომ თურმე (მისი თქმით), რუსეთი ვერ აკონტროლებს საზღვრის ამ მონაკვეთს, ამიტომ საკონტროლო-გამშვები პუნქტების გახსნა, ტვირთებისა და საქონლის მოძრაობა საქართველოს მხრიდან - «არამეგობრულ ნაბიჯად» იქნება მიჩნეული რუსეთში.
        გენერალი ბოლოხვიტინი, რასაკვირველია, ჩვეულებრივი რუსი «დერჟიმორდაა», ამიტომ მას ვერაფერს შეაგნებინებ, მაგრამ გაუგებარია, რატომ არ იყენებს საქართველოს ხელისუფლება ამ შესაძლებლობას? რატომ არ შეიძლება (ვთქვათ) საკითხი დავსვათ შემდეგნაირად: თუ რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე (რომელსაც რუსეთის მხარე ვერ აკონტროლებს) საკონტროლო-გამშვები პუნქტების არსებობა «არამეგობრული ნაბიჯია», მაშინ რატომ არ არის ასევე «არამეგობრული ნაბიჯი» (რუსეთის მხრიდან) საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე (რომელსაც უკვე ქართული მხარე ვერ აკონტროლებს) საკონტროლო-გამშვები პუნქტების არსებობა?
        თუ «აფხაზი ბავშვები» ეცოდებათ - «ჩეჩენმა ბავშვებმა» რა დააშავეს?
        ასეთი ორმაგი სტანდარტით რუსეთი იმოქმედებს მანამ, ვიდრე ერთხელაც საკადრის პასუხს არ მიიღებს, - კერძოდ, ვერავითარი იურიდიული ნორმა ვერ აუკრძალავს საქართველოს, «გახსნას» ჩეჩნებთან საზღვარი და დააწესოს საზღვრის ამ მონაკვეთზე ზუსტად ისეთივე სასაზღვრო რეჟიმი, როგორიც არსებობს საზღვრის ფსოუს მონაკვეთზე.
        ბოლოხვიტინი რომ ბოლოხვიტინია, ისიც კი ვერ მოძებნის არგუმენტს საწინააღმდეგოდ, ვინაიდან ღიად ვერ გაბედავს თქვას:; «ნებადართულია ჩვენთვის, მაგრამ არა თქვენთვის».
        გარდა ამისა, საქართველომ ზოგადად უფრო მეტად უნდა იაქტიუროს ჩრდილოეთ კავკასიაში. საამისოდ უკვე ყველა პირობა არსებობს: რუსული სახელმწიფო (ისევ და ისევ საკუთარი მიზეზით) თანდათან სუსტდება. რუსეთს სურდა დაენგრია ყოფილი «მოკავშირე რესპუბლიკები». საკუთარი ავტონომიებისთვის, ფაქტობრივად, «ქვემდებარე სახელმწიფოებრივი სტატუსის» მინიჭებით მან ნაწილობრივ მიზანსაც მიაღწია, მაგრამ ეს «სახელმწიფოებრივი პრეცედენტი» ბუმერანგივით შემოუბრუნდა.
        რუსული სახელმწიფო, «გოსდუმის» სპიკერ გენადი სელეზნიოვის განცხადებით, «ჭრაჭუნობს», ანუ თანდათანობით შეიძლება დაიწყოს «ნაკერავზე რღვევის პროცესი», ხოლო თვით რუსეთის მიერ «სახელმწიფოებად» აღიარებულმა რესპუბლიკებმა სრული სუვერენიტეტი მოითხოვონ.
        ამ პროცესის შეჩერება, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნება, - «პიკს» იგი მომავალ (არცთუ ისე შორეულ) საპრეზიდენტო არჩევნებზე მიაღწევს.
        განურჩევლად იმისა, ვინ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში - ზიუგანოვი, ლუჟკოვი, თუ ლებედი (სხვებს შანსი არა აქვთ) - ვითარება რუსეთის ფედერაციაში კიდევ უფრო დაიძაბება - უპირველეს ყოვლისა, ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული დაპირისპირება იჩენს თავს - ძველი კონფლიქტები ახალი ძალით იფეთქებს.
        ვიმეორებ - ეს არის გარდუვალი. საქართველო ამ მომავალი რეალობისათვის მზად უნდა იყოს, რომ კონფლიქტის აფეთქება ჩვენთვის მოულოდნელი არ აღმოჩნდეს; ანუ ჩვენს წინააღმდეგ ვერ შემოატრიალონ და პირიქით, - მაქსიმალურად დავიცვათ და განვამტკიცოთ საკუთარი ინტერესები ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც საუკუნეთა მიჯნაზე საქართველოსათვის ბევრი რამ გადაწყდება.

დილის გაზეთი, 7 ივნისი, 1999 წელი