კვირის მიმოხილვა: ლუსტრაციის კანონი საქართველოს კრახი იქნება

კვირის მიმოხილვა: ლუსტრაციის კანონი საქართველოს კრახი იქნება

    გასულ კვირას პარლამენტში ცხარე დებატები გაიმართა «ლუსტრაციის შესახებ კანონის» თაობაზე.
    გამოიკვეთა აზრი, რომ საჭიროა არა მხოლოდ ისეთი კანონის მიღება, რომელიც გაწმენდს სახელმწიფო სტრუქტურებს უცხო ქვეყნის აგენტურისაგან, არამედ შესაბამისი სიების გამოქვეყნებაც, რათა «ხალხმა იცოდეს, ვინ რას აკეთებდა კომუნისტურ წარსულში».
    მართალია კგბ-ს არქივები რუსეთში გაიტანეს, მაგრამ თბილისში ჯერ კიდევ საკმარისი მასალა ინახება იმისათვის, რათა გამომზეურდეს მრავალი ცნობილი პიროვნების «საქმენი საგმირონი».
    თუ ერთხელ დაიწყო ეს პროცესი, შემდეგ მას ვერაფერი შეაჩერებს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ იმ მასალების გამოქვეყნება, რომლებიც თუნდაც მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში ინახება (არადა, ყველას რატომღაც ჰგონია, თითქოს მონოპოლია ამ მხრივ კგბ-ს ეკუთვნოდა), ჭეშმარიტად «ბომბის აფეთქების» შთაბეჭდილებას მოახდენს საზოგადოებაზე.
    ჯერ ერთი, «კლასიკოსად» და გულმხურვალე მამულიშვილად მიჩნეული ბევრი შესანიშნავი (მართლაც შესანიშნავი) მწერალი აღმოჩნდება თავსლაფდასხმული. თუ ღრმად ჩავყვებით, გაირკვევა, რომ XX საუკუნის ქართული მწერლობა, კინოხელოვნება, თეატრი, მხატვრობა, ერთი სიტყვით, ის ფენა, რომელიც ქმნიდა ერის სულიერებას - თხემიდან ტერფამდე სიბინძურეშია ჩაფლული.
    ეს განსაკუთრებით ეხება 37 წელს და, ზოგადად, სტალინ-ბერიას ეპოქას, რომელმაც ქართულ ინტელიგენციას წარუშლელი დაღი დაასვა. სხვათა შორის, ვერც ის ადამიანები შეინარჩუნებენ «წმინდანისა» და «წამებულის» ხატებს, რომლებიც იმ დროს დახვრიტეს - მათაც ბევრი შეუცოდავთ ამ თვალსაზრისით და სანამ დახვრეტდნენ - მათ მიერ დაბეზღებული ადამიანები სიკვდილით დასაჯეს.
    ყველა ეს «დონოსი» საბჭოთა ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, სათუთად შეინახა და ახლაც ელოდება ჟამს, რათა ყოვლისშემმუსვრელ «ბომბებად» იქცნენ - ძლივს დამშვიდებული საზოგადოება ააფეთქონ.
    არსებობს უფრო გვიანი ხანის დოკუმენტაცია. იგ.ი კიდევ უფრო საშიშია, ვინაიდან დამბეზღებლები საკუთარი სიცოცხლისთვის კი აღარ იბრძვიან, არამედ პრივილეგიებისთვის, «ლიტერატურული წარმატებისთვის», საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის, ბინებისა და აგარაკებისთვის.
    რაც მთავარია, ამ ადამიანთაგან ბევრი დღესაც ცოცხალია, აქტიურობს, საზოგადოებას ჭკუას ასწავლის, მორალისტობას იჩემებს და ასე შემდეგ. მათი ვინაობის გამოქვეყნებაც სერიოზულ კატაკლიზმებს გამოიწვევს - უმალვე იფეთქებს ანგარიშსწორების, შურისძიების სურვილი, თვით ხელისუფლებაც მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება, ვინაიდან საერთოდ აღარ დარჩება დასაყრდენი სოციალური ძალა      –     ახალგაზრდული ფრთა კი ჯერ მეტისმეტად სუსტია, რათა სერიოზულ სოციალ-პოლიტიკურ ფაქტორად იქცეს. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ამბავი დატრიალდება საქართველოში: დანასისხლად გადაეკიდებიან ერთმანეთს ოჯახები, უმალვე იფეთქებს ნაცარწაყრილი სიძულვილი. აღარ დარჩება (ან თითქმის აღარ დარჩება) ვინმე მისაბაძი ან პატივსაცემი. ხელისუფლებასაც ვეღარაფერს დავაბრალებთ, ვინაიდან, ეს საზოგადოების მოთხოვნითა და პარლამენტის გადაწყვეტილებით მოხდება. საქართველო ამით კიდევ ერთხელ დამარცხდება მორალურად.
    ამას წინათ 1832 წლის შეთქმულების შესახებ პროფესორ გოზალიშვილის წიგნს ვკითხულობდი. წარმოუდგენელია არ შეგაძრწუნოს იმ სიმხდალემ, უზნეობამ, ერთმანეთის დაბეზღებისა და ამ გზით საკუთარი ტყავის გადარჩენის სურვილმა, რომელიც თვალსაჩინოდ იკითხება 1832 წლის შეთქმულების მონაწილეთა ჩვენებებში, - ასე «სათუთად» რომ შემოგვინახა იმპერიის სპეცსამსახურმა.
    თვით შალვა გოზალიშვილი არავითარ კომენტარს არ აკეთებს - კომენტარი ზედმეტია. ისედაც ყველაფერი ცხადია და ნათელი. საკმარისია ეს წიგნი (კიდევ კარგი, იგი მცირე ტირაჟითაა გამოცემული) წააკითხოთ ადამიანს, რომელიც ქართული ისტორიის იდეალისტურ წარმოდგენებზე აღიზარდა, რომ მას შესძულდეს ქვეყანაც და საკუთარი თავიც.
    ხშირად გვიკვირდა: რატომ გამოამჟღავნა ესოდენი გულმოწყალება მრისხანე ნიკოლოზ I (რუსეთის ერთ-ერთმა ყველაზე სასტიკმა ხელმწიფემ) ქართველი შეთქმულების მიმართ, როცა საშინელი სიმკაცრით დასაჯა დეკაბრისტები?
    პასუხი ნათელია: 1832 წლის «გმირებმა» შეწყალება «დაიმსახურეს» შიშნარევი, ცრემლიანი მონანიებით, ერთმანეთის დაბეზღებით, პატიების ხვეწნა-მუდარით. შესაძლოა, ეს ყველას არ ეხებოდეს, მაგრამ ნამდვილად ეხება უმრავლესობას.
    ზუსტად ასეთივე ვითარებაა 1937 წელსაც საქართველოში. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მაშინ პოტენციური ჯალათებიც ქართველები იყვნენ. ღმერთმა ნუ ქნას, იმ წლებზე სრული სიმართლე ითქვას, თორემ ქართველებს სახელმწიფოებრიობისა და ეროვნულობის ზნეობრიობის მაგალითებიც აღარ შეგვრჩება.

დარიალში უფრო მეტი წყდება, ვიდრე ტერიტორიის მცირე მონაკვეთის საკითხია

    საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციათა (მათ შორის, «ახალგაზრდა მოქალაქეების») აქციამ საქართველოს სამხედრო გზაზე, დარიალის ხეობაში - გასულ შაბათს კულმინაციას მიაღწია.
    რუსი მესაზღვრეები სარდალმა, სალდაფონმა ნიკოლაევმა დაამტკიცა, რომ არაფრის წინაშე უკან არ დაიხევს და «რქებით გაიტანს» რუსულ საზღვარს.
    უეჭველად მისი ბრძანებით, რუსული სასაზღვრო ჯარების «სპეცნაზმა» იარაღის მუქარით ქართველი ახალგაზრდები აიძულა, დაეტოვებინათ ტერიტორია, რომელიც რუსებმა დაიკავეს საქართველოსთან შეუთანხმებლად.
    სამაგიეროდ, თუ ქართული მხარის მიზანი პრობლემის არსებობის დაფიქსირება იყო - მიზანი მიღწეულია. რუსეთისა და მსოფლიოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში უკვე მუსირებს «რუსეთ-საქართველოს სასაზღვრო კონფლიქტის თემა».
    მოსკოვს კი ამ თემის მუსირება ხელს არ უნდა აძლევდეს, ვინაიდან მას დსთ-ს წევრ ბევრ სხვა ქვეყანასთანაც აქვს უთანხმოება სასაზღვრო საკითხებზე.
    ამრიგად, მას შემდეგ, რაც დარიალში მოხდა, ყველა სიფრთხილეს გამოიჩენს და რუსეთს თავისი «კონსტრუქციული პათოსის» დადასტურება ნამდვილად გაუჭირდება.
    რუსები, რა თქმა უნდა, უფრო აქტიურად და მტკიცედ მოქმედებენ, ვიდრე ქართველები. მათ სასაზღვრო პუნქტი გადმოიტანეს კილომეტრნახევრით სამხრეთისაკენ უმალვე, როგორც კი ეს საჭიროდ მიიჩნიეს და სათანადო საბაბიც მიეცათ «სპირტის კრიზისის» სახით. ქართველი მესაზღვრეები კი კონფლიქტის ზონაში არ ჩანან, - იქნებ ეს გამართლებულიც იყოს, ვინაიდან რუსი სალდაფონები უეჭველად გახსნიან ცეცხლს პირველი შემთხვევისთანავე.
    უიარაღო მომიტინგეებთან დაპირისპირების დროსაც მზად ჰქონდათ იარაღი ხმის ჩამხშობებით, რაც უეჭველად იმას ნიშნავს, რომ თუ საჭიროდ მიიჩნევდნენ, ცეცხლს გაუხსნიდნენ «მოწინააღმდეგეს», ანუ უიარაღო ქართველ ახალგაზრდებს.
    სამხედრო კონფლიქტი დარიალის ხეობაში (თუ იგი განვითარდა) საშუალებას მისცემს რუსეთს, გაამწვავოს საქართველო-ოსეთის ურთიერთობა (ამჯერად, იგულისხმება «ჩრდილოეთ ოსეთი») და ჩაშალოს მოლაპარაკება სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის თაობაზე.
    ამ მოლაპარაკების ჩაშლა კი სწორედ რუსეთს აძლევს ხელს, ვინაიდან შესაბამისი დოკუმენტის ხელმოწერა, ვთქვათ, პრეზიდენტების მიერ - საქართველოს დამოუკიდებლობის საბოლოო აღიარება იქნებოდა.
    მეორე მხრივ, «მოქალაქეთა კავშირმა» ამ აქციის ინიციირებით ნამდვილად განიმტკიცა პოზიციები ქვეყნის შიგნით. მან მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ შეუძლია დაიცვას ქვეყნის ინტერესები რუსეთთან დაპირისპირების ფასადაც კი.
    არა აქვს მნიშვნელობა, მიაღწევს თუ არა რაიმეს აქციის მთავარი ინიციატორი, ანუ გადაიტანენ თუ არა რუსები საკონტროლო-გამშვებ პოსტს ძველ პოზიციებზე. სავარაუდოა, რომ ისინი ერთი ნაბიჯითაც არ დაიხევენ უკან და როგორც იტყვიან - «ძალაც შესწევთ ქადილისა».
    ზოგიერთი ცნობით, საქართველო-რუსეთის საზღვრის ამ მონაკვეთზე ჩრდილოეთიდან უკვე კონცენტრირებულია მნიშვნელოვანი სამხედრო ძალა და გენერალ ნიკოლაევის მუქარა «საავიაციო დაბომბვების თაობაზე» სრულიადაც არ არის ლიტონი სიტყვები.
    რაც მთავარია, რუსეთის საინფორმაციო საშუალებები, რასაკვირველია, საკუთარი ქვეყნის სასაზღვრო უწყებას გაამართლებენ - შესაბამისი საინფორმაციო ფონი უკვე იქმნება კიდეც «სპირტის პრობლემაზე» ყურადღების აქცენტირებით: თითქოსდა ქართველებს კონტრაბანდული ტვირთის რუსეთში შეტანის გარდა არაფერი აინტერესებთ.
    რუსეთის მოქალაქეებს უკვე ნამდვილად შეუქმნეს შთაბეჭდილება, რომ აქცია დარიალის ხეობაში «ქართველი კონტრაბანდისტების» მოწყობილია და ისინი პროტესტს აცხადებენ არა საზღვრის გადმოტანის, არამედ სპირტმზიდებისთვის მისი ჩაკეტვის გამო - რაც, რასაკვირველია, სრული სიცრუეა. «მოქალაქეთა კავშირის» ახალგაზრდულ ფრთას (რა თქმა უნდა, «დიდების» თანხმობითა და შეგულიანებით) სპირტი სულაც არ აღელვებს. მისთვის მთავარია, პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთ აღარ მისცეს საბაბი განაცხადონ, რომ «მოქალაქეთა კავშირი» არ იცავს ქვეყნის ინტერესებს.
    მმართველი პარტიისთვის ამგვარი ბრალდების წამოყენების უფლება შეიძლება აღარც ჰქონდეთ იმ პოლიტიკურ ძალებს, ვინც ამჟამად «მხარ-თეძოზე წამოწოლილი» ადევნებას თვალს დარიალის ხეობაში მოვლენათა განვითარებას.
    მდგომარეობა კი დღითიდღე იძაბება. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ იურიდიული თვალსაზრისით საქართველოს პოზიციები სულაც არ არის ისეთი «შეუვალი», როგორც ზოგიერთს ჰგონია და ეს, თავისთავად, უკვე ტრაგედიაა.
    1944 წელს, ჩრდილოეთ კავკასიიდან გერმანელების მხარეს გადასული ხალხების (ჩეჩნების, ინგუშების, ყარაჩაელების და სხვათა) გადასახლების შემდეგ, - ტერიტორიათა გარკვეული ნაწილი საქართველოს გადმოეცა. მათ შორის, როგორც ჩანს, ის მონაკვეთი, რომელიც 1918-1921 წლებში ისედაც საქართველოს განუყოფელი ნაწილი იყო.
    1956 წელს, როცა არამზადა ხრუშჩოვმა «ქართველი სტალინის» მიერ რეპრესირებულ ხალხთა რეაბილიტაცია დაიწყო (ვითომდაც თვითონ არაფერ შუაში ყოფილიყო) და უდანაშაულო ადამიანთა სისხლიც დაღვარა თბილისში - 9 მარტს, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობამ საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლება აიძულა, დათანხმებოდა «მიწების დაბრუნებას რეპრესირებული ხალხებისთვის», რაც გაფორმდა კიდეც 1957 წელს შესაბამისი შეთანხმებით რსფსრ-სა და საქართველოს სსრ-ს შორის.
    თავისთავად ეს აქტი უსამართლო იყო საქართველოს მიმართ, ვინაიდან «დარიალის კარი» ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასლის ეპოქიდან ჩვენი ქვეყნის «კარიბჭედ» ითვლებოდა. თუმცა, ამგვარი არგუმენტაციით გენერალ ნიკოლაევს მაინც ვერაფერს შეაგნებინებ, ამიტომ დღევანდელ დაპირისპირებაში მეტი სიფრთხილეა საჭირო - თავისთავად, რუსეთისათვის ჩვენი პრინციპულობის დადასტურება ნამდვილად სასარგებლო იქნება, მაგრამ სისხლიც არ უნდა დაიღვაროს და აქციის მონაწილეებს უნდა ახსოვდეთ, რომ საქართველოსადმი სიძულვილით დაბრმავებული სალდაფონი ნიკოლაევი, რომელიც 1995 წლიდან ლამის ყოველთვიურად გვიწყობს პროვოკაციებს სხვადასხვა რეგიონში - არაფრის წინაშე უკან არ დაიხევს და ხელი არ აუკანკალდება.
    ტაჯიკეთში იმ სალდაფონის ხელქვეითებმა ათეულობით ათასი ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს მხოლოდ იმისთვის, რომ ავღანეთში გაძევებულ უბედურ ლტოლვილებს სამშობლოში დაბრუნება სურდათ.
   

კოდორის ხეობას სასწრაფოდ შველა სჭირდება

    გასულ ხუთშაბათს რუსეთისა და საქართველოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმად რუსმა «მშვიდობისმყოფელებმა» მიატოვეს პოსტი კოდორის ხეობის სოფელ ქვაბჩარასთან და სოხუმის მიმართულებით მიიმალნენ. მათი პოზიციები კი დაიკავეს აფხაზმა სეპარატისტებმა, რომელთა სამხედრო შენაერთები მანამდე ქვაბჩარიდან ორიოდე კილომეტრში, - ლათასთან იყო განლაგებული.
    რუსი «ცისფერჩაფხუტიანები» ქვაბჩარასთან (აჟარა-სოხუმის გზაზე) ფაქტობრივად სიმბოლურად იდგნენ. არავითარ რეალურ სამხედრო ძალას ისინი არ წარმოადგენდნენ. ან როგორ შეიძლებოდა ამ თვალსაზრისით მათთვის რაიმე მნიშვნელობის მიკუთვნება როდესაც ქვაბჩარასთან იდგა სულ ორიოდე ბმპ და ათი ჯარისკაცი მაშინ, როდესაც ლათაში აფხაზებს ფეხმოუცვლელად ჰყავდათ და ჰყავთ ორასიდან ხუთასამდე მებრძოლი - შექმნილი ვითარების შესაბამისად.
    რუსი «მშვიდობისმყოფელები» შორტებსა და «ბასანოჩკებში» ეფიცხებოდნენ მზეს, თუმცა მათი ყოფნა ქვაბჩარასთან მაინც არ აძლევდა საშუალებას აფხაზ სეპარატისტებს, დაეკავებინათ მიმდებარე მთა, რომლიდანაც «ხელისგულივით» ჩანს მთელი კოდორის ხეობა. თუ ამ მთაზე გამაგრდა აფხაზი «რადისტი» (საარტილერიო ცეცხლის კოორდინატორი) - ადგილობრივი მოლაშქრენი ხეობას ვერ შეინარჩუნებენ და კოდორის ხეობაც დაკარგულია.
    აფხაზები, რა თქმა უნდა, არ გაუშვებენ ხელიდან შანსს და სიმაღლეს დაიკავებენ - თუნდაც ჯერჯერობით ვერ შეძლონ კოდორის სათავისაკენ შეტევის განხორციელება - ამით ფსიქოლოგიურად მაინც გატეხავენ ხეობის ქართველობას.
    1994 წლის გაზაფხულზე, სეპარატისტთა შეტევა ხეობის წინააღმდეგ სწორედ იმიტომ გამოდგა წარმატებული, რომ ლათაში გამაგრებულ ქართულ შენაერთებს აფხაზი «რადისტის» მეშვეობით ზუსტად უშენდნენ საარტილერიო ცეცხლს და წინააღმდეგობამ ყოველგვარი აზრი დაკარგა.
    იგივე განმეორდება ხეობის სხვა სოფლებშიც - თუ დროულად არ მივიღეთ საჭირო ზომები.
    რა თქმა უნდა, ყველაზე ეფექტიანი იქნებოდა ლათაში განლაგებული სეპარატისტული ფორმირებები თავად ყოფილიყვნენ დაინტერესებულნი «რუსული კორდონის» შენარჩუნებით, ანუ თავად ელოდებოდნენ ყოველ წუთს ქართული შენაერთების თავდასხმას. მაგრამ საქართველოს, ჯერჯერობით, ამის უნარი არა აქვს, ამიტომ ისევ თავდაცვითი ხაზის გაძლიერება სჯობს.
    საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სრულად ვერ აკმაყოფილებს მოლაშქრეთა სამხედრო მოთხოვნილებებს. მეომრებს ხეობაში ბევრი რამ აკლიათ. ამაზე ღიად ლაპარაკი, ალბათ მიზანშეუწონელია. ყოველ შემთხვევაში, ნამდვილად არ ცდებიან ისინი, ვისაც მიაჩნია, რომ კოდორის ხეობა უმძლავრესი სამხედრო პლაცდარმია სეპარატისტული რეჟიმის წინააღმდეგ და ამ პლაცდარმის გონივრულად გამოყენებისას არძინბას ძალიან დიდი პრობლემები შეექმნება.
    თუნდაც ის რად ღირს, რომ ომის განახლების შემთხვევაში არძინბა იძულებული იქნება საკმაოდ მნიშვნელოვანი სამხედრო შენაერთი დააკავოს კოდორის ქვედა წელზე, რათა თავიდან აიცილოს ქართული არმიის შეტევა პირდაპირ სოხუმზე.
    როგორც ჩანს, ამ მომენტს რუსული მხარეც ითვალისწინებს და ამიტომაც აფრთხილებს საქართველოს «მძიმე შედეგებით» სამშვიდობო ჯარების გაყვანის შემთხვევაში.
   

ჯაბა იოსელიანის სასამართლო მაინც გალიებით გაგრძელდება

    ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეგრეთ წოდებულ, «გალიებთან» დაკავშირებული სკანდალის გაღვივებით თვით განსასჯელებს და მათ გულშემატკივრებს სერიოზული ტაქტიკური შეცდომა მოუვიდათ. მართალია თავდაპირველად ქართულ პრესაში მართლაც «აგორდა საპროტესტო ტალღა» და გალიები ადამიანის უფლებათა დარღვევად აღიქვეს, მაგრამ უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელობამ მახვილგონივრული გადაწყვეტილება მიიღო: საქმის მოსმენა გაგრძელდება იმავე შენობაში, ოღონდ სხვა დარბაზში, რომელშიც «რკინის გისოსებიანი კონსტრუქციები», ანუ იგივე გალიები ოცდახუთი წელია დგას და მათი გამოყენებით ასეულობით განსასჯელი გაასამართლეს.
    თუ ადამიანის უფლებათა დამცველები ამის გამო მაინც განაცხადებენ პროტესტს, მაშინ სავსებით ლოგიკურად დაისმება კითხვა: რაღა ახლა გაგახსენდათ ეს პრობლემა და რატომ არ გახსოვდათ იგი, როცა იმავე შენობაში, იმავე დარბაზში ასამართლებდნენ სხვა კატეგორიის (პოლიტიკურად არაანგაჟირებულ) ბრალდებულებს, თუნდაც, იმავე «ზვიადისტებს»?
    თუმცა, გარეგნულად მაინც ისე ჩანს, რომ სასამართლომ დათმო, გაითვალისწინა საზოგადოების აზრი და პროცესი სხვა დარბაზში გადაიტანა, სადაც ნაკლებად დამთრგუნველი გალიები დგას.
    თუ ამ «დათმობის» შემდეგაც განსასჯელები ხელს შეუშლიან პროცესის გამართვას, ცხადი გახდება, რომ მათ, უბრალოდ, მისი ჩაშლა სურთ ან თავად უნდათ, რომ მოსამართლემ ისინი დარბაზიდან გააძევოს, ვინაიდან საკუთარ უდანაშაულობას ვერაფრით ადასტურებენ, ხოლო ბრალდებას მართლაც გააჩნია მტკიცებულებათა გარკვეული მარაგი.
    არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ «შევარდნაძეზე თავდასხმა» შეიძლება არც გახდეს საუკუნის პროცესის ძირითადი თემა. ბრალდებისთვის არანაკლებ საინტერესო იქნება გია ჭანტურიასთან, გია გულუასთან და სოლიკო ხაბეიშვილთან დაკავშირებული ეპიზოდები. ამ თემების მუსირება კი (განსხვავებით, პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული ტერაქტისგან), განსასჯელებს მტრებს მოუმრავლებს სხვა ფსევდოპოლიტიკურ დაჯგუფებებში, რომელთაც არანაკლები გავლენა და შესაძლებლობები გააჩნიათ.
    ყველაზე საინტერესო ის არის, რა ტაქტიკას აირჩევს თვით ჯაბა იოსელიანი. ჯერჯერობით იგი ამჯობინებს საკუთარი პოზიცია არ გაამჟღავნოს, თუმცა ზოგიერთი სიმპტომის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჯაბამ გადაწყვიტა გაემიჯნოს დანარჩენ განსასჯელებს და აგრძნობინოს სასამართლოს, რომ თვით მას არანაირი კავშირი არა აქვს გახმაურებულ ტერაქტებთან.
    თუმცა, ჯაბა ამას პირდაპირ ვერ იტყვის, ვინაიდან ის დაუწერელი კანონი, რომელსაც მთელი ცხოვრება უერთგულა, ამის გაკეთებას უკრძალავს - მორალური თვალსაზრისით, ეს შეიძლება აღიქვან როგორც იმ ბიჭების ღალატი, რომლებიც მისთვის ყველაფერზე მიდიოდნენ.
    მაგრამ, თუ ჯაბა მართლაც არაფერ შუაშია და არც გია ჭანტურიას, არც სოლიკო ხაბეიშვილის თუ გია გულუას მკვლელობაში არავითარი მონაწილეობა არ მიუღია, მაშინ გაუგებარია (მისთვისაც) რატომ უნდა იკისროს მან პასუხისმგებლობა სხვებთან ერთად?
    ზემოთქმულიდან გამომდინარე, ჯაბა უეჭველად შეეცდება, უბრალოდ არ მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში და ამ ხერხით გაუსვას ხაზი თავის პოზიციას.
    ამასთანავე, სხვა განსასჯელები, თუ ემოციებს არ აყვებიან და სწორად გაიგებენ ჯაბას ტაქტიკას, არათუ ჯაბას არ გადააბრალებენ ყველაფერს, არამედ პირიქით - შეეცდებიან, დაადასტურონ მისი უდანაშაულობა, რათა «მხედრიონის ლიდერი» გათავისუფლდეს და «მხედრიონი» ააღორძინოს.
    განსასჯელებს არსად ეჩქარებათ, - სიკვდილით დასჯა საქართველოში გაუქმებულია. მათ სამუდამო პატიმრობა ელით.
    ხოლო გათავისუფლებული, «გარეთ მყოფი» ჯაბა იოსელიანი და ფენიქსივით ფერფლიდან აღმდგარი «მხედრიონი» უფრო მეტს გააკეთებს მათთვის, ვიდრე მათთან ერთად ციხეში მყოფი.
    «მხედრიონი უკვდავიაო», - ბრძანებს ბებერი მოჯაჰედინი.
    ასევე უკვდავია რევოლუციური სული საქართველოში.

დილის გაზეთი, 8 დეკემბერი, 1997 წ.