საერთაშორისო მიმოხილვა. 14 მარტი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 14 მარტი. 2023 წელი

ზოგიერთი არ აქცევს ამ ამბავს სათანადო ყურადღებას, მაგრამ სინამდვილეში ყველა ჩვენგანს შეიძლება შეეხოს ის, რაც ხდება ახლა კალიფორნიაში  Silicon Valley Bank (SVB)-თან დაკავშირებით.

ბანკი, შეიძლება ითქვას გაკოტრდა და ამ ამბავმა `ბირთვული რეაქცია` გამოწვია ამარიკაში სამი სისტემური მიზეზის გამო: არა იმიტომ, რომ ეს ბანკი რაიმე თვალსაზრისით `სისტემაშემოქმედია` ამერიკის კოლოსალურ საფინანსო ბაზარზე და ამ მხრივ შეედრება ნიუ იორკის საბანკო ტიტანებს არამედ იმის გამო, რომ

 

ა) ეს ბანკი განასახიერებს `სილიკონის ველის` ბოლო 40 წლის `ტექნოლოგიურ სასწაულს`, როდესაც კალიფორნიის ამ რეგიონში რეგისტრირდებოდნენ შესანიშნავი ტექნოლოგიური სტარტაპები და იქცეოდნენ ლიდერებად - Google მაგალითად, იგივე Facebook და ასე შემდეგ. ანუ SVB-ს გაკოტრებამ საშიში სიმბოლოს (!) ხასიათი შეიძინა

 

ბ) ამერიკული სახელმწიფო, ფედერალური რეზერვი (ამერიკის `ცენტრალური ბანკის ფუნქციას რომ ასრულებს) იძულებული გახდა (!) ჩარეულიყო, რათა `დომინოს` პრინციპით ჩამოშლის გაგრძელება არ დაეშვა.

 

გ) SVB-ის კრახს უკავშირებენ მის CEO-ს გრეგ ბეკერს, რომელმაც არ დამალა და კრიზისის წარმოშობამდე თქვა, რომ ბიტკოინების გამო ბანკმა რამდენიმე მილიარდი დაკარგა. ამან რა თქმა უნდა გამოიწვია პანიკა მეანაბრეებს შორის -  ანაბრების, დეპოზიტების დახურვა, თანხის მოთხოვნა, როდესაც დიდძალი თანხები ბანკს მსხვილ კომპანიებზე ჰქონდა გასესხებული.

ანუ, დავაკვირდეთ რას საყვედურობენ ბეკერს: რატომ არ დამალა, რატომ იყო ასე ტრანსპარენტული, ჩუმად ყოფილიყო, დალოდებოდა თანხებს, რომლებიც გასავალთან ერთად მოედინებოდა ბანკში ახალ-ახალი მეანაბრეებისგან, ეგება ამით გამომძვრალიყო და პანიკა არ გამოეწვიაო.

აი ეს საყვედური, რომ ბანკის მთავარმა მენეჯერმა რატომ არ დაუმალა (!) მეანაბრეებს ბანკში არსებული პრობლემა და პატიოსნად თქვა, მეტყველებს ძალიან სერიოზული სისტემური პრობლემის არსებობაზე ზოგადად საბანკო სფეროში.

 

ეჭვსგარეშეა, რომ Federal  reserve არ დაუშვებს SVB-ს განადგურებას, მაგრამ ამერიკის ბოლო 40 წლის ტექნოლოგიურ `გულს` - `კალიფორნიის ოცნებას`, რომელიც `ამერიკული ოცნების` შიდა გულანად იქცა, სერიოზული ზიანი მიადგა.

და ეს ძაააააალიან სამწუხაროა.

სხვათა შორის არ არის გამორიცხული, ბრძენმა ამერიკულმა Deep State ურჩიოს ამერიკელ კანონმდებელს, რომ ხსენებული `ოცნების` (The American dream) გადასარჩენად, რამდენიმე წლის განმავლობაში ამერიკის ბიუჯეტმა მთლიანად დააფინანსოს პერსპექტიული ტენოლოგიური სტარტაპები კალიფორნიაში.

ნაწილობრივ ასეც ხდებოდა წინათ.  ბევრმა არ იცის, რომ ყველაზე წარამტებულ სტარტაპებში ამერიკის ბიუჯეტიც მონაწილეობდა. არა მთლიანად მაგრამ მაინც.

 

გუშინ ინგლისურმა ტიტანმა HSBO იყიდა SVB-UK ანუ ბანკის ლონდონური ფილიალი ერთ გირვანქა სტერლინგად.

რა თქმა უნდა ლონდონის City-ს `ხელდასხმით`.

ესე იგი ბრიტანელ მეანაბრეებს არაფერი ემუქრებათ.

. . . . . . . . . . . . . . .

ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა ბაიდენმა. მისი თქმით, ავსტრალია უკვე 6-7 წლის შემდეგ მიიღებს პირველ ატომურ (ატომურ ძრავიან) წყაქვეშა ნავებს, რომლებსაც მისთვის აშშ და დიდი ბრიტანეთი დაამზადებენ.

ეს გრანდიოზული პროექტი ხორციელდება რეგიონულ ბლოკ AUKUS (ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, აშშ) ფარგლებში, რომელიც 18 თვის წინ დაფუძნდა და კინაღამ სერიოზული `ჯახი` გამოიწვია საფრანგეთსა და ანგლოსაქსურ ქვეყნებს (USA, UK) შორის, რაკი საფრანგეთს უკვე გაფორმებული ჰქონდა ავსტრალიასთან მრავალმილიარდიანი კონტრაქტი დიზელის (!) ძრავიანი წყალქვეშა ნავების მშენებლობაზე, მაგრამ ავსტრალიამ, ვაშინგტონისა და ლონდონის რჩევით, ხელმოწერილი  კონტრაქტი გააუქმა.

ატომური წყალქვეშა ნავები საფრანგეთსაც კი აქვს (სულ 4 ცალი), მაგრამ ავსტრალიისთვის მხოლოდ დიზელისძრავიანი კრეისერების მშენებლობაზე იყო თანახმა, რომლებიც, თავისი ტექნიკური და საბრძოლო მაჩვენებლებით ატომურ წყალქვეშა ნავებს ჩამოუვარდებიან.

AUKUS ამერიკას და მის უახლოეს სტრატეგიულ მოკავშირეს, დიდ ბრიტანეთს სჭირდებათ, რათა წყნარი ოკეანის აუზში `შეაკავოს` ჩინეთი - ტაივანისთვის მომავალი (როგორც ჩანს ადრე თუ გვიან გარდაუვალი) სამხედრო კონფლიქტის ფონზე.

ავსტრალია ხდება წყნარ ოკეანეში ანგლოსაქსური ბლოკის საყრდენი.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ ატომურ წყალქვეშა ნავებს ავსტრალია მხოლოდ ახალი ათწლეულის დასაწყისში მიიღებს, ამერიკულ და ბრიტანულ ატომურ წყალქვეშა ნავებს უკვე ახლავე აქვთ უფლება (AUKUS შეთანხმებით) შევიდნენ ავსტრალიის პორტებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

. . . . . . . . . . . . . . .

ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა, რომელიც შესაძლოა `რესპუბლიკური პარტიის` ნომინანტი გახდეს პრეზიდენტის პოსტზე 2024 წლის არჩევნების დროს, განაცხადა, რომ უკრაინის დაცვა არ არის ამერიკის ნომერ პირველი ინტერესი და ასე ნურავინ წარმოაჩენსო.

ამით გამოეხმაურა ჯო ბაიდენის პოლიტიკას ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, არ სურს ჩამორჩეს დონალდ ტრამპს, ვისაც მსგავსი მესიჯი არაერთგზის გაუჟღერებია.

თუმცა ამერიკული პოლიტიკური ტრადიციის შესაბამისად, წინასაარჩევნო განცხადებები ბევრს არაფერს ნიშნავს.

მით უმეტეს საგარეო-პოლიტიკურ სფეროში, სადაც რეალურ გადაწყვეტილებებს ამერიკის მაღალკვალიფიციური Foreign-ისტებლიშმენტი იღებს ამერიკის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე.

. . . . . . . . . . . . . . .

 აღმოსავლეთ უკრაინაში, დიდ 160 კილომეტრიან თავდაცვით რკალზე კუპიანსკიდან (ჩრდ.) - ავდეევკამდე (სამხრ.) გრძელდება გააფთრებული ბრძოლები. მათ შორის საზარელი ურბანული ბრძოლა ბახმუტში, სადაც რუსებმა ქალაქის აღმოსავლეთი დაიპყრეს, თუმცა ცენტრში გარღვევას ვერ ახერხებენ.

მიუხედავად ამისა, სამხედრო სპეცაილისტების თქმით, რუსული არმია უდიდესი დანაკარგებით, მაგრამ  მაინც მიიწევს წინ ამ რკალზე.

ეს არ არის `სანგრების ბრძოლა`, ანუ ბრძოლა, როდესაც მხარეები სანგრებში სხედან თვეების განმავლობაში და ფრონტის ხაზი თითქმის არ იცვლება: რუსების მიზანია გაიუმჯობესონ პოზიციები გაზაფხული დიდი ბრძოლის წინ, რომელიც სულ უფრო გარდაუვალი ხდება.

თუმცა მდგომარეობის პარადოქსულობა ისაა, რომ ზუსტად ვერავინ ამბობს, უკრაინული შეტევა იქნება გაზაფხულზე თუ რუსული.

სპეციალისტები თანხმდებიან, რომ შესაძლოა ერთ-ერთი მხარე დაელოდოს მეორე მხარის შეტევას და მერე გადავიდეს კონტრშეტევაზე, ალყა შემოარტყას მოწინააღდმეგეს, გაანადგუროს იგი და ამით მოიპოვოს არა ტაქტიკური არამედ სტრატეგიული უპირატესობა.

 

ზუსტად ასე მოხდა 1943 წლის ეპიკური `კურსკის ბრძოლის` დროს, როდესაც წარმოშობით პოლონელმა სარდალმა როკოსოვსკიმ (რუსების მხარეს იბრძოდა) დაარწმუნა სტალინი, დალოდებოდნენ `კურსკის რკალზე` გერმანელების შეტევას, მოეგერიებინათ ეს შეტევა, მერე გადასულიყვნენ კონტრშეტევაზე.

ის ბრძოლა (კურსკის რკალზე, სადაც რუსების ფრონტი ღრმად იყო შეჭრილი გერამნელების ფრონტში) გადამწვეტი აღმოჩნდა და მას შემდეგ ბერლინის აღება მხოლოდ დროის საქმე გახდა.

იემდია ახლა პირიქით იქნება და უკრაინელები სწორედ ამ რკალზე `გაწყვეტენ წელში` აგრესორებს.

. . . . . . . . . . . . . . .

საოცრებები ხდება აფხაზეთში და შეუძლებელია არ აღიქვა, როგორც კომიკური ისტორიები:

გუშინ ცნობილი გახდა, როგორ (ბოდიში ჟარგონისთვის) `გადააგდეს` აფხაზებმა ერთი რუსი ბიზნესმენი და რუსული `პარლამენტის` (სახელმწიფო სათათბიროს) დეპუტატი, რომელმაც გაგრაში მოინდომა საუკეთესო ადგილას მიწის შეძენა.

20 ჰექტარის!

ალბათ ვილლა უნდა აეშენებინა.

250 მილიონი რუბლი ანუ დაახლოებით $3,5 მლნ გადაიხადა, - გადარიცხა აფხაზურ ბიუჯეტში.

ამ რუსი დეპუტატის გვარია ოლეგ კოლესნიკოვი. პუტინის პარტიიდანაა `სახ-სათათბიროს` წევრი.

 

აფხაზები მუდამ კატეგორიულად ეწინააღდმეგებიან `აფხაზური მიწის გაყიდვას` და პუტინსაც ხომ არ უფორმებენ ბიჭვინთას.

ანუ ეს თავიდანვე `კიდოკი` იყო: ახლა კოლესნიკოვს ეუბნებიან, რომ თაღლითობის სმხვერპლი გახდა - რომელიღაც აფხაზმა ჩინოვნიკმა ეს ფული `მოგიტეხა` და დუბაიში გაიქცა აბა იქ სად ვდიოთო.

სინამდვილეში თავიდანვე ასე იყო ჩაფიქრებული და წილებიც განაწილებული, თავისი `ატკატებით` და ა.შ.

არის ახლა ის იდიოტი კოლენსიკოვი გულგასიებული. თან ხმასაც ვერ იღებს, რადგან ე.წ `დამოუკიდებელი აფხაზეთის მიმართ` კრემლის ხაზს ეწინააღმდეგება მმართველი პარტიის დეპუტატის მიერ კრინტის დაძვრა - ისინი ხომ....`მოკავშირეები` არიან საქართველოს წინააღმდეგ უკვე 35 წელია?

ახია მასზე!

. . . . . . . . . . . . . . .

`საქართველოსთან ომის ვეტერანთა ორგანზიაცია `არუაა` აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებას მოუწოდებს `გადაიყვანოს ეკონომიკა სამხედრო რელსებზე`რადგან, თურმე `საქართველო ემზადება ახალი აგრესიისათვის`.

აფხაზები პანიკაში არიან მას შემდეგ, რაც უკრაინამ უპილოტო აპარატებით დაბომბა კრასნოდარის მხარე: ვაითუ ოჩამჩირეს საზღვაო პორტიც დაგვიბომბონო.

ეშინიათ.

არც უკმაყოფილებას მალავენ, რომ `აფხაზეთმა ამდენი გადაიტანა და ახლა რუსეთი გვაიძულებს, გაუგებარი მიზნებით ვიბრძოლოთ  უკრაინის წინააღმდეგო`.