კვირის მიმოხილვა: მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა

კვირის მიმოხილვა: მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა

 

    როგორც მოსალოდნელი იყო, მოსკოვში სრულიად უშედეგოდ დასრულდა აფხაზეთში კონფლიქტის თაობაზე მოლაპარაკების მორიგი რაუნდი, რომელიც (ისევე, როგორც განვლილი სამი წლის განმავლობაში) მიმდინარეობდა რუსეთის შუამავლობითა და გაეროს მეთვალყურეობით.
    თუმცა, ამ უკანასკნელის «მეთვალყურეობა» ამჯერად იმდენად «შეუმჩნეველი» იყო, რომ არანაირი ზეგავლენა მოლაპარაკებებზე არ მოუხდენია. და, საერთოდ, დროა მივხვდეთ, რომ ეს უმაქნისი ბიუროკრატიული ორგანიზაცია ვერაფრით დაგვეხმარება, - იგი შეიძლება საქართველომ გამოიყენოს მხოლოდ როგორც ტრიბუნა თავისი პრობლემების (მათ შორის, რუსეთთან მიმართებაში არსებული პრობლემების) გასატანად მსოფლიო არენაზე.
    არძინბამ საბოლოოდ მაინც ხელები გაასავსავა და თქვა: რა ვქნა, მინდა, ძალიან მინდა დაგეთანხმოთ, მაგრამ არ შემიძლიაო. ერთი სიტყვით, აფხაზეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ, მისთვის ჩვეული ოსტატობით გაუმართა სპექტაკლი რუსეთში საქართველოს ელჩსა და საგარეო საქმეთა მინისტრს. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ არძინბას სინამდვილეში არც უფიქრია, აზრადაც არ გაუვლია რაიმე კომპრომისი, - მოსკოვში იგი ისევ იმ აზრით, იმ გადაწყვეტილებით მიდიოდა, რომ ყველაფერზე უარი ეთქვა, მაგრამ უარი ეთქვა არა პირდაპირ, აშკარად და ღიად, არამედ, მიკიბ-მოკიბვით, ეშმაკურად, - რათა საქართველოს ხელისუფლებას შეჰქმნოდა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს არძინბა მერყეობს.
    სწორედ რუსეთის შუამავლობითა და გაეროს «მეთვალყურეობით» დაიწყო ქართულ-აფხაზური მოლაპარაკება 1994 წელს. არც ერთი ნაბიჯით აფხაზურ მხარეს ამ სამი წლის განმავლობაში უკან არ დაუხევია, - მაშინაც გვთავაზობდა «ფედერაციულ კავშირს» საქართველოსა და აფხაზეთს შორის, ამჟამადაც გვთავაზობს იმავეს. საქართველო კი ნაბიჯ-ნაბიჯ თმობდა პოზიციებს, - ჯერ დავაფიქსირეთ აფხაზეთი (სწორედ აფხაზეთი და არა აფხაზეთის მოსახლეობის ერთი თემი) თანასწორუფლებიან მხარედ კონფლიქტში, შემდეგ დავეთანხმეთ მოთხოვნას, რომ ხალხი, ვინც იარაღით ხელში იბრძოდა და საკუთარ მიწა-წყალს იცავდა, - აფხაზეთში ვეღარ დაბრუნდებოდა, ბოლოს კი იმასაც მივაღწიეთ, რომ გაეროს გენერალური მდივანი ბუტროს გალი, 1995 წელს დაეთანხმა არძინბას წინადადებას «ქართულ-აფხაზური ერთობლივი ორსუბიექტიანი ფედერაციული უნიის» დაფუძნების თაობაზე.
    გენერალური მდივნის განცხადებით, ამ «ერთობლივი სახელმწიფოს» სახელწოდება დამატებითი მოლაპარაკების საგანი უნდა გამხდარიყო - ანუ მას აღარ ერქმევა «საქართველო». ამ დოკუმენტს ვლადისლავ არძინბა ყველა მოლაპარაკებისას იყენებს უმთავრეს არგუმენტად - ისევე, როგორც 1994 წლის 14 მაისის საბედისწერო ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც შემოვიდნენ ენგურის აუზში სამშვიდობო ძალები.
    არძინბასთან ურთიერთობისას ქართული მხარის უბედურება ის გახლავთ, რომ ჩვენები საკუთარი («ქართული») მენტალიტეტითა და ფასეულობათა სისტემით აანალიზებენ ვითარებას. არადა, არძინბა (ისევე, როგორც მთლიანად აფსუა ხალხი), სულ სხვა მენტალიტეტის მატარებელია.
    ჩვენ, მაგალითად, ვერ წარმოგვიდგენია, როგორ შეიძლება რუსეთს რეალურად უნდოდეს და ვერ აიძულოს აფხაზები დათმობაზე წავიდნენ. ან პირიქით, - აფხაზები იყვნენ ესოდენ «უკომპრომისონი» რუსეთის ზეგავლენის მიმართ.
    ქართული მენტალიტეტი უფრო «ცივილიზებულია». ამდენად, იგი უფრო მოქნილია და ურიგდება კომპრომისს, როდესაც «თავს ზემოთ ძალა არ არის». ქართული მენტალიტეტისათვის (ისევე, როგორც ევროპულისათვის), გასაგებია და მისაღები ფსიქოლოგიური მოქნილობის შემცველი ფორმულა: «საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგან»; აფხაზებისა და ჩეჩნებისათვის კი (ისევე, როგორც ყველა იმ ხალხისათვის, რომელიც «სამხედრო დემოკრატიის» შესაბამისი მენტალიტეტის მატარებელია) ამგვარი მოქნილობა და კომპრომისი ზნეობრივად მიუღებელია და სამარცხვინო.
    მათი მენტალიტეტი გულისხმობს მაქსიმას: ყველაფერი ან არაფერი. სწორედ ამიტომ, ქართველებისათვის გაუგებარია, რატომ არ მოდიან აფხაზები დათმობაზე (ჩვენ ხომ მივდივართ დათმობაზე რუსებთან, - მაშ, აფხაზები რატომ არ თანხმდებიან ჩვენთან კომპრომისს?!). რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგვეჩვენოს, აფხაზთა და ჩეჩენთა ძალა სწორედ მათ არაცივილიზებულობაშია, - რაც უფრო ნაკლებადაა მიდრეკილი კომპრომისისკენ მათი მენტალიტეტი, მით უფრო მეტი შანსი აქვთ საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვონ, ვინაიდან ამგვარი მენტალიტეტის მქონე ერის (ხაზს ვუსვამ - ერის) დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ მისი სრული ამოწყვეტით. ამის საშუალებას და უფლებას კი XX საუკუნის ბოლოს არავინ მოგვცემს.
    არის სერიოზული სიმპტომები იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ისევ აპირებს უკან დაიხიოს და 31 ივლისის შემდეგაც გაუგრძელოს ვადა კონფლიქტის ზონაში დისლოცირებულ რუსეთის ჯარებს (ეს იგრძნობოდა პრეზიდენტის განცხადებაში). როგორც ჩანს, ბოლოდროინდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო დემარშები მიზნად ისახავდა მხოლოდ აფხაზური მხარის დაშინებას - თუ არ დათმობთ, გავიყვანთ სამშვიდობო ჯარებს.
    მეორე მსოფლიო ომის დროს საჰაერო ბრძოლებისას არსებობდა ასეთი მრისხანე საბრძოლო ხერხი: «შეტევა შუბლში»: ორი მფრინავი საშინელი სისწრაფით უახლოვდებოდა ერთმანეთს ჰაერში. ბოლო მომენტში ერთ-ერთ მათგანს უმტყუნებდა ნერვები და საჭეს მოიზიდავდა, ამით მისი თვითმფრინავი მოწინააღმდეგის «საცეცხლე არეალში» ხვდებოდა.
    ამგვარი ხერხით აფხაზური მხარის დამარცხება შეუძლებელია, - არძინბა თავადაც ფანატიკოსია და ფანატიკოსების ერს ხელმძღვანელობს, რომელიც უმალ შეგასკდება და თავს შეგაკლავს, ვიდრე იოტისოდენად გადაუხვევს არჩეულ გზას.

 

შოთა კვირაიას საქმეში ისევ გაიჟღერა «მეგრულმა თემამ»

    თუ ყურადღებით დავაკვირდებით «უშიშროების მინისტრის» გარშემო ატეხილ აურზაურს, უეჭველად შევნიშნავთ, რომ ისე მარტივად და ერთმნიშვნელოვნად არ არის საქმე, როგორც ოპოზიციას (ან თავად უშიშროების პრესცენტრს) სურთ წარმოადგინონ. საზოგადოება გრძნობს, რომ მიმდინარეობს რაღაც ბინძური თამაში, რომელშიც «ტელეფონების მოსმენა» მხოლოდ საბაბია და არა ჭეშმარიტი მიზეზი. დავაკვირდეთ რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ გარემოებას: შოთა კვირაიას წინააღმდეგ გამოთქმულ არგუმენტთაგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აფხაზეთის პრობლემას უკავშირდება. აფხაზეთის პრობლემა კი, თავის მხრივ, უმჭიდროესადაა დაკავშირებული «მეგრულ საკითხთან». ჯერ ერთი იმიტომ, რომ აფხაზეთიდან ლტოლვილი ქართველობის აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკურად მეგრელია. გარდა ამისა, ყველასათვის ნათელია, - სამეგრელოში მყარი ზურგის გარეშე აფხაზეთის პრობლემის ძალისმიერი გადაწყვეტა შეუძლებელი იქნება.
    რაკი «მეგრული თემა» აფხაზეთის პრობლემას მჭიდროდ დაუკავშირდა, სხვადასხვა ჯურის პროვოკატორები რეგულარულად ცდილობენ, ეს კოზირი «გაათამაშონ» პოლიტიკური ინტრიგების განხორციელებისას. ასე იყო 1992 წელს, როდესაც იწყებოდა აფხაზეთის ომი. ასეა ახლაც, როცა ქართულ პოლიტიკურ ელიტას ეშინია ახალი ომისა და კვირაიაზე ყურადღების აქცენტირებით ისევ ცდილობს ამ თემის გაღვივებას.
    ფრაქცია აფხაზეთის წევრებმა ეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი იგრძნეს და სწორედ ამიტომ გააკეთეს განცხადება უშიშროების მინისტრის დასაცავად. აფხაზური მხარე კი დღენიადაგ ამტკიცებს, რომ თუ აფხაზეთის ტერიტორიაზე ამჟამად შენარჩუნებულია დაძაბულობა, თუ ქართველი პარტიზანები («თეთრი ლეგიონი») ყოველდღე ხოცავენ აფსუა «მილიციელებს», აფეთქებენ ხიდებს, ნაღმავენ ტერიტორიას, ერთი სიტყვით, მოსვენებას არ აძლევენ სეპარატისტებს, - ამაში ლომის წილი უდევს საქართველოს უშიშროების სამინისტროს და პირადად მინისტრს.
    წარმოუდგენელია ობიექტურად განწყობილმა დამკვირვებელმა ვერ შენიშნოს, რომ პირდაპირი კავშირი არსებობს აფხაზეთში დივერსიული აქტების გახშირებას, საქართველოს პარლამენტში სამშვიდობო ჯარების გაყვანის თაობაზე გამართულ დისკუსიას, ამ საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია «აფხაზეთის» განცხადებასა და უშიშროების მინისტრის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას შორის.

ეროვნული ვალუტის სიმყარეს საფრთხე ემუქრება

    მთავრობის სხდომაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის (მიუხედავად პარლამენტის გადაწყვეტილებისა, იგი რატომღაც მაინც არ ითვლება «ყოფილ» პრეზიდენტად) ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მისი თქმით, ლარის მერყეობამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა და საშიშ კონდიციას მიუახლოვდა. ეს გამოწვეულია ორი ძირითადი მიზეზით: უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ფინანსური ინტერვენციით (საქართველოში დისლოცირებული სამხედრო კონტიგენტის მეშვეობით) და მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის უპასუხისმგებლობით.
    ახალქალაქში დისლოცირებული რუსეთის მოტომსროლელთა დივიზიის პირადი შემადგენლობა, რომელიც თითქმის მთლიანად დაკომპლექტებულია ადგილობრივი სომხური მოსახლეობით, ხელფასს იღებს მხოლოდ რუსულ რუბლებში. წლის განმავლობაში თანხა შეადგენს დაახლოებით 50 მილიონ დოლარს. მაშინ, როდესაც ეროვნული ვალუტის (ლარის) სახით რეგიონში შესული თანხა 13-14 მილიონი დოლარის ექვივალენტს არ აღემატება. ბუნებრივია, ამ პირობებში რუსული რუბლი ადვილად სჯაბნის ქართულ ლარს და ჯავახეთის რეგიონში ფულის ყველა ფუნქციასაც თავად ასრულებს: გადახდა, დაგროვება და ასე შემდეგ.
    საქართველოს ხელისუფლებამ არაერთგზის შესთავაზა სამხედრო მოსამსახურეთათვის ხელფასის გადახდა ლარებში, - რაზედაც რუსეთის ხელისუფლება არ თანხმდება. უპირველესად პოლიტიკური მოსაზრებების გამო, ვინაიდან ეკონომიკური თვალსაზრისით ლარებში ხელფასის მიღება რუსეთის ოფიცერთა და ჯარისკაცთათვის კიდევ უფრო ხელსაყრელია, ვიდრე რუბლებში, ვინაიდან ამ უკანასკნელის კურსი დოლარის მიმართ დღენიადაგ დაბლა იწევს, მაშინ როდესაც ლარი კვლავინდებურად ინარჩუნებს 1995 წლის ნოემბრის დონეს.
    თუმცა, თუ ეროვნული ვალუტის ბრუნვის არეალი შემცირდა და გაჩნდა მნიშვნელოვანი სეგმენტი, რომელშიც რუსული რუბლის ბრუნვა მოხდება, ადრე თუ გვიან ამან შეიძლება მაინც გამოიღოს ძალზე ნეგატიური შედეგი საქართველოს ფინანსური სისტემისათვის.
    იმ შემთხვევაში კი, თუ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ხელმძღვანელობა დაითანხმა, რუსული სამხედრო ბაზები მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროც კი გახდება ბიუჯეტისათვის - რუსული რუბლი ჩაირიცხება საქართველოს ეროვნული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე მოსკოვში, ანუ ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვი კიდევ უფრო გაიზრდება.
    მაგრამ ლარის, სიმყარეს მხოლოდ «რუბლის ინტერვენცია» როდი ემუქრება. რაც დრო გადის, სულ უფრო ჩლუნგდება პასუხისმგებლობის გრძნობა ეროვნული ვალუტის მიმართ. მსხვილი გადახდა (ნაღდი ანგარიშით) ხდება დოლარით და არა ლარით. მაგალითად, მოსახლეობა დოლარით ყიდულობს მიწის ნაკვეთს, ბინას, ავტომანქანას და ა.შ. როგორც ჩანს, ხელისუფლებას ამ სფეროს კონტროლის დაწესება მოუწევს, რათა რეალურად ამოქმედდეს კანონი, «ლარის ერთადერთ საგადასახადო საშუალებად გამოცხადების შესახებ».
    თავად ნოდარ ჯავახიშვილისათვის კი ეს თემა იქცა შესანიშნავ საშუალებად, რათა ხელისუფლებისათვის საკუთარი თავი «შეეხსენებინა» - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საკითხი ჯერ კიდევ ჰაერშია «გამოკიდებული». თუმცა, ზოგიერთი ცნობით, ედუარდ შევარდნაძე კვლავ აპირებს იგივე კანდიდატურა ხელმეორედ შესთავაზოს პარლამენტს.

რიჩარდ მაცკე ევრაზიული დერეფნით დაინტერესდა

    მსოფლიოს უდიდესი ნავთობკომპანიის, - «შევრონის» ხელმძღვანელი («პრეზიდენტი», ანუ დასავლური გაგებით - «აღმასრულებელი დირექტორი») რიჩარდ მაცკე ანგლოსაქსურ-ევროპული სამყაროს ელიტის სრულუფლებიანი წევრია. მისი ხშირი სტუმრობა ჩვენს ქვეყანაში უეჭველად იმის მაჩვენებელია, რომ ნავთობის ტრანსნაციონალური კონცერნი სერიოზულად დაინტერესდა საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებით. თანაც ამჯერად უკვე არა მხოლოდ კასპიის შელფის, არამედ ცენტრალური აზიის ნავთობის ტრანსპორტირების თვალსაზრისით.
    ყაზახეთის «თენგიზის საბადო» კასპიის ზღვასა და ახლო აღმოსავლეთს ვერ შეედრება «შავი ოქროს» რაოდენობით, მაგრამ მაინც ერთ-ერთ უმდიდრეს საბადოდაა მიჩნეული.
    თავის დროზე (გორბაჩოვის ეპოქაში) ყაზახეთის ხელმძღვანელობას «ცენტრის» სერიოზული წინააღმდეგობის გადალახვა დასჭირდა, რათა საკუთარი სიმდიდრის გამოყენების ნებართვა მიეღო - კრემლთან დაკავშირებით პრობლემა დღემდე არ არის გადაწყვეტილი. ელცინის რუსეთიც ცდილობს, არ მისცეს ნაზარბაევს საშუალება თენგიზის «ბაჯაღლო» ამოუწურავი შემოსავლის წყაროდ აქციოს. ამდენად, ყაზახეთს ჰაერივით ესაჭიროება ალტერნატიული გზა ნავთობის ევროპაში გასატანად.
    აზერბაიჯან-საქართველოს გეოპოლიტიკური ხიდი ეფექტიანად მუშაობს და მნიშვნელოვანი დივიდენდებიც მოაქვს როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. საქართველო არა მხოლოდ კავკასიის «გასაღები» ხდება, არამედ ცენტრალური აზიისაც. ჯერ არავინ იცის, სიკეთეა ეს (სტრატეგიული თვალსაზრისით) თუ პირიქით, - უბედურების მომტანი. თუ საქართველოში სტაბილურობას ოდნავ «ფეხი გადაუბრუნდა», თუ ოდნავ მაინც «აირია ვითარება», რუსეთი არ დაგვინდობს. სახელმწიფოებრივი მდგრადობის შემთხვევაში კი იგი თავად გახდება იძულებული, საქართველოს ფაქტორი გაითვალისწინოს და დათმობებზე წავიდეს.
    კასპიის ფსკერზე ნავთობსადენის გაყვანით შეიქმნება მნიშვნელოვანი პრეცედენტი, კიდევ უფრო ხელსაყრელი პროექტისათვის. თურქმენეთში უკვე კარგა ხანია ლაპარაკობენ იმავე კასპიის ფსკერზე გაზსადენის გაყვანის თაობაზე. საქართველოს, პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ სავსებით მართებულად შენიშნა, რომ ვერც ერთი დარგის განვითარება ვერ მოუტანს ქვეყანას ისეთ მოგებას, როგორსაც სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებაში ინვესტირებული კაპიტალი.
    დილის გაზეთი, 23 ივნისი, 1997 წ.