საერთაშორისო მიმოხილვა. 4 ნოემბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 4 ნოემბერი. 2024 წელი

მაია სანდუმ მოიგო არჩევნები მოლდავეთში.

 მცირე უპირატესობით (53%) მაგრამ მაინც მოუგო პრორუსულ კანდიდატებს.

ისევე, როგორც რეფერენდუმმა, ამ არჩევნებმაც დაადასტურა, რამდენად დიდი გავლენის რესურსი და „ინსტრუმენტია“ მოსკოვის ხელში ასეულობით ათასი მოლდაველი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და რუსეთშია დასაქმებული. ასევე, მოლდოველი ბიზნესმენები, რომლებიც რუსეთში საქმიანობენ.

ბევრს კამათობდნენ მოსკოვში  20-25 წლის წინ: დავუშვათ პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან ემიგრაცია, მათ შორის სამუშაო ემიგრაცია თუ არაო.

ავკეთებინოთ აქ ბიზნესი თუ არაო.

ჩვენი ქვეყნის „დაუძინებელი მეგობარი“, გარეწარი ზატულინი ამბობდა: ქართველები არ უნდა შემოვუშვათ, რადგან ამით თბილისის „სეპარატისტულ რეჟიმს“ დავეხმარებით სოციალური დაძაბულობის გადაჭრაში, აი მოლდოველების და უკრაინელების შემთხვევაში კი შეგვიძლია პირიქით მოვიქცეთ, რაკი მათ სხვა, ქართველებისგან განსხვავებული მენტალობა და ფსიქოლოგია აქვთო.

ზატულინის ამ ისტორიული თეზისის გაჟღერებით მე არავის ვამცირებ: არც უკრაინელებს, არც მოლდაველებს. უბრალოდ ფაქტის კონსტატაციაა და სწორედაც ფაქტია, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში, კრემლმა, რუსეთში მცხოვრები და იქ დასაქმებული ქართველებისგან რაიმე სერიოზული „ინსტრუმენტის“ შეკოწიწება ვერა და ვერ მოახერხა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

კამალა ჰარისი და დონალდ ტრამპი უკანასკნელ აქტივობებს ახორციელებენ 5 ნოემბრის არჩევნების წინ.

განსაკუთრებით „მერყევ შტატებში“, რაზეც გუშინ მოგახსენეთ.

ერთ-ერთი ასეთი შტატი მიჩიგანია - გენიალური ამერიკული ავტო-ინდუსტრიის „გული“ და „ხერხემალი“.

ერთი შეხედვით უცნაურია, რომ ამ შტატის ავტომწარმოებელთ მძლავრმა „ასოციაციამ“ სწორედაც კამალას დაუჭირა მხარი წინასაარჩევნოდ და არა დონალდს მიუხედავად იმისა, რომ  დონალდი აკეთებდა 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროსაც და პრეზიდენტობის დროსაც განცხადებებს „იაპონიისა და გერმანიის ავტოინდუსტრიის მიერ (ჩინეთი იმ დროს ამდენს ვერ ბედავდა ჯერ) ლეგენდარული ამერიკული ავტოინდუსტრიის მოკვდინების შესახებ;

საბაჟო ბარიერების დაწესებასაც ჰპირდებოდა ავტომწარმოებლებს და ამ ინდუსტრიაში დასაქმებულ ასი ათასობით უმაღლესი კვალიფიკაციის ამერიკელ მუშას, მაგრამ......როცა საქმე-საქმეზე მიდგა, რეალური ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით პრეზიდენტმა ტრამპმა ვერ გაბედა.

ანუ როცა Real Policy-ს მრისხანე კანონებს შეეჩეხა თეთრ სახლში:

State department-მა მას აუხსნა, ისევე როგორც National security adviser staff-მა, რომ ჩინეთი სხვაა და.....გერმანიისა და იაპონიის ასე განაწყენება არაფრის დიდებით ამერიკას არ „აწყობდა“ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით.

გარდა ამისა, ამგვარი  ნაბიჯები უხეშად დაარღვევდა WTO წესდებას ხოლო WTO, როგორც გლობალური ინსტიტუტი, „ბრეტონ-ვუდსის“ ისტორიული შეთანხმებიდან (1944წ!) ამოიზარდა, რაც თანამედროვე გლობალური, გეო-ეკონომიკური სისტემის საფუძველია.

არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მთელი ცივილიზაციური დასავლეთის სტრატეგიაა!

ეს გასაგებია, მაგრამ.....მაშინ ისმის კითხვა: „დემოკრატებმა“ და ჯო ბაიდენმა რითღა მოიპოვეს მიჩიგანის ავტოინდუსტრიის მადლიერება? განა მათ გადადგეს ის ნაბიჯები, რისი გადადგმაც პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ვერ გაბედა, რათა NATO და გლობალური ეკონომიკური წესრიგის დასავლური დომინაცია არ დაენგრია?

რა თქმა უნდა არა.

 მაგრამ ბაიდენის ადმინისტრაცია სხვაგვარად დაეხმარა მიჩიგანის ავტო-მრეწვს: ფარული საბიუჯეტო დ ო ტ ა ც ი ი თ.

რასაც ტრამპი, როგორც ჩანს ვერ გააკეთებდა მისი ბუნებრივი „მემარჯვენე“ ფილოსოფიიდან გამომდინარე, რათა პრეცედენტი არ შეექმნა და საკუთარი პარტიის პროგრამული დებულებები არ დაენგრია.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

სანამ კამალა მიჩიგანში იყო, დონალდი კვლავ (უკვე მესამედ) ეწვია პენსილვანიას.

როგორც ჩანს მისი გუნდის სპეციალისტებმა რთული გამოთვლებით, „ალოკაციებით“ და ა.შ. დაადგინეს, რომ ეს შტატი „კრიტიკული“ იქნება ხმოსანთა რიცხვის განსაზღვრისას.

ბევრ „ხმოსანს“ არ აგზავნის პენსილვანია კომიტეტში, რომელმაც პრეზიდენტი უნდა აირჩიოს, მაგრამ როდესაც კანდიდატს 270 „ხმოსნის“ მხარდაჭერა სჭირდება, მერყევი შტატები“ ნამდვილად გადამწყვეტია.

სულ 538 ხმოსანი უნდა აირჩიოს ამერიკამ მომავალ სამშაბათს, ანუ ხვალ.

 ეს ციფრი არჩევნებიდან - არჩევნებამდე არ იცვლება.

ისევე, როგორც არ იცვლება აშშ კონსტიტუციის დებულება, რომ მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში ტარდება ყოველი „ნაკიანი წლის“ (ანუ 29 თებერვალსვე წლის) პირველი ორშაბათის მომდევნო სამშაბათს.

ასე წერია სიტყვა-სიტყვით. წელს ეს არის 5 ნოემბერი.

 

გუშინ კი, პენსილვანიაში ყოფნისას, ტრამპმა შოკში ჩააგდო ყველა განცხადებით, რომ 2021 წელს მას.....„თეთრი სახლი არ უნდა დაეტოვებინა“, რაკი „არჩევნები გაუყალბეს“: “I shouldn’t have left, I mean, honestly,” - თქვა ტრამპმა. და.......ნეიტრალურ დამკვირვებლებსაც კი გაუჩნდათ კითხვა: ეს პოლიტიკოსი ა ხ ლ ა აღიარებს თუ დამარცხდა, როცა ციხე ემუქრება?

თუმცა დამაიმედებელია მისივე მომდევნო განცხადება: “so now, every polling booth has hundreds of lawyers standing there“. (წელს ასეულობით დამკვირვებელი გვყავს ყოველ საარჩევნო ჯიხურთანო)

 

გუშინ კამალა ჰარისმა ფოსტით მისცა ხმა.

ანუ შეავსო და ფოსტით გააგზავნა თავისი ბიულეტენი.

ეს იმას ნიშნავს, რომ 5 ნოემბერს არჩევნებზე არ მივა და საჯაროდ, ტელეკამერების წინ არ ჩააგდებს ბიულეტენს ურნაში!

აბა ორჯერ ხომ ვერ მისცემს ხმას?

ამ გადაწყვეტილებამ სპეციალისტთა გაკვირვება გამოიწვია, რადგან „დემოკრატი“ ამომრჩეველი უფროა განწყობილი ფოსტით კენჭისყრაში მიიღოს მონაწილეობა, ვიდრე „რესპუბლიკელთა“ მიზნობრივი ამომრჩეველი.

 ამიტომ, თითქოსდა..... კამალას უფრო ის უნდა დაემოტივირებინა საკუთარი მაგალითით, რომ 5 ნოემბერს მისულიყო არჩევნებზე.

თუმცა მისმა PR-ინჟინრებმა სხვაგვარად გადაწყვიტეს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

უნგრეთის პრემიერმა ვიქტორ ორბანმა მორიგი ანტიუკრაინული განცხადება გააჟღერა: თუ აშშ პრეზიდენტი ტრამპი გახდა, ევროპა იძულებული იქნება უკრაინის მხარდაჭერა შეწყვიტოს, რადგან...ტრამპი „მშვიდობის“ მომხრეა და თუ ამერიკამ შეწყვიტა უკრაინის მხარდაჭერა, ევროპა მის მხარდაჭერას მარტო ვერ შეძლებს - ამდენი რესურსი ევროკავშირს სად აქვსო....

ტრამპის „სამშვიდობო გეგმასთან“ დაკავშირებით კიდევ ერთხელ გვიხდება განმეორება, რომ ერთია რას ლაპარაკობს პოლიტიკოსი (და მისი გუნდი!-დ) არჩევნებამდე და სულ სხვა იქნება, როცა (თუკი) ტრამპი შევა თეთრ სახლში.

 მერე უკვე გააჩნია, რა „მოტივაციური კომპლექსი“ ექნება ტრამპს, რომელიც ხელისუფლებაში ბრუნდება იმავე სლოგანით: Make America Great Again. ~

თუ იგი პუტინს შესთავაზებს ისეთ სამშვიდობო გეგმას, რაც კრემლის ბინადარს არ დააკმაყოფილებს და მეტს მოითხოვს (ეს სულაც არაა გამორიცხული) მაშინ ტრამპმა ისიც კი შეიძლება გაბედოს რუსეთის წინააღმდეგ, რასაც ჯო ბაიდენი ვერ ბედავს და ვერც კამალა გაბედავს.

 მაგალითად, უკრაინისთვის შორსმწვდომი რაკეტების მიწოდება - ზელენსკის „გამარჯვების გეგმის“ შესაბამისად: რუსებმა უნდა იგრძნონო ომის სუსხი და შეიძულონ პუტინი რუსული ქალაქების დაბომბვის შედეგადო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ განიხილავდა სასურსათო პროდუქტებზე „ზღვრული ფასების“ დაწესებას, რაც სსრკ შემდეგ რუსეთში არ მომხდარა და არ დადგენილა.

საერთოდ რომ „განიხილავდა“ უკვე იმის მაჩვენებელია, რომ რუსულ ეკონომიკას კარგად ვერ აქვს საქმე და დასავლური სანქციები მუშაობენ

„გადადეს“ გადაწყვეტილება, რაკი ფინანსური რეზერვების იმედი აქვთ.

და ადგილობრივი წარმოებისა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სსრკ შემდეგ ადგილობრივი სასურსათო წარმოება რუსეთში ნამდვილად განვითარდა...... როგორ არ განვითარდა...... მაგალითად ხორბალს და ხორცს აღარ ყიდულობენ, მაგრამ......სათესლე და ბიო-მასალებით კვლავინდებურად დასავლეთზე იყვნენ დამოკიდებულნი და ამ სფეროში (ესეც უნდა ითქვას) დასავლეთმა მაინც ისე არ „მოუჭირა ხელი“ (ვაითუ რუსები დაიმშნენ და შიმშილით დაიხოცონო), როგორც საჭირო იყო.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ტაივანმა 100%-ით შეწყვიტა დაზგა-დანადგარების ექსპორტი რუსეთში.

უცნაური ისაა, რომ ახლაღა შეწყვიტა და არა 2022 წელს რუსეთის აგრესიის დაწყებისთანავე.

ტაივანი დაზგა-დანადგარების ხარისხითა და ოდენობით ისეთივე ლიდერია მსოფლიოში, როგორც მიკროჩიპებით.

საოცარი ფენომენია ამ პატარა ქვეყნის ლიდერობა ამ სფეროებში.

მიკრო-ჩიპების ექპორტი უმალვე შეწყვიტა, როგორც კი პუტინი უკრაინაში შეიჭრა.

 რუსეთი დაზგა-დანადგარებსაც და მიკროჩიპებსაც იყენებდა უკრაინის გასანადგურებლად.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

ღაზაში სამხედრო ოპერაციის შედეგად დაღუპულ პალესტინელთა რიცხვმა 44 000 მიაღწია. ისრაელი რა თქმა უნდა გაიმარჯვებს ამ ომში, მაგრამ ბევრი ობიექტური მკვლევარი ამჩნევს, რომ სტრატეგიულად ისრაელის მტრებმა „ჰუმანიტარული არგუმენტები“ მოიპოვეს.

მათ შორის დასავლეთშიც.