«კონტროლის» რეალობა და ფორმალურობა საქართველოში

«კონტროლის» რეალობა და ფორმალურობა საქართველოში

        გუშინწინდელ მთავრობის სხდომაზე «გადასახადების მინისტრმა» მიხეილ მაჭავარიანმა ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა: «თუ ჩვენ მოსახლეობას დამნაშავე არ დავანახვეთ, არავინ არ დაგვიჯერებს, რომ რეალურად ვებრძვით კორუფციას!» - სრულიო სიმართლეა, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს ითქვას: განა კონტროლის პალატის თავმჯდომარის სულხან მოლაშვილის გამოსვლა კონკრეტული არ იყო? მართლაც, მოლაშვილმა კონკრეტული გვარები დაასახებლა იმ «ენერგეტიკოსებისა», რომლებმაც (მისი თქმით) გაძარცვეს ქვეყნის ენერგეტიკა. მოლაშვილმა მათ «გარეწრები» უწოდა და აღნიშნა, რომ დასახელებულთა ბრალეულობის დასადასტურებლად შესაბამისი დოკუმენტებიც აქვს.
        მიაქციეთ ყურადღება - თითქმის ყველა დაიღალა დაუკონკრეტებელი ლაპარაკით კორუფციაზე, მაგრამ, როგორც კი მოლაშვილმა (პირველად) მართლა დაასახელა კონკრეტული გვარები კორუფციასთან დაკავშირებით, უმალვე ატყდა გნიასი: ეს არის ადამიანის უფლებათა დარღვევა, «უდანაშაულობის პრეზუმფციის» ხელყოფა, «37 წელი», «სტალინისდროინდელი ტრიუკები» და ა.შ.
        კი, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, რაღაც ერთი კრიტერიუმი ხომ უნდა არსებობდეს? სულხან მოლაშვილმა «გარეწრები» კი უწოდა მის მიერ დასახელებულ პირებს, მაგრამ ეს არ არის შესაფერი ტერმინი. მოლაშვილს ისინი გარეწრებად მიაჩნია და ამიტომაც უწოდა. მას (ფორმალურად) არ უთქვამს, რომ ყველა დასახელებულ პირს სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი. კონტროლის პალატამ ჩამოთვლილ პიროვნებათა საქმიანობა შეისწავლა და რაკი მიიჩნია, რომ მათი საქმიანობა ნამდვილად შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს; სწორედ ამიტომ გადაუგზავნა მასალები «რეაგირებისთვის» სათანადო ორგანოებს, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას.
        ისინი როგორ «რეაგირებას მოახდენენ», სამომავლო საქმეა, მაგრამ კონტროლიოს პალატის დებულების შესაბამისად, სულხან მოლაშვილს ჰქონდა უფლება, კონკრეტული გვარები დაესახელებინა. რაც შეეხება შეფასებას («გარეწრები») – რამდენად მართებულია ეს შეფასება, მოლოდ მაშინ გამოჩნდება, როლდესაც გამოძიება დასრულდება, მანამდე კი «შეურაცხყოფილებს» აქვთ სრული უფლება, სასამართლოში იჩივლონ, ოღონდ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ერთი სასამართლო «ტალღისებურად» გადაიაზრდოს მეორეში.
        სხვათა შორის, უკვე თვალნათელი გახდა, რა განსხვავებაა სუხლან მოლაშვილსა და რეზო შავიშვილს შორის. შავიშვილი «მოძრაობიდან» მოსულ დემოკრატად კი ითვლება, მაგრამ მისგან ასეთი გამოსვლა მე პირადად არ მახსოვს.
        რეზო შავიშვილი მწვავედ გამოდიოდა პარლამენტის სხდომებზე, აკრიტიკებდა ხელისუფლების ორგანოების საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად ხარჯვისთვის, მაგრამ ბობოლა სახელმწიფო მოხელეებს ასე პირდაპირ არასდროს «დაჯახებია».
        არ არის შემთხვევითი, რომ ეს უკანასკნელნიც მას ისე არ მოიხსენებდნენ, როგორც სულხან მოლაშვილს იხსენიებენ აუგად. როგორც ჩანს, ასეთი იყო «თამაშის წესები»: ვიდრე პირდაპირ არავინ სახელდებოდა, ყველაფერი მშვიდად იყო, ხოლო ის ხალხი, ვინც იცოდა, რომ კონტროლის პალატის დასკვნებში «ჩაწერეს», მეტისმეტად არ ღელავდა, ვინაიდან კარგად იცოდნენ, იმ მასალებს რა ბედიც ეწეოდა.
        Aანუ, არავითარი ბედი არ ეწეოდა. ახლა სხვა ვითარებაა – სულხან მოლაშვილმა გაბედა ის, რასაც მისი წინამორბედი ვერ ბედავდა - «დაარტყა» კონკრეტულ ფიგურებს და არა, ზოგადად, «უწყებებს», ვინაიდან «უწყებები» ფართო ცნებაა და მასთან დაპირისპირება ყოველთვის არ გულისხმობს პიროვნებასთან დაპირისპირებას.
        სულხან მოლაშვილმა ამ მხრივ უკვე გაცილებით მეტი შეძლო, ვიდრე რეზო შავიშვილმა რვა წლის განმავლობაში.
        ყველაზე ადვილია, ისეთი პოზა დაიკავო, თითქოს შენ არაფერ შუაში ხარ – ყველაფერზე ზოგადად, ხელისუფლება აგებს პასუხს. გაცილებით უფრო ძნელია პირადად «შეასკდე» კლანებსა და სამუდამოდ გაიფუჭო ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვინც არასოდეს გაპატიებს ამას და ყოველთვის ექნება იმის ძალა და შეძლება, ცხოვრება მოგიწამლოს.
        ამრიგად, სულხან მოლაშვილი მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო კონტროლის პალატის ნამდვილი თავმჯდომარე. ამ პიროვნებას შიში, საბედნიეროდ, არ ეტყობა და კვალიფიკაციაც ჰყოფნის (მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული), რათა კიდევ არაერთხელ გაუფუჭოს ხასიათი იმათ, ვინც ამდენი წელია საქართველოს უბედურ მოსახლეობას მართლა სიცოცხლე მოუწამლა.
        წარმოუდგენელია, შეუძლებელია, რომ არავინ დაისაჯოს იმ საზარელი ვითარებისათვის, რაც ქვეყანაში შეიქმნა. სულხან მოლაშვილის გამოსვლა სახელისუფლებო სცენაზე, უეჭველად, იმას ნიშნავს, რომ ძალთა თანაფარდობა იცვლება, - მას ცვლის, უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტი. იგი მიხვდა მთავარს: კორუფციის გველის გასრესის გარეშე საქართველოს მომავალი მართლა არა აქვს და სამოქალაქო ომიც გარდაუვალია. ეტყობა, რეპრესიებიც გარდაუვალია - რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ და იყვირონ « 37 წელზე», შევარდნაძემ უკვე მოსთხოვა უშიშროების მინისტრს დაესახელებინა კონკრეტული ვგარები. ვახტანგ ქუთათელაძეს «მასალა» არანაკლებ შთამბეჭდავი იყო. უშიშროების მინისტრმა დაასახება ვინმე კაპანაძე, ვინც იმერეთის გუბერნატორმა თემურ შაშიაშვილმა ამხილა.
        კიედვ უფრო მწვავე გამოდგა «მოქკავშირის აქტივის» გუშინდელი სხდომა, რომელიც მძვინვარე და ბობოქარ გამოსვლებში გადაიზარდა. ყველა ერთსა და იმავეს ამბობდა თითქოს: «დავაპატიმროთ კორუფცირებულები». მაგრამ როგორც კი კონკრეტულ თანამდებობის პირს დაასახელებდნენ... «როგორ გეკადრებათ, მაგას როდის ვგულისხმობ?...» ერთადერთი საქმიანი გამოსვლა (ბუნებრივია, შევარდნაძის სენსაციური გამოსვლის გარდა) იყო გია არსენიშვილის «სპიჩი».
        თუმცა, ზოგადად, ამ სხდომამ უმძიმესი შთაბეჭდილება დატოვა, ვინაიდან მოქალაქეთა კავშირის ელიტამ უკვე თითქმის დაკარგა ერთიანობა. არ არის გამორიცხული, მას შემდეგ, რაც ზურაბ ჟვანიამ (გუშინვე) დაარწმუნა შევარდნაძე, არ გადამდგარიყო პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან, დაიწყება მმართველი პარტიის «გაცხრილვა» და იმათ, ვინც (ეს, მართლაც საოცარია) მოქალაქეთა კავშირის მმართველი ორგანოს წევრია და, იმავდროულად, პარტიის სტრატეგიულ კურსს არ ეთანხმება, მმართველი პარტიიდან გააპანღურებენ.
        ეს კი მმართველი პარტიის «სახელმწიფო პარტიიდან», - ნორმალურ, საპარლამენტო პარტიამდე ტრანსფორმაციის დასაწყისი იქნება.
        ვიდრე «მოქკავშირში» არ დარჩება მხოლოდ ის ხალხი, ვინც იზიარებს რეფორმათა სტრატეგიულ კურსს, მანამდე მთელი ეს მარაზმი გაგრძელდება.

მერიდიანი, 7 ივლისი, 2000 წელი