კრიმინალური აფეთქება საქართველოში

კრიმინალური აფეთქება საქართველოში

        უკანასკნელი დღეების განმვალობაში ერთდროულად რამდენიმე «ანგაჟირებული» დანაშაული მოხდა, რომელთაც, გარკვეულიწილად, პოლიტიკური შეფერილობა აქვთ.

        ყოველ შემთხვევაში, ძალიან ძნელია იმის უარყოფა, რომ ბრიტანელი ბიზნესმენის მოტაცებასა და (განსაკუთრებით) ცხინვალიდან იარაღის კონტრაბანდის საქმეებში ერთგვარი «ქვედინებები» იგრძნობა. თუ რა ქვედინებებია ეს და საიდან (რატომ) «აღძრული» - ჯერჯერობით, ზუსტად ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, შემდგომი პროცესები ზოგიერთ მომენტს ნათელს მოჰფენს.
        ეს, უპირველეს ყოლვისა, უშიშროების სამინისტროს თანაშმრომლის დაკავებას ეხება. სიმონ მჭედლიძეს შაქრო კალაშოვის კუთვნილი მანქანაში ასეულობით ათასი დოლარის ღირებულების მართული ჭურვები აღმოუჩინეს. თვით თანხის ოდენობა სინამდვილეში არც ისე დიდია, რაკი საქმე გვაქვს (როგორც ჩანს), ეგრეთ ოწდებულ «პტურსებთან» - ლაზერული სხივით მართულ რაკეტებთან. თითოეული მათგანი, შესაძლოა, ათეულობით ათასი დოლარი ღირდეს _ ანუ აქ გასაკვირი არაფერია. უფრო მეტად საგულისხმოა უცნაური დამხთვევა: სწორედ იმ დღეს, რდესაც პოლიციამ გორში შენიშნა და მცხეთაში დააკავა კალაშოვის «ლენდ კრუიზერი» (რომელშიც მჭედლიძე და ლუტკოვი ისხდნენ), ცხინვალში დისლოცირებულ რუსულ სამხედრო კონტინგენტში უპრეცედენტო ფაქტი მოხდა: ერთდროულად 8 «მშვიდობისმყოფელმა» მიატოვა პოსტი და იარაღასხმული გაიქცა გორისაკენ.
        თავდაპირველად, რუსულმა სარდლობამ ქართულ და ოსურ მხარეებს სთხოვა დახმარება. დეზერტირების დაკავება ქართული პოლიციის მეშვოებით მოხდა. ცხინვალში სპეციალურად ჩავიდა რუსეთის სახმელეთო ძალთა სარდლის მოადგილე, გენერალი ევნევიჩი, რომელიც რუსეთის «სამშვიდობო ოპერაციებს» კურირებს დსთ-ის სივრცესა და კოსოვოში. რუსული გენერალიტეტის რეაქცია გასაგებია: ძნელად თუ შეიძლება წარმოვიდგინოთ იმაზე მეტი თავსლაფის დახსმა, ვიდრე სამშვიდობო კონტინგენტის სამხედრო მოსამსახურეთა დეზერტირობაა – თანაც იარაღით.
        გაქცევას (ადგილობრივ მცხოვრებთა თქმით) წინ უძღოდა სერიოზული «გარჩევა» ჯარისკაცებსა და სერჟანტებს შორის. მიუხედავად ამისა, «ცისფერჩაფხუტიანთა» სარდლობამ განაცხადა, რომ, თურმე, არავითარი «გაქცევა» არ მომხდარა, ხოლო «მშვიდობისმყოფელებს», უბრალოდ, გზა აებნათ. ორ «გზააბნეულს» კი, რომელთა დაკავება ვერ მოხერხდა – ჯერ კიდევ ეძებენ ვერტმფრენებისა და დაგეშილი ძაღლების მეშვეობით.
        ამ ორ ინციდენტს (მცხეთაში დაკავებულ მანქანასა და გაქცეულ «ცისფერჩაფხუტიანებს») ის აკავშირებს, რომ მჭედლიძესა და ლუტკოვს იარაღის ყიდვა ცხინვალში შესძლებოდათ მხოლოდ იმავე «ცისფერჩაფხუტიანთაგან».
        გამორიცხულია, ოსებს ასეთი იარაღი გაეყიდათ – ამას უეჭველად მოჰყვებოდა შიდა ომი მათ ბანაკში.
        სხვა სამხედრო ძალა კი ცხინვალში ამჟამად არ დგას _ თუ არ ჩავთვლით გაღლეტილ ქართულ «სამშვიდობო» ბატალიონს, რომელსაც «პტურსები», რა თქმა უნდა, არ ექნებოდა.
        აქვე აღსანიშნავია, რომ «სამხრეთ ოსეთში» დისლოცირებული «სამშვიდობო ძალები» ამ მრისხანე იარაღითაა აღჭურვილი. არადა, «მშვიდობისმყოფელებს», როდესაც ისინი «ნეიტრალური ძალის» ფუნქციას ასრულებენ, არათუ მართული ჭურვები, არამედ არტილერიაც არ შეიძლება ჰქონდეთ. თუმც,ა ეს სხვა თემაა.
        ყველაფრით იგრძნობა, რომ მჭედლიძე-ლუტკოვისთვის ეს დიდი ხნის «გაკვალული» მარშრუტია და უკანასკნელი ფაქტი სულაც არ არის პირველი შემთხვევა. ამაზე მეტყველებს თუნდაც «ტყის ძმების» მეთაურის დათო შენგელიას განცხადება.
        უეჭველია, მჭედლიძე მის რაზმს ადრეც ეხმარებოდა იარაღით იმავე წყაროებიდან. ამდენად, პარტიზანთა ლიდერი ამჟამად ცდილობს, იგი გადაარჩინოს. თუმცა, ამ რეისის დროს ძნელი სავარაუდოა, იარაღი «ტყის ძმებისთვის» ყოფილიყო განკუთვნილი: თბილისის (თუნდაც მცხეთის) გავლით ზუგდიდსა და სამურზაყანოში იარაღის გადატანა ელემენტარული აბსურდია, სამაგიეროდ, პანკისისკენ მიმავალი გზა, სწორედ თბილისზე გადის.
        მაგრამ ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ თუ მჭედლიძე-ლუტკოვისთვის ეს მარშრუტი «ცნობილი» იყო, იგი ცნობილი იქნებოდა პოლიციისთვისაც, ანუ წინა რეისებისას «წყვილი», შესაძლოა, არ დააკავეს, სანამ უწყებათაშორისი ურთიერთობის ტექნოლოგია ბოლომდე არ ამოწურეს.
        გენერალური პროკურატურა ამ შემთხვევაში ერთგვარი მედიატორის როლს შეასრულებს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების სამინისტროს შორის, თუმცა, უშიშროების მინისტრი ყველაფრით ამჟღავნებს მხარდაჭერას ამ ფაქტის გახსნის პროცესში და ემიჯნება არა მხოლოდ მჭედლიძეს, არამედ თვით პროცესს – პანკისთან დაკავშირებით.

დილის გაზეთი, 20 ივნისი, 2002 წელი