დახურულ სხდომაზე სასაცილო ბევრი არაფერი იყო

დახურულ სხდომაზე სასაცილო ბევრი არაფერი იყო

      პარლამენტის «გასაიდუმლოებულ» სხდომაზე, რომელიც მთლიანობაში თებერვლის მოვლენათა შეფასებას მიეძღვნა (კონცეპტუალური განხილვიდან კონკრეტულ პასუხისმგებელ პირთა ძიებამდე) - ჟურნალისტთა ინტერესის შესაბამისი, როგორც აღმოჩნდა, ბევრი არაფერი მომხდარა. ანუ, მიუხედავად სხდომის «ჩაკეტვისა», განმეორდა იგივე, რაც ისედაც ყოველდღიურად ხდება პრესისა და ტელევიზიის თანდასწრებით
    ტენდენციები არ შეცვლილა. მათ შორის უცნაური ტენდენციებიც. მაგალითად, კითხვათა უმრავლესობაზე პასუხის გაცემა მაინც და მაინც კახა თარგამაძეს უწევს. არადა, შინაგან საქმეთა მინისტრი (არცთუ უსაფუძვლოდ) თითქმის ყოველ გამოსვლაში იმეორებს, რომ ტერორისტული აქტები მისი სფერო და კომპეტენცია არ არის. დანაშაულის ამ სახეობის პროფილაქტიკისა და გახსნისათვის ძირითადად უშიშროების სამინისტრო აგებს პასუხს.
    ვარდიკო ნადიბაიძესაც ბლომად «მოხვდა», როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენელთაგან, ხოლო ირინა სარიშვილმა თავდაცვის მინისტრის პოზიციაში (სხვა ძალისმიერთაგან განსხვავებით) დადებითი მომენტიც აღმოაჩინა.
    კერძოდ, მისი თქმით, ვარდიკო ნადიბაიძე არ მალავს, რომ ამა თუ იმ ნაბიჯს არაფრით გადადგამს. მაგალითად, არ ჩაკეტავს ვაზიანის აეროდრომს და არ დაუშვებს დაპირისპირებას რუსეთის სამხედრო კონტინგენტთან.
    ბუნებრივია, გაცილებით უარესი იქნებოდა ეთქვა «გავაკეთებო» და რეალურად არ გაეკეთებინა. დახურულ სხდომაზე ოპოზიციაც და უმრავლესობის მნიშვნელოვანი ნაწილიც საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ თავდაცვის მინისტრის საკითხი «მომწიფდა», თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს გადაწყვეტილების მიღებას, რადგან საბოლოო სიტყვა პრეზიდენტს ეკუთვნის.
    გარდა ამისა, სხდომაზე კვლავ გამოიკვეთა უცნაური და სასაცილო ტენდენცია, რომელიც უკვე ბევრმა შენიშნა: პოლიტიკოსთა ერთი ფრთა მით უფრო მძვინვარედ ებრძვის ამა თუ იმ მინისტრს, რაც უფრო მეტია მის პოლიტიკურ ოპონენტთა (მოქალაქეთა კავშირის) წინააღმდეგობა; მაგრამ საკმარისია იმ მინისტრს ეს უკანასკნელნიც დაუპირისპირდნენ, რომ დემარშის ინიციატორი თემისადმი ყოველგვარ ინტერესს კარგავს. უფრო მეტიც - ამ საკითხში («ჯინაზე») ერთმანეთსაც უპირისპირდება და მოწინააღმდეგეებსაც.
    დახურულმა სხდომამ ნათელყო, რომ თებერვლის მოვლენებს სერიოზული პოლიტიკური შედეგი ქვეყნისათვის მაინც არ ექნება - პოლიტიკურ პროცესებზე მათი ზეგავლენა ფაქტობრივად უკვე ნულის ტოლია, პრეზიდენტის პოზიციები შედარებით განმტკიცდა, ედუარდ შევარდნაძემ შეძლო სამეგრელოს გული მოეგო (ტერორისტებისადმი ლმობიერებით) და ოპოზიციის ხელიდან ძალზე მძლავრი კოზირი გამოეგლიჯა.
    ამ უკანასკნელს ისღა დარჩენია, თებერვალი «ფარსად» გამოაცხადოს და ანეკდოტები შეთხზას. ბევრმა მათგანმა უკვე განაცხადა კიდეც: ყოველივე დადგმული სპექტაკლი და ფარსი იყოო. ეს ერთ-ერთი საშუალებაა პოლიტიკური რენომესა და სახის შესანარჩუნებლად მაშინ, როცა ზემოხსენებული მოვლენებიდან ოპოზიციამ ვერაფერი მოიგო. პირიქით - ხელისუფლებამ კიდევ რამდენიმე ქულა ჩაიწერა.
    სხდომის ძირითადი მომენტები შინაგან საქმეთა მინისტრ კახა თარგამაძესა და უშიშროების მინისტრ ჯემალ გახოკიძეს შორის არსებულ გაურკვეველ, ბუნდოვან, მაგრამ მაინც საგრძნობ დაპირისპირებას უკავშირდება.
    შესაძლოა ის «დაპირისპირება» არც იყოს და ჩვეულებრივ ინსტიტუციურ შეუთავსებლობასთან ან უწყებრივ პაექრობასთან გვქონდეს საქმე, მაგრამ საქართველო მაინც საქართველოა და ყველაფერი უმალვე პიროვნულ შეფერილობას იძენს.
    ამას უკვე ამჩნევს პოლიტიკური ელიტა, ხოლო მისი ოპოზიციური ნაწილი ძალისმიერთა მოედანზე «დიდი თამაშისათვის» ემზადება. თარგამაძემ და გახოკიძემ კი უნდა იგრძნონ, რომ შეხმატკბილებულად ცხოვრება სჯობია, თორემ ამ ჩვენს მაღალზნეობრივ «პოლიტოკრატიას» ვინც აჰყვა, ყველა პოლიტიკურ მოუსავლეთში ჩაწვა.
    არაფერი კონკრეტული დახურულ სხდომაზე 9 თებერვლის ტერაქტის შესახებ არ თქმულა. გახოკიძემაც და თარგამაძემაც უკვე ბევრი უწყიან, მაგრამ ვერ ამბობენ - გარკვეული თუ გაურკვეველი მიზეზების გამო. თუმცა, ჩვენი პოლიტიკური კულტურის პირობებში, საუკეთესო არჩევანი ალბათ მაინც დუმილია - სულ ერთია, თითოეულ სიტყვას ათასგვარი ინტერპრეტაცია მიეცემა და ამდენივე «კუდი გამოებმება».
    ამის საუკეთესო ილუსტრაციაა გენერალური პროკურორის საქციელი და ამ საქციელის უცილობელი შედეგი. არ სურდა ჯამლეთ ბაბილაშვილს ტერორისტთა გვარების დასახელება. ალბათ იმიტომ, ვინმემ «მეგრული თემის» აქცენტირება არ დამაბრალოსო. მაშინ ერთ-ერთმა დეპუტატმა ჩამოუთვალა და თან უსაყვედურა - რატომ გვიმალავო. რომ დაესახელებინა, მაშინ სხვა უსაყვედურებდა, - რატომ ასახელებ გამოძიების დამთავრებამდეო და ა.შ.
    ანუ, ქართულ პოლიტიკაში სწორედ «თქმითაც დაშავდების». ამიტომ სხდომები საერთოდაც რომ დაიხუროს, «ძალისმიერები» მაინც არაფერს იტყვიან; დემოკრატია თუ გვინდა, დემოკრატიის შესაბამისი პოლიტიკური კულტურაც უნდა გვინდოდეს. პირველი - მეორეს გარეშე არ არსებობს.

მერიდიანი, 9 მარტი, 1998 წ.