მალე, სულ მალე ანუ     "Кошмарный сон"

მალე, სულ მალე ანუ     "Кошмарный сон"

 

    რამდენიმე ხნის წინ, თბილისში სტუმრად მყოფმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბორის პასტუხოვმა ქართველ ჟურნალისტთან საუბრისას (საუბარი საქართველოს უბედურებას ეხებოდა) უცნაური რამ თქვა: Скоро, очень скоро всё проиcходящее вам покажется кошмарным сном! вы будете вспоминать обо всем только как о прошлом кошмаре.
    ესე იგი, პასტუხოვს იმის თქმა სურდა, რომ სულ მალე, ყველა ეს უბედურება, რომელიც საქართველომ გადაიტანა ბოლო წლების განმავლობაში (1988 წლიდან დაწყებული) - ჩვენ, ქართველებს მხოლოდ ღამის კოშმარად მოგვაგონდება. დღეიდან კი მშვიდად და უზრუნველად ვიცხოვრებთ.
    ცოტა არ იყოს გასაკვირი განცხადებაა - როდის იყო, ბორის პასტუხოვი საქართველოს სიმშვიდესა და ბედნიერებაზე ზრუნავდა, ახლა რომ გვეუბნება: საქართველოს ბედნიერება სულ ახლოს არისო? როგორც ჩანს, იგი სხვა რამეს გულისხმობდა. ხოლო თუ რას გულისხმობდა კონკრეტულად, - არც ისე ძნელად მისახვედრია, თუ ბოლო დროინდელ მოვლენებს გავაანალიზებთ.
    შეგახსენებთ რომ ეს სწორედ ის გაიძვერა პასტუხოვია, ვინც თავიდანვე აქტიურ მონაწილეობას იღებდა აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაში და ბოლოს, უდიდესი ძალისხმევის შედეგად, «მოაგვარა» კიდეც: სწორედ მისი წაქეზებითა და რჩევით მოაწერა ქართულმა მხარემ ხელი სოჭის 1993 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებას, რომლითაც საქართველომ ცალმხრივად გამოიყვანა კონფლიქტის ზონიდან თავისი შეიარაღება, მძიმე ტექნიკა, სამხედრო ფორმირებანი და სოხუმის მშვიდობიანი მოსახლეობა გამხეცებულ სეპარატისტებს შეატოვა ხელში (სოხუმის დაცემიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ხელშეკრულების «მხარდამჭერი» დეპუტატები «გულუბრყვილოდ» კითხულობდნენ: ნეტავ ამ ხელშეკრულებამ რაიმე ზეგავლენა ხომ არ იქონია სოხუმის დაცემაზეო).
    პასტუხოვი ყოველთვის, ყველგან და ყველაფერში სეპარატისტთა დამხმარე იყო - იგი არა მხოლოდ თანაუგრძნობდა მათ, არამედ პოლიტიკურადაც ეხმარებოდა. თუმცა, თავის როლს ბრწყინვალედ ასრულებდა და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს «ნეიტრალიტეტს» იცავდა და მხარეთა «მორიგებას» ცდილობდა მხოლოდ.
    ბუნებრივია, მისი მიზანი მაშინაც, ახლაც და ყოველთვის საქართველოს დამცირება, განადგურება, მიწასთან გასწორება იყო და იქნება. თუ ასეა, რატომ გვისურვებს ეს შოვინისტი იმას, რომ ჩვენი უბედურება «სულ მალე» კოშმარად მოგვაგონდეს?
    თუმცა, კარგად დავაკვირდეთ: პასტუხოვი იმას კი არ ამბობს, მოგაგონდეთო, ანუ კი არ გისურვებს ამას, არამედ იმპერატიული ტონით ამტკიცებს - ასე იქნება, მოგაგონდებათ, უეჭველად მოგაგონდებათ კოშმარად, რადგან მშვიდად და ბედნიერად იცხოვრებთო. საქმეც სწორედ ის ყოფილა, თუ რას გულისხმობენ პასტუხოვი და მისი მეგობარი რუსი «დემო-შოვინისტები» ამ «სიმშვიდესა» და «ბედნიერ ცხოვრებაში».

    ქართულ პრესაში, როგორც კი გამოჩნდება ხოლმე მოსაზრება, რომლის ავტორები ამტკიცებენ, რომ «დემოკრატიულ რუსეთს» ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთიანი სახელმწიფოს აღდგენა სურს, უმალვე აღშფოთდებიან ქართველი «დემოკრატები» და ამ ვერსიის ავტორს რისხვას დაატეხენ თავს: «რას მიედ-მოედები, რა გეგმა, რის იმპერიის აღდგენა, ამას დასავლეთი როგორ დაუშვებს, რა სისულელეაო».
    ის არგუმენტი აღარ მოჰყავთ, რომელიც 1991 წლის შემოდგომაზე ძალზე პოპულარული იყო მათ შორის. კერძოდ, ე.წ. «დემოკრატიული რევოლუციის» მოსამზადებელ პერიოდში თუ ვინმე გაბედავდა იმის თქმას, რომ ეს არეულობა რუსეთის მოწყობილია რათა საქართველო დაასუსტოს, დაშალოს და შემდგომ დაიპყროსო - უმალვე მიუგებდნენ აგრესიული ტონით: «... თუ ძმა ხარ, - ვის რაში უნდიხართო...» ანუ ვინ «აგდიხარ» ან შენ, ან ეს შენი საქართველო, რომ რუსეთმა მისი დაპყრობა მოინდომოსო. ამ კატეგორიის ხალხი შემდგომ, როცა საქართველოს ცაზე მომავალი «დიადი რევოლუციის» ათინათი აკიაფდა - სიხარულით ცეკვავდა: «გაიგეთ, თურმე ტყუილი ყოფილა, სინამდვილეში ამერიკას საქართველო არ უცვნიაო!». მერე, როდესაც გაიგეს, რომ ამერიკამ ყველა ყოფილი «რესპუბლიკა» ცნო (მათ შორის საქართველოც), ოდნავ კი გაუტყდათ გული, მაგრამ იმედნარევი მწუხარებით იმეორებდნენ - არა უშავს, «დე-ფაქტოდ» კი ცნო, მაგრამ «დე-იურედ» მაინც არ უცვნიაო!
    ალბათ ოდესმე, ჩვენი შთამომავლობა თუ მოინდომებს, 1991 წლის მოვლენათა მთელი იდიოტიზმის წარმოდგენას, მან უპირველეს ყოვლისა ის «დემოკრატი» უნდა წარმოიდგინოს, სიხარულით რომ ცმუკავდა, - ამერიკას საქართველო არ უცვნია და ეს ამბავი ტყუილი აღმოჩნდაო. თუმცა ეს თემა შორს წაგვიყვანს. ისევ ზემოთთქმულს დავუბრუნდეთ: როგორც არ უნდა ეცადონ ჩვენი პატივცემული «დემოკრატები», გული დაიმშვიდონ - რუსეთი საქართველოს დაპყრობას არ აპირებსო, რეალობა სხვას გვიმტკიცებს: მოვლენათა ბოლოდროინდელი განვითარება სწორედ იმ აზრს ადასტურებს, რომ რუსეთისათვის საქართველო მაინც ძალიან გემრიელი ლუკმაა და ამ ლუკმას იგი ხელიდან უკვე აღარ გაუშვებს.
    «ბაზების თაობაზე» პარაფირებულ ხელშეკრულებას რომ აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტა არ მოჰყვება - ყველასათვის ნათელია. უფრო ზუსტად, ჯერ არ მოჰყვება, რადგან ბაზები არ არის საკმარისი საფასური აფხაზეთის დაბრუნებისათვის. ეს (თუ ყურადღებით შევისწავლით) სახელმწიფოს მეთაურის ბოლოდროინდელი გამოსვლებითაც იგრძნობა. კერძოდ, ორშაბათის ტრადიციულ რადიოინტერვიუში მან აღნიშნა, რომ თუ რუსეთთან ბაზების თაობაზე ხელშეკრულება არ გაფორმდა, მაშინ რუსეთის ჯარები სამ-ოთხ წელიწადში (sic) საქართველოდან წავლენ, ეს კი ნამდვილად არ არის სასურველი საქართველოსათვის, ვინაიდან არსებობს ჩვენი სამხრეთელი მეზობლების (მაგ. თურქების) ფაქტორი.
    კი მაგრამ, თუ ასეა, ისმის კითხვა: რა შუაშია აქ აფხაზეთი? რაკი რუსეთის ჯარს «საბაზო» სტატუსს ვაძლევთ მხოლოდ იმიტომ, რომ აფხაზეთი დავიბრუნოთ და არ ვაპირებთ ხელშეკრულების რატიფიცირებას თუ რუსეთი ამ პირობას არ შეასრულებს - განა ზემოთხსენებული «სხვა ფაქტორები» აღარ იარსებებენ?
    გამოდის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ბაზების დაკანონება მაინც აუცილებელი ყოფილა მიუხედავად იმისა, დაგვიბრუნებს თუ არა რუსეთი აფხაზეთს. მაგრამ საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ რუსეთი ასე პრიმიტიულად არ თამაშობს თავის პარტიას. აბა გაიხსენეთ, 1992 წელს ვინმეს რომ ეთქვა: საქართველო СНГ-ში უნდა შევიდესო - რა დღეს დააყრიდნენ ჩვენი განრისხებული «დემოკრატ-ოპოზიციონერები»? დღეს კი ისინი ამას შეურიგდნენ და აღარც ახსოვთ ეს პრობლემა მიუხედავად იმისა, რომ სავსებით ნათელია: СНГ-ში შესვლა და კოლექტიური უსაფრთხოების აქტზე (sic) ხელმოწერა უეჭველად ნიშნავს საქართველოს ტერიტორიაზე, ადრე თუ გვიან, რუსეთის ან СНГ-ს სამხედრო ბაზების განლაგებას.
    ამრიგად, რუსეთმა უკვე მიაღწია იმას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას საფუძველი შეურყია. ისიც შევნიშნოთ, თუ როგორ შემოგვაპარეს ნელ-ნელა, ფრთხილად, ძალზე ღრმააზროვანი და ვირეშმაკული ტერმინი «დელეგირება». თუკი შეიძლება, რომ საქართველომ მოახდინოს თავისი ეკონომიკური სუვერენიტეტის ნაწილის «დელეგირება» СНГ-ს ეკონომიკური კომიტეტისათვის, რატომ არ შეიძლება ასეთივე კომიტეტისთვის, ან რაიმე სხვა ორგანოსთვის პოლიტიკური სუვერენიტეტის დელეგირებაც?
    მთავარია, ამის ფასად აფხაზეთი დავიბრუნოთ, ხოლო პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, რაკი აფხაზეთს ძალით ვერ ვიბრუნებთ, იმასაც უნდა შევურიგდეთ, რომ რაც უფრო მჭიდრო იქნება ინტეგრაცია СНГ-ს სივრცეში, მით უფრო მჭიდრო იქნება ინტეგრაცია აფხაზეთსა და საქართველოს შორის. ხოლო «ფედერაციული რესპუბლიკა» საქართველო გახდება სწორედ მაშინ, როდესაც СНГ იქცევა ფედერაციულ სახელმწიფოდ.
    აი, სწორედ მაშინ დადგება ის «ნანი-ნანატრი დრო», ის «უტკბილესი ჟამი», რომელზეც ბორის პასტუხოვმა ბრძანა: გარწმუნებთ, საქართველო ისე «დაისვენებს», «დამშვიდდება», რომ დღევანდელი თუ გუშინდელი არეულობა მართლაც მოგვეჩვენება კოშმარულ სიზმრად. აღარც ომი იქნება, აღარც «აგრესიული სეპარატიზმი» (ქართველი და აფხაზი ან ოსი ხალხი ხომ ერთიანი «ძმური ოჯახის» წევრები გახდებიან კვლავ) - ცხელი წყალიც გვექნება და ტრანსპორტიც ივლის მზიანი თბილისის (Cолнечный Тбилиси - столица солнечной Грузии) ქუჩებში.
    ეს «უტკბილესი და უმშვენიერესი ჟამი» არც ისე შორსაა, როგორც ზოგიერთს ეჩვენება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა ქვეყნის ასეთ «ფინალამდე» მიყვანისათვის, სიცოცხლეშივე მოუწევს ადუღებული კუპრით დაინტერესება, რათა დამშვიდებული, დაწყნარებული და გაბედნიერებული საქართველოდან - საიქიოში გამგზავრების შემდეგ იგი მათთვის უსიამოვნო სიურპრიზად არ იქცეს.
  

  «მსგეფსი», 1995 წლის მარტი.