საერთაშორისო მიმოხილვა. 6 იანვარი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 6 იანვარი 2022 წელი

უკანასკნელი ცნობებით, ყაზახეთის უდიდესი ქალაქის, ყოფილი დედაქალაქის, ალმა-ატას ცენტრში დღეს დილით დაიწყო გააფთრებული შეიარაღებული შეტაკება ყაზახეთის საჯარისო/საპოლიციო ნაწილებსა და აჯანყებულ ხალხს შორის ავტომატური იარაღის გამოყენებით.

ყაზახეთის არმიამ ალმა-ატას ცენტრში 50 ჯავშანმანქანა მიიყვანა. ანუ არ არის გამორიცხული, მსხვილკალიბრიანი სწრაფმსროლელი ქვემეხებიც გამოიყენონ ხალხის დასახოცად. ათეულობით მომიტინგე უკვე დახვრიტეს.

გუშინ აჯანყებულებმა ავტომატური იარაღი წაართვეს პოლიციას. ასევე ზოგიერთი საჯარისო ქვედანაყოფის განიარაღებაც მოახერხეს.

შეიარაღებული თუ სხვა სახის შეტაკებები გრძელდება ყაზახეთის რამდენიმე ქალაქში. გარდა დედაქალაქის - ნურსულტანისა (ყოფილი ასტანა).

დედაქალაქში იმყოფებიან ამჟამინდელი პრეზიდენტი, კასიმ-ჟომარტ ტოკაევი და ყაზახეთის მრავალწლიანი მმართველი ნურსულტან ნაზარბაევი. ტოკაევმა გუშინ ნაზარბაევი ფორმალურად გადააყენა ყაზახეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობიდან. ეს პოსტი ნაზარბაევმა 2019 წელს წინ დაიკავა, როდესაც აღარ იყარა კენჭი პრეზიდენტად, სამაგიეროდ `უშიშროების საბჭოს` თავმჯდომარის პოსტი დაიკავა და უნდოდა არაფორმალური მმართველი ყოფილიყო. დენ სიაოპინის და ბიძინა ივანიშვილის მსგავსად. მართლაც, ნებისმიერ თანამდებობაზე კადრები მხოლოდ მისი ვიზით ინიშნებოდნენ პრეზიდენტ ტოკაევის მიერ.

ნაზარბაევის კლანი: ვაჟიშვილები, მისი ქალიშვილი და სიძე, ასევე ოჯახის სხვა წევრები (3 ცოლისგან ბევრი შვილი და სიძე ჰყავს) აკონტროლებდნენ ამ უმდიდრესი ქვეყნის, ყაზახეთის ეკონომიკის რამდენიმე სფეროს. პირველ რიგში, რასაკვირველია ენერგეტიკას. ყაზახეთი ენერგორესურსებით მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა.

ჯერ ჯერობით გაურკვეველია მნიშვნელოვანი საკითხი: რატომ გადააყენა `პრეზიდენტმა ტოკაევმა` ნაზარბაევი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის პოსტიდან? ორი ვერსია განიხილება: ამით ნაზარბაევის ბრძანება შეასრულა, რადგან ნაზარბაევს სურს აიცილოს თავიდან ხალხის რისხვა და ემზადება `გასაცლელად`, ესე იგი რუსეთში გასაქცევად ან მეორე ვარიანტი: ტოკაევი ცდილობს ასე `დაამშვიდოს` ამბოხებული ხალხი. თუმცა ამით ვერ დაამშვიდებს რასაკვირველია.

 სისხლი უკვე დაიღვარა. წინა დღეს ორივე მხრიდან რამდენიმე ადამიანი დაიღუპა ალმა-ატაში. ამის შემდეგ დემონსტრანტებმა ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლები დაამხვეს ქალაქებში, რომელიც მას `კლანმა` სიცოცხლეშივე დაუდგა ყოვლად სამარცხვინოდ.

/////////////////

ამბოხება ყაზახეთში დაიწყო სამშაბათს საღამოს მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ, ნავთობითა და გაზით ზღაპრულად მდიდარ ყაზახეთში, ლიტრი თხევადი აირის ფასი გაზარდა 40 თეთრიდან - 80 თეთრამდე.

ამან განსაკუთრებით აღაშფოთა ყაზახეთის მანგისტაუს ოლქის მაცხოვრებლები და პორტ აქტაუში დასაქმებულები. პირველ რიგში, რა თქმა უნდა მძღოლები. თხევადი აირი ყაზახეთში უფრო იაფია ვიდრე დიზელი და ბენზინი. იაფფასიანი მანქანების მძღოლები სწორედ მას მოიხმარდნენ. ბევრი მათგანისთვის კი ეს მანქანა შემოსავლის წყაროა. სწორედ მათ აანთეს პირველი ნაპერწკალი, რითაც აფეთქდა მრავალი წლის განმავლობაში ნაგროვები უკმაყოფილება: ნაზარბაევის კლანის `ღორობამ` მართლაც ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. აღარაფერს ერიდებოდნენ და ეს ყაზახეთში ყველამ იცოდა. არადა `დიდი ოჯახი` 1986 წლიდან (!) მართავს ყაზახეთს, როცა ნაზარბაევი ჯერ კიდევ ყაზახეთის სსრ პრემიერ-მინისტრი გახდა. სულ მალე ყაზახეთის კომპარტიის ცკ-ს პირველი მდივანი და მერე პრეზიდენტი.

პირველი შეტაკებების შემდეგ, მთავრობა მიხვდა, რა შეცდომა დაუშვა და ლიტრი საწვავი 35 თეთრამდე გააიაფა, მაგრამ უკვე გვიან იყო. პირიქით, ამ გაიაფებამ ამბოხებულები კიდევ უფრო გააგიჟა: ``ესე იგი შეეძლოთ გაეიაფებინათ და სანამ ქუჩები არ დავლეწეთ, თვითონ ჭამდნენო`` - ამბობდა რამდენიმე მომიტინგე აქტაუში და ალმა-ატაში.

ახლა ყაზახეთში გათიშულია ყველა ტელეარხი, გათიშულია ინტერნეტი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, გათიშულია მობილური კავშირი. მთავრობამ ეს დრაკონული ზომები იმიტომ მიიღო, რომ საპროტესტო გამოსვლები, რასაკვირველია, პირველ რიგში სოციალური ქსელებით ორგანიზდება.

თუმცა ნიშანდობლივია, რომ ოპოზიციის ლიდერები არ ჩანან. ანუ ვერავინ იტყვის, ვინ არის ამ რევოლუციის ლიდერი ან ლიდერები და ჰყავთ თუ არა საერთოდ.

კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ალმა-ატაა ყაზახეთის მთავარი ქალაქი. ნურსულთანი კი (ასტანა), სადაც ნაზარბაევმა დიდი ხნის წინ გადაიტანა დედაქალაქი და უწყებები, მხოლოდ ადმინისტრაციული ცენტრია. აი დაახლოებით ისე (უხეში შედარებით), როგორც ნიუ იორკი და ვაშინგტონი.

თუმცა დედაქალაქი მაინც დედაქალაქია. რევოლუციები მაინც მუდამ დედაქალაქებში ხდება. იქაა პრეზიდენტის სასახლე, იქ იმყოფება ნაზარბაევი, იქ მუშაობს მინისტრთა კაბინეტი. ამიტომ სანამ ნურსულტანში სიმშვიდეა, რაც არ უნდა მოხდეს ალმა-ატაში, რევოლუცია არ შემდგარა.

/////////////////

პრეზიდენტმა ტოკაევმა მთავრობაც გადააყენა სრული შემადგენლობით.

თუმცა შეტაკებები გრძელდება.

ტოკაევმა განაცხადა, თითქოს მეამბოხეები ქუჩებში ქალებს აუპატიურებენ და სასტიკ ზომებს მივიღებთო. ანუ ჯარის გამოყენებით იმუქრება.  კლანს ბოლომდე არმიის იმედიც არა აქვს. რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა საპოლიციო და საჯარისო ნაწილები ამბოხებული ხალხის მხარეს გადავიდნენ, იარაღი გადასცეს და ა.შ. ამიტომ ყაზახეთის ხელისუფლება გეგმავს მიმართოს რუსეთს, ასევე რუსეთის ეგიდით შექმნილ `კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას`  (ОДКБ-ანტიNATO)-ს დახმარებისათვის.

ტოკაევი ამტკიცებს, თითქოს ეს აჯანყება `საზღვარგარეთიდან იმართება`, ოღონდ არ აზუსტებს რას გულისხმობს კონკრეტულად `საზღვარგარეთში`.

როგორც ჩანს, ყაზახეთის გარშემო დაიწყო `დიდი გეოპოლიტიკური თამაში`: პუტინი ელის ხელსაყრელ მომენტს, რათა ისარგებლოს შექმნილი მდგომარეობით და ჩრდილოეთ ყაზახეთი დაიპყროს, სადაც ჯერ კიდევ სსრკ-დან მოყოლებული, ბევრი რუსი ცხოვრობს. ისინი ბრეჟნევის მმართველობის ეპოქაში (1964-1982წწ) გადაასახლეს ყაზახეთში ყამირი მიწების `ასაყვავებლად`. ვერაფერიც ვერ ააყვავეს, - სსრკ ხორბალს მაინც ამერიკისგან ყიდულობდა, თუმცა ის რუსები იქვე დარჩნენ.

თუ პუტინმა ახალი აგრესია გაბედა, მას ორი კოზირი (`სათქმელი`) ექნება: პრეზიდენტ ტოკაევის თხოვნა დახმარებაზე, თუკი მეამბოხეები ქალაქ ნურსულთანს მიუახლოვდებიან და (მეორე)  `რუსების დაცვის` მოტივი სრულ ქაოსში, რომელმაც შეიძლება დაისადგუროს ამ უზარმაზარ ქვეყანაში.

დასავლეთს ჯერ საკუთარი პოზიცია მკვეთრად და გასაგებად არ დაუფიქსირებია. საეჭვოა რაიმე მკვეთრი სამხედრო ნაბიჯი გადადგას ამერიკამ, მით უმეტეს ევროპამ იმ უბედურების შემდეგ, რაც ავღანეთში დაემართათ და დაგვემართა ყველას, ვისაც დასავლეთის დამარცხებები გვწყინს.

პუტინს ახლა უფრო ჩინეთი აკავებს ვიდრე დასავლეთი . ანუ არ იცის როგორც ჩანს, რა პოზიციას დაიკავებს ჩინეთი, თუ რუსული არმია ყაზახეთში შეიჭრა ან პირველი, ან მეორე საბაბით.

ბოლო 25 წლის განმავლობაში, სწორედ ნურსულთან ნაზარბაევის დიდი მონდომებით, ჩინეთი მძლავრად `შემოვიდა` ყაზახეთში ეკონომიკურად და არა მხოლოდ ეკონომიკურად არამედ ბოლო დროს ჩინეთი თავისი `სახალხო მილიციის` რაზმებსაც კი აგზავნიდა ყაზახეთში ოფიციალური საბაბით, - დაეცვა ყაზახეთში ჩინური კომპანიების ქონება.

ოღონდ ჩინეთის `შეღწევა-ყოფნა`, მთლიანობაში მაინც ვერ შეედრება რუსეთის დონეს. ყაზახთა აბსოლუტური უმრავლესობა რუსულენოვანია და რუსულად უფრო ლაპარაკობს ვიდრე მშობლიურ ენაზე. შესაძლოა ეს ყოველივე პუტინის პროვოცირებულიც იყოს, რათა ყაზახეთის ნაწილი (ჩრდილო ნაწილი) ისევე დაიპყროს ამ საბაბით, როგორც დაიპყრო დონბასი და დაიპყრო ყირიმი.

 ალმა-ატაში ახლა რაც ხდება, ეთნიკურ რუსთა დასახლებიდან ათასობით კილომეტრში ხდება, მაგრამ განა ყირიმიდან ათასობით კილომეტრში (კიევში) არ ხდებოდა ის, რაც იქ ხდებოდა 2014 წელს, როცა პუტინმა ყირიმი სწორედ ამ საბაბით დაიპყრო: კიევიდან მეამბოხეები შესაძლოა ყირიმისკენ დაიძრანო?! ახლა რატომ ვერ იტყვის: `ალმა-ათადან` ნაციონალისტები რუსებით დასახლებული რეგიონებისკენ აპირებდნენ დაძვრასო და.......`

მეორეს მხრივ, თუკი რუსეთმა ვერ გაბედა ჩარევა და ყველაფერი `თვითდინებაზე` წავიდა, ისმის კითხვა: რამდენად აქვს ყაზახეთს რესურსები, რათა ავტოკრატიის დამხობის შემდეგ დემოკრატია ააშენოს თუნდაც დასავლეთის არასამხედრო მაგრამ ყოველგვარი სხვა მხარდაჭერით?

რამდენად ეყოფა, მაგალითად, საამისო რესურსი ყაზახეთის სამოქალაქო საზოგადოებას? ყაზახეთში პოლიტიკური პარტიები ფაქტობრივად არ არსებობს გარდა ნაზარბაევის პარტიისა. ეკონომიკა გადანაწილებული აქვს რამდენიმე ისტორიულად გავლენიან გვარს (`ჟუზები` ქვია ამ დიდ კლანებს), ანუ ეს არის საზოგადოება, რომელიც გარკვეული აზრით გვაროვნულ-ტომობრივი წყობის მენტალობით ცხოვრობს.

მაგალითად, მეზობელ ყირგიზეთში, რომლისგანაც ყაზახეთი მხოლოდ ტერიტორიის სიდიდით, მოსახლეობის რაოდენობით და საერთო სიმდიდრით განსხვავდება, თუმცა ძალიან ჰგავს ყველა სხვა თვალსაზრისით, ბოლო 19 წლის განმავლობაში 4 (ოთხი!) ამგვარი `რევოლუცია` მოხდა. თანაც  საშინელი სისხლისღვრით, მაგრამ არაფერი გაუმჯობესდა შედეგად: ერთი კლანი შეცვალა მეორე კლანმა.

შედარებაც შეუძლებელია საქართველოს 2003 ან უკრაინის 2004 - 2014 წლების რევოლუციებთან, რადგან ჩვენს ქვეყნებში იყო სამოქალაქო საზოგადოება, არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები, ალტერნატიული ლიდერები, გამოკვეთილი ოპოზიციური ლიდერი, განვითარებული კრიტიკული მედია - როგორც სოციალური ქსელები, ასევე ოპოზიციური ტელევიზიები....ყაზახეთში და ყირგიზეთში არაფერი მსგავსი არ არის და არც ყოფილა.

ამიტომაც, სერიოზული შეშფოთების საფუძველი არსებობს და კითხვის ნიშნები ჩნდება: ხომ არ დასრულდება ეს ყოველივე პუტინის აგრესიით და ნახევარი ყაზახეთის დაპყრობით? მეტისმეტად შორს, ანუ მხოლოდ ყაზახებით დასახლებულ ალმა-ატამდე პუტინი ისევე არ წავა, როგორც არ წავიდა დასავლეთ უკრაინისკენ 2014-15 წლებში და ვეღარ წამოვიდა თბილისისკენ 2008 წელს