მთავარი ბრძოლა 9 აპრილის, ანუ საპრეზ8იდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყება

მთავარი ბრძოლა 9 აპრილის, ანუ საპრეზ8იდენტო არჩევნების  შემდეგ დაიწყება

        საპრეზიდენტო არჩევნების წინ საქართველოში ძალთა კრისტალიზაცია გრძელდება. მიხეილ მაჭავარიანის მოსვლას საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში თავდაპირველად სერიოზული ცვლილებები თითქოს არ მოჰყოლია, მაგრამ «წონასწორობის დარღვევამ» შედეგი მაინც გამოიღო. თამაზ მაღლაკელიძემ პოსტი საკუთარი განცხადებით დატოვა.
        უაღრესად ნიშანდობლივია, რომ მაღლაკელიძის «მოსვლა» ამ სისტემაში უშუალოდ არ უკავშირდებოდა მაინცდამიანც საბაჟო სისტემას. თავდაპირველად მაღლაკელიძე დაინიშნა «საგადასახადოს» უფროსად, მაგრამ შემდეგ თვითონ მოითხოვა «საბაჟოში» გადაყვანა მას შემდეგ, რაც ზუსტად ასეთივე სიტუაციაში გადადგა მისი წინამორბედი აბულაძე.
        თამაზ მაღლაკელიძემ დატოვა (თუმცა, რა თქმა უნდა, არა უპატრონოდ), გაერთიანებული ქართული ბანკის ხელმძღვანელის პოსტი. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ მისი «გადასვლა» აღმასრულებელ ხელისუფლებაში აძლიერებდა «ჩხარტიშვილის» ისედაც საკმაოდ ძლიერ და გავლენიან დაჯგუფებას. «ფულის კეთების» მოტივაცია მეტისმეტი ვულგარიზაცია და პრიმიტივიზმი იქნებოდა. ხშირ შემთხვევაში, საქართველოში «ფული კეთდება» ინტერესთა სავსებით ლეგალური და კანონიერი თანხვედრის პირობებში. «გაერთიანებული ქართული ბანკის» ინტერესები, როგორც ჩანს, დაემთხვა მისი აქციონერებისა და იმავდროულად მწარმოებელთა ინტერესებს, ამიტომ ჩხარტიშვილი და მაღლაკელიძე დაინტერესებულნი იყვნენ იმპორტულ ნაკადებზე მტკიცე კონტროლის დაწესებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიუჯეტის ზრდით დაინტერესებული პრეზიდენტი ამ ტანდემს არ შექმნიდა. მაგრამ 2000 წლის დასაწყისისათვის ეს უკვე საკმარისი არ აღმოჩნდა. მიხეილ მაჭავარიანის ხელმძღვანელობით გაერთიანებული სამსახური «უნიტარულ ფინანსურ ერთეულად» იქცა. შესაბამისად, ყოფილი «ფინანსური ფედერაციის» რომელიმე სუბიექტის «ჩავარდნა» (ორიდან) უეჭველად იწვევდა მთელი სამინისტროს, აქედან გამომდინარე მინისტრისა და თვით «ჟვანიას გუნდის» დისკრედიტაციას, რომელიც ისედაც ძალზე სერიოზულ რისკზე წავიდა, როდესაც იკისრა პასუხისმგებლობა გადასახადებისათვის.
        მრავალი დამკვირვებლის არც თუ უსაფუძვლო აზრით, ეს იყო ძალზე სახიფათო ნაბიჯი, რომელიც ამ გუნდს შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს. თუმცა «ვინც არ რისკავს, შამპანურსაც არ სვამს» - ამბობდა სუვოროვი.
        ბუნებრივია, რაკი პასუხისმგებლობა იკისრა, ჟვანია აუცილებლად შეეცდებოდა გაეზარდა კონტროლის დონე ყოფილი «ფინანსური ფედერაციის» ყველა სუბიექტზე. მისი გუნდის წევრებს უკავიათ ფინანსთა მინისტრისა და საგადასახადო შემოსავლების მინისტრის საკვანძო პოსტები, მაგრამ ეს არ არის საკმარისი - საგადასახადო შემოსავლების მინისტრი უშუალოდ უნდა აკონტროლებდეს ორივე სამსახურს.
        სხვაგვარად ეს იქნებოდა «პასუხისმგებლობა რეალური ბერკეტებისა და რეალური ძალაუფლების გარეშე», რასაც არც ჟვანია, არც მაჭავარიანი არ შეურიგდებოდნენ.
        ამრიგად, თამაზ მაღლაკელიძის გადადგომის მიზეზი არ ყოფილა მისი «უუნარობა», თუმცა არც მეორე უკიდურესობაში «გადავარდნა» იქნებოდა სწორი და იმის მტკიცება, თითქოს ჩხარტიშვილსა და ზურაბ ჟვანიას შორის რაიმე პოლიტიკური სახელისუფლებო ან თვისებრივი დაპირისპირება არსებობს. უბრალოდ, მიხეილ მაჭავარიანი ახორციელებს ჩვეულებრივ სახელისუფლებო ტექნოლოგიას, რაც ნამდვილად არ გამორიცხავს შესანიშნავ დამოკიდებულებას ვანო ჩხარტიშვილის საბანკო ჯგუფთან.
        აბსოლუტური სიზუსტით კი მხოლოდ იმის პროგნოზირებაა შესაძლებელი, რომ თამაზ მაღლაკელიძეს საბაჟო დეპარტამენტის პოსტზე შეცვლის იმავე გუნდის უშუალო წარმომადგენელი, რაც სახელისუფლებო ტექნოლოგიის კანონებიდან გამომდინარე, აგრეთვე აბსოლუტურად გამართლებული და ბუნებრივია.
        თამაზ მაღლაკელიძესთან და ვანო ჩხარტიშვილთანაც შეიძლებოდა ალბათ შეთანხმება, მაგრამ აქ თავი იჩინა ობიექტურმა ფაქტორებმა, რომელთა მოქმედება არ არის დამოკიდებული მაინცდამაინც სახელისუფლებო ცვლილებებზე – კვლავინდებურად გადაუწყვეტელია საქართველოს საბაჟო სივრცის დაცვის რამდენიმე ფუნდამენტური პრობლემა. მათ შორის უმთავრესია ცხინვალთან მდებარე ე.წ. «ერგნეთის» ბაზრობის თემა და ზოგადად, ცხინვალი-გორის საავტომობილო ტრასის ფუნქციობა;
        ნიშანდობლივია, რომ პარლამენტი უახლოეს მომავალში განიხილავს ამ საკითხს და შეიძლება დროებით საერთოდ აკრძალოს მოძრაობა ამ ტრასაზე, თუმცა, ამ გადაწყვეტილებას უარყოფითი მხარეც აქვს: გორი-ცხინვალი-ვლადიკავკაზის გზით საქართველოდან – რუსეთში გაედინება სასოფლო-სამეურნეო ექსპორტის 60 პროცენტი, რაც ათეულობით მილიონი დოლარის შემოსავალს ნიშნავს.
        რუსეთ-საქართველოს შორის «სავიზო რეჟიმის» შემოღების შემთხვევაში, ამ გზამ მართლაც შეიძლება სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინოს, ვინაიდან ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლება წინააღმდეგია ასეთი რეჟიმისა. ჩეჩნეთის ომის პირობებში კი, რუსეთს არა აქვს რეალური ბერკეტები ოსებზე ზემოქმედებისთვის.
        თუმცა, არც ეს მომენტია ყველაფრის ამომწურავი. არ არის გამორიცხული, ჟვანიას გუნდმა უახლოეს მომავალში განახორციელოს ძლიერი სვლები შიდა ბაზრის დასაცავად, თუნდაც საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან გარკვეული დოზით დაპირისპირების ხარჯზე. ამ პროცესშიც, ჟვანია-მაჭავარიანისთვის ჩხარტიშვილი-მაღლაკელიძე უფრო მოკავშირეები არიან, ვიდრე მოწინააღმდეგეები.
        მაღლაკელიძის წასვლა ალბათ იმ პრინციპის განხორციელება იყო, რომ «მეგობრობა-მეგობრობად», თუნდაც «მოქკავშირეობა-მოქკავშირეობად», მაგრამ «ტექნოლოგიური პროცესი» ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დავიცვათ.
        იგივე პროცესი ხორციელდება ანტიმონოპოლიურ სამსახურთან დაკავშირებითაც. მიხეილ სააკაშვილის «დარტყმა» ნამდვილად არ იყო შემთხვევითი. «ანტიმონოპოლიური სამსახური» თავად იქცა (როგორც სააკაშვილმა თქვა) მონოპოლიად, რომელიც მისთვის არასასურველი ტენდენციების შეჩერებასა და აღკვეთას ცდილობს. იმავე ლოგიკით, ამ პოსტზეც, უახლოეს მომავალში ვიხილავთ «რეფორმატორთა გუნდის» წარმომადგენელს.
        «მაღლაკელიძის წასვლა» (თუ ამ თემას დავუბრუნდებით) არ შეასუსტებს თანამშრომლობას საპარლამენტო დაჯგუფებასა და სახელმწიფო კანცელარიის შესაბამის უწყებებს შორის, ვინაიდან ინტერესთა თანხვედრა ყოველგვარ დაძაბულობას მოხსნის.
        რაც ყველაზე მთავარია, მიხეილ მაჭავარიანი უნდა «მოერგოს» ამ პოსტს ისევე, როგორც დავით ონოფრიშვილი და ყველა «სადავე იგდოს» ხელთ.
        მაჭავარიანის პირველი ნაბიჯები მეტყველებს (და მეტყველებს უეჭველად), რომ მან მისი მეგობრის, გიორგი ბარამიძის გაფრთხილება გაითვალისწინა და თვითდამკვიდრებას ცდილობს პრინციპით: «გავაკეთებ ყველაფერს, რაც შესაძლებელია»
        ამ თვალსაზრისით, მაღლაკელიძის შეცვლა მიხეილ მაჭავარიანით ობიექტურად სასიკეთო ნაბიჯი შეიძლება გამოდგეს ეკონომიკისთვის მიზანშეწონილი გადაწყვეტილებების მიღების თვალსაზრისით, ვინაიდან მაღლაკელიძისგან განსხვავებით, მაჭავარიანი პოლიტიკური ფიგურაა და პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობის პერსონიფიცირებას ახდენს.
        ამ მხრივ, მიმდინარე პროცესი (რომელიც სულ უფრო ფართოვდება) შეიძლება მეტად ნიშანდობლივი აღმოჩნდეს პოლიტიკური სტრატეგიის თვალსაზრისით.
        მთავრდება ეპოქა, როდესაც პოლიტიკური გუნდი, გარკვეულწილად ემიჯნებოდა ამა თუ იმ სფეროში რეალურად მიმდინარე პროცესებს და ამჟამად უკვე თვითონ კისრულობს პასუხისმგებლობას, ანუ, ხდება სახელისუფლებო ელიტის კონსოლიდაცია.
        აქედან გამომდინარე, უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესთა რადიკალურ განვითარებას.
        «უახლოეს მომავალში», ანუ 9 აპრილის შემდეგ.

7 დღე, 21 თებერვალი, 2000 წელი