„მიშა“ - მიშას გარეშე არ გამოვა!

„მიშა“ - მიშას გარეშე არ გამოვა!

 

როგორც მოსალოდნელი იყო, საპრეზიდენტო არჩევნებში არითმეტიკულმა დამარცხებამ (რაც ყოველთვის არ ნიშნავს პოლიტიკურ მარცხს) „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული უთანხმოებანი არათუ გააღრმავა, არამედ „გარეთაც გამოიტანა“, რაც საქართველოში, ტრადიციულად, საშიშია ამ საზოგადოების მენტალობიდან გამომდინარე.

ორი მშვენიერი ქალბატონი - სალომე სამადაშვილი და ნინო კალანდაძე - სწორედაც საჯაროდ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ამ დისკუსიაში სრულიად უკულტურო მეტაფორებმაც გაიჟღერა (ვირთხები და ა.შ.).

საოცარი სიზუსტით განმეორდა 2016 წლის ვითარება, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი, 27%-იანი ელექტორალური წარმატების შემდეგ (პარტია, - მისი გაქცეული, დაუსწრებლად დაპატიმრებული  ლიდერით, - დაფიქსირდა როგორც რეალური და ერთადერთი ოპოზიცია!) მოხდა დიდი განხეთქილება.

ორივე შემთხვევაში, განხეთქილების რეალური, სირღმისეული მიზეზი არჩევნებზე „დადებული“ შედეგი კი არ იყო (ვიმეორებ - ორივეჯერ ძალზე სერიოზული) არამედ პერსპექტივა და პარტიის მომავალი. ანუ, თუ გავამარტივებთ, „მიშასთან ერთად თუ მიშას გარეშე?“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სანამ ამ „დილემას“ ჩავუღრმავდებოდეთ, ის განვიხილოთ, რა გახდა რეალური მიზეზი სამადაშვილ-კალანდაძის დაპირისპირებისა:

როგორც ცნობილია, სალომე სამადაშვილმა მწვავედ „გააპროტესტა“ ის ოპოზიციური განწყობა, რომლითაც სალომე ზურაბიშვილის არჩევა უკანონოდაა მიჩნეული, თვით სალომე ზურაბიშვილი - არალეგიტიმურად, ხოლო ლეგიტიმურ პრეზიდენტად  გრიგოლ ვაშაძე ცხადდება, ვისაც მიტინგზე ესალმებიან კიდეც, როგორც „კანონიერ პრეზიდენტს“. „ასეთ აქციებში მე მონაწილეობას აღარ მივიღებო“ - გაანჩხლდა ქალბატონი სამადაშვილი.

მაგრამ რატომ არის ეს ყოველივე მისთვის მიუღებელი? იმიტომ, რომ ქალბატონი სალომე სამადაშვილი დიპლომატია, ევროკავშირში საქართველს ელჩი იყო და როგორც ქართველ დიპლომატთა აბსოლუტურ უმრავლესობას (99,99%) ახასიათებს აბსოლუტურად უსიტყვო (რომ არ ვთქვათ „ბრმა“) ლოიალობა ევრო-ამერიკელი კოლეგებისადმი. ეს მის განცხადებაშიც ჩანს: „დასავლელი დიპლომატებისთვის და წარმომადგენლებისთვის  ამგვარი რამ მიუღებელიაო“. ჰოდა, რაკი იმათთვის არის მიუღებელი გრიგოლ ვაშაძე კანონიერ პრეზიდენტად ცხადდებოდეს და (ანუ) ქვეყანაში რევოლუციის წინაპირობები იქმნებოდეს, ამიტომ არის მიუღებელი სამადაშვილისთვისაც.

„იმათთვის“ რომ მისაღები იყოს, მაშინ მისთვისაც მისაღები იქნებოდა.

ხოლო ნინო კალანდაძე, ვინც მიზეზთა გამო (არ დავაკონკრეტებ)  ზემოთხსენებულ 0,01% განეკუთვნება, ასე არ ფიქრობს. პირიქით, ის თვლის, რომ დასავლელი კოლეგების მოსაზრება ან მითითება მხოლოდ იმდენად უნდა მიიღო, რამდენადაც საჭიროდ ჩათვლი. იგი ასე მიიჩნევს, რაკი ახსოვს (ქალბატონი სამადაშვილისგან განსხვავებით), რომ 2003 წლის ნოემბრის არჩევნების შემდეგ, დასავლეთს ზუსტად ასეთივე პოზიცია ჰქონდა რევოლუციასთან დაკავშირებით, ანუ, ჩვეულებისამებრ, არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევები გამოავლინეს, მწვავედ გააკრიტიკეს, მაგრამ........„ვარდების რევოლუციის“ლიდერებს თავადაც არაერთგზის მოუყოლიათ: „ის არჩევნები უკანონოდ არ უცვნიათ და ჩვენც მოგვიწოდებდნენ - ყველა დარღვევევით მაინც გვეცნო, ესე იგი რევოლუციის კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენო“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

2003 წელს მიშამ და მისმა გუნდა დასავლეთი „მომხდარი ფაქტის წინაშე დააყენა“ უსისხლო რევოლუციით. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც დააყენა ფაქტის წინაშე, „იმათი“ დამოკიდებულებაც შეიცვალა.

ამიტომ, ძალიან უცნაურია, როდესაც პოლიტიკოსი სამადაშვილი ერთის მხრივ ამბობს „არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არ ჩატარებულა, ის რაც მოხდა, არჩევნები არ იყოო“ და იმავდროულად, მოითხოვს „კანონიერად არჩეული“ ეწოდოს სალომე ზურაბიშვილს.

აბა თუ არჩევნები არ ჩატარებულა, თუ ტოტალური მოსყიდვა-გაყალბება იყო და ზუსტად ამან განაპირობა ზურაბიშვილის „გაყვანა“ მაშინ კანონიერი პრეზიდენტი როგორღაა? და თუ ის უკანონოა, მაშინ ვინ გამოდის კანონიერი პრეზიდენტი? რა თქმა უნდა გრიგოლ ვაშაძე!

ოღონდ ეს  „რევოლუციური ლოგიკა“, ჯერ კიდევ 2016 წელს, დაუპირისპირდა იმ პოლიტიკურ ლოგიკას, რის  დანერგვასაც ამ ჩვენს ჩლუნგად მაქსიმალისტურ საზოგადოებაში დასავლეთი ცდილობს ჩვენივე ინტერესებიდან გამომდინარე და რაც გულისხმობს მარტივ, თუმცა ამ ქვეყანაში ძნელად აღსაქმელ თეზისს: „ის, რომ არჩევნები ჩატარდა დიდი დარღვევებით, არ ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი უკანონო პრეზიდენტია, ხოლო კანონიერი პრეზიდენტია გრიგოლ ვაშაძე“.

ქალბატონი  სამადაშვილი თვლის, რომ ვაშაძის დეკლარირებამ  „კანონიერ პრეზიდენტად“ დააფრთხო დასავლეთი და მისი კრიტიკა „ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც უნდა ყოფილიყო“ ან შეიძლებოდა ყოფილიყო........ესე იგი,  „რევოლუციურმა ნარატივმა“ ოპოზიცია დაასუსტა, ხელისუფლება კი გააძლიერა.

თუმცა ODIHR-ის დასკვნებს საქართველოში ისევ და ისევ სულ რაღაც 0,01% კითხულობს და „რა ჩაიწერება“ დასკვნაში, ეს ოპოზიციას ვერ დაასუსტებს ისე, როგორც საჯაროდ ერთმანეთისთვის „ვირთხების“ ძახილი და იმის საჯაროდ განცხადება „ამგვარ აქციებში მონაწილეობას აღარ მივიღებო“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სინამდვილეში, ეს (ვიმეორებ) იმ დისკუსიის გამოძახილია, რამაც ერთხელ უკვე გახლიჩა ნაციონალური მოძრაობა: შეიძლება თუ არა ხელისუფლება შეიცვალოს არჩევნებით? 2016 და 2018 წლის არჩევნებმა ერთმნიშვნელოვნად დაამტკიცა: არა, ეს შეუძლებელია, სანამ „ოცნების ალტერნატივა“ იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო „ ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიშა სააკაშვილი!

მაშინ სხვა ლიდერებმა „მოიგონოს“ ასეთი ხრიკი: შევქმნათ სიტუაცია „მიშა“ - მიშას გარეშე“, ანუ მივცეთ საშუალება ამომრჩეველს, „აიღოს“ იმ „9 წლიდან“ ყველაფერი კარგი, რაც იყო, რაც მოსწონს და არ აიღოს ის, რაც იყო ცუდი და რაც არ მოწონს.

(აქვე:  სხვა საკითხია, რომ ის რაც „მოსწონს“, ვერ მიიღწეოდა იმის გარეშე, რაც „ძალიან არ მოსწონს“. თუმცა ამას დავანებოთ თავი).

მთავარი ისაა, რომ ეს სქემა იმუშავებს (და იმუშავებდა 2016 წელსაც) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას თვით მიშა დაეთანხმება. არადა, გამორიცხულია დაეთანხმოს!

აბა დავაკვირდეთ: უკვე ბევრმა შენიშნა, რომ არათუ „ევროპული საქართველო“, ანუ ბოკერია-უგულავა-ბაქრაძის გუნდი, არამედ გრიგოლ ვაშაძე და მისი კომპანიაც ფრთხილად ცდილობენ იმავე ხაზის გატარებას: „ჩვენ არა ვართ მიშა, მაგრამ გვინდა „მიშა“! ესე იგი პიროვნულად სააკაშვილი არა, მაგრამ პოლიტიკურად „მიშა“ ესე იგი „რაც კარგი იყო 9 წელში“- კი.

ნურას უკაცრავად  - არ გამოვა ეს ამბავი. მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ 2016 წელს თქვა სიტყვა-სიტყვით: „ამათ მე ბორბლებიანი ბიუსტი ხომ არ ვგონივარ, როცა და როგორც სჭირდებათ მაშინ გამომაგორონ სცენაზე და როცა აღარ დავჭირდები, უკან კულისებში შემაგორონო“.

მისი ერთი სიტყვა იქნება საკმარისი და ეს სქემა დაინგრევა, ხოლო გრიგოლ ვაშაძის აშკარად „გარგანტიურებული“ თვითშფასების მიუხედავად, მისი ელექტორალური წარმატება 99,99%-ით სწორედ მიშაზე და მიშას მოკავშირე ტელევიზიაზეა დამოკიდებული.  ისინი რომ არა, მისი ელექტორალური პოტენციალიც აორთქლდება.

არ არის მიშა ისეთი იდიოტივინმეს თავი გამოაყენებინოს თუ თვითონ არ უნდაიქით გამოიყენებს ყველასროგორც უამრავჯერ მოუხერხებია აქაც და უკრაინაშიც.

ზოგადად ეს „ფრილანსერი“ ძალიან ჭკვიანი, გამჭრიახი, ეშმაკი, ალღოიანი და ნიჭიერი პოლიტიკოსია. ამ მხრივ საქართველოში მას საერთოდ ვერავინ შეედრება.

ზურაბ ჟვანია მკვდარია. 

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . .

მაშ სად არის გამოსავალი? არ არის გამოსავალი, თუ ამ „გამოსავლად“ არჩევნებით „ოცნების“ დამარცხება მიიჩნევა. რეალურად, „ნაციონალური მოძრაობა“ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში ვერ დაამარცხებს ვერც მიშათი, ვერც, მით უმეტეს, მიშას გარეშე. და საერთოდაც ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში მანამ, სანამ არ მიიღებს მიშას ფორმულას, რომ „არჩევნებში უნდა ვმონაწილეობდეთ მხოლოდ იმ მიზნით, რათა შემდეგ ეს არჩევნები „გაყალბებულად“ გამოვაცხადოთ და ახალი მშვიდობიანი რევოლუცია მოვაწყოთ, ესე იგი ხელისუფლება უსისხლოდ დავამხოთ, როგორც 2003 წელს“.

მიშა ამას ცდილობდა 2016 წელს და ამას ცდილობდა ახლაც. იმავეს შეეცდება მუდამ. მის გარეშე კი, „გაერთიანებულ ოპოზიციად“ წოდებული „ნაციონალური მოძრაობა“ იქცევა ნულად.

2018