მიჩქმალური სკანდალი - როკის გვირაბი და მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი აფხაზეთში

მიჩქმალური სკანდალი - როკის გვირაბი და მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი აფხაზეთში

 

სანამ ქართველ ფეხბურთომანთა მრავალრიცხოვანი არმია ევროპის პირველობისთვის ემზადება, რათა მცირე ხნით მაინც დაივიწყოს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მარაზმი, სეპარატისტულ აფხაზეთში დიდი ზარ–ზეიმით გრძელდება «არაღიარებული ქვეყნების მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში».

სოხუმის მედია ყველა რესურსს იყენებს, რათა ამ მოვლენას რაც შეიძლება მეტი მნიშვნელობა მიანიჭოს: მოეწყო საზეიმო გახსნის გრანდიოზული ცერემონია, გამოიტანეს დროშები, ყველა თამაშზე ანშლაგია და ა.შ.

თითქოსდა, რა სასაცილოა არა? სასაცილოა აბა რა არის «დასავლეთ სომხეთისა» და «სომალილენდის» თუ «იაპონელ კორეელთა» მატჩი! დიახ, კომიკურია საფეხბურთო თვალსაზრისით, მაგრამ სულაც არაა სასაცილო პოლიტიკური შედეგების მხრივ.

აფხაზ სეპარატისტთა ელიტა ტრადიციულად შედგება ძალიან ჭკვიანი, გაქნილი, ქვეწარმავლურად ეშმაკი, დიდოსტატი პროფესიონალებისაგან, რომლებიც უკვე 25–30 წელია, რაუნდს–რაუნდზე უგებენ ქართველ კოლეგებს და შემთხვევით ანუ სპონტანურად  არაფერს აკეთებენ: მათი ყველა აქცია, ყველა ნაბიჯი, ნებისმიერი მიმართულებით, იმ მიზანს ემსახურება, რათა შექმნან და გამოიყენონ მათთვის სასარგებლო პრეცედენტები, მიაღწიონ საერთაშორისო ლეგიტიმაციას, საბოლოოდ კი სრულფასოვან საერთაშორისო აღიარებას.

განსხვავებით ოსი ირიდენტისტებისგან, აფხაზებს სულაც არ ეპიტნავებათ რუსეთის შემადგენლობაში შესვლა. ისინი, «ნაბიჯ–ნაბიჯობის» მეთოდით, მსოფლიო აღიარებისკენ ისწრაფიან! 1993 წლიდან დაწყებული, ამ გზაზე უკან არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამთ; მხოლოდ წინ მიიწევენ თუნდაც მცირე ნაბიჯებით, მაგრამ განუხრელად და იქედნური ეშმაკობით (პოლიტიკაში ამას პროფესიონალიზმი ქვია), რასაც ხელს უწყობს ქართულ ელიტათა  სრული არაპროფესიონალიზმი, დოყლაპიობა და უპასუხისმგებლობა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ეს მკაფიოდ გამოჩნდა  აფხაზეთის «საფეხბურთო ჩემპიონატში». ამ ღონისძიებას სეპარატისტები ისეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რომ ყურადღება არ მიაქციეს, თუ ზოგიერთი ნაკრების მონაწილეობა (ან პირიქით, არმონაწილეობა) ამა თუ იმ პარტნიორ ქვეყანას გაანაწყენებდა. მაგალითად, «დასავლეთ სომხეთის» მონაწილეობა თურქეთს არ მოეწონებოდა, ხოლო «ჩრდილო კვიპროსისა» – საბერძნეთს. მაგრამ სეპარატისტებს ესმით ის, რაც ვერა და ვერ გაიგო ქართულმა ელიტამ: პოლიტიკა რესურსებისა და ტექნოლოგიების ბრძოლაა, სადაც არსებობს მხოლოდ პრაგმატული გათვლა და არ რჩება ადგილი ისეთი ცნებებისთვის, როგორიცაა «წყენა», «ერთგულება», «სიბრალული», «სინდისიერება», «კეთილგანწყობა», «მეგობრობა» და ა.შ.

აფხაზი სეპარატისტებისთვის მხოფლიო  ჩემპიონატი თუნდაც იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ მას დაესწრო ლეგიტიმური და ძალიან გავლენიანი გლობალური ორგანიზაციის, FIFA–ს ორი «მატჩ–ინსპექტორი». რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, «ისინი არ იყვნენ FIFA–ს ოფიციალური წარმომადგენლები»,  ნამდვილად არიან FIFA–ს თანამშრომლები. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქავთ,  არ წარმოადგენდნენ უნივერსალურ საფეხბურთო ორგანიზაციას კონკრეტულად ამ ტურნირზე, რაც სრულებითაც არ ნიშნავს, თითქოს არ გააჩნიათ ოფიციალური სტატუსი და მათი დასწრება საერთოდ არაფერს ნიშნავს საერთაშორისო ლეგიტიმურობის თვალსაზრისით.

გავითვალისწინოთ: პოლიტიკური შედეგების მხრივ ეს ჩემპიონატი  მიზერული შედეგის მომტანია, მაგალითად, თურქეთისთვის, რომელიც სრულად აკონტროლებს იმავე «დასავლეთ სომხეთს», მაგრამ საქართველოსთვის, რომელიც აფხაზეთის ვერც ერთ მტკაველ მიწას ვეღარ აკონტროლებს 2008 წელს კოდორის ხეობის სამარცხვინო ჩაბარების შემდეგ – კიდევ ერთი, ძალიან მწარე სახელმწიფოებრივი მარცხია!

ამგვარი თითქოსდა უმნიშვნელო «წვრილმანებით» ქსოვენ სეპარატისტები იმ საერთაშორისო აღიარებას, რომელიც ადრე თუ გვიან (თუ ასე გაგრძელდა) აუცილებლად დადგება. არა აქვს ისტორიული მნიშვნელობა ხვალვე თუ 20 წლის შემდეგ -  სეპარატისტებს არსად ეჩქარებათ, რაკი გადაწყვიტეს ისტორიული ამოცანა: განახორციელეს ეთნოწმენდა აფხაზეთში, ესე იგი გაწმინდეს მიწა–წყალი მტრული ქართული მოსახლეობისაგან.

მას შემდეგ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს ლეგიტიმაციისთვის იყენებენ. მათ შორის ეკლესიის საკითხსაც. სწორედ ამიტომაა მათთვის მნიშვნელოვანი  კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოსთან ურთიერთობა და აფხაზეთის წმიდა მიტროპოლიის შექმნა იმის მიუხედავადაც კი, რომ ეს მოსკოვს არ მოსწონს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამ ფონზე უბრალოდ ამაზრზენია  უსასრულოდ ბრიყვული საუბრები: «რა მოხდა მერე, ეს ხომ ჰუმანიტარული საკითხია, ითამაშონ ფეხბურთი, გაერთონ . . .» არადა,  მარტო «გართობა» რომ იყოს, სეპარატისტული ელიტა ასეთ ყურადღებას არ მიაქცევდა. ასეთივე უგვანი  ლოგიკით, «რა მოხდა მერე, თუ FIFA–ს წარმომადგენლები დაესწრებიან?» ან «რა მოხდა მერე, თუკი აფხაზეთი ჯერ ამ საფეხბურთო ორგანიზიაციის (როგორც კოსოვო), შემდეგ კი გაეროს წევრი გახდება?»

რა მოხდა მერე?

«პროცედურებზე ნუ ჩაიციკლებითო». ანუ, «მოდით, ნუ დავიწყებთ ახლა ჩხირკედელაობას, როგორ მოხვდნენ FIFA–ს ოფიციალურ წარმომადგენელთა (არა ამ ტურნირზე წარმომადგენელთა, მაგრამ ზოგადად წარმომადგენელთა) სტატუსის მქონე ადამიანები ტურნირზე . . .»  დავაკვირდეთ –  ისევ «ზაქარეიშვილისეული სიბრძნეა»: «ნუ მოვთხოვთ აფხაზებს მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა საქართველოში უფასოდ მკურნალობისა და სხვა პროგრამებით სარგებლობისთვის: მთავარი ხომ ადამიანია და არა პროცედურა?»

ჰოდა,  «რა მოხდა მერე თუ FIFA–ს წარმომადგენლები დაესწრებიან მსოფლიო ჩემპიონატს?» «ჰუმანიტარული საკითხები ხომ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პროცედურა?» თანაც შერჩევით – ლტოლვილთა საკითხი არა, ხოლო საფეხბურთო ჩემპიონატი – კი, ნამდვილად «ჰუმანიტარული თემაა».

ამ იდიოტურ «აზრთაწყობას» რომ კიდევ ერთ «რა მოხდასთან» მივყავართ («რა მოხდა მერე, თუკი 200 000 ქართველი გამოყარეს აფხაზეთიდან»), სამწუხაროდ, ვერავინ ამჩნევს. თუმცა სეპარატისტები მშვენივრად ამჩნევენ და ხვდებიან.

ამავე ლოგიკით: «რა მოხდა მერე», თუკი სეპარატისტებმა, 1999 წელს, დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ისე ჩააატრეს, რომ მასში ქართველ ლტოლვილებს მონაწილეობა არ მიუღიათ? რა მოხდა მერე? «ნუ ჩავიციკლებით პროცედურებზე და იურიდიულ კაზუისტიკაზე!»

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

«ზაქარეიშვილიზმით» ატანილ მთავრობებს (არა მხოლოდ ამჟამინდელს!) ძალიან ძნელია აუხსნა, რომ პატარა, ოკუპირებული ქვეყნის ერთადერთი ხსნა, ერთადერთი «მაშველი რგოლი» სწორედ საერთაშორისო თამაშის წესია, რომელიც ინტერესთა ბალანსს ეფუძნება და ამ ბალანსის დასაცავად შეიქმნა.  

საერთაშორისო სამართლის ქვაკუთხედი კი სწორედ ის «პროცედურებია», რომელთა უგულებელყოფა (თუნდაც «უპასპორტოდ მკურნალობის» საკითხში) მთლიანად ანგრევს საქართველოს არგუმენტაციას და ანადგურებს მის რესურსებს, დაიცვას საკუთარი ინტერესები.

შემაძრწუნებლად  არაპროფესიონალ ქართულ ელიტებს არა და არ სურთ ან არ შეუძლიათ გაიგონ, მიხვდნენ: საერთაშორისო ბიუროკრატია, რომელიც უნდა იცავდეს ამ თამაშის წესებს და საერთაშორისო სამართალს, რეალურად, თვით მისი იმმანენტური ბუნებიდან გამომდინარე, მუდამ ეცდება წინააღმდეგობები გადაწყვიტოს სუსტის ხარჯზე ისე, რომ თავი არ აიტკივოს, სახეც შეინარჩუნოს და ძლიერი მოთამაშეებისთვის სასურველი პრეცედენტები  შექმნას. ოღონდ იმავდროულად,   მათთვის არასასურველი პრეცედენტები არ დაუშვას!

კლასიკური მაგალითია  2008 წლის ომზე იმავე ბიუროკრატიის რეაქცია, რაც ე.წ. «ტალიავინის» პროსტიტუირებულ დასკვნაში გამომჟღავნდა. დაახლოებთ იგივე, თუმცა თითქოს სხვა მასშტაბით მეორდება ახლაც.

მივაქციოთ ყურადღება: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მხოლოდ შიშნეულად ამოიკნავლა: «ველით, რომ FIFA ადეკვატურად შეაფასებს ე.წ. ოფიციალური წარმომადგენლების მონაწილეობას აფხაზეთის ტურნირშიო». ასეთი ტონით თუ დაელაპარაკები საერთაშორისო ბიუროკრატიას,  ის იოლად «დაგიკიდებს»:  შეეცდება შენს ხარჯზე გადაწყვიტოს წინააღმდეგობა და იმავდროულად,  «თამაშის წესებიც» შეინარჩუნოს სხვა შემთხვევისთვის იმ დათქმით, რომ საქართველო – გამონაკლისია,  ესე იგი არასასურველ პრეცედენტს არ ქმნის.

გავიხსენოთ კიდევ ერთხელ 2008–2009 წლები, როდესაც ისე იქცეოდნენ, თითქოს არც არაფერი არ მოხდარა. თუმცა მათზე «ახით», რუსეთმა დაანახა, რომ ის პრეცედენტი, რეალურად,  მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ ბიუროკრატია საკუთარ დანაშაულს ასე იოლად არასდროს აღიარებს!

ამიტომ, ქართული დიპლომატიის მხრიდან სწორედაც ადეკვატური იქნებოდა ღიად  იმაზე აპელირება, რომ დიახაც, დასავლეთის არაადექვატურმა რეაქციამ 2008 წლის რუსულ აგრესიაზე, შექმნა პრეცედენტი იმისთვის, რაც ყირიმში მოხდა და დონბასში ხდება.

ეს პარალელები, რასაკვირველია, ძალიან გააღიზიანებდა კოლექტიურ დასავლელ მეძავ «ტალიავინის», რომელიც საკუთარ დანაშაულს არასდროს აღიარებს ნებით, მაგრამ როდესაც ეს კოლექტიური მეძავი უკმეხად გეუბნება: «რა შუაშია ყირიმი ან დონბასი 2008 წელთანო», ანუ თავხედობის  ყოველგვარ ზღვარს გადადიან, დიახაც ადექვატური იქნება სკანდალი მოუწყო და ყავა შეასხა ცხვირში.

დიპლომატიური მეთოდებით რასაკვირველია

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამიტომ, თბილისის მიმართვა FIFA–სადმი სულ სხვა ტონალობისა უნდა ყოფილიყო:  დიახაც, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უნდა აეტეხა საერთაშორისო სკანდალი და გაეკეთებინა დაახლოებით ასეთი განცხადება: «რცხვენოდეს FIFA–ს, რომ მისი ოფიციალური წარმომადგენლები მონაწილეობენ ამ სეპარატისტულ ტაკიმასხარაობაში! იძულებული ვართ დავასკვნათ, რომ გარკვეული ძალები FIFA–ს ხელმძღვანელობაში, აფხაზეთის ჩემპიონატის მდუმარე მხარდაჭერით,  ძირს უთხრიან საერთაშორისო საფეხბურთო სისტემის სტაბილურობას; ხელს წყობენ ამ სისტემის ნგრევას იმით, რომ სათანადოდ არ რეაგირებენ  «ოფიციალურ წარმომადგენელთა» სტატუსის მქონე პირთა მხრიდან ეთნოწმენდის ორგანიზატორ სეაპრატისტთა მხარდაჭერაზე».

ჩვენი საფეხბურთო ელიტა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციაშია ინკორპორირებული და მხოლოდ «ერთმანეთის ჭამა» ეხერხება კარგად, ასეთ განცხადებას, რასაკვირველია, არ გააკეთებს. «ხომ შეიძლება ციურიხში ეწყინოთ და გაბრაზდნენ?» მაშინ აღარ მიიწვევენ და მერე როგორღა მოუყვნენ «პივაზე» ძმაკაცებს «ციურიხიდან – მიუნხენში რუმენიგესთან ერთად ვიფრინეო?»

აი, ასეთი ელიტები რომ ჰყავდა და ჰყავს ამ ქვეყანას ყველა მიმართულებით, იმიტომაა კარგად მისი საქმე.

..................................................................................

თუ ქართული მხარე მოახერხებდა დისკურსის ამ სიბრტყეში გადაყვანას (თუმცა ამასაც ნიჭი სჭირდება) ის ბიუროკარტია აუცილებლად დაიცავდა საკუთარ მუნდირის ღირსებას, შეეშინდებოდა პრეცედენტის  და რეაგირებაც არ დააყოვნებდა.

საერთაშორისო ბიუროკრატიის სისტემური არსიდან გამომდინარე, მასზე ზეწოლა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუკი არ მისცემ საშუალებას მიჩქმალოს პრეცედენტი; აგრეთვე დაემუქრები მისი «მუნდირის» (ანუ კორპორაციულ) ღირსებას.

მაგრამ როდესაც უსუსურ, შიშნეულ, მთხლე პარტნიორთან აქვს საქმე, FIFA–ს ბიუროკრატია (ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ბიუროკრატია), რა თქმა უნდა, შეეცდება შენს ხარჯზე გადაწყვიტოს წინააღმდეგობა და «არ აიტკივოს აუტკივარი თავი».

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამ ჩემიონატთან დაკავშირებით ქართული ელიტების კიდევ ერთი თანდაყოლილი მანკი გამოვლინდა: მათ ტრადიციულად უჭირთ ლობისტური ჯგუფებით მუშაობა ქვეყნის ინტერესების დასაცავად და განსახორციელებლად:

რასაკვირველია, აფხაზ სეპარატისტებს საკუთარი ლობისტები ჰყავთ იმავე FIFA–ში –  «გულშემატკივარი» ქვეყნების წარმომადგენელთა სახით, მაგრამ საქართველო რატომ ვერ ახერხებს თავისი ლობისტების მობილიზებას, რათა ან საერთოდ არ დაუშვას ამგვარი ტურნირის ჩატარება, ან დაბლოკოს «ოფიციალური წარმომადგენლების» მონაწილეობა და თუ ეს ვერ მოხერხდა, ის მაინც შეძლოს, ისინი სათანადოდ დაისაჯონ, პრობლემები შეექმნათ  და ამგვარმა საქციელმა მათთვის უშედეგოდ არ ჩაიაროს?

ვერასდროს, ვერც ერთ ეპოქაში ვერ  ახერხებდნენ ამას ქართული ელიტები ისევ და ისევ მათი ტრადიციული უნიჭობისა და ინტელექტუალური სიმწირის წყალობით.

აი შორეული მაგალითი: დღემდე გვეუბნებიან, რომ 1970–იან წლებში, «როკის გვირაბის» გაყვანა (სწორედ ამ გვირაბმა დაგვაკარგინა დღეს შიდა ქართლი) იმან განაპირობა თურმე, რომ მას საბჭოთა გენერალი, ეროვნებით ოსი  პლიევი ლობირებდა მოსკოვში.

მერადა, განა საქართველოს არ შეეძლო საკუთარი ინტერეს–ჯგუფებით, საკუთარი ლობისტებით მუშაობა? სად ქართული ელიტის იმდროინდელი შესაძლებლობები ამ თვალსაზრისით და სად ოსი სეპარატისტებისა, რომლებიც უკვე მაშინ იყვნენ სეპარატისტულად განწყობილნი და იმავე «ნაბიჯ–ნაბიჯობის» ტექნოლოგიით მუშაობდნენ? მაგრამ ამას ხომ კულტურა, ნიჭი და პროფესიონალიზმი სჭირდება – პასუხისმგებლობასთან ერთად.

არც ერთი ეს თვისება ქართულ ელიტებს არ გააჩნიათ.  და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, სწორედ ეს უნიჭობა,  უნიათობა და არაპროფესიონალიზმი უზრუნველყოფს იმას, რომ სეპარატისტები,  ადრე თუ გვიან, როგორც ჩანს, საბოლოო მიზანსაც მიაღწევენ.

2016