საერთაშორისო მიმოხილვა. 21 აგვისტო. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 21 აგვისტო. 2024 წელი

მოსკოვის მერმა სობიანინმა ამაღამ გააკეთა პანიკური განცხადება „დედაქალაქზე უპრეცედენტო თავდასხმის შესახებ“.

მისი თქმით, „უკრაინელმა აგრესორებმა“ (!!!) კურსკის ოლქიდან და თვით უკრაინის ტერიტორიიდან ათეულობით დრონი გაუშვეს მოსკოვის მიმართულებით.

ყველა მათგანი რუსულმა „საზენიტომ“ კი ჩამოაგდო, თუმცა მოსკოვის ადმინისტრაციაში აშკარა პანიკა იყო.

ასევე, გუშინ, უკრაინამ რაკეტა ესროლა როსტოვის ოლქს და დრონები გაუშვა ქალაქ ტულას მიმართულებით.

ამ შეტევებს აქვს „შემაწუხებელი ცეცხლის“ ხასიათი. არის ასეთი ტერმინი სამხედრო საქმეში, როდესაც მტერს ცეცხლით „აწუხებ“ დღენიადაგ, მოსვენებას არ აძლევ  და აიძულებ რესურსების მობილიზაციას, ასევე კონცენტრაციას.

აღსანიშნავია, რომ ყველა ამ შემთხვევაში (როცა მოსკოვს და როსტოვს ბომბავდა) უკრაინა იყენებდა საკუთარი წარმოების დრონებს და რაკეტებს.

არ იყენებდა ბრიტანულ Storm shadow-ს ან ამერიკულ HIMARS.

როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დასაწყისია, რაკი კურსკში პლაცდარმის შექმნასთან ერთად, უკრაინა, სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, ახლა შეეცდება „შეაწუხოს“ მოსკოვი და სხვა რუსული „სიღრმისეული“ ქალაქები, რათა არ მისცეს პუტინს და მის Z-პროპაგანდისტებს საქმე ისე წარმოაჩინონ, თითქოს უკრაინის მიერ კურსკში 1000 კვ. კილომეტრი ტერიტორიის დაკავება, თურმე ბევრს არაფერს ნიშნავს - „იარონ და იყონო“

სწორედ ამას ცდილობენ ახლა ეს პროპაგანდისტები და პროპაგანდისტული არხები: რაკი უკრაინული არმიის საკუთარი ტერიტორიიდან განდევნა არ გამოსდით, თავი ისე უჭირავთ, თითქოს „მერე რა მოხდა“.

ჰოდა სწორედ იმ მიზნით, რომ დიახაც „მოხდა“, თანაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა“ - ამ განწყობის კულტივირება და ინფილტრაცია რუსულ საზოგადოებაში, ამჟამად უკრაინის მთავარი მიზანია ანუ კურსკში მიმდინარე პროცესების „გ ა ა რ ს ე ბ ი თ ე ბ ა“ - საპირისპიროდ ამ მოვლენათა მნიშვნელობის დაკნინებისა, რასაც ახლა რუსული პროპაგანდა ცდილობს, რაკი სხვა არაფერი შეუძლია.

 

რუსეთის საგარეო დაზვერვამ (СВР – Служба внешней разведки) გაავრცელა განცხადება, რომლითაც დასავლეთს, უპირველესად ამერიკის შეერთებულ შტატებს და დიდ ბრიტანეთს დასდო ბრალი კურსკის ოლქში უკრაინის არმიის მიერ წარმატებული ოპერაციის განხორციელებაში.

СВР ამტკიცებს, რომ

ა) ოპერაცია თავიდან ბოლომდე იყო შეთანხმებული ამერიკისა და ინგლისის მთავრობებთან

ბ) ოპერაციის დაგეგმვაში მონაწილეობდნენ ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის გენერალური შტაბები

გ) უკრაინის არმიამ კურსკში შეიყვანა ის სამხედრო ბრიგადები, რომლებიც 2023 წლიდან იწვრთნებოდნენ და ემზადებოდნენ ევროპის სამხედრო ბაზაზე ევროპელი და ამერიკელი ინსტრუქტორების მეშვეობით

დ) ოპერაციის სრული სადაზვერვო უზრუნველყოფა ხორციელდებოდა ამერიკული და NATO-ს კოსმოსური დაზვერვის სისტემებით და კომუნიკაციის საშუალებებით

ე) უკრაინის არმია კურსკში იყენებს დასავლურ იარაღს. მათ შორის სამხედრო ტექნიკას.

ვ) კურსკის ბრძოლებში აქტიურად მონაწილეობდა ამერიკული კერძო სამხედრო კომპანია Forward Observations Group. არსებობს ფოტოები, კარგად ეკიპირებული მეომრებისა, ხოლო ამ ფოტოთა განთავსების გეოლოკაცია ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ისინი სწორედაც კურსკის ოლქიდან არის ატვირთული!

 

არც ერთი ეს დებულება რეალობას აცდენილი არ არის. რეალობას აცდენილია ის, რომ პუტინს ყოველივე „რატომღაც“ უკვირს და არც იმას აღიარებს რასაკვირველია, რომ მის მიერ უამრავჯერ გაჟღერებული გაფრთხილება დასავლეთისადმი „წითელ ხაზებს თუ გადაჰკვეთთ ისეთ პასუხს მიიღებთ რომ.......“ გაცვდა, ვეღარავის აშინებს და აღარც ვინმე აქცევს ყურადღებას.

აბა ამაზე „წითელი ხაზები“ რა უნდა იყოს, როცა პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს საომარი მოქმედებები და უკრაინა სტრატეგიული მნიშვნელობის კომუნიკაციებს (ხიდებს) აფეთქებს?

„არც არაფერი“ და ეს „არც არაფერი“ რუსეთს ისტორიულად ძალიან ძვირი დაუჯდება, რაკი ხდება მისი ისტორიული რენომეს გაუფასურება - ადრე რუსეთისა ეშინოდათ მაინც.

 

ჩეჩნეთის მიკროდიქტატორ რამზან კადიროვის უბადრუკმა „რაზმეულმა“ (Ахмат), ყველას და ყველაფერს გამოასწრო კურსკიდან. ან ტყვედ ჩაბარდა.

ახლა მისი მეთაური ვინმე ალაუტდინოვი აცხადებს: უკრაინის არმიის კურსკიდან გაძევებას 3 თვე მაინც დასჭირდებაო.

ანუ ეს ჯამბაზი და სხვა მისნაირნი (სხვებიც ამბობენ იმავეს, მათ შორის Z-ტელეარხებზე) გულისხმობს, რომ რუსეთში ზამთარი აუცილებლად დადგება ადრე თუ გვიან, აცივდება, მერე ყინვები იქნება და......უკრაინელებიც წავლენ ყინვის გამო.

საოცრებაა..... არადა „ზამთარს“ მართლა ბევრი ახსენებს ამ დღეებში რუსულ არხებზე.

ამაზე მეტი თავსლაფის დასხმა წარმოუდგენელია „გლობალური და ისტორიული ზესახელმწიფოებრიობის“ პრეტენზიის მქონე ქვეყნისთვის.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ ერთი დასავლეთი ოფიციალურად არ ადასტურებს მონაწილეობას კურსკის სტრატეგიულ ოპერაციაში და რაც ძალიან საინტერესოა ზელენსკიც იმეორებს: „არ შეგვითანხმებია დასავლელ კოლეგებთან, რადგან ვიცოდით, ისინი გვეტყოდნენ -  არარეალისტური გეგმები გაქვთო“.

დავაკვირდეთ: ის კი არ თქვა ზელენსკიმ „დაგვიშლიდნენ რუსეთში არ შეიჭრათ თორემ პუტინი პარიზს და ბერლინს და ლონდონს დაგბომბავსო“, არამედ......„არარეალისტურია, ვერ შეძლებთ ამდენსო“.

ბევრი რამ შეძლეს.

 

ამ ყოველივეს მიუხედავად, რუსული არმია აგრძელებს შეტევას დონბასზე და გუშინ არტემიევოს კვანძი აიღო, რითაც უკრაინის სტრატეგიული თავდაცვითი ზღუდის გარღვევის საფრთხეს ქმნის.

ესაა ახლა რუსული გენშტაბის ტაქტიკა: „კურსკის“ პასუხად დონბასზე მეტი ტერიტორია დაიპყროს და ქალაქ დნეპრს, ასევე კიევს მიუახლოვდეს.

ამის საშუალებას რუსებს აძლევს ის გარემოება, რომ როგორი წარმატებულიც არ უნდა იყოს უკრაინის მოქმედება კურსკში, უკრაინული არმია არ მიიწევს ქალაქ კურსკისკენ და არც ატომური ელექტროსადგურისკენ!

ხოლო ხიდების აფეთქების შედეგად რომ ასი ათასობით რუსი მოწყდა „დედა-რუსეთს“ ეს პუტინს დიდად არ ანაღვლებს.

 

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ექს-დეპუტატი, ილია პონომარიოვი, რომელიც ოდესღაც საკმაოდ პოპულარული იყო პუტინის მოწინააღმდეგეთა წრეში და დიდი ხანია კიევში ცხოვრობს პოლიტემიგრანტის სტატუსით, ახლა ორიგინალური იდეით გამოდის, რომ კურსკის ოლქში, რომელსაც უკრაინის არმია აკონტროლებს, შეიქმნას დაახლოებით ისეთივე „სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი“, როგორიც რუსეთმა შექმნა 2014 წლიდან „დონეცკისა“ და „ლუგანსკის“ რესპუბლიკების სახით.

მართლაცდა, რა უშლის ხელს ახლა უკრაინას, რომლის არმია კურსკის ქალაქ სუნჟას აკონტროლებს, გამოაცხადოს იქ „კურსკის სახალხო რესპუბლიკა“?

პონომარიოვი უკრაინელი არ არის. რუსია.

და მზადაა იმ „რესპუბლიკას“ სათავეში ჩაუდგეს.

ამგვარი წარმონაქმნის (Entity) დაფუძნება, მერე „უკრაინული ადმინისტრაციის“ კართან სუნჟელი და კურსკელი მოხუცების რიგი პენსიის ასაღებად და ამ „კარტინკის“ გაფიარება უდიდესი დარტყმა იქნებოდა პუტინის რეჟიმისთვის.

 

ტრამპის გუნდი კვლავ „უქიცინებს კუდს“ პუტინს.

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა განაცხადა, რომ თუ ტრამპი გაიმარჯვებს 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, იგი „გამართავს მოლაპარაკებას პუტინთან სტრატეგიული ბირთვული იარაღის შეზღუდვისა და მასზე კონტროლის შესახებ“

ეს არის Message არა მხოლოდ პუტინისთვის, არამედ ამერიკელი ამომრჩევლების იმ ნაწილისთვის, რომელსაც ტრადიციულად, იმანენტურად, ისტორიულად ეშინიათ რუსეთის და მისი უზარმაზარი ბირთვული არსენალისა.

`რუსული ბომბების“ შიში ბოლო 30 წლის მანძილზე არსად გამქრალა და ამერიკელი პოლიტიკოსები მას აქტიურად იყენებენ.

„დემოკრატი“ ბარაკ ობამაც იყენებდა, როცა ცდილობდა აეხსნა, რატომ არ შეეწინააღმდეგა ამერიკა პუტინის მიერ ყირიმის ოკუპაციას თუ არ ჩავთვლით სუფთად სიმბოლურ აქციებს.

მეორეს მხრივ, რაც არ უნდა ილაპარაკოს ახლა ტრამპმა ან მისმა ასისტენტებმა, ისიც ისტორიული ფაქტია, რომ ზუსტად პრეზიდენტმა ტრამპმა დაასანქცირა რუსული გაზსადენები „ჩრდილო ნაკადი“, რაც ძალიან მტკივნეული იყო პუტინისთვის და ზუსტად ტრამპმა გააძევა ამერიკიდან რუსული საკონსულოების დიდი ნაწილიც და რუსი დიპლომატებიც.

ანუ წინასაარჩევნო რიტორიკა წინასაარჩევნო რიტორიკაა - მანამ, სანამ რეალური პასუხისმგებლობა არ დაეკისრება ხელისუფალს.

გუშინ აფხაზეთის სპეცსამსახურმა Служба госбезопасности Абхазии – СГБ  ენგურის ხიდთან დააკავა რუსეთის მოქალაქეები Дмитрий Денисов და Александр Лузенин, რომლებიც.......ენგურის გავლით ზუგდიდში და დანარჩენ საქართველოში შემოძრომას ცდილობდნენ.

ეს ძალიან საინტერესო ფაქტია და დაკვირვებას საჭიროებს: რუსეთის მოქალაქეები სხვა გზით ვერ შემოვიდოდნენ საქართველოში?

მაგალითად ლარსის გავლით?

მათ ხომ ძალიან კარგად იცოდნენ, აფხაზები არ უშვებენ ენგურის გავლით არავის გარდა გალის მაცხოვრებლებისა.

მით უმეტეს რუსებს არ გაუშვებდნენ.

ბუნებრივად წარმოიშობა არა მხოლოდ ის კითხვა, ვინ იყვნენ ეს რუსები და რა მზიანი ჰქონდათ, არამედ სხვა კითხვაც, - თუ რატომ დააკავეს ისინი აფხაზებმა რა მიზანიც არ უნდა ჰქონოდათ და ხომ არ არის ეს მორიგი რაღაც „კლინჩის“ გამოვლინება სოხუმსა და მოსკოვს შორის?

სხვათა შორის, შემიძლია მიზეზთა გამო კომპეტენტურად დავადასტურო რაც დანამდვილებით ვიცი, რომ მას შემდეგ რაც პუტინის გოშია ინალ არძინბა გააძევეს აფხაზეთიდან (ე.წ. „საგარეო საქმეთა მინისტრი“), ქართველების გადასვლა ენგურზე მნიშვნელოვნად გაიოლდა.

ესეც საინტერესოა რასაკვირველია.