მოთამაშე

მოთამაშე

   სათამაშო ბიზნესის აკრძალვა ივანიშვილს პრობლემების მეტს არაფერს მოუტანს

   

ბიძინა ივანიშვილის პირველი არსებითი ინიციატივა საქართველოში კაზინოების აკრძალვა გამოდგა. გამარჯვებული კოალიციის ლიდერმა განაცხადა, რომ „სამორინეები საქართველოსთვის სამარცხვინოა და საბიუჯეტო შემოსავლების 1 პროცენტისთვის არ ღირს ასეთი თავსლაფისდასხმა“. „ასეთი“, ანუ ბათუმის ქცევა ქართულ ლას-ვეგასად. თუმცა, რაღა ლას-ვეგასი, როდესაც ბევრად ახლოს - ევროპულ მონტე-კარლოში ბრუნავს რულეტი და მონაკოს მაცხოვრებლები სულაც არ თვლიან, რომ ამის გამო „სამსოფლიოდ თავმოჭრილები“ არიან.
    საერთოდ, აქ ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ ესოდენ მნიშვნელოვანი ინიციატივა აშკარად სპონტანური, მოუმზადებელი და გარკვეულწილად გაუზარებელიცაა. ისევე მოუმზადებელი, როგორც მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება - ახლა რომ ამბობენ „ოცნების“ ლიდერები: „მოუმზადებელნი ამოვჩნდითო“. აბა რისთვის ემზადებოდით - დამარცხებისთვის?
    არჩევნებამდე მილიარდერი ივანიშვილი (მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არც საქართველოში და არც რუსეთში „კატალას“ ანუ მოთამაშის სახელი ნამდვილად არა აქვს) უფრო სხვა პროექტებს „აპიარებდა“. კერძოდ, რიყის ხიდის დანგრევას ლამობდა. 1 ოქტომბრის შემდეგ, ეს პროექტი თაროზე ამოიდო და არ არის გამორიცხული, კაზინოების აკრძალვას იგივე ბედი ეწიოს. საკმაოდ საშიში ტენდენციის გამოვლინებაა პირველ რიგში სწორედ ივანიშვილისთვის, რადგან ასეთი განუხორციელებელი ინიციატივები თანდათან შეასუსტებს მის ლეგიტიმურობას (ესე იგი სერიოზულობას) ამომრჩეველთა თვალში.
    არ შეიძლება პოლიტიკოსმა რაიმე დააპიროს ან დაიმუქროს ისე, რომ არ იყოს დარწმუნებული, შეძლებს თუ არა მუქარის (დაპირების, განზრახვის) შესრულებას. არადა, პირველმა რეაქციებმა უკვე დაადასტურა, რა სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდება პრემიერი, თუ მართლა მოინდომებს ბიზნესის ამ მიმართულების აკრძალვას ქვეყანაში.
    დავიწყოთ ე.წ. „ინტერეს-ჯგუფებით“. თვით ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებად ტელევიზიებშიც კი გაიჟღერა იმ უკმაყოფილებისა და რისხვის ექომ, რაც ამ მრავალმილიონიანი ბიზნესის მესვეურებს აღმოხდათ პრემიერ-მინისტრის მუქარის გამო. „სათამაშო ბიზნესი“ საქართველოში ყველაზე მომგებიანი, ორგანიზებული და ინვესტირებადია. ამ სფეროში ძალიან დიდია უცხოური ინვესტიციების მოცულობა; ანუ კონფლიქტი, რომელიც ბიზნესის აკრძალვას აუცილებლად მოჰყვება, უეჭველად შეიძენს საერთაშორისო ჟღერადობას.
    დაზარალებულები აუცილებლად შეეცდებიან ივანიშვილის ხელისუფლების დისკრედიტაციას და საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო იმიჯის შებღალვას. კაზინო - გარანტირებული ბიზნესია, რომელიც სულ მცირედაა დამოკიდებული ზოგადად, ბიზნეს-კონიუნქტუაზე, კრიზისებზე, რეცესიაზე და ა.შ. სწორედ ამაშია მისი მიმზიდველობა და უნიკალურობა, თორემ ბიზნესმენები, რომლებიც სამორინოებსა და ტოტალიზატორებში ფულს დებენ, თვითონ ძალიან იშვიათად თამაშობენ. ჩვენში ამ საქმეს უკვე იმდენად ღრმა ფესვები აქვს (მათ შორის რეგიონულ ელიტებში), რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნება!
    ერთი შეხედვით, საიუჯეტო შემოსავალი მართლაც არ არის დიდი: „სულ რაღაც“ 80-100 მილიონი ლარი წლიურად. მაგრამ ჯერ ერთი, ბიუჯეტი სწორედ ასეთი ვითომდაც „უმნიშვნელო თანხებით“ იქსოვება. რაც შეეხებათ ინტერეს-ჯგუფებს, მათთვის საქმეში ჩადებული ფულისა და ამოგებულის შეფარდება იმდენად ხელსაყრელია, რომ „ოცნება“ ძალიან ძლიერ, სამკვდრო-სასიცოცხლო მტერს შეიძენს.
    თანაც გაუგებარია, რაში სჭირდება ეს ივანიშვილს, თუ აუტკივარი თავის ატკივება არ სურს? კაზინობის და სლოტ-კლუბების აკრძალვა სერიოზულად დაარტყავს ტურისტულ ინდუსტრიას, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის მამოძრავებელი ხდება: 80 მილიონი ლარი პირდაპირი საგადასახადო შემოსავალია, მაგრამ ტურისტი ამ თანხის გარდა კიდევ იხდის სასტუმროს ღირებულებას, ტრანსპორტის საფასურს, ბოლოს და ბოლოს ეწვევა კაფეს, რესტორანს, ანუ ხდება შემოსავლის მულტიპლიცირება და (რაც მთავარია) ყველგან იქმნება სამუშაო ადგილები - არა მხოლოდ უშუალოდ რულეტის ან „ბლექ-ჯექის“ მაგიდასთან, არამედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მთელ მატრიცაში.
    კაზინოების დახურვით დახალოებით 30 ათასი ადამიანი რჩება უმუშევარი. ოჯახებთან ერთად ეს არც თუ ისე მცირე რიცხვია. ძალიან ძნელი იქნება ადამიანებს აუხსნა, როგორ მოხდა, რომ პოლიტიკოსი, რომელიც „მოვიდა“ უმუშევრობის მოსპობის დაპირებით, იწყებს სამუშაო ადგილების მოსპობით მაშინ, როდესაც ჯერ თვითონ არც ერთი სამუშაო ადგილი არ შეუქმნია.
    „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თუ ხელისუფლებისთვის პრობლემების შექმნა ან მათი გაძლიერება სურს, შეიძლება მხოლოდ თავი შეიკავოს პარლამენტში ამ გადაწყვეტილების მიღებისას, რაკი მისი ნეგატიური ეფექტი იმდენად დიდი და მსახვრალი იქნება, რომ ყბადაღებული „რევანშისათვის“ რაიმე განსაკუთრებული სქემების ძიება აღარც დასჭირდება. საერთოდ, პოლიტიკის ოქროს კანონია, რომ იგი „შესაძლებლის ხელოვნებაა“. თუ ამ ფორმულას ხალხურად ვთარგმნით, იმას ნიშნავს, რომ არსებული ვითარების რადიკალურად შეცვლისა და მოქმედი სოციალური სისტემის დანგრევის მცდელობა მხოლოდ ოპოზიციისთვისაა მომგებიანი. ხელისუფლებისთვის კი - ყოველთვის წამგებიანი. ეს არის წესი - გამონაკლისის გარეშე.
    გაუგებარია, რისთვის სჭირდება ეს ყოველივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს? მივაქციოთ ყურადღება, რომ მისი კოალიციის წევრებსაც კი არ გამოუდევთ თავი მისი მხარდაჭერით. თუ მიზანი საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის და სოციალური სტატუსის დაცვაა, მაშინ გადაწყვეტილება კაზინოების აკრძალვის შესახებ არაფერს შეცვლის, რადგან არსებობს ინტერნეტი და ინტერნეტ-კზაცნოები, რომლებთან ბრძოლა „ქარის წისქვილებთან ომს“ დაესმგავსება. რაც შეეხება რუს, თურქ, სომეხ, აზერბაიჯანელ და ყაზახი ტურისტებს, ვინც საქართველოში სპეციალურად სათამაშოდ ჩამოდის, არა მგონია, რომ მათი ამ „ნარკოდამოკიდებულებისაგან“ განკურნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სადარდებელი უნდა იყოს.

2011