საქართველოს ბედს რუსეთში კვლავ არამზადა პასტუხოვი განაგებს

საქართველოს ბედს რუსეთში კვლავ არამზადა პასტუხოვი განაგებს

        რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ, პრიმაკოვ-ლუჟკოვის პარტიის «ოტეჩესსტვო - ვსია რასსია»-ს წინადადებით, «გოსდუმის» საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა ჩვენთვის კარგად ნაცნობი ბორის პასტუხოვი.
        ეს ჩვენი ქვეყნისათვის საბედისწერო გადაწყვეტილებაა, ვინაიდან პასტუხოვმა უდიდესი წვლილი შეიტანა (ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო) აფხაზეთის ტრაგედიაში.
        ამთავითვე უნდა ითქვას, რომ მან ზურგში დანა ჩაარტყა თავის ძველ კოლეგას – ჟიული შარტავას: პასტუხოვი 80-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის ახალგაზრდობის ლენინური კომუნისტური კავშირის (კომკავშირის) ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო. ამავე პერიოდში სწორედ შარტავა გახლდათ საქართველოს კომკავშირის ცკ-ს პირველი მდივანი).
        ელემენტარული სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ჟიული შარტავა მოიქცა, როგორც ეროვნული გმირი, რის გამოც იგი სოხუმი -გუდაუთის გზაზე მხეცურად აწამეს და დახვრიტეს აფხაზმა ფაშისტებმა.
        პასტუხოვმა თავიდანვე იცოდა ყველაფერი, მაგრამ, თურმე, «ვერ მოასწრო არძინბასთან დაკავშირება».
        მოგვიანებით (რამდენიმე წლის შემდეგ) საქართველოსა და რუსეთის კომკავშირის ყოფილმა ლიდერებმა ეს საქმე მოსკოვში გაარჩიეს, მაგრამ პასტუხოვს ვერაფერი დააკლეს: «ვერ მოვასწარი დარეკვა» - მორჩა და გათავდა...
        გავიხსენოთ პასტუხოვის მოქმედება სოხუმის დაცემამდე, 1992-1993 წლებში. მაშინ პასტუხოვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო. გამუდმებით დაძვრებოდა სოხუმიდან - თბილისში და საქართველოს ხელისუფლებას «ჩასსისინებდა», ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, გამოეყვანა ჯარი აფხაზეთიდან, ხოლო რუსეთი იკისრებდა ქართული მოსახლეობის უსაფრთხოებას. ამას კონფიდენციალური შეხვედრებისას ამბობდა, თორემ ღიად «გარანტია» არასოდეს უხსენებია.
        უკვე სოხუმის ტრაგედიის შემდეგ აღმოჩნდა, რომ «გარანტი» სხვააა, ხოლო «შუამავალი» - სხვა. პასტუხოვმაც მხრები აიჩეჩა _ აბა რუსეთს რა შეეძლო, - იგი ხომ შუამავალი იყო და არა გარანტიო.
        აქვე, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ამ დროს მისდაუნებურად (რა თქმა უნდა, მისდაუნებურად) ძალზე უარყოფითი როლი შეასრულა ვახტანგ გოგუაძემ. მას ბრმად სჯეროდა რუსეთის დაპირებებისა და სკანდალი მოაწყო: როგორ თუ ჯარების გამოყვანას არ ვთანხმდებითო.
        «დავთანხმდით» და რა გამოვიდა აქედან, - ვიცით.
        პასტუხოვმა ზუსტად გათვალა, რომ ხელშეკრულების დარღვევის შემდეგ საქართველოში უეჭველად, ახალი ძალით იფეთქებდა სამოქალაქო ომი, ანუ ხელისუფლებას აღარ ეცლებოდა იმის გასარკვევად, ვინ ჩასჩიჩინებდა და რა მიზნით, 27 ივლისის საბედისწერო დოკუმენტზე ხელის მოწერას.
        თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრებათ «ზვიადისტებსაც», რომელთა ფანატიზმი რუსეთმა გენიალურად გამოიყენა.
        ამ «ოპერაციის» შემდეგ, ვითომც აქ არაფერიაო – პასტუხოვი 1994 წლის თებერვალში ჩამოვიდა საქართველოში და ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების ორგანიზებას შეუდგა. თანაც, ისეთი ფორმატით, რაც აძლიერებს სეპარატისტთა პოზიციებს, განამტკიცებს მათ «თანასწორსუბიექტობასა» და «სამართალსუბიექტობას». ამან რა შედეგი გამოიღო, ესეც თვალნათელია.
        თუმცა პასტუხოვი უეჭველად, ჩამოვა საქართველოში (რისი შერცხვება!), როგორც რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი და ჭკუასაც დაგვარიგებს.
        თუ საქართველოს პარლამენტი უარს იტყვის მის მოწვევაზე, საპარლამენტო ოპოზიცია უეჭველად, უსაყვედურებს «უმრავლესობას» და «რუსეთთან დიალოგის ჩაშლაში» დაადანაშაულებს.
        ასე, რომ გაიხაროს პასტუხოვმა!

მერიდიანი, 14 თებერვალი, 2000 წელი